რუბრიკის სტუმარია ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი. რესპონდენტი საუბრობს თანამედროვე სკოლების გამოწვევებსა და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, რამაც საფუძვლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მათ შორის სკოლებისაც. თუმცა, როგორც ირკვევა, ქედის მინიციპალიტეტის სკოლებში წლევანდელი სასწავლო წლის პირველმა სემესტრმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა – 4 ოქტომბრის შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში გაგრძელდა, დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი სკოლა არ გადაუყვანიათ.
🔗 სკოლა: 29 (ყველა საჯარო); მოსწავლე: 2 400; მასწავლებელი:600 (90% – უფროსი და წამყვანი მასწავლებელი)
როგორ აისახა პანდემია სკოლებზე
სკოლებში მაქსიმალურადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები. ამას ჩვენც ვაკონტროლებთ, მაგრამ თვითონ სკოლებიც კარგად იცავენ დადგენილ წესებს. მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები — ყველა ერთადაა ჩართული ამ პროცესში და კოვიდის მცირე, ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. შესაბამისად, 4 ოქტომბრის შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, არც ერთი სკოლა არ გადაგვიყვანია დისტანციურ სწავლაზე, მხოლოდ ცალკეული კლასები გვყავდა. ამჟამად ამ რეჟიმში მხოლოდ სამი კლასია.
სკოლები აბსოლუტურად ყველაფრით მომარაგებული არიან, რაც საჭიროა რეგულაციების დასაცავად — სადეზინფექციო სითხეები, დეზობარიერები, პირბადეები, თერმომეტრები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა. ერთი სიტყვით, ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან, გარკვეულ ნაწილს თვითონაც ყიდულობენ საკუთარი სახსრებით. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.
ზოგიერთ სკოლაში მასწავლებელთა სრული, 100%-იანი ვაქცინაცია გვაქვს, საერთო ჯამში კი, პედაგოგთა 90%-მდეა აცრილი. მშობელს რომ აცრისკენ მოუწოდო, პედაგოგიც ვაქცინირებული უნდა იყოს.
ონლაინ სისტემა იმდენად კარგად აეწყო, პედაგოგებთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია და არც — მშობლებთან. მასწავლებლებს დახმარება უფრო ტექნოლოგიურ საკითხებში სჭირდებათ, რაც პანდემიამ წარმოშვა. მაგალითად, თიმს-თან დაკავშირებით. თუმცა, დირექტორების მეშვეობით მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ერთად გავდივართ კონსულტაციებს.
ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურულ ნაწილს რაც შეეხება, რეალურად, ყველა სკოლა გარემონტებული და რეაბილიტირებულია. 2016 წელს დაიწყო გეგელიძეების და ვაიოს საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რაც წელს დასწრულდა.
2005 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ახლა მეორე წრეზე ვიწყებთ იმავეს, რადგან მაშინ არ იყო გათვალისწინებული, მაგალითად, სპორტული დარბაზების რემონტი. ახლა კი ამისთვის ცალკე პროგრამა ხორციელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დიდი ძალისხმევით, ინფრასტრუქტურული პროექტები კარგადაა დაგეგმილი, აუდიტის სამსახურს შესწავლილი აქვს სკოლების საჭიროებები. ამიტომ ზუსტად ვიცით, სად რა იგეგმება. მაგალითად, სამომავლოდ გვინდა, სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის ხის შენობა თანამედროვე შენობით შევცვალოთ… ბუნებრივია, ბოლო წლებში რაც გარემონტდა, ყველგან გათვალისწინებულია ახალი სკოლის მოდელის მოთხოვნები. მაგალითად, ძენწმანის საჯარო სკოლა მართლაც თანამედროვე სტილით გაკეთდა. ასევე ყველგან მოწესრიგდა სველი წერტილები და სადაც ამის საშუალებას ფართი გვაძლევდა, შენობის შიგნით შევიტანეთ – სკოლების 90 პროცენტში ასეა. ჩვენთან არის ძირითადი სკოლები და მათზე დაქვემდებარებული საბაზო სკოლები – I-IV კლასები. წონიარისის სკოლას 5 აქვს ასეთი, მერისს – 6 და ა.შ. ძირითად სკოლებში სველი წერტილები ყველგან შენობაშია, საბაზოებშიც – უმეტესობაში, მხოლოდ რამდენიმეგანაა გარეთ, თუმცა ყველა მათგანი კეთილმოწყობილია.
კადრები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, მხოლოდ 3 სკოლაში გვყავს მოწვეული პედაგოგი, სხვა შემთხვევებში კი ადგილობრივი კადრებითაა სკოლები დაკომპლექტებული. ეს პროგრამა მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებელთა დეფიციტის შესავსებად მოქმედებს და ჩვენც ამ პროგრამით მოვლინებული ინგლისურის მასწავლებლები გვყავს. სამწუხაროდ, მაღალმთიან ზონაში ხშირია კადრების დეფიციტი, თუმცა, ამ ეტაპზე არც ერთი სკოლა არაა, სადაც პედაგოგები გვაკლდეს.
ტექნოლოგიები
ზოგჯერ არის ტექნიკური ხასიათის პრობლემები, მაგრამ, ძირითადად, მოგვარებულია. თუ ბავშვს ან პედაგოგს დისტანციურად ჩართვის საშუალება არ აქვს, სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური ფართით, რომ მივიდეს და იქიდან ჩაერთოს. ცხადია, თავიდან გაცილებით მეტი პრობლემა იყო, მაგრამ უკვე ყველამ კარგად აითვისა ეს ტექნოლოგიები. თიმს-იც ბევრად გვეხმარება კომუნიკაციაში. თან ტექნოლოგიურადაც დაიხვეწა, ახლა განსაკუთრებული სიმძლავრის ინტერნეტი აღარ სჭირდება და უფრო ხელმისაწვდომია.
პროფესიული განვითარება
ამ საკითხზე სამინისტროს ექსპერტები მსჯელობენ. ჩემი აზრით კი, კონკრეტული საგნების სპეციალისტები თუ დაემატებიან, შეიძლება, უკეთესი იყოს. თუმცა დღეს არც ამის პრობლემა აღარაა, რადგან არსებობს მასწავლებლის სახლი, არის ონლაინ ტრენინგებიც, რამაც შეცვალა ეს რეალობა — მასწავლებლებს შეუძლიათ, ინტერნეტით მიიღონ ხარისხიანი ტრენინგი მასწავლებელთა სახლიდან თუ შესაბამისი სპეციალისტებისგან.
♦ ♦ ♦
რეალურად, ჩვენ წინაშე არ დგას გადაუჭრელი პრობლემა. მცირე წინააღმდეგობა ყოველთვის წარმოიშობა, ეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ქრონიკული და მოუგვარებელი პრობლემები არაა.
ესაუბრა ირაკლი თავაძე