ინტერვიუ კახაბერ ერაძესთან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
– 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა პროფესიული უნარების სააგენტო. რა შეიცვლება ცენტრისათვის?
– პროფესიული უნარების სააგენტოს შექმნა უაღრესად პროგრესული ნაბიჯია, რაც ლოგიკურ ადგილს მიუჩენს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე მთელ რიგ პროცესებს. ჩვენ უკვე მეცხრე წელია რეფორმის რეჟიმში ვართ და შედეგებიც სახეზეა. პროფესიული განათლების გაუმჯობესებული პრესტიჟი, გაზრდილი მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე პირებზე და გაზრდილი მომართვიანობა აპლიკანტების მხრიდან. ეს და სხვა ზოგადი ინდიკატორები ნათლად მიუთითებენ რეფორმის წარმატებაზე. დგება მომენტი, როცა საკითხების ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს და ყველა მიმართულებას, რამაც რეფორმის წარმატება განაპირობა, მუდმივი მზრუნველი უნდა გაუჩნდეს. არ შეიძლება მუდმივი საქმიანობა პროექტების სახით ხორციელდებოდეს. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ.
– კონკრეტულად რა მიმართულებებს გულისხმობთ?
– რეფორმის დაწყების დროს ქვეყანაში არ არსებობდა პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტები. შეგვიძლია დიდხანს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ვისი საქმეა ამ დოკუმენტების შექმნა და ვინ რაში გამოიყენებს. თუმცა, პროფესიის სტანდარტების საჭიროება, პირველად, სწორედ ცენტრს დაუდგა, რადგანაც პროფესიის სტანდარტი, რომელსაც თავის მხრივ საგანმანათლებლო სტანდარტი ეყრდნობა, ავტორიზაციის სტანდარტების ნაწილია. მანამდე კოლეჯი თვითონ წყვეტდა თუ რა საგანი ესწავლებინა ამა თუ იმ პროფესიის ფარგლებში, რაც განაპირობებდა ერთი და იმავე კვალიფიკაციის განსხვავებულ შინაარსს. ანუ იმის მიხედვით, თუ რომელი სასწავლებელი დაასრულა, მზარეული ან კონდიტერი სხვადასხვა ცოდნითა და უნარებით იყო აღჭურვილი. რაც მთავარია, არც რესტორნისათვის უკითხავს ვინმეს, მოსწონდა თუ არა ასეთი მზარეული ან კონდიტერი. ერთიანი სტანდარტების სავალდებულოდ შემოღებამ ცალსახად განსაზღვრა ამა თუ იმ პროფესიის შინაარსი და დღეს, ერთი და იმავე დიპლომის მიღმა, ერთნაირი შინაარსი – ცოდნა, უნარები და კომპეტენციები მოიაზრება.
ცენტრმა, ზოგადად, პროფესიული და არა მხოლოდ პროფესიული განათლების სისტემაში, ბევრი სიახლის პილოტირებისა და დანერგვისათვის შექმნა სასათბურე, ხელშეწმყობი პირობები და ამით ყოველთვის ვიამაყებთ. გარდა პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტებისა, რომელი ერთი დავასახელოთ: ზოგადი განათლების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, სტუდენტის შეფასების სისტემის შეცვლა, პროფესიული კრედიტების სისტემის დანერგვა, არაფორმალური და წინმსწრები ფორმალური განათლების აღიარება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პროფესიულ განათლებაზე მორგებული პირველი საგანმანათლებლო რესურსების მომზადება და სხვა. რა თქმა უნდა, ბევრი მიღწევა უცხოელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
– როგორ წარიმართა პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების პროცესი?
– პროცესი არ იყო ადვილი, რადგანაც ქვეყანას მსგავსი სამუშაოს შესრულების ტრადიციები არ გააჩნდა. უდავოდ, პროფესიის სტანდარტის შემოქმედი დამსაქმებელი კერძო სექტორი უნდა ყოფილიყო. დიდი ძალისხმევა დასჭირდა კერძო კომპანიების წარმომადგენელთა დარწმუნებას, თუ რატომ უნდა დაეთმოთ მათთვის ძვირფასი დრო პროფესიის სტანდარტების შესამუშავებლად. თუმცა, საბოლოოდ, ეს შევძელით და პროცესიც წარმატებით განხორციელდა. 200-ზე მეტი პროფესიის სტანდარტი შემუშავდა და დამტკიცდა, რაც საფუძვლად დაედო დღეისათვის მოქმედ საგანმანათლებლო სტანდარტებს. კერძო სექტორი ჩართული იყო ყველა ეტაპზე: როგორც სტანდარტების შემუშავების, ისე მათი ვალიდაციის პროცესში. სწორედ ცენტრის წიაღში შეიქმნა პირველი დარგობრივი საბჭოები, რომლებიც უკვე შემუშავებულ სტანდარტებს განიხილავდნენ და მწვანე შუქს უნთებდნენ მათ გამოყენებას. დარგობრივი საბჭოები თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტებით და კომპანიების, ასევე სახელმწიფო მარეგულირებლების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს გაწეული უანგარო შრომისათვის.
– რა მდგომარეობაში გადადის საკითხი ცენტრიდან სააგენტოში?
– პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, უკვე დაგროვდა გამოცდილება და ერთგვარი ტრადიციაც ჩამოყალიბდა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ პროფესიული განათლების სფეროში, ყველამ იცის მოდულური პროგრამები. მოდულური მართალია მის სტრუქტურაზე მიუთითებს — მოდულებისაგან შედგება, თუმცა, ამის უკან მეტი შინაარსი იგულისხმება: ტრადიციული საგნების ნაცვლად, სწავლა-სწავლების პროცესის სამიზნე ცოდნა, უნარები და მათი გამოყენების შესაძლებლობები — კომპეტენციებია. დღეს, პროფესიული განათლების სისტემაში, 100-მდე პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი, 1000-ზე მეტი პროგრამის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამ მიღწევებს თავისი გამოწვევებიც ახლავს. პირველ რიგში, პროფესიები და მათთვის დამახასიათებელი კომპეტენციები იბადებიან, ვითარდებიან, ბერდებიან და კვდებიან. ამიტომაც, სტანდარტები და შესაბამისად, პროგრამები პერმანენტულ მონიტორინგს, გადახედვას და შეცვლას ექვემდებარებიან, რათა არ ჩამორჩნენ შრომის ბაზრის საჭიროებებს. დამეთანხმებით, ამ პროცესების განხორციელების აუცილებლობა პანდემიამაც დააჩქარა. შრომის ბაზარს დღეს ახალ ტექნოლოგიებზე, დისტანციურ სერვისებზე ორიენტირებული უნარები სჭირდება, მთლიანად შეიცვალა მოთხოვნადი უნარების სპექტრი. უნდა შეიცვალოს სტანდარტებიც.
არ არსებობს სტანდარტული პერიოდი, როცა სტანდარტი გადახედვას ექვემდებარება. ეს პროფესიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროში პროცესები უფრო დინამიურია და სტანდარტებიც უფრო სწრაფად უნდა შეიცვალოს, ვიდრე მებაღეობასა და მეცხოველეობაში. ცვლილება შეიძლება იმ მასშტაბებისაც იყოს, რომ შესაძლოა პროფესია საერთოდ გაუქმდეს, სხვამ შთანთქას ან ახალიც გაჩნდეს.
ლოგიკურია, ეს დამსაქმებლის, შრომის ბაზრის თემაა და სწორედაც, პროფესიული უნარების სააგენტო გადაიბარებს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს. ჩვენ სწავლების ხარისხზე ვკონცენტრირდებით.
– ბრძანეთ, რომ პროფესიის სტანდარტები ავტორიზაციის სტანდარტების ნაწილია. გამოდის, რომ ავტორიზაციის სტანდარტებს ახალი სააგენტო განსაზღვრავს?
– ერთგვარად ასეა. პროგრამულ ნაწილში – დიახ, ჩვენ არ ვადგენთ სტანდარტებს ჩვენთვის. პროფესიული განათლება, პირველ რიგში, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლებაა. ამიტომაც, ჩვენთვის სტანდარტი სწორედ ისაა, რასაც დამსაქმებელი ითხოვს. მოხარულნი ვიქნებით, ვიდგეთ ხარისხის განვითარების სადარაჯოზე და სწორება გვქონდეს იმ საჭიროებებზე, რასაც დამსაქმებელი განსაზღვრავს პროფესიისა და მისი საფუძვლის – საგანმანათლებლო სტანდარტების სახით.
ავტორიზაციის სტანდარტები ზოგადად ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს, თუმცა, სადაც შესაძლებელია, რეფერირებას აკეთებს უფრო კომპეტენტურ უწყებებსა და დოკუმენტებზე. მაგალითად, არ შეიძლება ხარისხის ცენტრმა დაადგინოს გადაუდებელი დახმარების გაწევის, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის, ინფრასტრუქტურის მდგრადობის თუ სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი. ამას კომპეტენტური უწყებები ადგენენ. ასევე, პროგრამის შინაარსის ნაწილში უნარების სააგენტო იქნება კომპეტენტური უწყება.
პროფესიული უნარების სააგენტო სხვა მრავალი ფუნქციითაა ასევე აღჭურვილი. ის მნიშვნელოვნად ჩაერთვება კოლეჯების შესაძლებლობების განვითარების საკითხებში, მათ შორის გადაიბარებს პროფესიული უნარების ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების კოორდინაციის თემას, რაც აქამდე ასევე ცენტრის მიერ ხორციელდებოდა.
– ანუ პროფესიული განათლების მიმწოდებელთა მხარდამჭერი ახლა სააგენტო გახდება?
– დიახ, სააგენტო მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ამ კუთხით, ძალისხმევას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცენტრი იხსნის ამ ვალდებულებებს. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ და ბოლო პერიოდში საქმითაც დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ არა განათლების ხარისხის კონტროლის, არამედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ამრიგად, პასუხისმგებელნი ვართ განვითარების ხელშეწყობაზე. კონტროლი მხოლოდ დიაგნოსტიკის, მდგომარეობის შეფასების ეტაპია, რაც შემდგომი ინტერვენციების საჭიროებას დაგვანახებს.
არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ განათლების ხარისხზე მხოლოდ ცენტრი იღებს პასუხისმგებლობას. ნებისმიერი პროცესი, რაც განათლების სისტემაში ხდება, საბოლოოდ, განათლების ხარისხზე ახდენს გავლენას. პროგრამის შინაარსის ადეკვატურობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, შენობა-ნაგებობების შესაბამისობა და უსაფრთხოება, სწავლის დაფინანსების მექანიზმები, პროგრამული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო რესურსები თუ ჩარიცხვის პროცედურები და სხვა მრავალი, არ წარმოადგენს ცენტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, თუმცა პირდაპირი გავლენა აქვს განათლების ხარისხზე. ჩვენ, მიმდინარე წელს, ვიწყებთ პროფესიული განათლების ხარისხის სისტემურ შეფასებას საერთო ევროპული ინდიკატორების გამოყენებით და, ყოველწლიურად, დავინახავთ ხარისხის განვითარების დინამიკას. ასევე, დავდებთ რეკომენდაციებს სისტემის მონაწილე მხარეებისათვის თუ რა მიმართულებებით უნდა წარიმართოს ძალისხმევა, რათა ეს დინამიკა დადებითი იყოს. ამით შევასრულებთ განათლების ხარისხის განვითარების მაკოორდინირებელ ფუნქციას.
ამგვარად, გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლად შექმნილ პროფესიული უნარების სააგენტოს და გამოვხატოთ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი პროფესიული განათლების განვითარების ხელშესაწყობად.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი