3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

კვლევითი პროექტებით სწავლება

spot_img
ელენე შინჯიკაშვილი
სსიპ ქ. თბილისის №176 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო. იმისათვის, რომ მოსწავლეები ღრმად ჩასწვდნენ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აუცილებელია თვითონ დააკვირდნენ, ჩაატარონ ექსპერიმენტი, შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე, ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია – „გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა“ („ბუნების კარი“, I გამოცემის წინასიტყვაობა).

ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება დაწყებითი საფეხურიდან უნდა დაიწყოს, ამისათვის პროექტებით სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევები. მოსწავლეები არიან მოტივირებულები და ხალისით სწავლობენ კეთებით. პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია. სასწავლო პროექტის განხორციელების შედეგად, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა დისციპლინარული გამოცდილების სინთეზის უნარი და შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. იქმნება ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.

პროექტი განვახორციელე დაწყებით საფეხურზე. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეძლებოდათ გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირება და გასჩენოდათ მისი კვლევის სურვილი, მიღებული ცოდნა და შეძენილი გამოცდილება გამოეყენებინათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, განვითარებოდათ გარე სამყაროზე დაკვირვების უნარი, რომელიც დაწყებით საფეხურზე, სპეციფიკური უნარ-ჩვევებიდან, ერთ-ერთი პრიორიტეტულია. პროექტი მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი იყო მცენარეებზე დაკვირვება და მათი შეგროვება. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვაწყობთ გასვლით გაკვეთილს, ვსწავლობთ მიმდებარე გარემოს, ვაგროვებთ მცენარეთა ფოთლებს, ყვავილებს, გამხმარ ფესვებს, ღეროებს. ვაკვირდებით, სად რომელი მცენარე იზრდება, რა პირობებია მათი ზრდა-გავითარებისათვის საჭირო. მიგვაქვს მცენარეები საკლასო ოთახში, ვაკვირდებით და ვაწყობთ გასაშრობად. მოვიძიებთ ინფორმაციას შეგროვილი მცენარეების შესახებ. შემდეგ უკვე გამშრალი მცენარეებისგან ვქმნით რესურსებს, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში ვიყენებთ მცენარის აგებულების შესასწავლად, ფოთლების, ღეროების, ფესვების კლასიფიკაციისა და აღწერისთვის. ასევე, ვქმნით აპლიკაციებს, წიგნის სანიშნეებს, ვაწყობთ გამოფენებს, რაც ავითარებს მოსწავლეთა ფანტაზიას და შემოქმედებით უნარებს. ბავშვები უშუალოდ გარემოზე დაკვირვებით და კეთებით იღებენ ცოდნას.

პროექტმა მოსწავლეებს განუვითარათ ესგ-ის სტანდარტით გათვალიწინებული მრავალი უნარი, განსაკუთრებით ელემენტარული კვლევის უნარ-ჩვევები: დაკვირვება, აღწერა, აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მოდელის შექმნა და გამოყენება, ასევე ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები; შეიძინეს ახალი ცოდნა და შეძლეს სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება, მათი პრაქტიკული გამოყენება; ისწავლეს გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და განუვითარდათ თვითშეფასების უნარი. პროექტმა მოსწავლეებს გაუჩინა მოტივაცია გარემომცველი სამყაროს შეცნობის, უფრო მეტის გაგების და შესწავლის, ჩამოუყალიბა პოზიტიური დამოკიდებულებები, გაზრდილმა მოტივაციამ კი სწავლა-სწავლების ხარისხი გააუმჯობესა.

ბიბლიოგრაფია:

♦ ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024;

♦ გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, ბუნებისმეტყველება 2011;

♦ რ. გონაშვილი – „პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები“, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“ 2014.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები