27 ივლისი, შაბათი, 2024

კარგი შესაძლებლობა გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად

spot_img

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობდა, 28-29 თებერვალს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების, ენის შემსწავლელი კურსების, ადგილობრივი და საერთაშორისო ცენტრების შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, გამოფენაზე გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები იყვნენ წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. „დღეს სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც წელს მეათედ იმართება. განათლების საერთაშორისო გამოფენა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და, ზოგადად, სწავლით დაინტერესებულ პირებს, ერთ სივრცეში გაეცნონ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პროგრამებს. მინდა აღვნიშნო, რომ წელს გამოფენას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.

 განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის საერთაშორისო პროგრამები, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, გაზარდოს განათლების ხარისხი და მაქსიმალურად დაუახლოვოს საერთაშორისო სტანდარტებს.“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოფენაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი. ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ, გამოფენის ორგანიზატორებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად, გახსნაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გამოფენის ფარგლებშივე, ცენტრის ორგანიზებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ღია კარის დღეს მოეწყო და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სტენდზე, დეტალურად გასცნობოდნენ 2020 წლის საგამოცდო სიახლეებს.

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში პირველად მონაწილეობდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში, გამოფენის სტუმრებს შეეძლოთ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაევლოთ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში, მათთვის სასურველ პროგრამებზე.

გამოფენა დაათვალიერა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გაეცნო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდსაც და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას: „მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის გარემოება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიური პროგრამები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთადაა შემუშავებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც წარიმართება სიმსივნის სამკურნალო და სამეცნიერო კვლევითი პროცესი როგორც მედიცინის, ასევე სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს უკვე მრავალი ცნობილი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, წამყვანი უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სახით.“

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება დაიგეგმა:

⇒  დასაქმების ფორუმი „EXPO JOB“, რომელზეც 70-ზე მეტმა კომპანიამ, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, 700-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა;

⇒  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გამოცდების შესახებ გამართეს პრეზენტაცია და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხეს;

⇒ მოეწყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისა და სტუდენტების დახმარებას სამომავლო პროფესიის არჩევაში და სხვ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალი წელია მონაწილეობს განათლების საერთაშორისო გამოფენაში. წელს განსაკუთრებულ აქცენტი გაკეთდა ტექნოლოგიებზე. ილიას უნივერსიტეტის სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გამოეცადათ უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი რობოტები, დრონები და გაეგოთ მეტი ტექნოლოგიური პროგრამების შესახებ. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველები ილიას უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ, საბუნებისმეტყველო მიმართულებებს და ახალ საინჟინრო პროგრამებს გაეცნენ.

ეს პროგრამები, როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ განაცხადა, უმეტესწილად, სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განვითარდა. მან ხაზი გაუსვა ილიას უნივერსიტეტის ახალი საკვირაო სკოლის მნიშვნელობას მოსწავლეებისთვის: „საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს ვთავაზობთ სასწავლო კურსებს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით. მალე გამოცხადდება მიღება ახალ კურსებზე და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა აბიტურიენტებისთვის, გაიცნონ დღევანდელი ცოდნის მრავალფეროვნება და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ უნივერსიტეტში ჩაბარებისას.“

ილიას უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტების შესახებ საუბრისას პროფესორმა, ნანა დიხამინჯიამ, აღნიშნა: „აქ მოსულ აბიტურიენტებს ელოდებათ სხვადასხვა ტიპის რობოტები, რომელთა დაპროგრამება აქვეა შესაძლებელი. მათ, ასევე, შეუძლიათ ნახონ, როგორ ვიყენებთ დრონებს სხვადასხვა კვლევით პროექტებში და გაეცნონ დრონების კურსს. კვლევების გარდა, ჩვენ ვახორციელებთ სტუდენტურ პროექტებს FabLab-ის საფუძველზე, სადაც FabLab და Zoomout აქსელერატორი ახალგაზრდებს სხვადასხვა ტიპის პროექტების პროტოტიპირებასა და იდეების განვითარებაში ეხმარებათ“.

უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.

„საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა უკვე გერმანიაშიც. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს. მაგალითად: ჩივნინგის, ფულ ბრაიტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამას. ბანკი წარმატებული სტუდენტებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. შარშან, ბანკმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლის. მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი მასშტაბური და საერთაშორისო განათლების გამოფენის მხარდამჭერები. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

საერთაშორისო განათლების გამოფენაზე, ყოველწლიურად, ათასობით მოტივირებული სტუდენტი და მათი ოჯახის წევრები ხვდებიან განათლების პრესტიჟულ პროვაიდერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება იზიდავს როგორც პერსპექტიულ სტუდენტებს, დაინტერესებულ მშობლებს, ასევე მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს, სამეცნიერო სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს.

ბაკალავრიატის სტუდენტების, ასპირანტებისა და სკოლის მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოში, ეძებს საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობას. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი 2 მარტს დაიწყო, გამოცდები ივლისში ჩატარდება, ამიტომ განათლების საერთაშორისო გამოფენის თარიღად თებერვლის ბოლო რიცხვები შეირჩა, როგორც ყველაზე ეფექტური დრო სტუდენტებისთვის, მიიღონ პირველადი ინფორმაცია ექსპო ჯორჯიაში და ამის საფუძველზე განაგრძონ ძებნა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები