27 ივლისი, შაბათი, 2024

ისტორიის საგნობრივი კურიკულუმის ანალიზისთვის

spot_img

ტარიელ ფუტკარაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმის, როგორც მნიშვნელოვანი სასწავლო სცენარის, ანალიზი აუცილებელია. როცა ე.წ. მატრიცების ნაწილს/ელემენტებს დეტალურად განვიხილავთ, შესაძლოა, გვქონდეს რამდენიმე მიმართულება, მაგრამ, ძირითადად, გამოვყოფთ შემდეგს:

♦ რამდენად ჩანს კურიკულუმში კონსტრუქტივიზმის ხუთივე პრინციპი;

♦ რამდენად ემსახურება სცენარი/გეგმა გლობალურ-ფუნქციურ უნართა განვითარებას;

♦ მოსალოდნელია თუ არა მოსწავლის ჰოლისტური განვითარება ამ სცენარის/გეგმის მიხედვით სწავლების პროცესში.

როცა მასწავლებელი ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას, ეს უკვე მნიშვნელოვანი პასუხია თანამედროვე გამოწვევებისთვის. კურიკულუმის შექმნის შემდეგ სასწავლო გეგმის რევიზია/გადასინჯვა აუცილებელია, რადგან ის დინამიკური დოკუმენტია და მისი განახლება-რედაქტირება მუდამ დღის წესრიგში უნდა იყოს.

დღეს წარმოგიდგენთ კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ პრინციპზე ორიენტირებით კურიკულუმის ანალიზის მაგალითებს. ეს პრინციპია შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება.

წინარე ცოდნის გააქტიურებას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. ის არის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების შესაძლებლობაც, ნაცნობი კონტექსტის, როგორც ახალი ცოდნის კონსტრუირების საშუალება და ძლიერი მაპროვოცირებელიც დინამიკური პროცესებისთვის.

როცა წინარე ცოდნაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელმა ადრე (დღის, წლის წინ) მიაწოდა მოსწავლეს. წინარე ცოდნად ვაღიარებთ მოსწავლის გამოცდილებასაც. თუ კათედრის წევრთა რაოდენობა შთამბეჭდავად დიდია, მაშინ ბევრად ადვილდება უკეთესი საგნობრივი კურიკულუმის შედგენა და მოდერნიზაცია. თუ საგნობრივ ჯგუფთა გაერთიანებას ემსახურება კათედრა, მაშინ შედარებით რთულია. მიუხედავად სირთულისა, მასწავლებელმა, კოლეგის უკუკავშირის უქონლობის დროსაც კი, თვითრეფლექსიურობაზე დაყრდნობით, უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს სასკოლო სასწავლო გეგმა.

რამდენიმე მაგალითის მოყვანა თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინარე ცოდნის გააქტიურება კლასში.

როცა მოსწავლეებს ვასწავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის შესახებ, საკითხის შესწავლაში დაგვეხმარება ამდაგვარი შეკითხვები:

♦ ვინ იყვნენ მონები?

♦ რა მიზნით ყიდულობდნენ მონებს?

♦ ვინ იყვნენ მონათვაჭრები?

♦ როგორ ხვდებოდა მონათმფლობლის ხელში მონა?

♦ რომელი რეგიონიდან გაჰყავდათ მონები აშშ-ში?

♦ რით იხსნიდნენ თავს მონები ექსპლოატაციისგან?

თუ გაქვთ წაკითხული მონათმლობლობის თემაზე ნაწარმოები? ფილმი ნანახი? რა მნიშვნელოვან ნიშნებს გამოკვეთთ ნაწარმოებებიდან/ფილმებიდან?

ამდაგვარი კითხვები, საგნობრივი ცოდნის პარალელურად, ააქტიურებენ გლობალურ და ფუნქციურ უფლებებს (მოქალაქეობა, კრიტიკული აზროვნება და ა.შ.) და მოსწავლე, დეკლარატიულზე დაყრდნობით, პროცედურულ-პირობისეულ ცოდნაზე გადადის.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების საკითხის სწავლების დროს მოსწავლეებმა, თუნდაც გონებრივი შტურმით, უნდა წარმოადგინონ ინფორმაციები კონტინენტების, ისტორიული ეპოქის, კარტოგრაფიის, ნავიგაციის, ვესტ-ინდოეთის, ამერიკის შესახებ. ეს ჩამონათვალი უკვე ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლემ დაიწყოს მოტივირებულად ინფორმაციის მოსმენა, მოძიება, დამუშავება საკითხთან მიმართებით, შექმნას კომპლექსური დავალება, ჩამოუყალიბდეს მკვიდრი წარმოდგენები და მიაღწიოს გრძელვადიან მიზნებს (საფეხურის შედეგები, სასწავლო ცნებები).

ეს ორი შემთხვევა მხოლოდ იმის გამო დავასახელე, რომ კურიკულუმის ანალიზის დროს არ გამოგვრჩეს კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი: წინარე ცოდნის გააქტიურება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები