კობა შონია
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სპეციალისტი,
სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლახამულას საჯარო სკოლა
⇑⇓ კვლევებით ნაჩვენები შედეგები STEM-ის საგნებში
საერთაშორისო თუ ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ STEM-ის საგნების, მათ შორის მათემატიკის, მიმართულებით მოსწავლეთა მიერ ნაჩვენები შედეგები არცთუ სახარბიელოა. მაგალითად, PISA-ს კვლევაში მონაწილე 70 ქვეყანას შორის, საქართველოს რეიტინგული ადგილი 56-59 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA. საქართველოს ანგარიში; PISA 2015, თბილისი, 2017წ, გვ.14).
შედეგების გასაუმჯობესებლად, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მასწავლებლების მიერ, სწავლა-სწავლების პროცესში, თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, რომ მოსწავლის სკოლის გარე და სასკოლო ცხოვრება ძალიან არ დაშორდეს ერთმანეთს. თუკი 50-60 წლის წინ მოსწავლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურისა თუ ხელოვნების მიღწევები და სკოლა, ყველა ამ მიმართულებით, სიახლეთა თუნდაც მცირე მარცვლებს აწვდიდა მოზარდს, დღეს, ინტერნეტისა და ტელევიზიის დახმარებით, სახლშივეა შესაძლებელი ყოველივეს ნახვა, მოსმენა თუ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, რის შედეგადაც სკოლამ დაკარგა სიახლისა და ხელმიუწვდომელ ცოდნაზე ექსკლუზიური წვდომის მნიშვნელობა, რამაც ნაკლებად საინტერესო გახადა, განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრები თუ ეკონომიკურად დაწინაურებული ოჯახის შვილებისთვის. ამ ვითარებაში, სკოლა საინტერესო და მიმზიდველი შეიძლება გახადოს მხოლოდ სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნიკისა თუ ტექნოლოგიების აქტიურად ჩართვამ და ამ პროცესის სახალისოდ, თავისუფალ სივრცეში წარმართვამ.
⇑⇓ განათლების პრიორიტეტულობა საქართველოში
გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლება, ჯერ კიდევ, ფორმალურად რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად. სკოლებში არათუ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიების შექმნის, არამედ უსაფრთხო ფიზიკური გარემოს კუთხითაც კი უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მიუხედავად ბოლო წლებში მასშტაბური პროგრამების წამოწყებისა, კვლავ გადაუჭრელია სკოლაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და პედაგოგის პროფესიის პოპულარიზების საკითხი. აღნიშნული გარემოებები ერთი ათად ამძიმებს იმ „ნაპრალის“ ამოვსებას, რასაც ღვაწლმოსილმა მეცნიერმა და პედაგოგმა, დიმიტრი უზნაძემ „აღზრდის ტრაგედია“ უწოდა. მოსწავლის ამჟამინდელ მისწრაფება-სურვილებსა და მასწავლებლის მიერ დანახულ მის სამომავლო საჭიროებებს შორის გადაულახავი უფსკრულია გაჩენილი და, ამ ვითარებაში, გადამწყვეტი სიტყვა მასწავლებლებს ეკუთვნით. ამ სიტყვის სათქმელად კი, მუდმივი თვითშეწირვა, უშრეტი ენთუზიაზმი და თვითგანვითარებისთვის დაუღალავი, სამწუხაროდ, ხშირად დაუფასებელი შრომაა აუცილებელი.
⇑⇓ მათემატიკის ეფექტურად სწავლების სტრატეგია
მათემატიკის სწავლებისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება მიგვაჩნია, რაც ყველაზე უკეთ სწავლების პროცესში სახალისო, თამაშის ელემენტების შეტანით, ასევე ელექტრონული, ვებრესურსების გამოყენებით გვესახება შესაძლებელი. მხოლოდ ასე გახდება სწავლის პროცესი მოსწავლისთვის საინტერესო და სახალისოც და არა სასჯელი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხადოს.
სასწავლო მასალის შინაარსის დიფერენცირება, სწავლის მოდალობის შესაბამისად მასალის მიწოდება, მუშაობის ინდივიდუალური, შინაგანი ტემპისა და რიტმის მიხედვით თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი თითოეულ მათგანს ინტერნეტთან დაუბრკოლებელი წვდომის მქონე მოწყობილობა ექნება და სასწავლო პროცესს ფასილიტაციას გაუწევს შესაბამისი სტრატეგიების ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი პედაგოგი. ქაღალდზე ამობეჭდილი თუ დაწერილი ბარათებით მუშაობის ეპოქა, ვფიქრობთ, ნელ-ნელა, წარსულს უნდა მივაბაროთ და მოსწავლეთა ტექნოლოგიური განვითარების ტემპს ოდნავ მაინც შევუსაბამოთ ჩვენი მუშაობის რიტმი თუ სტილი.
⇑⇓ kakhan.academy.org – „ხანის აკადემია“
„ხანის აკადემია“ ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია იმ რესურსებს შორის, რომელთანაც შეხება გვქონია. აქ მწყობრადაა დალაგებული სასწავლო მასალა და კეთებით (თამაშით) სწავლის სტრატეგიაა არჩეული. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მოსწავლეები იმდენად არიან მიჯაჭვული კომპიუტერსა და ტელეფონს, რომ მათთვის ამის აკრძალვა და მხოლოდ წიგნების დახმარებით სწავლისკენ მოწოდება, ამაო თუ არა, ნაკლებეფექტურია. „ხანის აკადემია“ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლას თამაშის ხასიათი მისცენ.
დააგროვონ ქულები, მიიღონ ჯილდოები, მიღებული ქულებით მოიპოვონ სხვადასხვა სახის ტიტულები და, ტესტებში რაიმე სირთულის აღმოჩენისას, იქვე, მოუსმინონ სათანადო ხანმოკლე ვიდეო გაკვეთილებს;
გაარჩიონ მსგავსი მაგალითები და კვლავ განაგრძონ მუშაობა. მცირედი შეფერხებისას, ხარაჩოებად, მინიშნებები და დამხმარე შეკითხვებია ჩაშენებული.
ყოველი ახალი საკითხის დაუფლების გასაზომად, პროგრამა მოსწავლეს დახურულბოლოიან, მრავალარჩევით დავალებებს სთავაზობს და ახალი საკითხის სწავლის რეკომენდაციას, 80%-იანი ბარიერის დაძლევის შემდეგ, აძლევს. რაც მთავარია, სასწავლო მასალა ისეა დანაწევრებული, რომ მოსწავლეს არ უჭირს მისი აღქმა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნების კონტექსტში.
მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმაზე გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და მასალის გრძელვადიან მეხსიერებაში გადასატანად საჭირო ფსიქოლოგიური ასპექტები. სიახლის შესწავლის შემდგომ, 2-3 დღეში, სხვა მასალის კონტექსტში, ისევ ხდება წინა მასალის გამეორება-განმტკიცება, მოკლე შემაჯამებელი ტესტირებისას (ქვიზი). დაახლოებით, 10-დღიანი შუალედის შემდეგ, თემის შემაჯამებელი წერისას, ხდება მასალის გახსენება-გამთლიანება, ხოლო 4-5 თვის თავზე – მთელი სემესტრის/კლასის მასალის განმტკიცება-შემოწმება, კურსის დიაგნოსტიკურ ტესტირებაში.
პროგრამა თავად აანალიზებს მოსწავლის მიღწევებსა თუ ტესტირებისას გამომჟღავნებულ ხარვეზებს და, სამუშაო ველზევე, სთავაზობს რეკომენდებულ დასამუშავებელ მასალას, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების გადაჭრასა თუ ახლად შეძენილი ცოდნის გამყარებას. აქ მასალა კლასების, ესგ-ით გათვალისწინებული მიმართულებების, მიხედვითაა დალაგებული, დავალებები მრავალფეროვანია, რაც მოსწავლესაც მრავალმხრივ უნარებს უვითარებს და თანმიმდევრული ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ურთულესი საქმეა, საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-წარმართვასთან ერთად, შემაჯამებელი სამუშაოების სწორად და ეფექტურად დაგეგმვა, ასევე, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და დიფერენცირებული მიდგომა, რაშიც აღნიშნული პროგრამის გამოყენება ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლეს, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით, ხშირად უწევს გაკვეთილების გაცდენა.
⇑⇓ მოსწავლის პორტფოლიო
პროგრამა, მასში მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას, ინახავს მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოების დეტალურ ანგარიშს, რომელიც, მწვრთნელის დამატების შემთხვევაში, მასაც ეგზავნება და თავადაც შეუძლია მისცეს მოსწავლეს დავალებები, შესასწავლი თუ გასამეორებელი მასალის შესახებ რეკომენდაციები. ხსენებული ანგარიშები ერთგვარ პორტფოლიოს წარმოადგენს და მოსწავლის პროგრესზე დაკვირვებისა და განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასების მძლავრი ინსტრუმენტია.
მასწავლებელთა გადატვირთულობა და პროფესიული გადაწვის გამუდმებული საფრთხის ზღვარზე მუშაობა არახალია. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვნად გვესახება, რომ მოსწავლეთა ნამუშევრებისა და წარმატების დინამიკის მუდმივი ანალიზის პროგრამული ალგორითმი პროგრამაშივეა ჩაშენებული. პროგრამა თავად აანალიზებს ჩვენ მიერ დარეგისტრირებული მოსწავლეების მიღწევის დონეს. ყოველკვირეული რეპორტი, როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე კლასის წარმატების შესახებ, ავტომატურად ეგზავნება მწვრთნელს/
პედაგოგს ელფოსტაზე, ასევე, საკუთარ პროგრესზე დაკვირვების საშუალება აქვს თავად მოსწავლესა და მის მშობელს. რაც მთავარია, თითოეული შეფასება მტკიცებულებაზეა დაფუძნებული და გამჭვირვალე კრიტერიუმებით გამოვლენილი. არ რჩება ადგილი არც ფავორიტიზმისა და არც სუბიექტური ან არარელევანტური მიდგომებისთვის. რაც მთავარია, თითოეულ მოსწავლეს განვითარების საკუთარი ტემპი შეუძლია განავითაროს და არ იყოს დამოკიდებული იმაზე, მისი თანატოლები უფრო ნელა თუ სწრაფად ითვისებენ ახალ მასალას ან ძლევენ დავალებებს. ვიდეორგოლებიც კი დაკვრის სხვადასხვა სიჩქარით შეუძლიათ მოისმინონ. ასევე, მათთვის, ვინც მოსმენილს წაკითხულს ამჯობინებს, ვიდეორგოლებს ტექსტური აღწერაც ახლავს. პლატფორმაზე ჩაშენებულია მხედველობის დარღვევის მქონე პირთა დამხმარე რეჟიმიც.
რომელიმე მიმართულებით ჩავარდნისას, მოსწავლე დაუყოვნებლივ იღებს პლატფორმის მხარდამჭერი გუნდისგან უკუკავშირს და გასაგებ რეკომენდაციებს პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აქ არამხოლოდ მათემატიკის, არამედ კომპიუტერული ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო თუ ესთეტიკური მეცნიერებებისა და სხვა დისციპლინების შესწავლაც შესაძლებელია.
ამ ყველაფრის კეთება კი, ერთი პედაგოგის მიერ, წარმოუდგენლად მესახება დამხმარე საშუალებების არარსებობის შემთხვევაში. მით უფრო მაშინ, როცა გაცდენების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას მაღალმთიან რეგიონებში და, ხშირი გაცდენის შემდეგ, ძალიან ჭირს მათემატიკის სწავლების მწყობრი სისტემის აღდგენა.
⇑⇓ Edu Care Georgia – რაზმიკ ბადალიანი
მადლიერება გვინდა გამოვხატოთ Edu Care Georgia ჯგუფის მიმართ, რომელიც დაუღალავად ზრუნავს ქართველი მოსწავლეებისთვის ამგვარი რესურსების ქართულენოვანი ვერსიების შესათავაზებლად. სწორედ ამ ჯგუფისგან შევიტყვეთ უტოლობების, უტოლობათა სისტემების, ფუნქციათა თვისებების გამოკვლევისთვის, გრაფიკების ასაგებად და მათზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ვებრესურსის გრაფიკული კალკულატორის – „desmos“-ის შესახებ. 2018 წელს, ჯგუფის წარმომადგენელმა, ბატონმა რაზმიკ ბადალიანმა გვთხოვა, გვენახა და, დაინტერესების შემთხვევაში, ინგლისურიდან გვეთარგმნა მისი ტერმინები. იმდენად საჭიროდ და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ალგებრის დიდი ნაწილისა და გეომეტრიის შესასწავლად, გადავწყვიტეთ, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის თავად გადმოგვექართულებინა და დღეს, უკვე, ამ პროგრამის ენების ჩამონათვალში ქართული ენის არჩევაც შესაძლებელია.
დესმოსი საშუალებას იძლევა, თვალნათლივ ვნახოთ, როგორ აისახება წრფის განტოლებაში კუთხური კოეფიციენტის ცვლა მის გრაფიკზე, როგორ იცვლება პარაბოლის გრაფიკი განტოლებაში კოეფიციენტების ცვლილებისას, ასევე, რა ფორმაცვალებას განიცდიან სხვადასხვა წირები, მათ განტოლებებში მცირედი შეშფოთებების შეტანისას. მისი გამოყენება შესაძლებელია და მნიშვნელოვანი ყველა იმ მასალის დამუშავებისას, სადაც გრაფიკის აგებაა საჭირო ან შესაძლებელი.
ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ პროგრამებს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე (ჩვენს სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური) მათემატიკის სწავლებისას. ვაკვირდებით რა მოსწავლეთა მოტივაციას და წარმატების დინამიკას, ვფიქრობთ, ამ რესურსების პოპულარიზება და ფართოდ გამოყენება სწავლებაში საშური საქმეა. სამომავლოდ, მოსწავლეებთან ერთად, კიდევ რამდენიმე ვებრესურსის თარგმნას ვგეგმავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის განათლების სისტემის განვითარების სწორი გზა და გეზი.