თამთა იაშაღაშვილი – სსიპ ქ.თბილისის №213 საჯარო სკოლის ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგი, მე-6 კლასის დამრიგებელი
ჩემი აზრით, დამრიგებლის უმთავრესი მოვალეობა თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვაა. ვინაიდან ის ყველაზე კარგად იცნობს ბავშვის შინაგან სამყაროს, მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, დაეხმაროს მას საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში.
დამეთანხმებით, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ეს მიდგომები უნდა იყოს შერჩევითი და დიფერენცირებული. რა თქმა უნდა, შემიძლია მოვიყვანო მაგალითი სასკოლო ცხოვრებიდან, როდესაც მათ დასჭირვებიათ ჩემი თანადგომა ინტელექტუალური განვითარების კუთხით, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ფაქტები, როდესაც მომეცა საშუალება, მხარი დამეჭირა მათთვის ამა თუ იმ ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრისას, თუნდაც რჩევის სახით.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვურჩიო კოლეგებს, რომ მოირგონ კლასში ფასილიტატორის როლი. იყვნენ მხარდამჭერები და ემპათიურები მოსწავლეების მიმართ! დაანახონ მათ, რომ შეცდომა ტრაგედია არ არის და ეცადონ კლასში შექმნან ისეთი კეთილგანწყობილი გარემო, სადაც მოსწავლეს არ შეეშინდება საკუთარი, თუნდაც მცდარი, მოსაზრების გამოთქმის.
🔃მშობელთა კრება
მშობელთა კრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობისათვის, რადგან ორივეს საზრუნავი ბავშვია, ამიტომ კლასის დამრიგებელი ვალდებულია, მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევების შესახებ, ასევე უნდა ეცადოს, რომ მშობელთან სიახლოვითა და ხშირი კომუნიკაციით შეძლოს მოსწავლესთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარება. მშობელთა კრების მიმდინარეობისას, დაუშვებელია მასწავლებელმა ისაუბროს კონკრეტული მოსწავლის შედეგებზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს კლასში უხერხულობას და უკმაყოფილებას.
🔃რომელი პრობლემები დგას უფრო მწვავედ: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მენტალური, სოციალური, კოგნიტური?
მოსწავლეთა რანჟირებას არ მივმართავ ხოლმე, მიმაჩნია, რომ ეს არასამართლიანია. ვფიქრობ, ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, ისწავლოს თანაბარ სასკოლო პირობებში.
ყველა პრობლემა საყურადღებოა, თუმცა, ყველაზე მწვავედ მაინც მათი ფსიქოემოციური პრობლემა დგას, რაც, ხშირ შემთხვევაში, სოციალური და ოჯახური მდგომარეობითაა განპირობებული. ბევრის მშობელია ემიგრაციაში და ბავშვებში აშკარად იგრძნობა ოჯახური სითბოს დეფიციტი, რაც აგრესიით ვლინდება; ასევე, მოგეხსენებათ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას აქვს ე.წ. „გაჯეტების“ მიმართ მიჯაჭვულობა (ადიქცია), ესეც ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია აგრესიის. ვინაიდან დამრიგებლობის მხოლოდ ორწლიანი პრაქტიკა მაქვს, ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო ამ კუთხით. ზოგადად, მიმაჩნია, რომ არც ერთი პროფესიის ადამიანმა, მით უმეტეს მასწავლებელმა, არ უნდა შეწყვიტოს თვითგანვითარებაზე ზრუნვა და მუდმივად უნდა აუწყოს ფეხი სიახლეებს, ითანამშრომლოს კოლეგებთან და მათი გამოცდილების გათვალისწინებით გაუმკლავდეს ამა თუ იმ გამოწვევას.
🔃რა სახის მხარდაჭერა სჭირდება დამრიგებელს
ვფიქრობ, დამრიგებლის ანაზღაურება ნამდვილად შეუსაბამოა იმ შრომასა და პასუხისმგებლობასთან, რაც მას აკისრია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხიც გადაიხედება უახლოეს მომავალში.
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, დამრიგებლისთვის, ისევე როგორც ყველა პედაგოგისთვის, მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი სასკოლო გარემო და კლიმატი, რასაც ქმნის, პირველ რიგში, სკოლის ადმინისტრაცია და თავისთავად, სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი.
🔃არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლების კუთხით ვაწყობთ შემეცნებითი სახის ექსკურსიებს, ვსტუმრობთ სხვადასხვა თეატრს, ვერთვებით სხვადასხვა სახალისო აქტივობაში და ა.შ. არაფორმალურ გარემოში სხვაგვარად წარმოჩინდება ამა თუ იმ მოსწავლის შინაგანი სამყარო, ხასიათი, თვითგამოხატვის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, რაც უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან.
🔃დამრიგებელი მნიშვნელოვანი ადამიანია იმ კუთხითაც, როგორ მუშაობს კლასში გუნდის შეკვრისთვის. ერთ-ერთი არასასიამოვნო მომენტია, როცა კლასში ბავშვები პატარ-პატარა ჯგუფებად ყალიბდებიან, მაგალითად: შენთან დაჯდომა არ მინდა, ან პირიქით – შენთან მეგობრობა მინდა, ან შენ არ გათამაშებ ჩემთან ერთად და.შ. ამ მიმართულებით როგორ მუშაობთ ბავშვებთან?
კონფლიქტების მოგვარების დროს ვცდილობ, თავდაპირველად, შევისწავლო პრობლემის გამომწვევი მიზეზები, გავესაუბრო ორივე მხარეს და შემდეგ დავსახო მისი მოგვარების გზები. ვატარებ კლასის საათს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხმიანება აღნიშნულ პრობლემას, ვაწყობთ დისკუსიებს და ვმსჯელობთ, ხშირად მივდივართ პრობლემის გადაჭრამდე.
🔃სწორი მოქალაქეობრივი აღზრის თვალსაზრისით რას აკეთებს დამრიგებელი
მოქალაქეობრივი აღზრდის თვალსაზრისით, ვცდილობ, კლასში დევიზად ვაქციო: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ“. მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მრწამსი, შეხედულებები, განსხვავებული კულტურა და ჩვენ, როგორც ტოლერანტი მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ მათ განსხვავებულ აზრს და დამოკიდებულებებს.
🔃მშობლებთან ურთიერთობა
ჩემი აზრით, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის წარმატების მისაღწევად.
მასწავლებლისა და მშობლის ჯანსაღი, ბავშვზე ორიენტირებული კომუნიკაცია სასიკეთოდ აისახება მოსწავლის მიღწევებზე სკოლაში. ამჟამად, ვმუშაობთ კვლევაზე „მშობელთა დაბალი ჩართულობა“, რაც, სამწუხაროდ, არაერთი სკოლის პრობლემაა.
ამისათვის დაგეგმილი გვაქვს ინტერვენციები, რომელთაგან ერთ-ერთია „მშობლის საათი“, რაც გულისხმობს მშობლების მოწვევას და ბავშვებისთვის საჭირო და საინტერესო თემებზე საუბრებს. ვფიქრობ, ეს და სხვა მსგავსი ინტერვენციები დაგვეხმარება ვითარების გაუმჯობესებაში.
🔃დამრიგებლის როლი ინკლუზიური განათლების პროცესში
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამრიგებელს ყველაზე მჭიდრო და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლესთან და შესაბამისად, უკეთ იცნობს მის სუსტ მხარეებსა და შესაძლებლობებს, ამგვარად, მისი როლი მნიშვნელოვანია ინკლუზიურ განათლებაშიც. მართალია, დამრიგებელი ამჟამად აღარ ხელმძღვანელობს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის პროცესს, თუმცა ის მაინც მნიშვნელოვანი რგოლია. დამრიგებელს აქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსწავლის მშობელთან, სპეცმასწავლებელთან და ეცნობა მიღწეულ და მისაღწევ შედეგებს.