მარინა არაბიძე-აშვეთია
სსიპ წმინდა ნინოს სახ. ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
სასწავლო საგანმანათლებლო მრავალწახნაგოვან სივრცეში მრავალი პრობლემა იჩენს თავს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას უკავშირდება.
მასწავლებელი ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და ყველა სიტუაციაში სწორი გამოსავალი მოძებნოს მოსწავლის სასიკეთოდ. დასამალი როდია, რომ ზოგჯერ თავად მასწავლებლები, ნებსით თუ უნებლიედ, ვქმნით არასასურველ სიტუაციებს და ამით ვაზიანებთ მოსწავლის მგრძნობიარე ფსიქიკას.
წინამდებარე მასალაში აღწერილი „კაზუსები“ დაგვაფიქრებს ჩვენს პრაქტიკაში დაშვებულ შეცდომებზე, რომელთაც უცილობლად სჭირდება გამოსწორება. მათი ანალიზი სრულყოფს მოსწავლეებთან ჩვენს დამოკიდებულებას და სწორ გზაზე გაგვიყვანს მათთან ურთიერთობაში.
წარმოვადგენთ სიტუაციებს, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებლის შეცდომებს უკავშირდება. ჰოდა, დავფიქრდეთ და გავასწოროთ…
♦ ♦ ♦
– მასწ, ერთი სიტყვა დამავიწყდა, რა ჰქვია ბუნების მტერს, ფრინველებსა და ცხოველებს რომ ხოცავს, ხეებს რომ ჭრის…
– მასე რომ ყველას შევახსენო, რაც დაავიწყდება, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება კლასში?..
– მასწ, მაგაზე მაქვს მთელი ესე აგებული…
– თავი დამანებე, წესიერად უნდა მომზადებულიყავი შემაჯამებელი გაკვეთილისათვის! – მკაცრად თქვა მასწავლებელმა.
ბავშვი წელმოწყვეტილივით დაჯდა მერხთან და მუშაობა შეწყვიტა.
♦ ♦ ♦
– დათო, რატომ იყურები სულ თეკლასკენ? გასწორდი, შემობრუნდი და მომისმინე…
– უყვარს, მასწ! – წამოიძახა დაჩიმ.
მოსწავლეებმა გაიცინეს, ყველა დათოს უცქერდა.
– რა დროს თქვენი სიყვარულია, ნუ გადამრიეთ! აი, წიგნები, ესენი შეიყვარეთ!.. გამომიწყო აქ შეყვარებულობია!.. – ბრაზით თქვა მასწავლებელმა.
დათო სახეზე წამოწითლდა, შუბლი ოფლით დაეცვარა.
თეკლამ მერხზე დადო თავი, სახე დამალა, მხოლოდ ყურები უჩანდა, ალივით წითელი…
ბავშვები იცინოდნენ.
– ბარო, შეყვარებულო! – ისევ გამოაჯავრა დაჩიმ დათო…
♦ ♦ ♦
მასწავლებელი კლასში შევიდა და ბავშვებს უთხრა, რომ მინი-ლექციას ატარებდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
ბავშვები დიდხანს ისმენდნენ ციფრებისა და ფაქტების უწყვეტ ჯაჭვს. ისინი უინტერესოდ შესცქეროდნენ მასწავლებელს, ბევრ მათგანს ეტყობოდა, რომ სხვა სამყაროში იყო.
ერთი მოსწავლე აწრიალდა და გვერდით მჯდომს ჩუმად უთხრა:
– ესაა მინი-ლექცია? მალე გამოვა გაკვეთილი…
მასწავლებლის მახვილმა ყურმა გაიგონა ეს სიტყვები და ბიჭს მკაცრად უთხრა:
– კახა, მე მგონი, მადლობელი უნდა იყო, რომ მთელი გაკვეთილი მე ვიტვირთე, თორემ ხუთ შენისთანას ამ დროში ორიანებს დავუწერდი…
– ბოდიში, მასწ, – თქვა კახამ და მისი ხმა ზარის წკრიალში ჩაიკარგა…
♦ ♦ ♦
სწავლის დაწყების პირველ დღეებში, მშობელმა ეტლით მოიყვანა ბავშვი სკოლაში. საკლასო ოთახიდან გამოცვენილი ბავშვები გარს შემოეხვივნენ თემოს, აკვირდებოდნენ მის სახესა და გამომეტყველებას, ზოგიერთს სახეზე უცნაური სიბრალულის ელფერი აღბეჭდვოდა, თემო კი კეთილი სახითა და დაელმებული თვალებით ღიმილით შესცქეროდა უცხო ბავშვებს.
– ვაი, საწყალი… – თქვა ერთმა.
თემოს მასწავლებელმა ეს რომ გაიგონა, დაუცაცხანა ცნობისმოყვარე ბავშვებს:
– მერე ეს საცოდავი ასე უნდა შეაწუხოთ? მოშორდით აქედან, შებრძანდით ახლავე საკლასო ოთახში!..
♦ ♦ ♦
ერთმა მოსწავლემ, რომელსაც ძალიან უჭირდა საკუთარი ქცევის მართვა, მასწავლებელი წყობიდან გამოიყვანა, გაკვეთილიდან გააძევა. თან მკაცრად უთხრა:
– სადაც გინდა, იქ წადი, ოღონდ მანდატურს არ ჩაუვარდე ხელში, არ მაქვს ახლა მაგათთან ახსნა-განმარტების თავი…
ბიჭი გახარებული გავარდა გარეთ, მალევე შემობრუნდა, ჯიქურ წავიდა ნოდარისკენ და უთხრა:
– ბიჭო, ეე, „ზაჟიკალკა“ მათხოვე, იქ მოდი, ჩვენ რომ ვიცით, და მოგცემ… – ნოდომ სანთებელა გაუწოდა და გარეთ გავარდა…
– მათე, გეყოფა! მომცემ გაკვეთილის ახსნის საშუალებას? რამდენჯერ მოგეცი შენიშვნა, რამდენჯერ გამაწყვეტინე ახსნა, რას მაწამებ, ურია ხომ არა ხარ…
– ერთი ურია აგერ გვყავს, მასწ, – თქვა თეგიმ და ხელი ებრაელი ამხანაგისკენ გაიშვირა…
– კარგი, გეყოფათ! – იყვირა მასწავლებელმა და გაკვეთილის ახსნა განაგრძო.
– მასწ, თუ შეიძლება, გავალ გარეთ, – ითხოვა ებრაელმა ბიჭმა. მასწავლებელმა ნება დართო, და დაამატა:
– ამათ ხელში რა გაკვეთილს ჩაატარებ…
კლასში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
– მასწ, მეც გამიშვით გარეთ, – თქვა მათემ.
– არა! – იყვირა მასწავლებელმა.
მათემ მაინც დატოვა საკლასო ოთახი და გარეთ გავიდა. მან იპოვა გაკვეთილიდან გასული ებრაელი ამხანაგი, დერეფნის ბოლოს, კიბის ქვეშ მიიყუჩნენ და საუბარი დაიწყეს.
♦ ♦ ♦
– სულ შენ რომ გსურს პირველობა და სხვას არ უთმობ ასპარეზს, შენ გარდა ამ კლასში არავინაა? სწავლობდე მაინც რამეს, გაგიძახებ და ტყუილებით აგვავსებ, – წყრომით უთხრა მასწავლებელმა ზურას, თან დაამატა:
– ახლა ჯგუფურ მუშაობას ვიწყებ და გაფრთხილებ, ხმა არ გაიღო, ვითომც არ ხარ კლასში, იჯექი მანდ ჩუმად, თორემ გარეთ გაგაძევებ…
მასწავლებელმა მოსწავლეები ჯგუფებში დაანაწილა და დავალებებიც მისცა ბავშვებს.
ზურა უფუნქციოდ იჯდა ბოლო მერხზე და ხელში კალამს ათამაშებდა.
♦ ♦ ♦
კლასში ბულინგის კორიანტელს ატრიალებდა ბადრი, ამოჩემებული ჰყავდავდა რამდენიმე ბავშვი, ერთს გამუდმებით ეძახდა ,,ცხვარს, მისი მშვიდი ხასიათის გამო, მეორე ბიჭს – „კრასავიცას“, რადგან გოგოსავით ლამაზი და სიფრიფანა იყო, მესამეს ბუფეტში წაყვანასა და ფუნთუშებით გამასპინძლებას აიძულებდა. თითქმის ყოველდღე და ასე მიდიოდა.
ბავშვებმა გადაწყვიტეს, თავიანთი გასაჭირი დამრიგებლისთვის ეთქვათ. დამრიგებელმა „დაბულინგებულ“ ბავშვებს ურჩია, მოეთმინათ ყველაფერი, ხმა არ გაეცათ ბადრისათვის, ბოლოს მობეზრდებოდა მათი გამოჯავრება და თავს დაანებებდა…
ბადრის მშობლები დაცილებული იყვნენ, სახლში მოხუცი ბებია ჰყავდა და ონავარ ბიჭს სათანადოდ ვერ მართავდა.
♦ ♦ ♦
„კლასის საათი“ ჩატარდა თემაზე „ვინ მინდა გავხდე“…
დამრიგებელმა საწერი ფურცლები დაურიგა ბავშვებს და სთხოვა, ყოფილიყვნენ გულწრფელნი, დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი მომავალი პროფესიის შესახებ, ამასთანავე უთხრა, რომ, თუ მათი სურვილი იქნებოდა, შეეძლოთ ავტორიც მიეწერათ თავიანთ ნააზრევზე ან ავტორი ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.
მასწავლებელმა ერთ-ერთ ნაშრომში ასეთი რამ ამოიკითხა: „მასწავლებელო, მე ხშირად ვფიქრობ ჩემს მომავალ პროფესიაზე, დიდი ხანია გადაწყვეტილიც მაქვს, მაგრამ მშობლები ჩემს მიზანს სასაცილოდ თვლიან, ცოცხალი თავით არ სურთ ექიმი-ვეტერინარი გამოვიდე. ძალიან მინდა გავხდე პროფესიონალი ვეტერინარი, გავხსნა კლინიკა შინაური ცხოველებისათვის, გავაკეთო ქირურგიული ოპერაციები, ვუშველო უპატრონო დაავადებულ ოთხფეხა მეგობრებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
ერთხელ ქუჩაში ვიპოვე ფეხმოტეხილი ძაღლი, სისხლი სდიოდა, ავიყვანე და შინ წავიყვანე. ეზოში დაბინავება გადავწყვიტე, სახლიდან სახვევი და მალამო გამოვიტანე. როგორი თვალებით მიყურებდა, საცოდავი, თან ცრემლები სდიოდა, მაგრამ ითმენდა, არც მიღრენდა. დედამ დამინახა და ერთი ამბავი ატეხა, მაგ რწყილებიანი ძაღლი ახლავე აქედან მოაშორეო, მერე მამაც აჰყვა. შავი დღე დამადგა, ძაღლი ეზოდან გააძევეს. მას შემდეგ ცუდად ვარ, ღამე მესიზმრება ის საბრალო, არ ვიცი, რა ბედი ეწია. მე სხვა პროფესია არ მინდა, მე ექიმი ვეტერინარი უნდა გამოვიდე!
მასწ, უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ დაარწმუნოთ ჩემი მშობლები, რომ ჩემი სურვილი საბოლოოა, მე სხვა საქმე არ მინდა“…
„სწორია შენი მშობლები, რად გინდა ძაღლებისა და ღორების ექიმობა, ადამიანების ექიმობა სჯობს,“ – მიაწერა მასწავლებელმა და წერილი დაუბრუნა ბიჭს.
♦ ♦ ♦
– ლიკა, რატომ არ ესწრები სპორტის გაკვეთილებს, მერამდენე გაკვეთილი გააცდინე, რა ხდება?..
– მასწ, იცის დამრიგებელმა, სპორტის შემდეგ ისტორია გვაქვს, ცოტა მიჭირს ეს საგანი და ვიმეორებ მასალას, არ მინდა ცუდი ქულა დავიმსახურო, დედაჩემმაც სთხოვა დამრიგებელს, რომ სპორტის გაკვეთილზე არ შევსულიყავი…
– გაკვეთილზე შემოდი დღეიდან, ნუ გგონია, სპორტი რომელიმე საგანზე ნაკლები იყოს, – თქვა მასწავლებელმა. ლიკას სახეზე უსიამოვნება აირეკლა და გაშორდა მასწავლებელს…
♦ ♦ ♦
– კახა, რომ ყოჩობ და ლიდერობ ყველგან, ამ ჯგუფურ მუშაობაზე მაინც იყავი წყნარად და სხვებს დააცადე მუშაობა…
– მასწ, დავალების საკითხზე ვმსჯელობდი… სულ გავალ კლასიდან…
– მაინც არაფერს აკეთებ და შეგიძლია გახვიდე…
კახამ დატოვა გაკვეთილი.
♦ ♦ ♦
– ნახეთ, რა გაწკრიალებული წიგნები ჩამაბარა ლუკამ, ყოჩაღ, გადანაშლელი არც კი ეტყობა, შენ კი, ჩემო ლაშა, სახელმძღვანელოებს ცუდად მოპყრობიხარ, ფანქრით დაგიხაზავს ტექსტები, არ გცოდნია, რომ წიგნებს მოვლა უნდა, მარტო ათებზე სწავლა არაა საკმარისი, სასწავლო ნივთებს მოვლა უნდა…
– მასწ, ლუკა წიგნში არ იყურაბა და მონიშვნები რაში დასჭირდებოდა, უხმარი სახელმძღვანელოები იმიტომ მოიტანა…
– ეეეეე, ბიჭო, შეგშურდეს ახლა მასწავლებლისგან ჩემი შექება…
– ბევრს ნუ ლაპარაკობ, ლაშა, სწორს გეუბნება ლუკა, არა ხარ მართალი…
– რა აზრი აქვს, – ჩუმად თქვა ლაშამ და დაჯდა მოწყენილი…
♦ ♦ ♦
მასწავლებელმა კლასში დაარიგა ფურცლები, რომელზეც ინდივიდუალური მუშაობისათვის დავალებების პირობა იყო განთავსებული.
გიორგიმ გულისფანცქალით ჩახედა ბარათს, წაიკითხა და მასწავლებელს უთხრა:
– მასწ, რა რთული საკითხებია, ამას ვერ ვუპასუხებ…
– გიო, შენ ხშირად გამოთქვამ ანალოგიურ პრეტენზიას, რომ ვერ აკეთებ, ამიტომაც იმსახურებ დაბალ ქულებს, უნდა მოუმატო შრომას და შედეგიც უკეთესი გექნება, თუ ვერ აკეთებ დავალებას დღესაც დაგეწერება „2“.
ბავშვმა თავი დახარა და უიმედოდ, უაზრო მზერა მიაპყრო ბარათს, რომელზეც მისთვის დაუძლეველი საკითხების ჩამონათვალი იყო.
♦ ♦ ♦
– მასწ, რამხელა პირობაა, მოკლე სათაურით რომ მოგვცე დავალება, არ შეიძლება? — მიმართა მასწავლებელს მაკამ.
– ეს კომპლექსური დავალებაა, ჩემო კარგო, ამიტომაცაა დიდი პირობა.
– გული მისკდება, მასწ, ამხელა ჩამონათვალია, ვიცი, ვერ მოვამზადებ, კიდევ კარგი, იშვიათად გვაძლევთ ასეთ დავალებას…
– კარგი, ეკა, დამშვიდდი, გულისყურით მიუდექი დავალების შესრულებას და აუცილებლად გააკეთებ…
– შენ გაიხარე, ეკა, ყველას სათქმელი რომ თქვი, — უჩურჩულა ეკას გვერდით მჯდომმა ბავშვმა.
ეკამ თვალი მოავლო კლასს და დაინახა მომღიმარი ამხანაგები, რომლებიც ცერა თითს უჩვენებდნენ მართლისმთქმელ მეგობარს…
♦ ♦ ♦
– თემო, შენ ონლაინ გაკვეთილებზე უფრო აქტიური იყავი, ახალა რა გემართება?
– მასწ, ახლა ამხანაგებისა და თქვენი მრცხვენია, მაშინ ასეთი რამ არ მემართებოდა…
– ძალიან ცუდი, ქულა დაგაკლდება! – მკაცრად უთხრა მასწავლებელმა.
♦ ♦ ♦
გიორგი უკანა მერხზე ზის თავისივე სურვილით, გულჩათხრობილია, სულ ჩაფიქრებულია და არავის ეკონტაქტება კლასში.
– გიორგი, გამოფხიზლდი, სულ რომ ბუსავით ზიხარ მერხზე, ხმას არ იღებ, ან კარგი თქვი, ან ცუდი, ორიანებით გინდა დაასრულო ეს სემესტრი?
გიორგიმ, მგონი, ვერაფერი გაიგო, ისევ იმ პოზაში იჯდა და არაფერზე რეაგირებდა, კლასის ყველა მოსწავლე მას უცქერდა…
მოცემულ სიტუაციებში სხვადასხვაგვარი პრობლემაა დაფიქსირებული, რომლებიც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობასთან იყრის თავს. ეს, ერთი შეხედვით, თითქოსდა, უბრალო და შეუმჩნეველი არასასურველი ეპიზოდები მოსწავლეების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ ხომ ჰუმანური ღირებულებებით აღჭურვილ მსოფლიო მოქალექეებს ვზრდით, ამიტომაც ზემოთ აღწერილი სიტუაციები მასწავლებელმა უნდა გაიაზროს და ხელი შეუწყოს ბავშვთა სასკოლო თუ ჯანსაღი ოჯახური გარემოს შექმნას, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ყველაფერი გამოსწორებადია ბავშვებთან სწორი და გააზრებული კომუნიკაციით. ზემოჩამოთვლილ პრობლემურ სიტუაციებს კომპლექსური მიდგომები სჭირდება, რაც, უდავოდ, ხელეწიფება მასწავლებელს.
დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და გავასწოროთ!..
ჩვენ შემოგვყურებს, ნათელი თვალებითა და ხალასი გონებით, მისი უდიდებულესობა – ბავშვი!
ამიტომაც არა გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება!..