ანნა წულაია
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №2 საჯარო სკოლა
აშკარაა, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ნებისმიერი საგანი ისწავლება განსხვავებულად, მოსწავლეთა სიმცირისა და რესურსების შეზღუდვის გამო. ერთი მხრივ, ეს მოვლენა დადებითია იმ თვალსაზრისით, რომ მასწავლებელს საშუალება აქვს, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსწავლეებს; მეორე მხრივ – უარყოფითი, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ ჯგუფური მუშაობის ან დიდი მოცულობის კვლევის განხორციელების შესაძლებლობა.
გთავაზობთ მსგავსი სიტუაციის მართვის ერთ-ერთ ხერხს.
XXI საუკუნეში ადამიანის ზეგავლენა გარემოზე იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ დედამიწის ყველა ნაწილს შეეხო და ყველაფერზე მოქმედებს. მართალია, მთელი პლანეტის მასშტაბით, შეუძლებელია, ერთი ადამიანის მიერ, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, მაგრამ აუცილებელია ცოდნის მიღება და გააზრება ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზე. უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი ლოზუნგით: „იაზროვნე გლობალურად – იმოქმედე ლოკალურად“.
სოფელი საჩინო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, საკმაოდ დიდია და გამოირჩევა ლამაზი ხედებით. სოფლის სტუმრები და ტურისტები ყოველთვის აღნიშნავენ მის არაჩვეულებრივ ბუნებას. ჩვენს სოფელში, ბოლო წლებში, მკაფიოდ გამოვლინდა რამდენიმე ეკოლოგიური პრობლემა, ამიტომ, გადავწყვიტე, მოსწავლეებთან ერთად, ჩამეტარებინა კვლევა – „ჩვენი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები“. უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის კვლევა არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში, არამედ მთელ რაიონში არ ჩატარებულა.
ეკოლოგია, როგორც სასწავლო თემა, მიეკუთვნება მე-11 კლასს, სადაც მხოლოდ 2 მოსწავლე გვყავს და გამოკითხვის ჩატარება სხვადასხვა უბნებში ხანგრძლივი და შრომატევადი აღმოჩნდებოდა მათთვის. ამავდროულად, სამიზნე ცნება «გარემოს დაცვა» ფიგურირებს ბუნებისმეტყველების სტანდარტში დაწყებით საფეხურზე. სწორედ ამ მიზეზებმა გადამაწყვეტინა კვლევის „ჩვენი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები“ ჩატარებაში სხვა კლასების მოსწავლეებიც ჩამერთო.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარები და აუხსნეს სხვებს, როგორ ჩაეტარებინათ გამოკითხვა. ბავშვები დავალების შესრულებას ენთუზიაზმითა და ინტერესით შეუდგნენ და, მოკლე ხანში, რამდენიმე უბანი გამოკითხეს. ეს აქტივობა კვლევის პირველ ეტაპს მოიცავდა.
შემდეგი ეტაპი გულისხმობდა მონაცემთა დამუშავება-დაჯგუფებას. მოსწავლეებმა, რომლებიც წინა ეტაპზე დასახმარებლად მოვიწვიეთ, უკვე თვითონ გამოთქვეს დახმარების სურვილი და, ერთ სამუშაო დღეში, 100 კითხვარი დამუშავდა. ამ ეტაპზე, აქტიურად ჩაგვერთო მათემატიკის მასწავლებელი. ამის შემდეგ, მეთერთმეტეკლასელებს დარჩათ მონაცემთა გააზრება, დასკვნის გამოტანა და ნაშრომის წარდგენა, რაც მათ სათანადოდ შეასრულეს.
ჩატარებული კვლევის მიზანი იყო, დეკლარატიული ცოდნის პირობისეულად გამოყენებასთან ერთად, მოსწავლეებში შემდეგი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება:
♦ მოსწავლეებმა გამოიმუშავეს ინდივიდუალური მუშაობის უნარები, გამოკითხვის ჩატარების დროს;
♦ შეიძინეს ჯგუფური მუშაობის, მონაცემთა დაჯგუფებისა და მონაცემთა ანალიზის უნარები;
♦ მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერვიუირებაში მონაწილეობის ინტერესი, სამომავლოდ, რადგან მოსახლეობამ დადებითად შეაფასა მათი აქტივობა თემში;
♦ განუვითარდათ თანადგომისა და ურთიერთდახმარების უნარი;
♦ გამოიჩინეს დაკვირვებისა და შედარების უნარი, თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემების დაფიქსირების დროს;
♦ უმცროკლასელებმა ინტერესით იმუშავეს უფროსკლასელებთან და აიმაღლეს ცოდნის დონე (წიგნიერების უნარი); უფროსკლასელებმა მოირგეს მასწავლებლის როლი (ცოდნის გაზიარება), ინტერვიუირების წესების ახსნის დროს;
♦ მოსწავლეებმა მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, სამომავლოდაც;
♦ გამოთქვეს კმაყოფილება ამ ტიპის სასწავლო აქტივობის მიმართ და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არაფორმალურ გარემოში ცოდნის მიღება თვალსაჩინო და ცხოვრებისეულია.
მიმაჩნია, რომ მიღებული შედეგები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებელო პრინციპებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს, როგორებიცაა:
მიზანი 4. ხარისხიანი განათლება;
მიზანი 11. ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება;
მიზანი 15. დედამიწის ეკოსისტემები.