სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.
„კვლევის მიზანი იყო სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით, შეფასებულიყო სასამართლო განხილვის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ და მოწმე/დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი.“ – აცხადებს ნინო ლომჯარია.
სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, სამ დიდ ქალაქში ჩატარდა – თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში. ანგარიშის მიხედვით, კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები.
„დადებით კონტექსტში უნდა შეფასდეს ის, რომ როგორც წესი, ყველა მონაწილე სუბიექტი არასრულწლოვან ბრალდებულთან, დაზარალებულთან და მოწმესთან შემხებლობაში არის სპეციალიზირებული. მათ აქვთ სპეციფიკური ცოდნა, რაც საჭიროა ბავშვთან კომუნიკაციაში. განსაკუთრებით დადებითად გამოავლინა თავი რამდენიმე მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ესაუბრათ ბავშვთან მისთვის გასაგები ფორმით და ენით, პროცესის მთავარ სუბიექტად წარმოეჩინათ არასრულწლოვანი და ყოფილიყვნენ მისი საუკეთესო ინტერესის დაცვაზე ორიენტირებულნი.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
თუმცა, სამწუხაროდ, კვლევამ ნეგატიური მხარეებიც აღმოაჩინა და ისიც დადგინდა, რომ მუხედავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიდგომებისა, პრაქტიკა მაინც არაერთი ხარვეზით ვითარდება.
ნეგატიურ კონტექსტში, ანგარიშის მიხედვით, შეფასებულია კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ნომინალური მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე, ასევე ფსიქოლოგების ჩართულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. „არ არსებობს უწყებაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფსიქოლოგებისა და საპროცესო წარმომადგენლების (როგორც წესი, სოციალური მუშაკების) გადამზადებაზე (სპეციალიზაციაში). ხშირი იყო სასამართლო სხდომების გადადებისა თუ დაგვიანების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა პროცესის მონაწილე სუბიექტების კვალიფიკაციისა თუ სათანადო უნარ-ჩვევების ნაკლებობის მაგალითები. ასევე, პროცესის მონაწილე პირების მხრიდან არ არის დამაკმაყოფილებელი საერთაშორისო პრინციპების ცოდნისა თუ გამოყენების, ასევე სათანადოდ დასაბუთების ხარისხი.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
სასამართლო მონიტორინგის ერთ-ერთი აქცენტი ინფრასტრუქტურაზე გაკეთდა, რამაც არც თუ სახარბიელო სურათი გამოავლინა – „სასამართლო შენობებში არ იყო ყოველთვის დაცული ბავშვის პერსონალური ინფორმაცია/კონფიდენციალურობის პრინციპი. პირობები და გარემო არ არის ყოველთვის ბავშვზე მორგებული და იგი, როგორც წესი, დამთრგუნველია (რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ მიმართულებით გაცილებით პოზიტიური ვითარებაა და ამაზეც ხაზგასმაა ანგარიშში). სამწუხაროდ, სასამართლოს ინფრასტრუქტურა შშმ ბავშვებისთვის არ არის ადაპტირებული და ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობაშეფარდებული არასრულწლოვანები არ თავსდებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში.“
წარმოდგენილმა ანგარიშმა ცხადად აჩვენა, რომ:
⇒ სასამართლოების ინფრასტრუქტურა უმეტესწილად არ არის მზად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელებისთვის. სასამართლოებში არ არის დაცული კონფიდენციალურობის პრინციპი, არ არის შექმნილი გარემო, რომელშიც ბავშვს მაქსიმალურად კომფორტულად, არადათრგუნულად და დაცულად აგრძნობინებდა თავს.
⇒ ხშირია სასამართლო განხილვების სხვადასხვა მიზეზით გადადებისა თუ სასამართლო პროცესის დაგვიანებით დაწყების შემთხვევები. პროცესში მონაწილე პირების კვალიფიკაცია და უნარები ხშირად არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებსა და არ არის ორიენტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე.
⇒ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ყოველთვის გასაგები ფორმითა და ენით არ ხდებოდა კომუნიკაცია. მათი კანონიერი უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით არ ხდებოდა ყველა საჭირო ინფორმაციის, უფლება-მოვალეობის მარტივად, გასაგებად და დეტალურად განმარტება. თარჯიმნების კვალიფიკაცია თუ გულისხმიერება, რიგ შემთხვევებში, საეჭვო იყო.
⇒ დამკითხავი პირის მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა და მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა სასამართლოზე ბავშვისგან ინფორმაციის/ჩვენების მიღება განხორციელდეს მისთვის ნაკლები ზიანის მიყენების ფონზე, არ მოხდეს მისი რეტრავმატიზაცია, რაც შედეგად სანდო და მდიდარი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას წარმოადგენს. საპირისპიროდ, ხშირად არ ხორციელდება ბავშვთან ახლო, ნდობითი ურთიერთობის დამყარება, ასევე მისი აღელვებისა თუ გადაღლილობის დროს არ ხდებოდა შესვენებების გამოყენება, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც სახეზე იყო ცრემლები, შფოთვა და სხვ.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სასამართლოზე სტრესული იყო „დაკითხვის პროცესი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პროკურორი, მოსამართლე და ბრალდებულის ადვოკატი ახდენდნენ გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბავშვის მხრიდან სასურველი პასუხების მისაღებად, იყენებდა რა მიმართულების მიმცემ/ჩამაგონებელ შეკითხვებს. ხშირი იყო ბავშვების დადანაშაულება და მათი ტრავმატიზაციის მცდელობა. ნახევარზე მეტ შემთხვევაში განხორციელდა მოწმე/დაზარალებული არასრულწლოვნის დადანაშაულება, თუ რატომ არ მიმართა დახმარებისთვის შესაბამის პირს/უწყებას და რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში თავად ისინი არიან დამნაშავენი.“
„აღნიშნული ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაკითხვის პროცესის ხარისხის კონტროლის/მონიტორინგის მიმართულებით და საჭიროა დაკითხვის მწარმოებელი პროფესიონალების მუდმივი გადამზადება“ — აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველი, პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობასთან ერთად, საქართველოს მთავრობას აძლევს რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც, მისივე აზრით, ნამდვილად უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და ისეთი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შორის მოხვდა პროკურორთა კვალიფიკაციის (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში – სპეციალიზაცია) და ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, ადვოკატთა გადამზადების განგრძობადი სისტემის შექმნა და საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით მოსარგებლე სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა.
ომბუდსმენის აპარატში განაცხადეს, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ა(ა)იპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
მოამზადა ლალი ჯელაძემ