3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენება ქართულის გაკვეთილზე

spot_img

ირმა დავითაძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სსიპ წინსვლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი

 

 

თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. სხვადასხვა თვალსაჩინოებისა და სახალისო აქტივობების შეთავაზება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ისინი უფრო მეტად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, რაც დადებითად აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე.

21‐ე საუკუნის მოსწავლე, თავისი უნარებითა და შესაძლებლობებით, სრულიად განსხვავდება მოსწავლისგან, რომელსაც 10‐15 წლის წინ ვხვდებოდით. შეიცვალა მიდგომები სწავლა‐სწავლების მიმართულებითაც. ახლა მოსწავლეს თავად შეუძლია მოიძიოს უამრავი ლიტერატურა როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენაზე და გაეცნოს მას. ამ შემთხვევაში, იზდება მასწავლებლის როლი და მნიშვნელობა. დღევანდელი მასწავლებელი არ არის უბრალოდ ინფორმაციის გადამცემი მოსწავლისათვის. ბავშვმა მასალა, ამა თუ იმ საკითხის შესახებ, დამოუკიდებლადაც შეიძლება მოიპოვოს. მასწავლებელი გვევლინება როგორც ფასილიტატორი. იგი უნდა ეცადოს, მოსწავლეს, საწყის ეტაპზევე, ჩამოუყალიბოს და განუვითაროს ის უნარები და კომპეტენციები, რომლებსაც 21‐ე საუკუნის უნარებს უწოდებენ, ესენია:კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, საკუთარი სწავლების მართვა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, შემოქმედებითობა და გამომგონებლობა, მოქნილობა და ადაპტაცია.

მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ, ერთი მხრივ, იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით და, მეორე მხრივ, სასწავლო პროცესი გახადოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მას სჭირდება უამრავი რესურსი, თვალსაჩინოება, რათა მასალა ამომწურავად მიაწოდოს მოსწავლეებს. რესურსი კი უამრავია: სახელმძღვანელო, ელექტრონული რესურსი, სხვადასხვა თვალსაჩინოება, აუდიო-ვიდეომასალა, ბუკი, სურათები და სხვა.

21-ე საუკუნის მოსწავლისთვის ყველაზე მეტად საინტერესოდ მაინც ელექტრონული რესურსები ითვლება. ამიტომაც გადავწყვიტე, გამევლო ტრენინგები ელექტრონული რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე და დავესწარი ბათუმის მასწავლებლის სახლის, eTwinning-ისა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, შევისწავლე ელექტრონული რესურსების მიზანმიმართული გამოყენება და ჩემს გაკვეთილებზე დავნერგე.

გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ელექტრონული რესურსების გამოყენება ზრდის გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას. ამიტომაც მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შემოგთავაზოთ რამდენიმე ელექტრონული რესურსი, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს გამოვიყენე ჩემს გაკვეთილებზე სხვადასხვა კლასებში.

Gimkit ძალიან მარტივი და საინტერესო თამაშია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა კლასში, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე, თემის შეჯამებისას. აქ შეგეძლებათ შეადგინოთ ტესტები ღია და დახურული, ასევე ხმოვანი კითხვარებით. მოსწავლეები აგროვებენ ქულებს, ირჩევენ და დაგროვებული ქულებით იწყებენ თამაშს. შეგიძლიათ განუსაზღვროთ ტესტზე მუშაობისა და თამაშის დრო და ეკრანზე დააკვირდეთ მოსწავლეთა მუშაობას. დროის ამოწურვის შემდეგ, გამოჩნდება თითოეული მოსწავლის შედეგი.

ამ რესურსის გაკვეთილზე შეტანამ მოსწავლეთა დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში ხალისით ჩართვა გამოიწვია. სასიამოვნო იყო გაკვეთილის ბოლოს მოსმენილი სიტყვები: „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, კარგად ვისწავლოთ, რომ მეტი ქულა დავაგროვოთ და დიდხანს ვითამაშოთ“.

მეორე ელექტრონული რესურსი, რომელსაც აქტიურად ვიყენებ არის book creator.

რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ ელექტრონული ჟურნალ-გაზეთები. გავაფორმოთ სხვადასხვა სურათებით, საკუთარი ნახატებით, ავირჩიოთ ფერები, ჩავსვათ ვიდეო, მუსიკა. X კლასის მოსწავლეებმა, ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, ამ რესურსის გამოყენებით, შექმნეს ელექტრონული წიგნი, შეურჩიეს სახელი, მოამზადეს რამდენიმე რუბრიკა: რედაქტორის სვეტი; ახალი ამბები; ნომრის სტუმარი (პერსონაჟის თვალთახედვა); მკითხველის ბლოგი; სალაღობო გვერდი. აირჩიეს ფონი, გააფორმეს სურათებითა და სხვადასხვა ფერებით.

https://ed.ted.com/ – ეს ელექტრონული რესურსი იგავ-არაკების (მაგ, „სოფლის მაშენებელნი“, „კუ და მორიელი“) შესწავლისას გამოვიყენე. ამ რესურსის საშუალებით, შეგვიძლია შევქმნათ გაკვეთილი, სასურველი მასალა ავიღოთ იუთუბ გვერდიდან (მულტფილმი), შევურჩიოთ სათაური, გამოვიყენოთ როგორც არჩევით პასუხებიანი, ასევე ღია დაბოლოებიანი დავალებები. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი და ვიდეომასალა მოსწავლეებს დაეხმარება, სიღრმისეულად გაიაზრონ საკითხი, გაავლონ პარალელები ტექსტსა და ვიდეომასალას შორის. გაკვეთილი შეგვიძლია შევცვალოთ, ჩავასწოროთ, შევინახოთ ან წავშალოთ. ადვილად შეიძლება მოსწავლეთა შედეგების ნახვაც.

Readymag-ელექტრონული რესურსით შეგვიძლია შევქმნათ ანიმაციები. შევარჩიოთ სხვადასხვა ფონი, გამოვიყენოთ გამოსახულება, სლაიდშოუ, ვიდეო, ავირჩიოთ ფერები; ასევე, ჩავსვათ ფაილები, ფოტოები, ვიდეოები, დავადოთ ხმა, მუსიკა. რესურსის გამოყენება შეგვიძლია პრეზენტაციის მომზადებისას.

 

www.Kahoot.com სასწავლო-შემეცნებითი პლატფორმაა, რომელიც სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს თავის გაკვეთილზე. თამაშის მიმდინარეობისას, მონაწილეები თავად ადევნებენ თვალყურს საკუთარ რეიტინგს, შესაძლებელია, მოსწავლეებმა იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე, წყვილებსა და ჯგუფებში, რაც ხელს უწყობს მათი მოტივაციის ზრდასა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. ხშირად მომისმენია მოსწავლეებისგან: „მასწავლებელო, რატომ მთავრდება ასე სწრაფად ქართულის გაკვეთილები“; „კიდევ როდის გვათამაშებთ?“

კომპიუტერულ სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსებს აქვს როგორც დადებითი მხარე, ასევე მოსალოდნელი რისკებიც: მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით; მაღლდება მოტივაცია შესწავლილი საკითხის და საერთოდ, საგნის მიმართ; სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი (ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური); აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს; მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რისკებიც: საჭიროა სპეციალური მომზადება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დასაუფლებლად; ასევე საჭიროებს შესაბამის კომპიუტერულ ტექნიკას, დენისა და ინტერნეტის მუდმივ წყაროს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების ზრდას. ამიტომ, ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები