23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ინტერვიუ ნუცა კობახიძესთან ⇒ ლოკალური გამოსავლის ძიებაში ⇒ მასობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად არც ერთი ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა

spot_img

პანდემიით გამოწვეული სკოლების დახურვის გლობალურ პრობლემას ქვეყნები დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ, მართალია, სწავლების ამ ფორმაზე გადასასვლელად არც ერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა ბოლომდე მზად, მაგრამ   გამოსავალი მაინც იპოვეს. როგორია მსოფლიო ტენდენციები ამ მიმართულებით და   კრიზისის დროს, რა ძირითადი ხარვეზები გამოიკვეთა ჩვენი განათლების სისტემაში, ამ თემებზე გვესაუბრება ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საერთაშორისო და შედარებითი განათლების მკვლევარი ნუცა კობახიძე, რომლის მხარდაჭერაც, გამოცდილების გაზიარების კუთხით, ქართველი მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

 – ქალბატონო ნუცა, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში სწავლის შეწყვეტას და ონლაინ სწავლებაზე გადასვლის ინიციატივას სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გამოეხმაურა.

 – ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე, ჩემი, როგორც ლექტორის, გამოცდილება უნივერსიტეტში ონლაინ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ასევე, გავაზიარე ინფორმაცია სკოლებში ონლაინ სწავლების ფორმებზე, როგორც მშობელმა. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა პირადი გამოცდილებისა, ჩემთვის, როგორც საერთაშორისო და შედარებითი განათლების მკვლევრისთვის, საინტერესოა გლობალური სურათი, როგორ პასუხობენ საზოგადოებები ამ დიდ გამოწვევას, რა ადგილობრივი ინიციატივები ჩნდება, რა პრობლემები იკვეთება.

– მასწავლებლებისთვის დახმარების გასაწევად სპეციალური ჯგუფი შექმენით – „ონლაინ სწავლება საქართველოში“ – რატომ გაგიჩნდათ ამ ჯგუფის შექმნის იდეა?

– როგორც აღვნიშნე, ჩემს ფეისბუქ სტატუსებს დიდი ინტერესი მოჰყვა, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ფეისბუქის ჯგუფი, რომ ერთ სივრცეში მომეყარა თავი დისტანციური სწავლების რესურსებისთვის, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებდნენ, დასვამდნენ შეკითხვებს, გაიგებდნენ საერთაშორისო პრაქტიკაზე, შეეცდებოდნენ მსჯელობას და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნას, ან უბრალოდ ერთმანეთს გაამხნევებდნენ ამ რთულ პერიოდში. ეს იყო კორონავირუსის დროს ამ მიზნით შექმნილი პირველი ფეისბუქ ჯგუფი საქართველოში. მალევე მოხდა იდეის კოპირება და არაერთი ჯგუფი შეიქმნა.

ჩვენი ჯგუფის ძლიერი მხარე ის არის, რომ ის აერთიანებს არა მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, ლექტორებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, არამედ განათლების მეცნიერების სპეციალისტებს საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მედიის წარმომადგენლებს, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების სპეციალისტებს, პოლიტიკის გადაწყვეტილების მიმღებებს და განათლების საკითხებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ჯგუფის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იტალიაში მცხოვრები განათლებისა და ტექნოლოგიების ქართველი მკვლევარი მაკა ერაძე, ასევე ძალიან გვეხმარება უკრაინაში მცხოვრები განათლების სფეროს წარმომადგენელი თათია ჯონსონი, რომელმაც კორონავირუსის დროს ონლაინ სწავლება საქართველოში თავის სამაგისტრო ნაშრომად აირჩია. ასევე უამრავი სხვა პროფესიონალი, რომლებიც უანგაროდ გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო.

– საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ შეძლო ჩვენმა განათლების სისტემამ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა?

– მასობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად არც ერთი ქვეყანა მზად არ იყო, მათ შორის, არც საქართველო. უნივერსიტეტები მეტ-ნაკლებად ადვილად გაერკვნენ სიტუაციაში და სწრაფადვე იმოქმედეს. რაც შეეხება სკოლებს, დიდი აქტიურობა და ენთუზიაზმი გამოიჩინეს მასწავლებლებმა. ბევრი მასწავლებელი გამოჩნდა, რომელმაც სწრაფად აითვისა ტექნოლოგიები, ბევრმა ვიდეოები ჩაწერა და სხვას გაუზიარა გამოცდილება და პრაქტიკა. ამ ეტაპზე, როდესაც ტექნოლოგიების საკითხი მეტ-ნაკლებად გაარკვიეს, მასწავლებლებმა უფრო სიღრმისეული კითხვების დასმა დაიწყეს, რაც შეეხება ონლაინ სწავლების პედაგოგიურ მხარეს, მისაღწევ მიზნებს, უკუკავშირის ფორმებს, შეფასების კატეგორიებს. ეს არის ე.წ. grassroots ინიციატივები, თვითორგანიზების მაღალი დონე, რაც ჯანსაღი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი.

საჯაროსთან შედარებით, კერძო სკოლების დიდმა ნაწილმა უფრო სწრაფად შეძლო ორგანიზება, რადგან მათ ამის მეტი რესურსიც აქვთ და ანგარიშვალდებულებაც მშობლების წინაშე. კერძო სკოლა ბიზნეს მოდელით იმართება და რისკი დიდი იყო, რომ თუ ისინი სწრაფად არ შესთავაზებდნენ ხარისხიან სერვისს, მშობლები თანხას უბრალოდ არ გადაიხდიდნენ. ასეთი ტალღა ბევრ ქვეყანაში აგორდა. კერძო სკოლის ბევრ მშობელს მაინც გაუმართლებლად მიაჩნია სწავლის იმავე ოდენობის გადასახადის დატოვება, რასაც ჩვეულებრივ დროს იხდიან ხოლმე, რადგან მათ მოუწიათ მასწავლებლის როლის შეთავსება სახლში. ბევრი მშობელი სამსახურის გარეშე დარჩა, ამიტომ სწავლის გადასახადის საკითხი ბევრგან მწვავედ დგას. როგორ უნდა მოიქცეს კერძო სკოლა ამ ვითარებაში, მზა რეცეპტი არ არსებობს. თითოეული სკოლა, მშობლებთან შეთანხმებით და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უმკლავდება ამ პრობლემას.

– მასწავლებლებმა როგორ გაიგეს დისტანციური სწავლება?

– თავიდან ბევრმა არასწორად გაიგო. ჩათვალეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სკოლის რეპლიკა, ყველა გაკვეთილით, დავალებით, აქტივობებით. თუმცა, ამ ეტაპზე, ისინი მეტ-ნაკლებად გაერკვნენ სიტუაციაში, მაგრამ მაინც ბევრი კითხვაა დარჩენილი, რაც განათლების სამინისტროსგან მოითხოვს, მუდმივ რეჟიმში, მასწავლებელთა და საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას, რომ თავიდან ავიცილოთ დაბნეულობა და გაურკვევლობა.

– შექმნილი კრიზისის დროს, თქვენი შეფასებით, რა ძირითადი ხარვეზები გამოიკვეთა ჩვენს განათლების სისტემაში?

– უმწვავესად გამოიკვეთა განათლების სისტემაში არსებული უთანასწორობისა და ხელმისაწვდომობის პრობლემა. ბევრ მასწავლებელს და მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი და ეს მხოლოდ მაღალმთიანი სოფლების მოსწავლეებს არ ეხებათ. ბევრ ადამიანს დედაქალაქშიც შეექმნა ეს პრობლემა.

1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციასა და, ასევე, სხვა არაერთ საერთაშორისო შეთანხმებაში განათლება წარმოადგენს ადამიანის უფლებას. UNESCO-ს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს (SDG4) და განათლების 2030 წლისთვის მისაღწევ საერთაშორისო მიზნებს სწორედ ეს ფუნდამენტური პრინციპი უდევს საფუძვლად. რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, განათლება მიაწოდოს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ტექნოლოგიური უფსკრულის პირობებში, საყოველთაო განათლების მიცემა ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის მაღალმთიანი რაიონებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც. მომავალში, საქართველოს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ გაიმართოს სისტემები, რომლებიც კრიზისების დროს უზრუნველყოფენ დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობას თითოეული მოსწავლისთვის.

– „ტელესკოლა“ – რას გვეტყვით ამ პროექტის შესახებ?

ზემოთ რაზეც ვისაუბრე, სწორედ იმ მიზნების შესასრულებლად აუცილებელი იყო ტელესკოლის პროექტის განხორციელებაც. ტელევიზია საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქამდეც უნდა გამოგვეყენებინა. ტელევიზიით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

კორონავირუსის კრიზისზე საპასუხოდ სატელევიზიო გაკვეთილები ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, ან უახლოეს მომავალში გეგმავს. ტელესკოლა იქაც აღწევს, სადაც მოსწავლეებს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვთ. ტელესკოლის გარეშე, კიდევ უფრო გაიზრდებოდა იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელიც განათლების მიღმა დარჩებოდა. ცხადია, ვერც ტელესკოლა და ვერც არსებული ონლაინ სწავლების ფორმატები, პედაგოგიური თვალსაზრისით, ვერ იქნებიან სრულყოფილი და ვერ ჩაანაცვლებენ სკოლას. არსებულ ვითარებაში, საჭიროა, რომ ტელესკოლის ფორმატი შეძლებისდაგვარად დაიხვეწოს და, რაც მთავარია, ინტერაქტიული კომპონენტი დაემატოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

ისე კი, ზოგადად, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ძალიან უცნაური დისკუსია წარიმართა: როგორც კი ახსენებ, რომ კარგია მაღალტექნოლოგიური მიდგომების გამოყენება ონლაინ სწავლებაში, როგორიცაა, მაგალითად, Google classroom, Microsoft teams-ით, ან Zoom-ით გაკვეთილების ჩატარება, მაშინვე გაჩერებენ და გეუბნებიან, რას ლაპარაკობ, ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ განხორციელდება, რადგან ყველას არ მიუწვდება ამაზე ხელი, ყველა არ არის მზად და უტოპიაა. როცა იტყვი, რომ ამის პარალელურად, შედარებით დაბალტექნოლოგიური მიდგომებიც უნდა გამოვიყენოთ, რაც გულისხმობს ტელესკოლას ან მობილური ტელეფონის გამოყენებას, გეუბნებიან, რომ რაღა დროს ეს არის, არ არის სრულყოფილი, ხარვეზები აქვს და არც ეს ვარგა.

ვფიქრობ, ამგვარ დამოკიდებულებაში ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის მაქსიმალიზმი ჩანს: ან იდეალურად უნდა გავაკეთოთ, ან საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. გვიჭირს, ვიყოთ პრაგმატულები, გამოვიყენოთ ყველა არსებული შესაძლებლობა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. უნდა რეალისტურად შევაფასოთ ის ვითარება, რომელშიც აღმოვჩნდით და ის რესურსები, რომლებიც გვაქვს (ადამიანური, ფინანსური, ტექნოლოგიური, ადმინისტრაციული).

კრიტიკა ჯანსაღია, როცა გონივრულ დასაბუთებას ემყარება, ალტერნატიულ გზას გვთავაზობს. ტელესკოლას დასახვეწი ბევრი ასპექტი აქვს, თუმცა, ხანდახან ყველას გვავიწყდება, რომ ეს ინიციატივა საგანგებო ვითარებაში, კომენდანტის საათის პირობებში ხორციელდება. ტელესკოლის მასწავლებლები, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მიდიან ტელევიზიაში, კამერებთან ბევრი მომზადების გარეშე დგანან. არ მეთანხმებით, რომ ბევრი მომზადების გარეშე, ღია გაკვეთილების მთელი ქვეყნის წინაშე გატანას დიდი გამბედაობა და მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება? თან როცა იცი, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ. იმედი მაქვს, ტელესკოლის მასწავლებლები მოტივაციას არ დაკარგავენ და იმავე ენთუზიაზმით გააგრძელებენ მუშაობას. ტელესკოლა დისტანციური სწავლების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა და მასთან ერთად, ბევრი მასწავლებელი არაერთ ინტერაქტიულ პლატფორმას იყენებს.

– როგორია მსოფლიო ტენდენციები ამ მიმართულებით? ვგულისხმობ, კრიზისით შექმნილ სიტუაციაში, რა გამოსავალი იპოვეს მოწინავე ქვეყნების განათლების სისტემებმა?

 – საქმე იმაშია, რომ პანდემიამ თანაბარ პირობებში მოაქცია ყველა ქვეყანა, მათ შორის განვითარებადიც და განვითარებულიც, სკოლები და უნივერსიტეტები თითქმის ყველგან დაიხურა. ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი ზარალი მიადგა განვითარებულ ქვეყნებს. ამ ვითარებაში, საინტერესო სიტუაცია მივიღეთ: მაშინ, როცა ვერც ერთი წამყვანი ქვეყანა მოდელად ვერ გამოდგა, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შემოგვთავაზეს კრიზისთან გამკლავების გზები, ცალკეულმა ქვეყნებმა თავად დაიწყეს ლოკალური გამოსავლის ძიება. გამოცოცხლდა სამოქალაქო საზოგადოება, გაჩნდა ახალი ინიციატივები, გამოჩნდნენ ახალი აქტორები. სკოლების დახურვის გლობალურ პრობლემას ქვეყნებმა ლოკალურად უპასუხეს, ისე, როგორც შეძლეს. ამან კარგად გამოაჩინა თითოეულ საზოგადოებაში არსებული ინტელექტუალური რესურსები და თვითორგანიზების უნარი, რომელიც მანამდე ნაკლებად იყო ცნობილი. 

– რა მდგომარეობაა ახლა თქვენთან, ჰონგ კონგში? რა ეტაპზე ხართ?

– ჩვენ გადავედით დისტანციური სწავლების შეფასების ეტაპზე. ხელახლა ხდება გააზრება იმისა, რა გაკეთდა და რამდენად ეფექტურად, რა უნდა გაგრძელდეს იმავე რეჟიმით და რა შეიცვალოს. იმედია, საქართველოც მალე გადავა ამ ეტაპზე. იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ, რა ინიციტივები განხორციელდა, რამ იმუშავა და რამ – ვერა, საჭიროა, ემპირიული მონაცემები შევაგროვოთ და მეცნიერული კვლევები ჩავატაროთ, შედეგების საფუძველზე კი, ახალი სისტემები ავაწყოთ, არსებული მიდგომები დავხვეწოთ. პანდემიები და კრიზისები, სხვადასხვა რეგულარობით, სულ იქნება. ეს შანსი საქართველომაც და სხვებმაც თავიანთ სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ, რომ მომავალ კრიზისს უფრო მომზადებულები დავხვდეთ.

 ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები