პროფესიული განათლება განათლების ერთადერთი საფეხურია, რომელსაც ყველაზე აქტიური თანამშრომლობა აქვს კერძო სექტორთან. უფრო მეტიც, პროფესიული განათლება კერძო სექტორის გარეშე არ არსებობს.
განათლების სამინისტროში, 2016 წელს, დაიწყო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური მიდგომით პილოტირება და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომლის დახმარებითაც აღნიშნული პილოტირება წარმატებით განხორციელდა.
ნიკოლოზ მესხიშვილი,
ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების ოფიცერი
— ბატონო ნიკოლოზ, რა არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მთავარი უპირატესობები და რაში გამოიხატება იმ სტუდენტებთან მიმართებაში, რომლებიც დუალურ განათლებაში არიან ჩართულები, რა სარგებელი აქვთ მათ?
— სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საუკეთესო საშუალებაა როგორც პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და პროფესიულ სტუდენტთა კარიერული პერსპექტივისათვის. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მათ შორისაა დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამები, რომლის შედეგები რეალურ სამუშაო გარემოში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღწევა.
რაც შეეხება დუალური სწავლების უპირატესობებს, სტუდენტებისთვის გამოვყოფ ძირითად სარგებელს, რაც შესაძლებელია განსხვავდებოდეს პროგრამის, რეგიონის, სასწავლებლის თუ კერძო სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროფესიული სტუდენტის სარგებელია:
⇒ სწავლის პარალელურად, სამუშაო გამოცდილება: იმის გათვალისწინებით, რომ დუალური პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50%-ზე მეტის მიღწევა საწარმოში ხდება, პროფესიული სტუდენტი პროგრამის უმეტეს ნაწილს კერძო სექტორთან ატარებს და შესაბამისად, სწავლის პარალელურად, უგროვდება სამუშაო გამოცდილება, რომელიც პროფესიულ სტუდენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებითაა გამყარებული.
⇒ ანაზღაურება: სწავლის პარალელურად, სამუშაოს შესრულების დროს, პროფესიულ სტუდენტს ანაზღაურება ეძლევა. ანაზღაურების ფორმა და გადახდის ალტერნატიული მექანიზმები კი განსხვავებულია, აგრარული სექტორისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
⇒კვალიფიციური სამუშაო და პრაქტიკული საქმე: პროფესიული სტუდენტები, თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან და აგრარული კუთხით, კვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ რეალურ სამუშაო გარემოში;
⇒ საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა: კურსდამთავრებულებს, კერძო სექტორის საჭიროებიდან გამომდინარე, აქვთ შანსი, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რათა დასაქმდნენ იქ, სადაც ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. მათ ასევე შეუძლიათ მოიძიონ მსგავსი პროფილის კომპანია/ფერმერული მეურნეობა ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი, რისი პრეცედენტიც გვაქვს, თუნდაც მეფუტკრეობის მიმართულებით.
⇒ტრანსპორტირება: გარკვეულ რეგიონებში, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საწარმომდე, სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს უფასო ტრანსპორტირებით.
⇒შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება: ინტეგრირებული პროფესიული განათლება, დღესდღეობით, საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
⇒ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტი: პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
⇒ დამატებითი სერვისები: დუალური სწავლების პროცესში სტუდენტები სარგებლობენ დაზღვევით და კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად გადაეცემათ შესაბამისი უნიფორმები.
— ვინ არის კომპანიის ინსტრუქტორი და რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს მას?
— ინსტრუქტორი დუალური განათლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ფაქტობრივად, მას პროფესიული განათლების მასწავლებლის თანაბარი პოზიცია უჭირავს სასწავლო საწარმოში.
დუალური სწავლების პროცესში პროფესიული სტუდენტების სამუშაო პროცესს ზედამხედველობას სწორედ კომპანიის ინსტრუქტორი უწევს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ჟურნალში ჩანაწერების მართებულობას, სტუდენტების შეფასებას და ზოგადად, პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების კოორდინაციას. შესაბამისად, ინსტრუქტორის, ისევე როგორც პროფესიული მასწავლებლის, ფუნქცია-მოვალეობების სათანადოდ შესრულება დუალური სწავლების ხარისხზე, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე აისახება.
— რომელ პროფესიებში ახორციელებს ფერმერთა ასოციაცია სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და როგორ ჩაერთონ მსურველები პროგრამაში?
— სამუშაოზე დაფუძნებული დუალური სწავლება, ფერმერთა ასოციაციის კოორდინაციით, შემდეგი მიმართულებით ხორციელდება: მეხილეობა, მეფუტკრეობა, მებაღეობა, ვეტერინარია, ხორც-პროდუქტების გადამუშავება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, მეთევზეობა და რძის პროდუქტების გადამუშავება. პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, ვისაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ან კონკრეტულ პროგრამაზე მისაღებად დაწესებული წინაპირობების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვს. საჯარო პროფესიულ დაწესებულებებში რეგისტრაცია შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა. რეგისტრაცია შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, დუალური პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში ან ვებგვერდის www.vet.emis.ge (სასურველ პროგრამაზე რეგისტრაცია ფუნქციურია მხოლოდ მიღების პერიოდში) საშუალებით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაინტერესებული პირი სპეციალურ გასაუბრებას გაივლის და წარმატებული კანდიდატები, ყოველგვარი ტესტირების გვერდის ავლით, მოიპოვებენ პროფესიული სტუდენტის სტატუსს.
— რომელ წარმატებულ მოდელებს ეყრდნობით ამ პროექტის განხორციელებისას?
— პროექტი ეფუძნება ევროპული ქვეყნებისა და შვეიცარიის საუკეთესო პრაქტიკას, სადაც პოპულარულია დუალური სწავლება. თუმცა, ადგილობრივი კონტექსტისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოების გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო მოდელების დანერგვისა და განხორციელების ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, წახალისებულია.
პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის „აგრო დუო“ ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.
ნინო ელბაქიძე,
გაეროს პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი
— ქალბატონო ნინო, ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით და თქვენი კოორდინაციით, ჩატარდა პილოტირების ფაზაში მონაწილე კომპანიების ინსტრუქტორების კვლევა. რა აჩვენა კვლევამ, როგორია მთავარი შედეგები და რეკომენდაციები?
— პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო კომპანიის ინსტრუქტორების კვლევის ჩატარება. კვლევის ინიცირება იმან განაპირობა, რომ კომპანიის ინსტრუქტორებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირებაში, ძალიან მნიშვნელოვანი გამოციდლება დაუგროვდათ და ეს გამოცდილება, როგორც დადებითი, ასევე გასაუმჯობესებელი მხარეებით, გადამწყვეტი რესურსია იმისათვის, რომ მომდევნო ფაზაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება წარმატებით გაგრძელდეს.
ნებისმიერი რეფორმა, რომელიც იგეგმება, კონკრეტული ადამიანების მხრებზე გადადის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეფორმის განხორციელებისას, ადამიანური რესურსია ის მთავარი ძალა, რომელიც წარმატების შედეგებს აჩვენებს. ამ შემთხვევაშიც ასეა. ფუნდამენტურად ახალ მიმართულებასთან გვაქვს საქმე, კერძო სექტორი და კომპანიის ინსტრუქტორი, აქამდე, არასოდეს ყოფილა ჩართული პროფესიულ განათლებაში. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გამოცდილება გულდასმითაა შესასწავლი და გასაანალიზებელი. ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა განაპირობა, თავდაპირველად, კვლევის ინიცირება.
კვლევაში ჩართული იყო 27 კომპანიის ინსტრუქტორი, ისინი პილოტირების ფაზაში მონაწილეობდნენ. კვლევა მოიცავს კომპანიის ინსტრუქტორების შესახებ სხვადასხვა მონაცემის შეგროვებას, როგორიცაა, მაგალითად, მათი პროფესია, ასაკი, სამუშაო გამოცდილება, სტუდენტთა რაოდენობა და სხვა. ინსტრუქტორებისა და პროფესიული მასწავლებლების თანამშრომლობა, რეკომენდაციების გაცემა სტუდენტთა შერჩევისა და პროფესიული განვითარების შესახებ, ასევე სასწავლო პროცესში წარმოქმნილ სიძნელეებთან დაკავშირებით და სხვა.
კვლევის შედეგების მიხედვით, შემუშავდა 18 რეკომენდაცია და გაუმჯობესების შემოთავაზება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გასაუმჯობესებლად.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
⇒ შეიქმნას კომპანიის ინსტრუქტორების ქსელი, მონაცემთა ბაზა. მოეწყოს პერიოდული შეხვედრები/კონფერენციები/ვორკშოპები კომპანიის ინსტრუქტორების ქსელის გაფართოებისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით.
⇒ აუცილებელია, არსებობდეს კომპანიის ინსტრუქტორების მომზადებისა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე ქოუჩინგის სისტემა. შესაძლებელია, ეს დავალება შეითავსოს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე პასუხისმგებელმა რომელიმე ორგანიზაციამ (განათლების სამინისტრო/მასწავლებლის სახლი/სავაჭრო სამრეწველო პალატა, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/სხვა).
⇒ პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და კომპანიის ინსტრუქტორების თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, აუცილებელია, დაიგეგმოს მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა ერთობლივი ტრენინგები.
⇒ ხელი შეეწყოს ინსტრუქტორების სხვადასხვა ინიციატივას, პროფესიულ მასწავლებელთან და/ან პროფესიულ სტუდენტთან თანამშრომლობის კუთხით, მაგალითად: პროფესიული ქსელების შექმნა, სტუდენტების გაცვლა სხვადასხვა კომპანიაში, სხვა ინსტრუქტორებთან გამოცდილების გაზიარება და სხვა.
⇒ სტუდენტთა შერჩევის პროცედურებში ინსტრუქტორის ჩართვა აუცილებელი პირობაა. ამგვარი მიდგომა ამაღლებს ნდობას ინსტრუქტორსა და პროფესიულ სტუდენტს შორის, რაც, თავის მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხზე დადებითად აისახება. სამომავლოდ, პროფესიული სტუდენტის შერჩევა ინსტრუქტორის გარეშე არ უნდა მოხდეს.
⇒ პროფესიული სტუდენტების შერჩევის პროცესს დაემატოს პროფესიული ორიენტაციის პროცედურა. პროფესიულ სტუდენტებს, სანამ ისინი აირჩევიან საბოლოო სასწავლო პროცესში ჩასართავად, აუცილებელია, ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი პროფესიაში, მათ შორის საველე პრაქტიკა. ამგვარი მიდგომით სწავლებისთვის შევარჩევთ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც საკმარისად მოტივირებული იქნებიან პროფესიის დასაუფლებლად.
⇒ აუცილებელია, დადგეს ინსტრუქტორების ანაზღაურების დარეგულირების საკითხი, შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. პროცესის მდგრადობისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის აუცილებელია, რომ კომპანიის ინსტრუქტორების სამუშაო იყოს ანაზღაურებული.
⇒ კომპანიის ინსტრუქტორები მოაზრებული უნდა იყვნენ, როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთ-ერთი ტიპი. ისინი ითხოვენ, რომ მათი საქმიანობა ისევე იქნეს აღიარებული პედაგოგიურ საქმიანობად, როგორც პროფესიული მასწავლებლის მუშაობა პროფესიულ სტუდენტთან.
იმისათვის, რომ ქვეყანაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდეს, ამ მიმართულებით კვლევა კიდევ გაგრძელდება. მომდევნო ეტაპზე, ვიკვლევთ პროფესიული მასწავლებლების კმაყოფილებას დუალური განათლების დანერგვით, ასევე, იმ სტუდენტების წარმატებებს, რომელთაც ან შესაბამისი სამუშაო დაიწყეს, ან საკუთარი ბიზნესი დააფუძნეს. პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც შრომის ბაზარს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს. ამიტომ, პროფესიულ განათლებას, ფაქტობრივად, ეკონომიკის პულსზე უდევს ხელი, რაც, კოვიდის პირობებში და მსოფლიო მასშტაბით შეფერეხებული ეკონომიკის ფონზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა.