ნინო სამხარაული
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №3 და №1 საჯარო სკოლების ქიმიის მენტორი მასწავლებელი
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიდგომები, დროის ცვლილებასთან ერთად, იხვეწება და ვითარდება. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ჯერ კიდევ ბერძენი სწავლულის, სოკრატეს, დროს არსებობდა ჩვ.წ .აღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში.
მე-20 საუკუნის ამერიკელი ფსიქოლოგის, ჰ. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, კვლევების ჩატარების დროს, მოსწავლეს უვითარდება ფიზიკურ-კინესთეტიკური, ნატურალისტური, ინტერ-პერსონალური და ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი. ამასთან, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული, დიფერენცირებული სასწავლო მიდგომაა, რომელიც კვლევითა და აღმოჩენებით სწავლასთან ერთად, ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
როგორც ლეველინი აღწერს თავის ნაშრომებში, კვლევა არის და იყო უამრავი ორგანიზაციის, მაგალითად: ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF), საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის (NSTA), დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საფუძველი ამერიკაში. მეცნიერის თქმით, კვლევა დაფუძნებულია პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის გზების ძიებაზე, რისთვისაც გამოიყენება სამეცნიერო მეთოდები და ეტაპები, რომელიც არ მოითხოვს კონკრეტული ინსტრუქციებისა და გაწერილი ნაბიჯების დაგეგმვას. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული საკითხის ირგვლივ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებაზე, რეალურად, მოსწავლეს არასრულყოფილ ცოდნას აძლევს. კვლევაზე დამყარებული სწავლება კი ეხმარება მოზარდს, შეიძინოს როგორც კონკრეტული ცოდნა, ისე შეძლოს მიღებული ცოდნის გამოყენება, რაც სამეცნიერო უნარ-ჩვევების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
დუკის უნივერსიტეტში არსებული კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ცენტრის ერთ-ერთი პედაგოგის, ჰებრანკის ჩანაწერებში კვლევის შესახებ ვკითხულობთ: „კვლევა არის ცოდნის მოპოვების გზა. ჩვეულებრივი, საშუალო სკოლაში ჩატარებული ექსპერიმენტები შორსაა ნამდვილი კვლევისგან, რადგან კითხვა, რომელზეც ტარდება ექსპერიმენტი, დასმულია არა მოსწავლის, არამედ მასწავლებლის მიერ. პედაგოგი წყვეტს, თუ რა აღჭურვილობა უნდა გამოიყენონ, რა მონაცემები შეაგროვონ მოსწავლეებმა და როგორ განახორციელონ კვლევის ჩასატარებელი ეტაპები. მოსწავლეებს არა აქვთ დრო იმისთვის, რომ კონსულტაცია გაიარონ მასწავლებელთან და შეასწორონ შეცდომები, ვერ ახდენენ შედეგების პრეზენტაციას და, რაც მთავარია, მათთვის პასუხები ყოველთვის წინასწარ არის ცნობილი“.
ბოლო ათწლეულების მანძილზე, ევროპის არაერთი ქვეყნის განათლების სისტემა ზრუნავს, განავითაროს ეროვნული კურიკულუმი. საბუნებისმეტყველო განათლების რეფორმას აქვს კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისთვის მდგრადი ჩარჩო. თანდათან იქმნება და იხვეწება ლიტერატურა, ვიღებთ პოზიტიურ უკუკავშირებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან. სასწავლო პროცესი ტრადიციული, მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებიდან გადადის არაფორმალურ, მოქნილ, თანამშრომლობით და მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, რომელიც, თავის მხრივ, კავშირშია მოსწავლეთა დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებაზე.
კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს აქვთ საშუალება, მიიღონ გამოცდილება და ააგონ ცოდნა, ჩამოუყალიბდეთ და განუვითარდეთ კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება, რეფლექსიის უნარი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ევროპაში მიმდინარე განათლების რეფორმის პარალელურად, საქართველოშიც დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომების ცვლილებების პროცესი. ჩვენს ქვეყანაში, 2004 წლიდან, შემუშავდა და დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც დიდი ადგილი უკავია მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებსა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას (ესგ, 2005). საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას საქართველოში, ზოგადი განათლების სისტემაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. მისი მთავარი ამოცანაა მოსწავლეებში კვლევისა და სიახლეების მიმართ ინტერესის გაზრდა, ასევე კვლევითი პროცესების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
სასწავლო პროცესში ლაბორატორიული სამუშაოების გამოყენებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ლაბორატორიული სამუშაოები, უმრავლეს შემთხვევებში, ბევრ რესურსს, დროსა და სივრცეს მოითხოვს. ამიტომ მასწავლებლები ხშირად სვამენ შეკითხვას, რა საჭიროა ექსპერიმენტული სამუშაოები და რა როლი აქვს კეთებით სწავლების გამოცდილებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას. გთავაზობთ ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილების დადებით ასპექტებს:
ლაბორატორიული სამუშაოები:
◊ მოსწავლეებს უვითარებს სენსო-მოტორულ უნარებს. მაგალითად: აღჭურვილობასთან მუშაობა, თვალისა და ხელის კოორდინაცია;
განამტკიცებს ისეთ სამეცნიერო უნარებს, როგორიცაა: დაკვირვება, მონაცემების აღრიცხვა, კლასიფიცირება, გაზომვა, დასკვნის გამოტანა;
◊ განამტკიცებს სამეცნიერო მეთოდების გამოყენებას, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები აყალიბებენ ჰიპოთეზებს, აკვირდებიან ან ზომავენ ცვლად სიდიდეებს, აგროვებენ მონაცემებს, აანალიზებენ შედეგებს;
◊ ხელს უწყობს ისეთი კომუნიკაციური უნარების გამომუშავებას, როგორიცაა: კითხვა, საუბარი, მოსმენა, მოხსენების გაკეთება;
◊ ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
◊ განამტკიცებს ჯგუფურ პასუხისმგებლობას, ორგანიზაციულ და თანამშრომლობით უნარებს, ასევე, ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას და კრიტიკულ სიტუაციაში თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოყენებადს ხდის;
◊ ხელს უწყობს შემეცნებითი და პრობლემის გადაჭრის, სინთეზის, ანალიზისა და შეფასების უნარების, კრიტიკული და მრავალმხრივი აზროვნების განვითარებას;
◊ ავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: ცნობისმოყვარეობა, სიზუსტე, თავდაჯერებულობა. ხელს უწყობს ნასწავლ კონცეფციებსა და რეალურ ცხოვრებას შორის კავშირის დამყარებას.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ექსპერტთა, მკვლევართა და მასწავლებელთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ინსტრუქცია ნათელი და აღქმადი იყოს მოსწავლეებისთვის. კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას, ტრადიციულ, ლაბორატორიულ სტრუქტურაში მცირე ცვლილების შეტანით, მასწავლებელს შეუძლია, სასწავლო პროცესი კვლევაზე დაფუძნებული და სწავლებაზე ორიენტირებული გახადოს, რითაც ტრადიციულ ლაბორატორიულ მიდგომას მარტივად გადააქცევს კვლევით სამუშაოდ.
რეკომენდაციები, რომელიც გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ მასწავლებელმა ხელი შეუწყოს სამეცნიერო მეთოდებსა და ინსტრუქციებზე დაფუძნებული ლაბორატორიული სამუშაოების მოსწავლისთვის საინტერესო აქტივობად გადაქცევას, გამოიყურება ასე:
√ ლაბორატორიული სამუშაოს დაწყებამდე, პედაგოგმა უნდა იცოდეს თითოეული მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონე, რათა მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისად დაგეგმოს ლაბორატორიული სამუშაო;
√ მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, პედაგოგმა მუშაობა დაიწყოს მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოებით;
√ მასწავლებელი უნდა შეეცადოს, იყოს მიმართულების მიმცემი, ე.წ. დამხმარე რგოლი, რათა საშუალება მისცეს მოსწავლეს, თვითონ მოიფიქროს საკვლევი შეკითხვა. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს, ურთიერთგამომრიცხავი ან დამაზუსტებელი შეკითხვების დასმით;
√ პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის, სასურველია, შეთავაზებული იქნეს სია მასალის ასარჩევად. შესაძლებელია მიცემული ინსტრუქციის იმდაგვარად მიწოდება, რომ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ, თვითონ მოიფიქრონ, დაალაგონ და ააწყონ ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოს ეტაპები და თანმიმდევრობა. შესაძლებელია, ასევე, არასრული ინსტრუქციის შეთავაზება, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, თავად ივარაუდონ და განსაზღვრონ კვლევის შემდგომი ეტაპები;
√ მნიშვნელოვანია მონაცემების შეგროვების ეტაპი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ თავად მოსწავლეები მოიფიქრებენ მონაცემთა შეგროვების, ორგანიზებისა და კვლევის შედეგების გამოსახვის ხერხებსა და საშუალებებს;
√ მოსწავლეებში დაკვირვებისა და კომუნიკაციის უნარების გასავითარებლად, მასწავლებელს შეუძლია გადააკეთოს შედეგების სექცია, მაგალითად, სთხოვოს მათ, დეტალურად აღწერონ კვლევის განხორციელებისას განვლილი ნაბიჯები. მათ, ასევე, შეიძლება ივარაუდონ „რა მოხდებოდა, თუ რომელიმე ცვლადი შეიცვლებოდა“ და ა.შ.
√ ანალიზისა და შეკითხვების დასმით, მასწავლებელს შეუძლია გააფართოვოს მოსწავლეთა გამოცდილება. მისცეს მათ საშუალება, გამოიკვლიონ, „რა იქნებოდა, რომ…?“, „მე მაინტერესებს, რომ…?“, მაგალითად: მოსწავლეებმა ჩაატარონ იგივე ექსპერიმენტი ცვლადი სიდიდეების შეცვლით ან მიეცეთ ისეთი კითხვები, რომლებიც მათ ახალი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებისკენ უბიძგებს.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კვლევითი აქტივობა ხდება მოსწავლეზე ორიენტირებული და პერსონალური გამოცდილების მიღების საფუძველი.
რა უპირატესობა აქვს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით? კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს მასწავლებელი უფრო მოქნილია, წინასწარ დაგეგმილ და მომხდარ მოულოდნელ ცვლილებებს შედარებით მარტივად უძღვება; ამ დროს, საკვლევი შეკითხვა მუდმივად უკავშირდება პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, რაც მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვიძებისა და სტიმულის მიცემის საუკეთესო მიდგომაა. მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება და თემის მიზნობრივად შერჩევა, რომელიც სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას, მასწავლებელი მუდმივად უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას და ეხმარებოდეს დასმულ ამოცანაზე პასუხის გასაცემად მტკიცებულებებისა და დასკვნების ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა წაახალისოს მოსწავლეთა კომუნიკაცია ასოციაციური რუკების, გრაფიკების, მოდელების შექმნითა და გამოყენებით, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცოდნის დემონსტრირებისა და პრეზენტირების უნარებს. მკვლევარი პედაგოგი მუდმივად უნდა აწარმოებდეს მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს, ეხმარებოდეს თვითშეფასებაში. თავადაც იყენებდეს შეფასების სხვადასხვა ფორმებსა და რუბრიკებს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გიზიარებთ საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებას, რომელიც უკავშირდება საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ჩართვას სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, STEM-ასისტენსის პროექტის ფარგლებში.
2023-2024 სასწავლო წელს, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლების ბაზაზე, ჩემ მიერ შექმნილი ქიმიის კლუბების წევრ მოსწავლეებთან ერთად, გაიმართა ონლაინ შეხვედრა STEM-ასისტენსის კონსულტანტ სტუდენტებთან, სადაც შემოთავაზებულ იქნა ის საკვლევი თემები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იყო პროექტის ფარგლებში. მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით, დაიგეგმა ვიზიტი (2 ვიზიტი სხვადასხვა დროს) საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. STEM-ასისტენსის პროექტის ფარგლებში, გადაწყდა კვლევითი სამუშაოების წარმართვა ორი მიმართულებით: მოსწავლეთა პირველმა ჯგუფმა განახორციელა კვლევითი სამუშაო, რომელიც ეხებოდა C ვიტამინის შემცველობის განსაზღვრას სხვადასხვა ხილსა და ნატურალურ წვენებში; მოსწავლეთა მეორე ჯგუფმა ჩაატარა კვლევა — რკინა (III)-ის იონების შემცველობის განსაზღვრაზე სპექტროფოტომეტრულად, სოფელ სართიჭალის სხვადასხვა დანიშნულების წყალსა (სასმელად ვარგისი და ჭის წყლები) და საკვებ პროდუქტებში.
რკინის სპექტროფოტომეტრული განსაზღვრა ემყარება რკინა (III)-ის იონების ურთიერთქმედებას კალიუმის როდანიდთან, მჟავა გარემოში მკვეთრი წითელი ფერის ხსნარის წარმოქმნით. ხსნარის მკვეთრი შეფერილობა იძლევა საშუალებას, სპექტროფოტომეტრის საშუალებით, გაიზომოს ხსნარის ოპტიკური სიმკვრივე, რომელიც პირდაპირ წრფივ დამოკიდებულებაშია ხსნარის კონცენტრაციასთან.
სწორედ ამ მიდგომის გამოყენებით, მოსწავლეებმა მოახდინეს რკინა (III)-ის იონების სპექტროფოტომეტრული განსაზღვრა მდინარე ივრის, სასმელად ვარგისი ჭის და ტექნიკური დანიშნულების ჭის წყალში. ასევე, მეთოდის მცირე მოდიფიცირებით, განსაზღვრეს რკინის ჯამური შემცველობა სხვადასხვა შერჩეულ ხილში (კივი, ფორთოხალი, ვაშლი, სტაფილო).
საანალიზო ნიმუშებში, რკინის იონების განსაზღვრამდე, ააგეს საკალიბრო მრუდი, რისთვისაც რკინა (III)-ის იონების შემცველი სტანდარტული ხსნარიდან (კონცენტრაციით 100 მკგ/მლ) დაამზადეს შემდეგი კონცენტრაციის ხსნარები: I – 0მკგ/მლ; II – 1,0მკგ/მლ; III – 2,0მკგ/მლ; IV – 4,0მკგ/მლ; V – 6,0მკგ/მლ; VI – 8,0მკგ/მლ; VII – 10მკგ/მლ; 15 წუთის დაყოვნების შემდეგ, მიღებული ხსნარების ოპტიკური სიმკვრივეები გაზომეს 490 ნმ ტალღის სიგრძეზე და მიღებული შედეგები ჩაინიშნეს. ხსნარების კონცენტრაციებისა და ოპტიკური სიმკვრივეების მიხედვით, ააგეს საკალიბრო მრუდი, რომელიც შემდგომ საკვლევ ნიმუშებში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრისათვის გამოიყენეს.
საკვლევი წყლის ნიმუშებს, მოცულობით 44 მლ (მდ. ივრის წყალი; ჭის სასმელად ვარგისი წყალი; ჭის ტექნიკური დანიშნულების წყალი) დაუმატეს 1მლ აზოტმჟავა და 5მლ კალიუმის როდანიდის ხსნარები. მიღებული ნარევები დააყოვნეს 15 წთ., შემდეგ კი გაზომეს ოპტიკური სიმკვრივეები. გაზომვით მიღებული შედეგები ჩასვეს შესაბამის ფორმულაში და აწარმოეს გამოთვლები.
რაც შეეხება ხილის ნიმუშებში რკინა (III)-ის იონების განსაზღვრას მოსწავლეებმა მოახდინეს მეთოდის მცირე მოდიფიცირება, რისთვისაც განსაზღვრული მასის ხილის საკვლევი ნიმუშები აზოტმჟავას საშუალებით დააჰომოგენიზეს. მოსწავლეთა ნაწილმა, პარალელურად, რამდენჯერმე pH-მეტრით გადაამოწმა ხსნარები, რათა კალიუმის როდანიდის დამატებისას ოპტიმალური წყალბად-იონების კონცენტრაცია ყოფილიყო შენარჩუნებული. წყლის ნიმუშების მსგავსად, ჰომოგენატებს დაუმატეს კალიუმის როდანიდი და 15 წთ-იანი ინკუბაციის დაყოვნებისას გაზომეს თითოეული ნიმუშის ოპტიკური სიმკვრივე. მიღებული შედეგების დამუშავებით გამოთვალეს რკინის ჯამური შემცველობა, 100 გრამ ნიმუშზე.
რაც შეეხება C ვიტამინს, მისი რაოდენობრივი განსაზღვრისთვის გამოიყენება იოდით გატიტვრის მეთოდი, სადაც მიმდინარეობს ჟანგვა-აღდგენის რეაქცია იოდსა და ასკორბინის მჟავას შორის. ამ დროს, ასკორბინის მჟავა იჟანგება დიჰიდროასკორბინის მჟავად, ხოლო იოდი აღდგება იოდიდ-იონებამდე. ინდიკატორად გამოიყენება სახამებელი, რომელიც თავისუფალ იოდთან ლურჯ შეფერილობას წარმოქმნის. მოცემული პროტოკოლის მიხედვით, მოსწავლეთა მეორე ჯგუფმა C ვიტამინის შემცველობა განსაზღვრა სხვადასხვა ხილსა (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ვაშლი) და ნატურალურ წვენებში.
ექსპერიმენტის დაწყებამდე, მოსწავლე-მკვლევრებმა იოდის სტანდარტული, სახამებლისა და C ვიტამინის ხსნარები დაამზადეს; ააწყვეს ბიურეტი და განახორციელეს საკვლევი ხსნარების გატიტვრა. მეტი სიზუსტისთვის, გატიტვრა აწარმოეს სამჯერ. კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების დამუშავებითა და ანალიზით მოახდინეს შედარება, თუ რა რაოდენობის ვიტამინს შეიცავს ფორთოხლის, ვაშლის, ლიმონის, მანდარინის ახლად დაწურული და მაღაზიაში შეძენილი, ამავე ხილისაგან დამზადებული, ნატურალური წვენები.
აღნიშნულ კვლევით სამუშაოებში ჩართვამ მოსწავლე-მკვლევრებს საშუალება მისცა, დაუფლებოდნენ და გაეუმჯობესებინათ კვლევითი სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ლაბორატორიაში ქცევის წესები; სტანდარტული ხსნარის მეშვეობით სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარების დამზადების ტექნიკა; გატიტვრის მეთოდის გაცნობა და უშუალოდ განხორციელება; ხსნართა მჟავიანობის განსაზღვრა; ელექტრონულ სასწორთან და PH-მეტრთან მუშაობის ტექნიკა; რკინა (III)-ის იონების განსაზღვრისთვის სპექტროფოტომეტრთან მუშაობის პრინციპების გაცნობა და გამოყენება; საკალიბრო მრუდის აგება; მიღებული შედეგების დამუშავება; სწორი დასკვნების გამოტანის, ჩატარებული კვლევითი სამუშაოს შეფასებისა და ანალიზის თანამედროვე მიდგომები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებმა, ჩატარებულ კვლევით სამუშაოებზე დაფუძნებით, შექმნეს საინტერესო ნაშრომები, რომლებიც წარმატებით წარადგინეს მოსწავლეთა 77-ე სამეცნიერო-კვლევით კონფერენციასა და მიმდინარე სასწავლო წლის 19 მაისს აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ ქიმიის მე-3 სამეცნიერო-კვლევით კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი — 2024“. აღნიშნული გამოცდილება მოსწავლეებისთვის იყო ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელმაც ვფიქრობ, მათ მოტივაცია აუმაღლა და ამ მიმართულებით სწავლება უფრო საინტერესო გახადა.
წარმოგიდგენთ აღნიშნულ კვლევით საქმიანობაში ჩართული მე-10 კლასის მოსწავლის, ლიზი კაპანაძის აზრს კვლევითი სამუშაოს ირგვლივ:
„ჩემთვის არაფორმალური განათლება ნიშნავს, სკოლის გარდა, კიდევ სხვა ცოდნის შეძენას, სხვადასხვა შემეცნებით და კვლევით პროექტებში ჩართვას, რათა უკეთესად შევისწავლო სამყარო.
ერთ-ერთი აქტივობა, რომელშიც ჩართული ვიყავი, იყო კვლევითი პროექტი. ის საქართველოს აგრარულ უნივესიტეტში განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, განვსაზღვრეთ რკინა (III)-ის იონების შემცველობა სხვადასხვა წყლის ნიმუშებსა და საკვებ პროდუქტებში. მასში მონაწილეობამ განმივითარა კვლევითი, პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბების უნარები…
არაფორმალური განათლება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენთვის სახალისო და საინტერესო გზებით გამოვიკვლიოთ, გავიცნოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო.
მოსწავლეებს, ჩემს თანატოლებს ვურჩევ, ჩაერთონ მსგავს არაფორმალურ, კვლევით აქტივობებში. მიიღონ მონაწილეობა მოსწავლეთა კონფერენციებში, რადგან დაუგროვდეთ გამოცდილება, მიიღონ მეტი ცოდნა და რაც მთავარია, ეზიარონ ძალიან საინტერესო და სახალისო საქმიანობას…“
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა. 2005 წელი.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა. https://shorturl.at/uYO0A
- კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მეთოდური ლიტერატურა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისათვის. გამომცემლობა მერიდიანი. 2018 წელი.
- კვლევაზე დაფუძნებული სწავლება-ექსპერიმენტები. აილკსი. ი., მარკიჩი. ს. 2012 წელი.
- კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო მიდგომები და მეთოდები. ჟურნალი mastsavlebeli.ge., 16.04. 2018 წელი.