4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

კომიქსის როლი უცხო ენის სწავლებისას

spot_img
ნათია ქავთარაძე
სსიპ თბილისის №221 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

კომიქსები არის თანმიმდევრული ხელოვნების ფორმა, რომელიც მოგვითხრობს ამბავს ილუსტრირებული პანელების სერიის მეშვეობით. როგორც წესი, სურათები და ტექსტი გაერთიანებულია თხრობის, იუმორის ან შეტყობინებების გადმოსაცემად ვიზუალურად მიმზიდველ ფორმატში. პანელები განლაგებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, რათა ინფორმირებულ იქნას მკითხველი სიუჟეტის დროს, ხოლო დიალოგი ან წარწერები გამოიყენება დამატებითი კონტექსტის უზრუნველსაყოფად ან პერსონაჟების აზრებისა და გრძნობების გადმოსაცემად.5

კომიქსები გვთავაზობენ უნიკალურ და კრეატიულ გზას მკითხველის ჩართვის, იდეების გამოხატვისა და სიუჟეტის შესასწავლად სურათებისა და სიტყვების ძალით.

კომიქსები ჩვეულებრივ იწერება შედარებით სასაუბრო ტერმინებით. პერსონაჟებს აქვთ საკუთარი ისტორიები და წარმოშობა, კომიქსები შეიძლება გამოყენებულ იქნას გაკვეთილებზე მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, სასწავლო მასალის გასაუმჯობესებლად, რთული კავშირების გასარკვევად და ზოგადად მოსწავლეების მოტივაციისთვის, რადგან ბევრ მათგანს თავისუფალ დროს სიამოვნებს კომიქსების კითხვა.4

ჩემი აზრით, კომიქსის გამოყენება უცხო ენის სწავლებაში უფრო აქტუალური უნდა გახდეს, რადგან მისი შექმნა უცხო ენის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, გარდა გრაფიკული ნოველების გამოყენებისა, შესაძლებელია გრამატიკაზე მუშაობა და ლექსიკის ფართოდ გამოყენება. ისინი ლაკონურად გადმოსცემენ ფაქტს და შეუძლიათ ბევრის მიღწევა მათი ვიზუალური წარმოდგენით.

კვლევები აჩვენებს, რომ კომიქსი ერთ-ერთი ეფექტური ხერხია მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების, მისი გამოყენება შეიძლება როგორც უცხო ენების, ისე ისტორიის, საბუნებისმეტყველო და სხვა საგნების სწავლებისას, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების დროსაც. 3

კომიქსის შექმნამდე აუცილებელია მოსწავლეებს კარგად ავუხსნათ:

  • რა არის კომიქსის მახასიათებლები;
  • ვინ არიან კომიქსის გმირები;
  • რა სოციალური გარემოდან არიან ისინი;
  • რა იწერება დიალოგურ ღრუბელში;
  • რა იწერება ნაფიქრალის გამომხატველ ღრუბელში;
  • რით განსხვავდება დიალოგური ღრუბელი ფიქრების ღრუბლისგან;
  • სად მოათავსონ ძირითადი ტექსტი.

გერმანული ენის გაკვეთილზე ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ამგვარი დავალებები, წიგნი კომიქსებიც კი გვაქვს შექმნილი, სადაც გამოვიყენეთ ზმნასთან მყოფი არსებითი სახელის Dativi და Akkusativ-ის ბრუნვა, რაც ბავშვებს ძალიან დაეხმარა ამ არც თუ ისე ადვილი გრამატიკული მასალის გაგებასა და გააზრებაში. გიზიარებთ ერთ კონკრეტულ მაგალითს, თუ როგორ იმუშავეს ჩემმა მოსწავლეებმა კომიქსის შექმნაზე, ბავშვებს მიეცათ კომპლექსური დავალება, რომ იმ გერმანული ზმნებისგან, რომელიც მოითხოვენ მასთან მყოფი არსებითი სახელების ჩასმას Akkusativ ბრუნვაში (haben, brauchen, suchen), შეექმნათ წინადადებები, რითაც გაასაუბრებდნენ თავიანთ კომიქსების გმირებს. მათ უნდა გაემახვილებითან ყურადღება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ლექსიკაზე, მაგ., უნდა ესაუბრათ ფერებზე, შინაურ ცხოველებზე, სკოლის ნივთებზე და არსებითი სახელების მხოლობით და მრავლობით რიცხვზე, არსებითი სახელის მამრობითი სქესი ყველგან უნდა ყუფილიყო ლურჯი ფერით, მდედრობითი სქესი – წითელი ფერი, საშუალო სქესი – მწვანე ფერი, ხოლო მრავლობითი რიცხვისთვის უნდა გამოეყენებინათ ნარინჯისფერი. მინდა გითხრათ, რომ ამ ფერად და სახალისო დავალებას ბავშვებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი.

კომპლექსური დავალება დავამუშავეთ შემდეგი გეგმით:

კომიქსი “ჩემი საყვარელი ანიმაციური სუპერგმირი”

დავალების პირობა:

შექმენი კომიქსი, რომელშიც ისაუბრებ შენი საყვარელი ანიმაციური სუპერგმირის ერთ დღეზე.

ამისათვის გამოიყენე ახლანდელი/აწმყო განგრძობითი დრო და ნასწავლი ლექსიკა;

საკითხი:

კომიქსის შექმნა საყვარელი სუპერგმირის ერთი დღის აქტივობათა გასაცნობად.

საკვანძო შეკითხვები: 1

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო საჭირო ენობრივი მასალა?
  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევადგინო  კომიქსი საყვარელი ანიმაციური სუპერგმირის ერთი დღის შესახებ?
  • როგორ შევძლო მიზნობრივად და მართებულად წერა?

ნაშრომში:

  • წარმოაჩინე ვინ არის შენი სუპერგმირი და გვითხარი სად ცხოვრობს იგი (ტექსტი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
  • სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის, გამონათქვამების) გამოყენებით აღწერე მისი მოქმედებები (რას აკეთებს იგი იმ ერთ კონკრეტულ დღეს);
  • გამოიყენე შესაბამისი სასვენი ნიშნები, დაიცავი მთავრული და არამთავრული ასოების გამოყენების წესი და გააფორმე შესაბამისი ილუსტრაციებით (ტექსტი).

დავალების წარდგენის შემდეგ იმსჯელე:

  • რამდენად მოახერხე ნათლად და გასაგებად შეგედგინა საყვარელი სუპერგმირის ერთი დღის ამსახველი კომიქსი (ტექსტი, სამეტყველო ქმედება)
  • როგორ გამოითქმის და როგორ იწერება შენ მიერ გამოყენებული ახლად შესწავლილი სიტყვები (ტექსტი, ენობრივი საშუალებები)
  • რით და როგორ გააუმჯობესებდი შენს ნამუშევრს, თავიდან რომ ასრულებდე დავალებას (ტექსტი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები)

სიამოვნებით გიზიარებთ ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნი კომიქსიდან ნიმუშებს. ეს ხელნაკეთი წიგნები ჩვენი სკოლის გერმანულენოვან ბიბლიოთეკაში ინახება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. https://online-sprachen-lernen.com/comics-sprachen-lernen/
  3. ე. გალოტი – კომიქსები გაკვეთილის დროს https://www.schule-bw.de/faecher-und-schularten/sprachen-und-literatur/deutsch/unterrichtseinheiten/projekte/comics
  4. https://www.labbe.de/Life-Hacks-fuer-Kinder/Lebenswichtig/
  5. https://www.schule-bw.de/

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები