27 ივლისი, შაბათი, 2024

ისტორიის სწავლებისას თემის მთავარი არსის გაგება-გააზრების პრობლემა საბაზო საფეხურის მოსწავლეებში

spot_img
შოთა მალაზონია
სსიპ თბილისის №60 საჯარო სკოლის დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა  დოქტორი, ისტორიის წამყვანი მასწავლებელი

 

ისტორია ყოველთვის იწვევდა და იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს, რადგანაც ისტორიის ცოდნა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ისტორიული ცოდნა კი, არც მეტი არც ნაკლები, გააზრებულად წარმოჩენილი კოლექტიური მეხსიერებაა, ანუ ისტორიაა ის, რაც გვაქცევს ადამიანებად და საზოგადოებად.

კოლექტიური მეხსიერება არ არის მუდმივი. ისტორიკოსების მუდმივად მუშაობის შედეგად, ის თანდათან ახალ მნიშვნელობას იძენს. ისტორია მუდმივად იცვლება და ფართოვდება, ისევე როგორც ჩვენი მეხსიერება, გვეხმარება შევიძინოთ ახალი ცოდნა და უნარები ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ისტორია არის კულტურის ნებისმიერი სფეროს, ყველა ერის, მთელი კაცობრიობის მეხსიერება. ხალხი, რომელმაც დაივიწყა თავისი ისტორია, კარგავს არსებობის აზრს და ითქვიფება სხვა ხალხებს შორის. ამიტომაც ამბობს დიდი ილია: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს. როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილი ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა, და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა. დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა…“ (ი. ჭავჭავაძე „ერი და ისტორია“)

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში ისტორიის სწავლების პროცესის გააზრებულად წარმართვა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ისტორიის სწავლების პროცესში მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულეებთან უწევდათ გამკლავება, მათ შორის, ერთ-ერთ სირთულეს და, ამავდროულად, პრობლემასაც წარმოადგენს გაკვეთილის მთავარი არსის გაგება. გამომდინარე აქედან, მოსწავლეთა ნაწილი ისტორიას, გააზრებულად სწავლების ნაცვლად, იზეპირებს. მათ არ შეუძლიათ დაძლიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, უჭირთ წიგნზე მუშაობა, გაკვეთილის ტექსტის გამოყენება, კონკრეტული პარაგრაფის თხრობით გადმოცემა, ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც არ მოითხოვს ანალიზს. მოსწავლეებს უჭირთ სხვა მარტივი სახის მოქმედებების შესრულება. კერძოდ, ვერ ახერხებენ ვიზუალური მასალის  „წაკითხვას“, არ აქვთ რუკის გაანალიზების უნარიც და არ შეუძლიათ კონკრეტული ბუნებრივ-ფიზიკური გარემოს დახასიათება. რა თქმა უნდა, ასეთ მოსწავლეებს გაუჭირდებათ მეშვიდე კლასის საგნობრივი პროგრამის დაუფლება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ფსიქოლოგიური ფაქტორი, შრომითი უნარ-ჩვევების დაბალი დონე, გადაღლა, მოტივაციის არქონა და ცოდნის მიღებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. ამას ისიც ემატება, რომ ნაწილი პედაგოგებისა ისტორიის საგანს განიხილავს როგორც „ცოდნის კრებულს“, ანუ რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ და დაიმახსოვრონ და არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ისტორიის საგანი არის არა „ცოდნის კრებული“, არამედ – ,,აზროვნების კრებული“, რაც მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, გაიაზრონ, ახსნან და რამაც მათ უნდა განუვითაროს პრობლემატიკის ანალიზისა და დასმულ კითხვებზე პასუხის მოძებნის უნარი.

გაკვეთილის მთავარი არსის გაგება და სწავლაში ჩამორჩენა სხვა ნებისმიერ კლასშიც იჩენს თავს, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევია საბაზო საფეხურზე, მეშვიდე კლასის ისტორიის სწავლებისას. საბაზო საფეხურზე, დაწყებით საფეხურთან შედარებით, მოსწავლეებს გაცილებით რთული პროგრამის ათვისება უწევთ და, ხშირად, საამისო უნარ-ჩვევები არასაკმარისია.

ამ დროს სწავლების ერთი რაიმე მეთოდის გამოყენება არასაკმარისია, ასეთ მოსწავლეებთან მუშაობა კომპლექსურად უნდა მიმდინარეობდეს. უპირველესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსწავლის ინდივიდუალურ თვისებებზე და ამ დროს საჭიროა დიფერენცირებული სწავლების მეთოდის გამოყენება. ამ მეთოდის მიზანია ინდივიდუალური სწავლება და ამისთვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნა, თითოეული ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარება. დიფერენცირებული სწავლებისას მოსწავლები უკეთ ითვისებენ შესასწავლ მასალას და მზად არიან თვითგანვითარებისათვის.

დიფერენცირებული სწავლების დაწყებამდე, დიაგნოსტიკური დაკვირვების შედეგად, უნდა გამოვავლინოთ სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლე. ჩვენ, ამ შეთხვევაში, გვაინტერესებს სუსტი, ანუ არასაკმარისად მომზადებული მოსწავლეები, რომლებიც ისტორიის ზედაპირული გაცნობისას არ ავლენენ შესამჩნევ ინტერესს საგნის შესწავლისთვის და თითქმის არ ფლობენ ისტორიულ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გააანალიზონ და ერთმანეთს შეადარონ მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტები. მოცემული მასალა მასწავლებელმა მათ გეგმაზომიერად უნდა მიაწოდოს და სხვადასხვა ინტერაქტიური მეთოდებით დაეხმაროს გაგება-გააზრებაში. ამასთან, აქტიურად გამოიყენოს ემოციური და ვიზუალური საშუალებები. უპირველესად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, შედარებით მარტივი დავალებებით ავუმაღლოთ მოტივაცია და შევუდგინოთ ცოდნის შეფასების დიფერენცირებული კრიტერიუმები, რომელიც მოსწავლეს საკლასო სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულებაშიც დაეხმარება.

ახალი თემის შესწავლისას მოსწავლეებს, რომელთაც უჭირთ თემის მთავარი არსის გაგება-გააზრება, უნდა ვთხოვოთ ჩამოაყალიბონ კითხვები მათთვის გაუგებარ საკითხებზე და ჩაწერონ ცხრილში. ეს მასწავლებელს დაეხმარება გაიგოს, თუ როგორ ჩასწვდნენ მოსწავლეები თემის არსს და გამოიყენებს ახალ მასალაზე მუშაობისას.

მოსწავლეების აქტიური სწავლების ხელშესაწყობად შედეგიანია შემდეგი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება:

⇔ „ბლუმის გვირილა“ – „კითხვების გვირილა“. ამ მეთოდში თითოეული სახის კითხვა მოიცავს აზროვნების ერთ-ერთ მხარეს. სუსტ მოსწავლეებთან უნდა გამოვიყენოთ მარტივი (ცოდნაზე ორიენტირებული კითხვები) და დამაზუსტებელი კითხვები. მარტივი კითხვების დროს მასწავლებელმა აქცენტი უნდა გააკეთოს შეკითხვებზე პასუხის მოძებნის გზებზე და არა დამახსოვრებაზე. დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის დროს, მასწავლებელმა არ უნდა გაიმეოროს მოსწავლის ნათქვამი, არამედ გააკეთოს მისი პერიფრაზირება, ყოველგვარი უარყოფითი მიმიკის გარეშე.

⇔ „დისკუსიისას შეკითხვების დასმა და პასუხებზე ეფექტური რეაგირება“ – ამ მხრივ, განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა თემის გაგებასთან დაკავშირებული შეკითხვები. მარტივი ჭეშმარიტებაა – არ შეიძლება მომდევნო თემის განხილვაზე გადასვლა, თუ წინა კითხვას პასუხი არ გაეცემა. დისკუსიის მსვლელობისას, შეკითხვა შეიძლება დავუსვათ როგორც ერთ მონაწილეს, ასევე მთელი ჯგუფი ჩავრთოთ თემის გაგებასთან დაკავშირებული პრობლემის განხილვაში. ნებისმიერ შემთხვევაში, თემის გაგებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელია. თანაც, მნიშვნელოვანია ძირითადი დასკვნების გამეორება.

⇔ სოლო ტაქსონომია – სწავლების ეს მეთოდი აფასებს მოსწავლის მიღწევებს. გამოიყენება დიფერენციაციის გეგმისა და თვითშეფასების რესურსების შემუშავებისათვის, ინოვაციური სასწავლო გეგმის შედგენისათვის, ასახავს სწავლის პროცესებსა და შედეგებს. სოლო ტაქსონომია მასწავლებლებს ეხმარება განსაზღვრონ მოსწავლეების დონე და დაეხმარონ მათ სასწავლო პროცესის წარმართვაში. განსაკუთრებული დახმარება სჭირდება პრესტრუქტურულ და უნისტრუქტურულ დონეზე მყოფ მოსწავლეებს.

ზოგადად, მასწავლებელი მუდამ უნდა ცდილობდეს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას, რათა გაიგოს მათი აკადემიური წინსვლა, გაზომოს საჭიროებები, რომ შეძლოს მოსწავლეთა მხარდაჭერა და მიზანმიმართული ინტერვენციების დაგეგმვა. ამისათვის კარგია კომპლექსური დავალებების გამოყენება, რომელიც ეფუძნება საფეხურის მკვიდრ წარმოდგენებს. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გააცნოს დავალების პირობა, პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან პროცესის დასრულების დროს და ასევე შეფასების კრიტერიუმები. კომპლექსური დავალების განხორციელების თითოეული ეტაპის/ნაბიჯის განხორციელებისას მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, იყენებდეს დიფერენცირებულ მიდგომებს. ყოველივე ეს დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის ღრმად, საფუძვლიანად გააზრებაში.

⇔ „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ – იმ მოსწავლეებთან მუშაობისას, რომელთაც უჭირთ თემის მთავარი არსის გაგება-გააზრება, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაზე. ტექსტის დამუშავებისას, უმჯობესია, გამოვიყენოთ „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“. სწავლების ეს ინტერაქტიური მეთოდი გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში, ტექსტზე მუშაობისას, რაც ამზადებს მოსწავლეს მასალის მთლიანობაში გააზრებისათვის, გვიჩვენებს, რა არის მოცემულ ტექსტში მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი და რა ისწავლა მან ამ ტექსტით.

⇔ სასწავლო მენიუ – სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეებს სთავაზობს არჩევანს. სასწავლო მენიუში სასწავლო ამოცანების დიფერენცირებაა შესაძლებელი, სასწავლო მზაობის, ინტერესებისა და სწავლის სტილის მიხედვით.

საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია ყველა იმ ინტერაქტიულ მეთოდზე დაწვრილებით საუბარი, რომელიც მოსწავლეებს თემის მთავარი არსის გაგება-გააზრებაში დაეხმარება. კარგი იქნება, თუ პედაგოგი, ამ მიზნით, გამოიყენებს ინტერაქტიური სწავლების შემდეგ ხერხებს: როლური თამაშები“, „მკითხველთა თეატრი“, „სადისკუსიო ქსელი“, „ორსვეტიანი დღიური“, „კითხვები და პასუხები“(QAR), „მოთხრობის (ამბის) რუკა“, „მოთხრობის (ამბის) პირამიდა“ და სხვა.

ასევე ტექსტის გაგება-გააზრებაში მოსწავლეებს ეხმარება კოგნიტური სქემები: ვენის დიაგრამა, დროის დიაგრამა, T სქემა, მთავარი შეკითხვა, შედარება, გადაჯაჭვული ცნებები, პრობლემის გადაჭრის სქემა, მოვლენათა თანმიმდევრობა და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეებს პრაქტიკული რჩევები მისცეს, რომელიც მათ დაეხმარებათ საკითხის გაგება-გააზრებაში. ასეთი პრაქტიკული რჩევები შეიძლება იყოს:

  • პარაგრაფის ბოლოს მოცემული რეპროდუქტიული შეკითხვებიდან ამოირჩიონ და მომავალი გაკვეთილისათვის შეასრულონ გაგებისკენ მიმართული ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გაიგონ ინფორმაციის შინაარსი და მოიხმარონ კიდეც: შეადარონ ობიექტები, მოახერხონ რაიმე ისტორიის ილუსტრირება, გამოავლინონ და გაიაზრონ ძირითადი იდეა. ამავე დროს მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს მკაფიო ინსტრუქცია ასეთი დავალების შესრულებისათვის;
  • ცხრილის შედგენით მარტივი კონსპექტის მომზადება და მასში მთავარი სიტყვის გამოყოფა;
  • თეზისის მარტივად ჩამოყალიბების წესის შესწავლა;
  • სავარჯიშოები, სადაც შესაძლებელია სხვა საგნიდან მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება;
  • სქემების, რუკების, ტექსტებისა თუ ნებისმიერი ვიზუალური მასალის გამოყენება მოსწავლის დავალების შესრულებისათვის.

ბლუმის კოგნიტური მიზნების იერარქიაში ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია), გაგება (გააზრება) და გამოყენება (მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარი) სწავლისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა და მიიჩნევა აზროვნების ქვედა, სავალდებულო დონეებად. იმისათვის, რომ მოსწავლე გადავიდეს ზედა, სასურველ დონეზე ჯერ აუცილებელია მიღებული ინფორმაციის გაგება და ანალიზი (მოვლენის მთავარი არსის წვდომისათვის ინფორმაციის კომპონენტებად დაყოფა), ხოლო ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ახალი ცოდნის მისაღებად, ე.ი. ზედა სასურველი დონის მისაღწევად, საჭიროა სინთეზის(მოვლენის მთლიანობაში აღქმა) და შეფასების გონებრივი ოპერაციების წარმოება (ღირებულებითი მსჯელობები, შედარებითი მსჯელობები).

ამრიგად, მოსწავლე, რომელსაც უჭირს თემის მთავარი არსის გაგება-გააზრება, ვერ გადავა ზედა, სასურველ დონეზე. ამისათვის, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესი მაინც მასწავლებლის მხარდაჭერაა, ვისი თანადგომის გარეშეც მოსწავლეს გაუჭირდება საკუთარ ძალებში დარწმუნება და ამის შესაბამისად საგნობრივი თუ პიროვნული სირთულეების დაძლევა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები