გიორგი ტერუნაშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი,
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
მიმოხილვა
დღეს ჩვენ ისტორიული ცვლილების მომსწრენი ვართ. იმის ნაცვლად, რომ ვიკითხოთ, თუ ვინ უნდა იყოს წიგნიერი, ჩვენ კითხვას ასე ვსვამთ – „რას ნიშნავს, იყო წიგნიერი?“ ეს ცვლილება გამოწვეულია ტექნოლოგიების ცვლილებით. ციფრული და ინტერაქტიული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება თითქმის შეუზღუდავი ინფორმაციისა და გლობალური აუდიტორიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, რამაც სამუდამოდ შეცვალა განათლების ხასიათი და ძირითადი უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ ინფორმირებული მოქალაქე.
ინფორმაციის მოძიებისა და მისი ისტორიულ წყაროდ გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IX-XI კლასების მოსწავლეებისათვის, რადგან სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩნდება წყაროების ფართო სპექტრით ანალიზის უნარი, რასაც ჯერ სწორი მიმართულებით ფორმირება ესაჭიროება, ხოლო შემდეგ – დახვეწა-გავარჯიშება.
ეს პროექტი არის მცდელობა, IX-XI კლასების მოსწავლეებს აუხსნას მედიაწიგნიერების რაობა და შესძინოს, მისი მეთოდიკის გამოყენებით, სხვადასხვა ფორმის ისტორიული წყაროს ანალიზის უნარი; შეძლონ ისტორიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის საკითხის გადაწყვეტა და კონცენტრირდნენ საჭირო ინფორმაციის მოძიებაზე ზღვა საინფორმაციო სივრცეში. ყოველივე ეს გამოიწვევს შესაბამის დამოკიდებულებას წყაროების მიმართ, მოსწავლეთა მიერ ისტორიული საკითხების კვლევისას.
სხვადასხვა მედიასაშუალების პრაქტიკული მონაცემების შეგროვების (მათ შორის, დოკუმენტური და სხვადასხვა ვებგვერდის) და მედიაწიგნიერების ანალიზის ტექნიკის გამოყენებით, მოსწავლეები აფასებენ წყაროს სანდოობას, სწავლობენ ისტორიული წყაროების სანდოობის ხარისხის დადგენას. პროექტი ისე შევადგინეთ, რომ მოსწავლეები, მონაცემთა დახარისხებისა და ანალიზის გზით, მაღალი ინტერაქტიულობით მუშაობდნენ, რაც დაეხმარება მათ კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, ეს კი შემდეგ სხვა სასწავლო მიზნების მიღწევაშიც გამოადგებათ.
სასწავლო გეგმის სფეროები
♦ სოციალური მეცნიერებები;
♦ ინფორმაციული წიგნიერება;
♦ კომუნიკაციები;
♦ მეცნიერება;
♦ მედიის შესწავლა.
საკლასო დონეები
IX-XI კლასები
მოსწავლეთა რაოდენობა
სულ 5 მოსწავლე (IX კლ. – 2 მოსწავლე; XI კლ. – 3 მოსწავლე)
შემოთავაზებული ჩარჩოები
(სასწავლო გეგმის კონტექსტი)
♦ მედიის ტიპები
♦ მედიის წარმოების ტექნიკა
♦ ინფორმაციის სანდოობა
♦ წყაროების მრავალფეროვნების შესწავლა
♦ სტერეოტიპები
♦ თვითრეფლექსია
მზადება და წინაპირობები
პროექტი ეყრდნობა სხვადასხვა სახის ისტორიულ წყაროებს, რომელთა უმეტესობა მოსწავლეებისათვის უკვე ცნობილია სახელმძღვანელოებიდან. გარდა ამისა, პროექტის პირველი ნაწილი მთლიანად ეთმობა ვარჯიშს, ზოგადად, მედიაწიგნიერების ანალიზის ტექნიკის შესასწავლად, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ ისტორიული წყაროების ასეთივე ტექნიკით დასამუშავებლად. მრავალფეროვანი და მათ შორის სახალისო აქტივობები მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს და პროექტში ჩართულობის ხარისხს.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
♦ შეძლებენ სტერეოტიპების/წინასწარი წარმოდგენების დადგენას;
♦ შეისწავლიან, რომ მედიის მიერ რაიმეს წარმოსახვა ყოველთვის არ არის ზუსტი და სრულყოფილი;
♦ შეძლებენ მედიაშეტყობინებების განხილვას, წყვილში დისკუსიასა და ანალიზს იმის დასადგენად, რომ ხალხს შეუძლია ერთი და იმავე მედიაშეტყობინების განსხვავებულად ინტერპრეტაცია;
♦ გაეცნობიან სხვადასხვა სახისა და კატეგორიის მედიასა და კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრავს მედიას;
♦ გაეცნობიან, რომ მედია მოიცავს ფორმებს, რომლებიც გამოიყენება სკოლაში სწავლისთვის, ასევე, ფორმებს, რომლებიც, ძირითადად, გამოიყენება გასართობი და სოციალური კომუნიკაციისთვის;
♦ ისწავლიან პირველადი და მეორეული წყაროების დახარისხებას და მათი სანდოობის ხარისხის ანალიზს;
♦ გააცნობიერებენ სხვადასხვა სახის გავლენებს მედიაინფორმაციაზე და დაფიქრდებიან ასეთი ინფორმაციის, როგორც ისტორიულ წყაროდ გამოყენების შესაძლებლობებზე.
საჭირო დრო
2 საგაკვეთილო საათის შესაბამისი
ლექსიკა
♦ პირველადი და მეორეული წყარო, მონაცემები, სოციალური მედია, ბეჭდური მედია, მედიაგზავნილი, წყაროს სანდოობა, მედიისა და საზოგადოების ურთიერთგავლენა
რესურსები
♦ წინასწარ მომზადებული, სხვადასხვა სახის მედიიდან ამოკრეფილი მასალები, როგორც ისტორიული წყარო;
♦ კომპიუტერი და ინტერნეტი, პროექტორი;
♦ ფურცლები, კალმები;
♦ ლინკები შემაჯამებელი თამაშებისათვის.
ეტაპობრივი პროცედურები
- ვთხოვ მოსწავლეებს, შეადგინონ სხვადასხვა სახის მედიის სია, რომელსაც ისინი იყენებენ, ვაგრძელებ გამოკითხვას, რათა უფრო მეტი სხვადასხვა სახის მედიასაშუალება გამოავლინონ. დასახელებულ მედიასაშუალებებს ჩამოვწერ დაფაზე ან ფურცელზე და განვსაზღვრავთ, დასახელებული საშუალებებიდან, რომელი შეესაბამება მედიასაშუალებას და რომელი – არა (მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, დრო – 5წთ).
- ვთხოვ მოსწავლეებს, იფიქრონ, რა ტიპის მედიასაშუალებები დაასახელეს პირველად; რომელი ტიპის მედიასაშუალება დაასახელეს, რომელსაც, მათი აზრით, ბევრი ადამიანი იყენებს (კლასში და ზოგადად); დაასახელეს თუ არა ჩამონათვალში წიგნები, როგორც მედია და თუ არა, რატომ; რა ტიპის მედიას იყენებენ სკოლაში ან სკოლის დავალებებისთვის და რა ტიპის მედიას იყენებენ სახლში ან მეგობრებთან ერთად (და რა ტიპის მედია გამოიყენება ორივე სიტუაციაში, დრო – 5წთ, მიზანი: მოსწავლეები დაფიქრდნენ მედიასაშუალებების მრავალფეროვნებაზე).
- ვუხსნი: საინფორმაციო გზავნილი შეიცავს დაფარულ შინაარსს და აუცილებელია ინფორმაციის მრავალმხრივი შეფასება. სხვა მაგალითებთან ერთად, თვალსაჩინოებისთვის წარვუდგენ ცნების რუკას, რომელშიც ინფორმაციის შინარსი ასეთი მეთოდით დეკოდირების შემდეგ იძენს არაერთგვაროვან მნიშვნელობას (დრო – 5წთ, მიზანი:
♦ სუბიექტური ინფორმაციის მიზეზების ახნა;
♦ მედიაგზავნილის მრავალმხრივი ანალიზის აუცილებლობის დასაბუთება სიმართლის დასადგენად).
ვაგრძელებ: გარდა დაფარული მესიჯისა, ინფორმაცია ფაქტებისა და მოსაზრებებისგან შედგება. ფაქტი ზუსტად და მშრალად აღწერს სინამდვილეს, მოსაზრება კი ფაქტის შეფასებაა.
მაგალითად: საქართველო კავკასიაში მდებარეობს. ეს ფაქტია, რომელიც შეიძლება, სხვადასხვაგვარად შევაფასოთ: საქართველოს კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს; საქართველოს ცუდი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს; საქართველო პატარა ქვეყანაა, რადგან თვითონ კავკასიაა პატარა; საქართველო არ არის პატარა, რადგან მასზე უფრო პატარა ქვეყნებიც არსებობენ; საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რადგან კავკასიაში ლამაზი ბუნებაა და ა.შ.
როგორც ვხედავთ, ფაქტი ერთია, მოსაზრება კი მრავალი.
ფაქტი შეგვიძლია, შევამოწმოთ ან დავადასტუროთ ობიექტურ რეალობასთან შედარების გზით (მოწმეების გამოკითხვა ან სხვა მედიასაშუალებები). სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ადვილად შევამოწმებთ საქართველოს მდებარეობას რუკის გამოყენებით, მოსაზრების ჭეშმარიტების ან მცდარობის ობიექტურად დადასტურება კი შესაძლებელია მედიაწიგნიერებით და კრიტიკული შეკითხვების დასმით.
მოსაზრებები სუბიექტურია, რადგან ისინი ადამიანთა გრძნობებს, შეხედულებებს, კონკრეტულ მიზნებს ეფუძნება.
- ვაცნობ იმ ძირითად შეკითხვებს, რაც უნდა დავსვათ მედიაინფორმაციაში სიმართლის გასაგებად (მიზანი: მედიაწიგნიერებითი ანალიზის მეთოდიკის გაცნობა); (შეკითხვებს, გარდა სლაიდის სახით წარმოდგენისა, ყველა მოსწავლეს დავურიგებ სათითაოდ თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილს, დრო – 5წთ):
♦ ვინ შექმნა ეს გზავნილი?
♦ რატომ ან რისთვის შეიქმნა?
♦ ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია?
♦ რა ვიცით ამის შესახებ?
♦ ვინ დააფინანსა გზავნილი?
♦ ვის შეიძლება მიადგეს ზიანი ან ვინ შეიძლება მიიღოს სარგებელი ამ გზავნილით?
♦ რითია მნიშვნელოვანი ეს გზავნილი ჩემთვის?
♦ რაზეა გზავნილი და რა გვაძლევს ასე ფიქრის საფუძველს?
♦ რა ინფორმაციას, იდეებს, წარმოდგენებს გადმოსცემს ან გულისხმობს?
♦ არის თუ არა გამოტოვებული შეტყობინებაში რაიმე ისეთი, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია?
♦ რა ტექნიკაა გამოყენებული მედიაგზავნილში?
♦ რატომ გამოიყენეს სწორედ ის?
♦ როგორ გადმოსცემს გამოყენებული ტექნიკა შეტყობინებას?
♦ დარწმუნების მეთოდთან გვაქვს საქმე თუ მანიპულაციის რომელიმე სხვა ხერხთან?
♦ როგორ შეიძლება გაიგოს სხვადასხვა ადამიანმა ეს შეტყობინება?
♦ როგორია მისი ჩემეული ინტერპრეტაცია?
♦ რა მასწავლა ჩემმა რეაქციამ ან ინტერპრეტაციამ?
♦ როდის შეიქმნა ეს შეტყობინება?
♦ სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება საზოგადოებაში?
♦ რა არის ეს? ფაქტი, მოსაზრება თუ სტერეოტიპული შეხედულება?
♦ რამდენად სანდოა და რა მიგვანიშნებს მის სანდოობაზე?
♦ რა არის ინფორმაციის წყარო? როგორია მისი იდეა?
♦ რა მტკიცებულებას ეფუძნება და რამდენად არგუმენტირებულია მსჯელობა?
♦ პირველადია ეს წყარო თუ მეორეული? რომელი მათგანიდან მიღებული ინფორმაციაა უფრო სანდო? რატომ?
♦ ყოველთვის სიმართლეს შეესაბამება პირველადი წყაროს მონაცემები? თუ არა, რატომ?
♦ ტექსტი ორიგინალურ ენაზეა თუ თარგმანია?
♦ გასაგებია თუ არა წყაროში ყველა ცნება და გამონათქვამი? თუ არ არის ყველაფერი გასაგები, შეიძლება თუ არა, რომ არსებობდეს ტექსტის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია?
♦ ტექსტი სრულია თუ შემოკლებული?
- განწყობის შესაქმნელად ვატარებ წამახალისებელ აქტივობას (მიზანი: განწყობის შექმნა და სტერეოტიპების დანახვა მოსწავლეებისათვის, დრო – 3წთ):
♦ დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადებები. წარმოთქვით პირველივე, რაც აზრად მოგივათ (მოსწავლეთა პასუხებს ვაფიქსირებ დაფაზე):
მოსწავლე არის…
მასწავლებელი არის…
მშობელი…
უფროსი თაობა…
ახალგაზრდობა…
კომპიუტერი…
ჩემი სამშობლო…
კანონი არის…
♦ თქვენ მიერ შედგენილი წინადადებებიდან რომელია ფაქტი და რომელი – მოსაზრება?
♦ ხომ არ არის თქვენი მოსაზრებები სტერეოტიპული?
♦ შეეცადეთ, გარდაქმნათ მოსაზრებების შემცველი წინადადებები ფაქტების შემცველ წინადადებებად.
- ვხსნი: როცა ბევრი ადამიანის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, ხშირად, მას შეცდომით ფაქტად მივიჩნევთ. სინამდვილეში ის სტერეოტიპი შეიძლება იყოს და ხელი შეგვიშალოს სინამდვილის სწორად აღქმაში. სტერეოტიპები ფაქტებსა და მსჯელობას არ ეყრდნობა და სხვათა მოსაზრებებისა და შეხედულებების საფუძველზე გვიყალიბდება. ხანდახან სტერეოტიპები წარმოშობს სიძულვილს მათ მიმართ, ვინც ჩვენს აზრს არ ეთანხმება. სამწუხაროდ, იშვიათად ვუფიქრდებით სტერეოტიპების წარმოქმნის მიზეზებს და მათ გამო არასწორი, მიკერძოებული და ცალმხრივი შეხედულებები და წინასწარგანწყობა გვიყალიბდება. სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ხელს უწყობს (მიზანი: საინფორმაციო ბაზის გამდიდრება, დრო – 2წთ).
იმისათვის, რომ შევძლოთ საინფორმაციო გზავნილის სწორი ანალიზი:
♦ უნდა შეგვეძლოს ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისაგან გარჩევა;
♦ უნდა შეგვეძლოს სხვადასხვა მოსაზრების გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
♦ დასკვნის გაკეთებისას, არასოდეს დავეყრდნოთ ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს.
♦ ყოველივე ამაში გვეხმარება მედიაწიგნიერება.
- ვაძლევ სამუშაოს თაბახის ფურცლებზე წინასწარ მომზადებულს და, ამავე დროს, ვუშვებ ეკრანზე პროექტორის გამოყენებით (მიზანი: წყაროში ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯვნის უნარის ფორმირება პრაქტიული მუშაობით, დრო – 10წთ):
♦ წაიკითხეთ სტატია. არის თუ არა იგი მიკერძოებული? რა სტერეოტიპს ხედავთ სტატიაში? დაასაბუთეთ. მოძებნეთ ტექსტში ფაქტები და ინტერპრეტაციები.
ბოშები ცულებით დაესხნენ თავს სამხედრო პოლიციის ძალებს
„სამშაბათ საღამოს, ქალაქის გარეუბანში, ტყეში მოხდა მასობრივი ჩხუბი, რომელიც რევოლუციას ჰგავდა.
საღამოს ცხრის ნახევარზე 50-დან 60-მდე ცულებით შეიარაღებული ბოშა თავს დაესხა მეტყევეებსა და სამხედრო პოლიციას მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მათი მეგობრები დააპატიმრეს ტყის უკანონოდ ჭრისა და ქურდობისათვის.
როდესაც ადგილზე სამხედრო პოლიციის ძალები გამოჩნდნენ, მათ ჰაერში გასროლით სცადეს ბოშების შეჩერება. მაგრამ ბოშებმა უკან არ დაიხიეს, პირიქით, პოლიციის ოფიცრების თვალწინ დაიწყეს მათი მანქანების საბურავების ჩეხა.
ამჟამად ქალაქის სატყეო მეურნეობის თანამშრომლები პანიკაში არიან, ოცდაექვსივემ დაწერა განცხადება სამუშაოდან წასვლის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ბოშების შურისძიების ეშინიათ.“
„24 საათი“, სოფია, ბულგარეთი
2012 წლის 29 აგვისტო
აქვე მომყავს ნაწყვეტები სტატიის რეცენზიიდან. მოსწავლეებს ვთხოვ, წაიკითხონ ისინი და უპასუხონ შეკითხვებს:
- მოცემული ტექსტის რომელ აბზაცებს შეესაბამება თითოეული ნაწყვეტი?
- მედიაწიგნიერებაზე გამსვლელი შეკითხვებიდან რომელ შეკითხვებს დაუსვამდით სტატიის ამ მონაკვეთებს სიმართლის დასადგენად?
- როგორ გავარკვევთ ფოტოსურათის ავთენტურობას?
სათაური ავტომატურად ქმნის ბრძოლის სურათს: ბოშები დარბიან ცულებით. ყველას ჰქონდა ცული? სტატია გულისხმობს, რომ კი, ასე იყო. თუ ასე იყო, მაშინ შეიძლება გვეფიქრა, რომ რომელიმე თანამდებობის პირი უნდა მომკვდარიყო ან მძიმედ მაინც დაჭრილიყო. რადგან ჟურნალისტი არ ახსენებს ასეთ თუნდაც ერთ ფაქტს, შესაძლოა, ინციდენტი არც ისე სერიოზული და საშიში იყო, როგორც აღწერეს.
ნამდვილად მოისმინა ჟურნალისტმა ოცდაექვსივე თანამშრომლისგან, ან ნახა მათი წერილობითი განცხადებები, რომ მათი სამსახურიდან წასვლის მიზეზი ბოშების მხრივ შურისძიების შიშია, თუ ეს მხოლოდ ვარაუდია?
საფიქრებელია, რომ ბოშები თავად პოლიციას კი არა, მათ მანქანებს დაესხნენ თავს. როგორ დამთავრდა ინციდენტი?
ბოშების მხრიდან ასეთი ქცევის მოტივიც გაუგებარია. კონკრეტულად ვინ იყო დაჭერილი? რომელი კანონი დაარღვიეს? სად დააკავეს? ან დააკავეს კი?
რევოლუციის მსგავსი მოვლენის აღწერა თავისთავად ძალიან გამომწვევია, განსაკუთრებით, თუ ინციდენტში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული და არა ასობით და ათასობით ბოშა. ფრაზა ისეა აწყობილი, რომ შიში გამოიწვიოს.
რატომ არ სცადა ჟურნალისტმა კომენტარის მიღება რომელიმე თანამშრომლისგან ან რომელიმე ბოშისაგან?
- ვატარებ პირველ შემაჯამებელ ინდივიდუალურ სავარჯიშოს: დოქტორ ფეიკი (მიზანი: შეძენილი უნარების თვითშემოწმება, დრო – 10წთ):
ამით ვამთავრებ პროექტის პირველ ნაწილს და საშუალებას ვაძლევ მოსწავლეებს, მომავალ კვირამდე, გაიაზრონ ამ პროექტის პირველი ნაწილით ახლად აგებული ცოდნა.
მომავალ კვირას პროექტს ვაგრძელებთ შემდეგი აქტივობებით:
- მედიაინფორმაციის ისტორიული წყაროს კონტექსტში გასააზრებლად ვხსნი, რომ არსებობს პირველადი და მეორეული ისტორიული წყაროები. ვესაუბრები მათ რაობაზე. გარდა ამისა, მივუთითებ, რომ წყაროდან მოპოვებული ცნობების სანდოობისა და სიზუსტის შესამოწმებლად, ჩვენ გვმართებს ამ ცნობებთან დაკავშირებული გარემოებების უფრო ფართო ცოდნა, ანუ ისტორიული კონტექსტის ცოდნა, ასევე ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინება. მაგალითად, ნაკლებად სანდოა პუბლიკაზე გათვლილი ინფორმაცია (მიზანი: საინფორმაციო ბაზის გამდიდრება, დრო – 5წთ);
- ტექსტურ წყაროზე მუშაობა (ვინაიდან კლასები მცირეკონტინგენტიანია, ვამუშავებ წყვილში. მიზანი: წყაროში ავტორის ნამდვილი მიზნებისა და ფარული მესიჯების ამოცნობის უნარის ჩამოყალიბება, დრო – 5წთ);
წყარო რუსი მოხელე არნოლდ ზისერმანი აღწერს კახელი თავადის ოჯახურ გარემოს
1840-იან წლებში, სოფელ მატანში, კახელი თავადი ჩოლოყაშვილი გალავანშემოვლებულ სახლში ცხოვრობდა. შიგნითვე ჰქონდა ეკლესია. კაცებს და ქალებს ცალ-ცალკე ოთახები ეჭირათ. ქალები კაცების საზოგადოებაში არ გამოდიოდნენ. შიგნით ოთახებში, კედლების გასწვრივ, იდგა სპარსული ნოხებით დაფარული ტახტები. კედლებზე ბლომად იარაღი ეკიდა, კუთხეებში განჯინები იყო მოთავსებული ნაირნაირი სასმისებით. სახლში ტრიალებდნენ ცუდად ჩაცმული უმაქნისი მსახურები. მასთან მისულ სტუმარს თავადი სხვადასხვაგვარად იღებდა: ზოგი გალავანს იქით უნდა ჩამოქვეითებულიყო, ჩოხის კალთები გაესწორებინა და წინასწარი მოხსენების შემდეგ შესულიყო თავადთან; ზოგი სტუმარი ციხის კარებთანვე დაქვეითდებოდა და ჩოლოყაშვილთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედიოდა; ზოგს კი ჩოლოყაშვილი თვითონ გაეგებებოდა ეზოში და თავად შეუძღვებოდა სახლში.
♦ მოგონების ავტორი მხოლოდ ფაქტებს აღწერს თუ დასკვნებიც გამოაქვს? პასუხი დაასაბუთე.
♦ რომელ კულტურულ ტრადიციებზე მიუთითებს სახლის მორთვა, ქალების განცალკევება?
♦ შეაფასე სტუმრების მიღების წესი – თქვენი დაკვირვებით, რომელი საზოგადოების სამართლებრივ უფლებებზე მიანიშნებს იგი?
♦ გაიხსენე XIX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციე წყაროს ავტორის ეროვნებასა და სამსახურს. როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა ამ მონაცემებს მნიშვნელობა წყაროს სანდოობის დასადგენად და გზავნილი სიგნალის ამოსაცნობად? თუ აქვს, როგორ?
♦ კიდევ რა დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებოდა საქართველოს იმდროინდელი სოციალური განვითარების დონის დასადგენად? რატომ არ მოჰყავს რუს მოხელეს ასეთი ინფორმაცია?
- სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ისტორიული ინტერპრეტაცია (მიზანი: სოციალური მედიის სანდოობის ხარისხის გარკვევა ისტორიულ წყაროდ გამოყენების თვალსაზრისით, დრო – 5წთ):
თქვენ წინაშეა, რამდენიმე წლის წინ, facebook-ში მოძიებული სახუმარო ვიზა (გასაგები მიზეზის გამო, მასზე წავშალეთ სახელი, გვარი და ფოტო).
ჯერ ვუჩვენებ ჩემ მიერ დამუშავებელ სურათს, სადაც ძირითადი ინფორმაცია წავშალე:
ვისზე „გაიცა“ ეს ვიზა?
ყალბია თუ არა ეს ვიზა? რატომ ფიქრობ ასე?
რამდენად შეგვიძლია დავეყრდნოთ სოციალურ მედიას, როგორც ისტორიულ წყაროს? დაასაბუთეთ.
პასუხების შემდეგ ვუჩვენებ სოციალური ქსელიდან აღებულ „ნამდვილ“ სურათს:
- ვმართავთ დისკუსიას პირველად და მეორეულ ისტორიულ წყაროებზე და ვმსჯელობთ, რომელი მათგანიდან მიღებული ინფორმაციაა უფრო სანდო? რატომ? ყოველთვის სიმართლეს შეესაბამება პირველადი წყაროს მონაცემები? თუ არა, რატომ? (მიზანი: პირველადი და მეორეული წყაროების დახარისხებისა და მათ სანდოობაზე მსჯელობის უნარების ჩამოყალიბება, დრო – 5წთ);
- ამას მოსდევს შესაბამის ისტორიულ წყაროებზე მუშაობა (მიზანი: პერიოდულ საინფორმაციო გამოშვებებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ანალიზი და მისი, როგორც ისტორიულ წყაროდ გამოყენების შესაძლებლობის დანახვა, დრო – 10წთ):
წყარო ფრანგული გაზეთები ნაპოლეონის შესახებ
ფრანგული გაზეთები, 1815 წელს, ნაპოლეონის კუნძულ ელბადან გაქცევის მომენტიდან მის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, ორი კვირის განმავლობაში, აქვეყნებდნენ სტატიებს შემდეგი სათაურებით:
„9 მარტი. დრაკონი თავისი ბუნაგიდან გამოძვრა. 10 მარტი. კორსიკელი კაციჭამია გადმოვიდა ჟუანის ყურეში. 11 მარტი. ვეფხვი კანში ჩავიდა. 12 მარტი. ურჩხულმა გრენობლში გაათია ღამე. 13 მარტი. ტირანმა ლიონი გაიარა. 14 მარტი. უზურპატორი დიჟონისაკენ მიემართება. 18 მარტი. ბონაპარტი დედაქალაქიდან ექვსი ლიეს დაშორებით იმყოფება. მან შეძლო, დასხლტომოდა მდევრებს. 19 მარტი. ბონაპარტი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება, მაგრამ ვერასოდეს ვერ შემოაღწევს პარიზში. 20 მარტი. ხვალ ნაპოლეონი ჩვენს ქალაქში იქნება. 21 მარტი. იმპერატორი ფონტენებლოში გაჩერდა. 22 მარტი. მისი საიმპერატორო და სამეფო უდიდებულესობა წუხელ ტიუილრიში მივიდა, სადაც მისი ერთგული ქვეშევრდომები სიხარულის შეძახილებითა და აღტაცებით შეხვდნენ.“
ი.ვ. გრიგორიევა, პერიოდული პრესა
♦ თქვენი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაზეთი ახდენდა გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე თუ საზოგადოების განწყობამ განაპირობა აზრთა ასეთი სწრაფი ცვალებადობა?
♦ იმსჯელეთ, რა ზღუდავს გაზეთის, აგრეთვე – ყოველდღიური სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების, როგორც ისტორიული წყაროს, ფასეულობას?
წყარო XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსი „ჟამთააღმწერელი“ ლაშა-გიორგის შესახებ
„განისუნებდა ნადიმობითა და მსურთა თანა მიდრკა სიბოროტემდი… ხოლო სმამან მღარასა და სიღოდასა და ნაყროვანებამან სიბილწეს უმეტეს გარდარია, განიშორა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და მეფისა წესითა მსწავლელნი, შეიყარა თანამოსაკენი მსმურობითი და დედათა უწესოთა თანაადრევად ესოდენ უსახურობად მიიწია.“
წყარო ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე
„შემდგომად გარდაცვალებისა თამარ მეფეთ-მეფისა, წარიწირა სასოება ყოველმან ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გჳანმან მრისხანებისათჳს. და მოსწრაფემან მოწყალებისათჳს, მოსცა მშობელისა-ვე მსგავსი მისგან-ვე შობისა ლაშა…
თორმეტისა წლისა იყო, ოდეს მეფედ დაჯდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყუავილი ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღდელთა მათითა პატივითა, მშჳდი და განურისხებელი ბუნებითა, შჳდთა სამეფოთა მეფე მონისა-ცა ერთისა მათრაჴისა არა მკრველი, მშჳლდოსანი და ცხენოსანი გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიჴადნა სიმცროსა-ვე შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი. ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათჳს, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე, დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა.“
♦ ამ წყაროებიდან რომელია პირველადი და რომელი მეორეული? რომელი მათგანიდან მიღებული ინფორმაციაა უფრო სანდო? რატომ?
♦ ყოველთვის სიმართლეს შეესაბამება პირველადი წყაროს მონაცემები? თუ არა, რატომ?
- ვმუშაობთ ფოტოწყაროებზე (მიზანი: ფოტოს, როგორც ისტორიული წყაროს, მნიშვნელობის გააზრება, ფალსიფიკაციის ამოცნობის უნარის ფორმირება და მიზეზების ახსნა, დრო – 5წთ):
მედიაინფორმაციაში სიმართლის გასაგებად განკუთვნილ რომელ შეკითხვებს დასვამდით ამ ფოტოსურათების ნამდვილობის დასადგენად?
♦ რომელი ფოტოებია ნამდვილი და რომელი ყალბი?
♦ რა მიზნით გაყალბდა ფოტოსურათები?
- ვასრულებთ შემაჯამებელ ინდივიდუალურ სამუშაოს: გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი (მიზანი: პროექტის შედეგად შეძენილი უნარების თვითშემოწმება, დრო – 10წთ): http://millab.ge/ka/game/gazome-simartle-da-sakutari-cxviri/5?fbclid=IwAR1SV01IkhFP_ilITjUvV16gTkEmhlRKDFR86LOgThuqO7d158sPfGCUxv8
შესაბამისობა ესგ-სთან
ისტორიის სტანდარტის შედეგები (VII-IX კლასები) | ||
მიმართულება: ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა | ||
შედეგების ინდექსი | მოსწავლემ უნდა შეძლოს: | ცნებები |
ისტ. საბ. 1. | საკუთარი მოსაზრების/პოზიციის წყაროს/მტკიცებულების საფუძველზე დასაბუთება; იმის გაცნობიერება, რომ ახალი წყაროების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება; | დრო
სივრცე საზოგადოება ისტორიული მოვლენა/პროცესი
ძალაუფლება წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
|
ისტ. საბ. 2. | სხვადასხვა ტიპის (პირველადი და მეორადი) წყაროსა და თვალსაჩინოებების (მაგ, ისტორიული რუკა, გენეალოგიური ტაბულა) მიზნის შესაბამისად გამოყენება; წყაროების კრიტიკული ანალიზი; | |
ისტ. საბ. 5. | ფაქტების, ინტერპრეტაცია/მოსაზრებების და სტერეოტიპების ერთმანეთისგან გარჩევა; | |
ისტ. საბ. 6. | ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება: ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების ახსნა, განსხვავებული ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება. | |
მიმართულება: ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი | ||
ისტ. საბ. 8. | ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვა/შეფასება კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების თვალით; | |
მიმართულება: ღირებულებები და დამოკიდებულებები | ||
ისტ. საბ. 10. | ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება;
|
ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
♦ ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
♦ მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე
პროექტის შედეგების მდგრადობა
პროექტის შედეგად მოსწავლეები ეუფლებიან და აუმჯობესებენ ინფორმაციის კრიტიკულად დამუშავების უნარებს. მედიაწიგნიერება თავად გამჭოლი კომპეტენციაა და მისი მეთოდიკის გამოყენება არა მხოლოდ ისტორიული წყაროების ანალიზისთვისაა გამოსადეგი, არამედ პროექტის შედეგად დახვეწილი კრიტიკული აზროვნების უნარი ყველა სასწავლო საგნის შესწავლასა და აგებული ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში ტრანსფერისთვის გამოადგებათ. ფოროებით და სხვა არავერბალური საშუალებებით გადმოცემული ინფორმაციის მედიაწიგნიერების მეთოდიკით დამუშავებას კი გავყავართ მეორე გამჭოლ კომპეტენციაზე, როგორიცაა სემიოტიკური კომპეტენცია. კრიტიკული აზროვნება და მრავალმხრივი ანალიზი შეუფასებელი უნარია აქტიური მოქალაქისათვის.
ამ იდეის ადაპტირება შესაძლებელია ქვედა კლასებისთვისაც, უფრო მათი ასაკობრივი დონის შესაბამისი ფოტოსურათების, წინასწარ დაბეჭდილი ნახატებისა და ნაკლები კატეგორიის შეკითხვების გამოყენებით, მარტივი დისკუსიის ორგანიზებით უფრო მოკლე დროში.
მონიტორინგი და შეფასება
მონიტორინგს ვახდენ ეტაპობრივად, სახალისო შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით, რომლის ლინკებიც შესაბამის აქტივობებში დევს. შეფასების კრიტერიუმები კი მედიაინფორმაციის ანალიზის მეთოდებია, რომლის გამოყენებითაც უნდა გასცეს მოსწავლემ შეკითხვებს პასუხი. რაც მეტი სწორი პასუხი იქნება, მით მეტად იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.
პროექტის „ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზი
მედიაწიგნიერების მეთოდების გამოყენებით“
რეფლექსია
♦ მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
დიახ, მოხერხდა მოსწავლეთა და eTwining-ის ფარგლებში გავლილი ტრენინგის ძალისხმევით, რადგან გამოყენებული სტრატეგიები მთლიანად იყო ინტერაქციული და მოითხოვდა მოსწავლეთა დამოუკიდებლად საქმიანობას, რაც მათ ავითარებდა ისეთ გამჭოლ კომპეტენციებში, როგორიცაა, მედიაწიგნიერება და სემიოტიკური უნარები. ყველა მოსწავლე ჩართული იყო სამუშაოში, ხოლო დისკუსია ისე მქონდა ორგანიზებული, რომ, ერთი მხრივ, დაცული ყოფილიყო ასაკობრივი ბალანსი და, ამასთანავე, საქმის სირთულის ხარისხი თანაბრად რგებოდა ყველას.
მიზნების მიღწევა ცხადყო შემაჯამებელმა ტესტებმაც, რომლის ლინკები ასახულია პროექტის გეგმაში.
♦ რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები წარიმართა გეგმის დაცვით, მედიაწიგნიერების ანალიტიკური მეთოდიკისა და ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზის ინტეგრირებით და ყველა მათგანი განხორციელდა. თუმცა, აღსანიშნავია სპეციფიკური გარემოებები თავად გეგმაში, რაც აქტივობების დროის ლიმიტს, ერთი შეხედვით, არარეალისტურად აქცევს: საქმე ის არის, რომ ჩვენს სკოლაში კლასები მცირეკონტინგენტიანია. ამიტომ გაწერილი დროის მაქსიმალურად გამოყენებამ საკმარისი გახადა აქტივობების სრულფასოვნად განხორციელება.
♦ რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ტექსტურ მასალასთან შედარებით, ვიზუალური ინფორმაციის მიზნობრივი დამუშავება გაცილებით გაუადვილდათ მოსწავლეებს, რადგან მას არ სჭირდება გონებაში წარმოსახვა, ისედაც ცხადად ხედავდნენ ფოტოსურათებიდან.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ შემაჯამებელ სავარჯიშოში, რადგან ის შეიცავდა როგორც ტექსტებს, ისე სურათებს, ასევე, თანამედროვე, მათთვის ნაცნობ ინფორმაციას. ამან, გარდა მათი კრიტიკული აზროვნების გავარჯიშება-დახვეწისა, საშუალება მისცა, დამატებითი ინფორმაცია გაეგოთ. ასეთმა ფორმამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი მათი ინტერესის ამაღლებას.
საინტერესო და შედეგის მომცემი გამოდგა პირველი ეტაპის მე-5 სავარჯიშო, სტერეოტიპების გამოსავლენად:
მოსწავლე არის…
მასწავლებელი არის…
მშობელი…
უფროსი თაობა…
ახალგაზრდობა…
კომპიუტერი…
ჩემი სამშობლო…
კანონი არის…
აგრეთვე მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია სულხან-საბა ორბელიანის სახელზე გაცემულმა „ვიზამ“. ბოლო ორი აქტივობის წარმატების მიზეზი, ჩემი აზრით, მათი თანამედროვეობასთან თანხვედრაშია.
ზოგადად, პროექტის წარმატება, ასევე, ჩემი აზრით, განაპირობა აქტივობების მრავალფეროვნებამ.
♦ რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ: მარტივი კვლევის ჩატარება ისტორიული წყაროების ნამდვილობის ან მისი სიყალბის დასადგენად (ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება წესების შესაბამისად), მისი განმაპირობებელი მიზეზების ახსნა; ინფორმაციის მრავალმხრივი ანალიზი და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ბევრად უფრო კრიტიკული გახდება მათი დამოკიდებულება როგორც ისტორიული წყაროს, ისე ზოგადად, ინფორმაციის მიმართ შესწავლილი მეთოდების გამოყენებით.
მოსწავლეებს იმავე მეთოდების გამოყენება შეეძლებათ ნებისმიერ სასწავლო საგანთან მიმართებაში, რადგან პროექტის შედეგად დახვეწილი უნარები გამჭოლია და მათი გამოყენება ნებისმიერ ინფორმაციასთან მიმართებაში ხდება შესაძლებელი.
მოსწავლეები დაეუფლნენ კვლევის უნარებს და ამ თვალსაზრისით – გააცნობიერეს სასწავლო საგნების ურთიერთკავშირის მნიშვნელობა; დაიხვეწა მსჯელობის უნარი. პროექტის სპეციფიკამ და შედეგებმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა თვითშეფასებასა და მოტივაციაზე.
♦ რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ახლა ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ისტორიულ წყაროებს მოსწავლეებს თავად შევაკრებინებდი, სხვადასხვა ხერხით (ექსკურსია, კაბინეტური სამუშაო და სხვა), რადგან ამ შემთხვევაში მათ უკვე წინასწარ ექნებოდათ ნაფიქრი კონკრეტულ წყაროებზე, რაც კიდევ უფრო გააადვილებდა მოსწავლეთა მსჯელობას. ამ შემთხვევაში, პროექტის ვადებსაც გავზრდიდი, მეტი დრო მექნებოდა მასალაზე შემდგომი საკლასო მუშაობისათვის. ჩემი პროექტის ძირითადი ნაკლოვანება სწორედ აქტივობებისა და ვადების არც ისე სწორი მიმართებაა.
♦ მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
მნიშვნელოვნად არ მომხდარა.
♦ რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
ვადებს უფრო ოპტიმალურად დავგეგმავ, ზემოთ მოყვანილი ანალიზის გათვალისწინებით; გამოვიყენებ უფრო მრავალფეროვან აქტივობებსა და რესურსებს; მოვიწვევ ცნობილ და მედიაწიგნიერების საკითხებში კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც გაესაუბრებიან მოსწავლეებს ინტერაქციული მეთოდებით (ინტერაქციული ლექცია, კითხვა-პასუხი, სქემებისა და დიაგრამების გამოყენება და სხვა); გაუზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და ბევრ საინტერესო ინფორმაციას.
პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა
კრიტერიუმები | (8-10 ქულა) | (5-7 ქულა) | (1-4 ქულა) |
მოსმენა | ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს | ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს | იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს |
საუბარი | მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელს | ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელს | მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება |
არავერბალური კომუნიკაცია | შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით) | ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი | იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს |
მონაწილეობა | უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით | ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო | მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას |
კოოპერაცია | თანამშრომლობს მონაწილე მოსწავლეებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს | ძირითადად თანამშრომლობს მონაწილე მოსწავლეებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს | იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს |
მოსაზრების არგუმენტირება | მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან | მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები | მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით |
კავშირები საგნებთან | არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება | მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან | ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე |