14 აგვისტო, კვირა, 2022

კომპლექსური დავალება და გაფართოებული აბსტრაქტის დონე

spot_img

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა სოლო ტაქსონომიის მიხედვით ე.წ. გაფართოებული აბსტრაქტის დონის შესახებ სწორი თუ არასწორი მოსაზრებები. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს დონე ზუსტად იმ აკადემიურ მდგომარეობას შეესაბამება, რომლის დროსაც პედაგოგები წერდნენ შეფასებას „ფრიადი“, ანუ 5 (შემდგომ პერიოდში – 10 ქულა), სინამდვილეში კი სხვაგვარადაა საქმე. გაფართოებული აბსტრაქტის დონე გულისხმობს მოსწავლეთა მხრიდან საგნობრივ საკითხთა ცოდნის პარალელურად ფუნქციური უნარების დეკლარირებას.

ეროვნული სასწავლო გეგმა ორგვარ შიდასასკოლო შეფასებას აღიარებს: განმსაზღვრელსა და განმავითარებელს. განმსაზღვრელი შეფასება, თუნდაც რუბრიკებზე დაყრდნობით, მარტივი დასაწერია, განმავითარებელი შეფასების მიწოდება სიტყვიერი უკუკავშირით (წერილობით თუ ზეპირსიტყვიერად), მოიცავს სირთულეებს და სტრატეგია-ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, განმავითარებელი უკუკავშირი როგორი მიზნისთვისაა – საკითხისა და თემის შესწავლისას მოკლევადიან მიზნებზე ვსაუბრობთ, გრძელვადიანად ითვლება სასწავლო ცნება, ხოლო საშუალოვადიანია კომპლექსური დავალება. როცა მიზანი, დროის თვალსაზრისით, მოკლე და საშუალოა, ეფექტიანია მყისიერი, ზეპირი უკუკავშირი, რომლის ფუნქციაც არის შეცდომის სტატუსის შეცვლა. ზოგჯერ, თუ შეცდომათა ტიპოლოგია კომპლექსურია, მაშინ უმჯობესია, წერილობითაც მივაწოდოთ მოსწავლეს უკუკავშირი.

სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთ ორიენტირად მასწავლებელმა ფუნქციური უნარების განვითარება უნდა დაისახოს. ფუნქციური უნარი ყალიბდება თემების ორგანული გაერთიანებით. ამ უნარის მეშვეობით ხდება შედეგებისა და ცხოვრებისეული სიტუაციების გააზრება (ორიენტირი გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე).

ფუნქციური უნარები არ არის ერთი რომელიმე საგნის მასწავლებლის „ვალდებულება“, ის ყველა საფეხურსა და ყველა ცნებასთან მიმართებაში უნდა ამოქმედდეს. ზოგადად, კომპლექსური დავალების შესრულება საკვანძო შეკითხვის სწორი ფორმულირების გარეშე წარმოუდგენელია და მთელ იმ სასწავლო პროცესს უნდა გასდევდეს, რომელიც შემეცნებით-შემოქმედებითი პროდუქტის მიღებამდე გვაქვს. ვთქვათ, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას გადავწყვიტეთ, დავაწერინოთ მოსწავლეებს, მოთხრობაზე „იავნანამ რა ჰქმნა“ დაყრდნობით, ქეთოს შეხედულება ბავშვთა გატაცებაზე. ამ ტიპის დავალებისთვის დაახლოებით ასე შეიძლება ფორმულირდეს საკვანძო შეკითხვები: როგორ დავწერო ქეთოს შეხედულება ბავშვთა გატაცებაზე? რა სტრატეგიებით (ხერხებით) შევძლებ ქეთოს პოზიციიდან შეხედულების დაწერას? პირველი შეკითხვა ორიენტირდება შემეცნებაზე, მეორე შეკითხვა – ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებზეც.

თუ მოსწავლემ, ზემოთ აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით, გამოიჩინა/განივითარა რომელიმე ფუნქციური უნარი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის გაფართოებული აბსტრაქტის დონეზეა.

გთავაზობთ ერთ-ერთ ფუნქციურ უნართან (კრიტიკული აზროვნება) დაკავშირებულ ცხრილს, რომლებიც მოცემულია ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ გზამკვლევებში, შემდეგ კი განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითს.

 

ფუნქციური უნარი –

კრიტიკული აზროვნება

კოგნიტური ოპერაციები/კომპონენტები
დაკვირვება გახსენება
ამოცნობა
კანონზომიერების          აღმოჩენა და განზოგადება შედარება და დაპირისპირება (კონტრასტი)
კლასიფიცირება
რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის

იდენტიფიცირება

დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერებების   საფუძველზე პირველადი დასკვნა
ვარაუდის გამოთქმა
დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე თანმიმდევრულობის შემოწმება
ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისადა პროპაგანდის იდენტიფიცირება
უსაფუძვლო დაშვებების იდენტიფიცირება
გადამეტებული განზოგადების ან მცირედ განზოგადების

ამოცნობა

დასკვნების ფაქტებით დადასტურება

 

თუ თვალს გავადევნებთ აღნიშნულ ცხრილს, ადვილად შევნიშნავთ, რამდენად საჭიროა ამ ფუნქციური უნარის განვითარება ადამიანისთვის. ის კოგნიტური ოპერაციები, რომელიც ამ უნარს უკავშირდება, მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, რომელი პოზიციით მოუწევს ცხოვრება.

თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ მოსწავლეებს დავაწერინოთ ქეთოს შეხედულება ბავშვთა გატაცებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, საკმარისი არ არის მხოლოდ საგნობრივ ცნებებზე ორიენტირება (დაწყებით საფეხურზე მხოლოდ სამი ცნებაა: ტექსტი (ჟანრი); სიტყვა, წინადადება, ტექსტი; გრამატიკული კანონზომიერებები) და აუცილებლად უნდა ვეცადოთ მოსწავლეებში კრიტიკული გააზრების უნარის განვითარებას.

ამისთვის დაგვჭირდება:

დაკვირვება

კანონზომიერების აღმოჩენა და განზოგადება

დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერებების   საფუძველზე

დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე

დაკვირვება უნდა მოხდეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც დავალების პირობაშია აღნიშნული – ეს გახლავთ ბავშვთა გატაცება. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ბავშვის წინარე ცოდნის გააქტიურებას (გახსენებას) ან ამოცნობას (ევრისტკული მეთოდი).

კანონზომიერების აღმოჩენა და განზოგადება, დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერებების   საფუძველზე, დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე – ის მომენტებია, როცა მოსწავლეებს დავაკვირვებთ (კონკრეტული დავალების მიხედვით) ასეთ რამეზე: ვის და რატომ იტაცებენ ხოლმე. პასუხი მრავალგვარი შეიძლება იყოს, რომელიც, საბოლოოდ, შეიძლება, შეჯერდეს ერთ ფორმულირებაში – იტაცებენ ისეთ ადამიანებს, რომელთა გატაცებით შეიძლება კრიმინალმა სარგებელი მიიღოს.

შედარება და დაპირისპირება (კონტრასტი), კლასიფიცირება, ინფორმაციის იდენტიფიცირება, ვარაუდის გამოთქმა, პირველადი დასკვნა, თანმიმდევრულობის გადამოწმება, ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირება, მცირე ან გადაჭარბებული განზოგადების ამოცნობა, დასკვნების ფაქტებით დადასტურება მიგვიყვანს კრიტიკულ გააზრებამდე.

თუ მოსწავლე კომპლექსურ დავალებაში ექვსი ფუნქციური უნარიდან ერთს მაინც ააქტიურებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის სასურველ – გაფართოებული აბსტრაქტის დონეზე, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ყველა საკითხთან მიმართებით ასეთივე დონეზე იქნება.

 

მზია ლომიძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები