დღევანდელმა პანდემიამ მთელ მსოფლიოს და ცხოვრების ყველა სფეროს შეუქმნა გადაულახავი პრობლემები – ყველგან ყველაფერი გაჩერდა და დაპაუზდა… ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული სპორტი აღმოჩნდა, როგორც კონტაქტური სფერო, სადაც უმეტეს სახეობებში დისტანციის დაცვა, უბრალოდ, შეუძლებელია. პირიქით – ეს სწორედ კონტაქტის, ერთმანეთთან უშუალო ჭიდილის სფეროა. თანაც, ბევრი სახეობა დარბაზში, ანუ ღია სივრცეში ფუნქციონირებს, ეს კი დამატებითი პრობლემაა.
ეპიდემიურმა ვითარებამ და მის დასაძლევად შემოღებულმა აკრძალვებმა განსაკუთრებით მძიმე დღეში სპორტული ცენტრები ჩააგდო. დღეს ერთ-ერთ მათგანს – ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანებას წარმოგიდგენთ, რომელიც ამჟამადაც დაკეტილია და მიმდინარე წელიწადის უმეტესი დროც ასე გაატარა.
გვესაუბრება გაერთიანების ხელმძღვანელი
?? პაპუნა ხრიკული
– რამდენად იმოქმედა პანდემიამ თქვენს სპორტულ კლუბთა გაერთიანებაზე, რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ?
– ძალიან იმოქმედა, დაკეტილი ვართ. რეგულაციები მაქსიმალურად შეგვეხო, რადგან ეს სპორტული კომპლექსია და მთელი სავარჯიშო პროცესი შიგნით მიმდინარეობს, დარბაზში – კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ბილიარდი, მხატვრული ტანვარჯიში, ტყვიის სროლა… შესაბამისად, კონტაქტიც მეტია.
პირველად, რეგულაციების გამოცხადებისთანავე, დავიკეტეთ – პირველი ტალღისთანავე, თებერვლის ბოლოს. ზაფხულის დასაწყისში ცოტა ხნით გავიხსენით, ფედერაციებისგანაც მივიღეთ წერილი რეგულაციების შესახებ – რა ტიპის ვარჯიშები უნდა ჩატარებულიყო, დარბაზში 10 კაცზე მეტი არ შეიძლებოდა, 2-მეტრიანი დისტანცია უნდა ყოფილიყო დაცული, უკონტაქტოდ უნდა ევარჯიშათ და ა.შ. ამ რეგულაციებს სრულად ვიცავდით, მაგრამ წინასაარჩევნოდ ისევ დავიხურეთ.
– სპორტის რომელი სახეობები გაქვთ სპორტსკოლაში და რამდენი ბავშვი ვარჯიშობს?
– ჩვენს გაერთიანებაში სპორტის 9 სახეობა შემოდის – კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მხატვრული ტანვარჯიში, ტყვიის სროლა, ჭადრაკი და რაგბი, რომელიც ერთადერთია, რაც ღია მოედანზე გვაქვს. ამათგან კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, მხატვრული ტანვარჯიში და ფრენბურთი ფასიანია, სხვები – უფასო.
ამ 9 სახეობაში 800-მდე ბავშვი ირიცხება, ახლა ისინი სახლში სხედან. დაახლოებით, 40-მდე მწვრთნელი გვყავს, ყველა ლიცენზირებული, სპორტის ყველა სახეობაში.
– პანდემიის დროს ბავშვთა რაოდენობა ხომ არ შემცირდა?
– პირიქით, დაემატა, აბსოლუტურად ყველა სახეობაში. როცა გავიხსენით, იმაზე მეტი ბავშვი მოვიდა, ვიდრე გვყავდა.
– ეს იმის ნიშანია, რომ მონატრებული აქვთ სპორტი?
– იმის ნიშანია, რომ მშობლები მიხვდნენ სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას. მათ ხომ ბავშვები ამდენი ხანი ჰყავდათ სახლში და ენერგიას ვერ ხარჯავდნენ.
– გამოსავალს თუ ხედავთ, რომ არც ადამიანთა ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი და არც ვარჯიშის ამდენი მსურველი დაზარალდეს, გარკვეული ზომების დაცვით მათაც მიეცეთ ვარჯიშის საშუალება. თქვენი აზრით, არსებობს ასეთი „ოქროს შუალედი“?
– გამოსავალს, ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან მთავრობა არბიტრის როლშია – ჩვენიც უნდა გაითვალისწინოს და მეორე მხარისაც, რომ პანდემია არ გავრცელდეს. პირბადით რომ ვერ ივარჯიშებ და ეს პროცესი უკონტაქტოდაც რომ ვერ გამოვა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თან, ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ამიტომ რეგულაციები, გავრცელების პრევენციისთვის, საჭიროა, თუმცა ბავშვებსაც ვარჯიში რომ უნდათ და ეს წელიწადი რომ თითქმის მთლიანად დაკარგეს, ესეც ფაქტია. მთელი მსოფლიო ამ დღეშია. ჯერ არ ვიცი, პროფესიული სპორტიც გააჩერეს თუ არა. თუ გააჩერეს, მართლა რთულად ყოფილა საქმე.
– სათანადო რეგულაციების დაცვით, გუნდურ სახეობებში თუ არა, ინდივიდუალურებში ხომ მაინც შეიძლება ვარჯიში? მაგალითად, სროლა, ბილიარდი, ტანვარჯიში არაა კონტაქტური სახეობები და პირბადის, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ხომ შეიძლება ვარჯიში, თუნდაც დახურულ სივრცეში?
– ალბათ, კი – შესაძლებელია. იმ ხანმოკლე პერიოდში, როცა გავიხსენით, ამ ყველაფრით ჩვენი სპორტსკოლაც აღჭურვილი იყო – დეზობარიერებიც გვქონდა, თერმომეტრებიც, სადეზინფექციო სითხეებიც, შიგნით პირბადეებით ვმოძრაობდით, დისტანციასაც იცავდნენ და ყველაფერს, რაც რეგულაციებით მოგვეთხოვებოდა. ალბათ, მსგავს სახეობებში, რომლებიც არაა დისტანციური, უფრო შეიძლება ვარჯიშის დაშვება.
– ამ პირობებში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, რამდენად საჭიროა და აუცილებელი თუნდაც თქვენი ტიპის სკოლებში ან ზოგადად ქვეყანაში სპეციალიზებული სპორტული ცენტრების შექმნა, სადაც ვარჯიში ჩაკეტილ პირობებში, გარე სამყაროსგან იზოლირებულად, შესაძლებელია როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიულ დონეზე. ახლა ამას აკეთებს მსოფლიოში ყველა, ვისაც კი ოლიმპიური მზადების ცენტრი ან ამგვარი კომპლექსური სპორტული ბაზები აქვს.
– ამას დიდი ფინანსები სჭირდება, თუმცა გეთანხმებით, რომ საჭიროა. ასეთი ბაზები რომ გვქონდეს, პროფესიული სპორტი არ გაჩერდებოდა. ჩვენნაირ სკოლებშიც შესაძლებელი იქნებოდა ასაკობრივი ნაკრებების წევრების ვარჯიში.
– თუმცა, თქვენს ტირში არა მხოლოდ ასაკობრივები, საქართველოს ეროვნული ნაკრებიც სისტემატურად გადის მზადებას. ის, ქვეყანაში არსებული სამი ანალოგიური ბაზიდან, ერთ-ერთია და თანაც – საერთაშორისო სტანდარტების, სადაც უცხოური რანგის შეჯიბრებების ჩატარებაც შესაძლებელია.
– ეს მართლაც მაღალ დონეზე აღჭურვილი ტირია და ნაკრები ხშირად ჩამოდის, ქალბატონი ნინო სალუქვაძის ხელმძღვანელობით. რაც ნაკრების წევრებმა აქ დაიწყეს მომზადება, ჩვენმა რამდენიმე მსროლელმაც უკვე წარმატებას მიაღწია.
– საბიუჯეტო დაფინანსებაზე კი ხართ, მაგრამ უმუშევრობა ფინანსურ პრობლემებს ხომ არ გიქმნით, რაკი კომერციული ჯგუფები ვერ მუშაობს, ეს თქვენს შემოსავალზეც აისახებოდა.
– არა, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს, რადგან სუბსიდიას თელავის მერიისგან ვიღებთ. როცა დაკეტილები ვართ, კომუნალური ხარჯები არ გვაქვს, არც დარაჯი გვყავს – კამერებია დამონტაჟებული, სამსახურში კი მხოლოდ მე და ჩემი მოადგილე დავდივართ.
– ღია მოედნები არ გაქვთ, რომ რეგულაციების დაცვით იმ სახეობებში მაინც ივარჯიშოთ, სადაც შესაძლებელია ღია არენებზე ვარჯიში?
– სამწუხაროდ, ღია მოედანი მხოლოდ რაგბიში გვაქვს, ფონდმა „ქართუმ“ ააშენა ბაზა თელავში. ზოგადად, ქალაქში ღია მოედნები არის – ე.წ. მინი-მოედნები, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია, მაგალითად, ხელბურთელებმა ან კალათბურთელებმა იქ რომ ივარჯიშონ, საკითხავია… ალბათ, არაა მიზანშეწონილი, ჩვენ კი ასეთი ღია არენები არ გვაქვს, მხოლოდ დახურული დარბაზია – თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსი.
– სპორტული ინტერნატის პრინციპის საცხოვრებელი კომპლექსი თუ გაქვთ, ბავშვებმა ადგილზეც რომ შეძლონ დარჩენა?
– შეკრებებისთვის, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ ესეც იგეგმება. გვინდა, ოთახები გავარემონტოთ, დაახლოებით, 20 ბავშვამდე რომ დარჩეს ადგილზე.
– ამ პირობებში სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი ძნელია, მაგრამ ახალი სახეობების დამატება თუ იგეგმება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაძლევთ ამის საშუალებას?
– ამ ეტაპზე ახალი სახეობების დამატება არ იგეგმება. გაისადაც ისევ იმ სახეობებზე ვიქნებით ორიენტირებული, რომ, საქართველოს მასშტაბით, რაც შეიძლება უკეთესი შედეგები მოვიპოვოთ.
– მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საკმარისია ან რამდენად სტანდარტულია დარბაზები? რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს სკოლას?
– დიდი დარბაზი სტანდარტულია, ბილიარდშიც რამდენიმეჯერ ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატი, სხვა სახეობებშიც გვაქვს სტანდარტული დარბაზები. ინფრასტრუქტურას და ინვენტარს ჩვენი ხარჯებიდან ვაკმაყოფილებთ, უფრო მეტი წილი კი, უშუალოდ ბავშვებზე მიდის, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი რომ შევუქმნათ. მაგალითად, შარშან დიდ დარბაზში გათბობა არ იყო და გავაკეთეთ. პანდემიას თუ არ ჩავთვლით, ამ მხრივ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. ეს ამბავი რომ არ ყოფილიყო, იმავე დიდ დარბაზში, იატაკის გამოცვლაც გვინდოდა. თუმცა, შეიძლება, ეს მაინც მოვახერხოთ – გააჩნია, ბიუჯეტი რამდენი გვექნება. სრულყოფილებას ვერა, მაგრამ ეტაპობრივად იმას მაინც მივაღწევთ, რომ ყველა ბავშვის მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ და სათანადო ინფრასტრუქტურა შევუქმნათ.
– ადგილობრივი სასკოლო და საგანმანათლებლო ტიპის სასწავლებლები, თუნდაც რესურსცენტრები, რამდენად თანამშრომლობენ თქვენთან?
– თელავის რესურსცენტრთან ვთანამშრომლობთ. ისინი ატარებენ სასკოლო ოლიმპიადებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ამ დროს ჩვენს სპორტულ კომპლექსს იყენებენ. ჩვენც ვეხმარებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში – კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში – ბაზებით, ინვენტარით, მწვრთნელებით; ვეხმარებით მათ განვითარებაში, რათა უკეთ ორგანიზებული ღონისძიებები გამოუვიდეთ.
ირაკლი თავაძე