27 ივლისი, შაბათი, 2024

კვირის სპორტული სიახლეები

spot_img

 ბრინჯაო ყინულზე

ავსტრიის ქალაქ ლინცში ჩატარდა ახალგაზრდა მოციგურავეთა „დიდი პრიზის“ სერიის ბოლო, მე-7 ეტაპი, სადაც წარმატებით გამოვიდა ჩვენი სპორტული წყვილი – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა. 8 მონაწილეს შორის, 179.27 ჯამური ქულით, მათ მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ცოტა ხნით ადრე ეს დუეტი მეორე იყო სლოვაკეთის ტურნირზე. მათ ანგარიშზე ასევეა ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიაც.

18-წლამდელთა მესამე ტრიუმფი

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ჩვენებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ეს ტიტული, თანაც ისე, რომ საკუთარ ჩათვლის მოედანზე ერთი ლელოც არ მიუღიათ, მხოლოდ ერთხელ დაკარგეს 3 ქულა, როცა მეტოქემ საჯარიმო გაგვიტანა და არც ერთ მეტოქეს იოტისოდენა შანსიც არ მისცეს.

კონტინენტის პირველობას რუსულმა კალინინგრადმა უმასპინძლა. ჩვენებმა სამი პაექრობა გამართეს და ყველა დიდი უპირატესობით მოიგეს: პირველ შეხვედრაში ჩეხები 76:0 გაანადგურეს, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 მოუგეს, ფინალში კი პორტუგალია 27:0 დაამარცხეს და, როგორც გითხარით, ზედიზედ მესამედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ამ ტრიუმფალურ სერიამდე „უმცროსი ბორჯღალოსნები“, 2015-2017 წლებში, ევროფინალში, ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ საფრანგეთთან, მათი ძლევა კი მხოლოდ მეოთხე ცდაზე მოახერხეს – 2018 წელს, როცა „მამლები“ 8:3 დაამარცხეს (საინტერესოა, რომ მას მერე ფრანგები ამ ტურნირში არ გამოდიან) და იქიდან მოყოლებული, ზედიზედ 3 ტურნირია, ჩემპიონობას არავის უთმობენ – 2019 წელს ფინალში ესპანეთი 20:10 დაამარცხეს, 2020-ში კი ეს ტურნირი პანდემიის გამო არ გამართულა.

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ეს გამარჯვება ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნეს. 

ძიუდოისტებმა მსოფლიო გააოცეს

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, სასარის პროვინციის მთავარ ქალაქ ოლბიაში, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, სადაც ისტორიული წარმატებით გამოვიდა ჩვენი ბიჭების გუნდი: ირაკლი ცირეკიძის ნაკრებმა გამოსვლა 5 მედლით დაამთავრა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთია ბრინჯაო, დანარჩენი 4 კი – ოქრო. ჩვენების სრული ტრიუმფით დასრულდა გუნდური ჩათვლაც – უკონკურენტოდ გავიმარჯვეთ საერთო გუნდურ ჩათვლაში, სადაც გოგონებისა და ბიჭების შედეგები ერთად ჯამდება. არადა, ჩვენგან მხოლოდ ბიჭების მონაგარი შევიდა, რადგან ოლბიაში 4-ვე გოგონა უმედლოდ დაგვირჩა. სწორედ გოგონების ფაქტორის გამო არ ვიჭიდავეთ გუნდური შეჯიბრება, რადგან არ გვყავს „სუსტი სქესის“ ძლიერი ძიუდოისტები.

ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60;  ჯერ მხოლოდ 18 წლისაა), გიორგი შერაზადიშვილი (81), ილია სულამანიძე (100) და საბა ინანეიშვილი (+100) გახდნენ, ბრინჯაო კი ირაკლი დემეტრაშვილმა (+100) მოიპოვა.

საინტერესოა, რომ ბიჭებში 7-დან 5 წონაში გამოვდიოდით და აქედან უმედლოდ მხოლოდ ერთში – 90-ში დავრჩით, 4-ში კი ჩემპიონები გავხდით! საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიგვაჩვია მსგავს უპრეცედენტო შედეგებს. ამასთან, მძიმე წონაში, ჩვენი ორივე მონაწილე ავიდა კვარცხლბეკზე, თუმცა 100-შიც ცოტა დაგვაკლდა, ასევე ორ მედლამდე.

ბოლო დღეს, ვაჟთა ორივე წონაში, ჩვენებმა გაიმარჯვეს – სულამანიძემ და ინანეიშვილმა. ამ ფაქტს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაც გამოეხმაურა, თავის გვერდზე ქართულად მოგვილოცა ეს წარმატება. თან ამ დღეს ინანეიშვილმა ფინალში უნგრელი რიხარდ სიპოჟი დაამარცხა – ჩვენთვის ძალიან უხერხული მეტოქე და წონის ერთ-ერთი ლიდერი, ვისთანაც საბა წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მის წარმატებას იტალიაში ემიგრანტად მყოფი დედაც ესწრებოდა – დედა-შვილი 5 წლის შემდეგ შეხვდა ერთმანეთს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია თავის გვერდზე ამ ფაქტსაც გამოეხმაურა.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები