27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერვიუ ნათია ბერძენიშვილთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

კავშირი ფრეიასკამპანიისქალები საკუთრების უფლებისთვისფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციაფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაშიფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელიაკავშირი ფრეიადა შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ნათია ბერძენიშვილი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი.

საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?

კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესით არ განისაზღვრება, ქალსაც და მამაკაცსაც თანაბარი უფლებები აქვთ. მაგრამ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრადიციების გაიგივება ხდება კანონმდებლობასთან.  საზოგადოების დიდი ნაწილი მემკვიდრე მამაკაცს პრიორიტეტულად მიიჩნევს და ქონებაც ხშირად სრულად მას რჩება. ხშირად ქალი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარს ნოტარიულად აცხადებს მამაკაცის სასარგებლოდ რადგან თავადაც ასე თვლის გამართლებულად. თუმცა არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც უბრალოდ არ აქვს სწორი ინფორმაცია და ჰგონია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მემკვიდრე მხოლოდ მამაკაცია.  ასევეა კომლის საკითხშიც. კომლის წევრობის, და შესაბამისად, საკუთრების თემა ქალის გათხოვებით სრულდება. სამწუხაროდ, აღნიშნული საარქივო ცნობები დღემდე უფლების დამდგენ დოკუმენტად ითვლება.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?

ტრადიციებიდან გამომდინარე ქალების დიდი ნაწილი დღემდე გამართლებულად მიიჩნევს  უძრავი ქონების ძმისთვის დატოვებას. მქონია დავა, როცა ქალბატონმა, რომელსაც სამკვიდრო ქონება არ ჰქონდა დადგენილ ვადაში მიღებული, სასამართლოს მამის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ მიმართა. ამ ქალბატონის მოწინააღმდეგე მხარე  მისი ძმა გახლდათ, რომელსაც სამკვიდრო ერთპიროვნულად ჰქონდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ქალბატონის განმარტებით, მან არ იცოდა რომ სამკვიდრო კანონით განსაზღვრული ფორმით უნდა მიეღო. ეგონა, როგორც შვილი, ამას ნებისმიერ დროს შეძლებდა. ეს სიტუაცია მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეიქმნა.

საოჯახო დავების დროს ხშირად იჩენს თავს მეუღლეთა თანასაკუთრების თემა. საოჯახო კანონმდებლობით, რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, რომელიც შეიძლება გაიყოს ქორწინების განმავლობაშიც და ქორწინების შეწყვეტის შემდგომაც, მაშინაც კი თუ ქონება მხოლოდ ერთ მეუღლეზეა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. მაშინაც თუ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური ქონება დაოჯახების შემდგომ გაიზარდა, თანასაკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია. თუმცა სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს აღნიშნულ წესს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

ჩემი აზრით, სტატისტიკაში ნაჩვენები დისბალანსი გამოწვეულია არასწორი საზოგადოებრივი შეხედულებებით. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებას სჩვევია რაღაც ჩვეულებების და ადათების წესად აღქმა.

სტატისტიკის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე უფლების დამდგენი დოკუმენტების სარეფორმო პერიოდში ოჯახის მამაკაცებზე გაცემა,  სამკვიდრო ქონების მხოლოდ მამაკაცი მემკვიდრის მიერ მიღება, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების მხოლოდ მამაკაცზე აღრიცხვა, ერთი სიტყვით, საზოგადოებაში დამკვიდრებული მანკიერი წარმოდგენის „წესად“ მიჩნევა.

რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?

მოდით გავმიჯნოთ ქონების მხოლოდ ფლობა და ქონების მესაკუთრედ ყოფნა. მფლობელობა არაა მესაკუთრედ ყოფნა. როდესაც ქალს არ აქვს უძრავი ქონება, ის რჩება სამართლებრივ -ეკონომიკურ-სოციალური დაცვისა და გარანტიების გარეშე. ისევ და-ძმის სამკვიდრო დავას მივუბრუნდები. იცით რა იყო ამ საქმეში მნიშვნელოვანი? დავის მიზეზი. ქალბატონს ოჯახი დაენგრა და ქმარმა სახლში აღარ გააჩერა, უსახლკაროდ დარჩა. მქონდა საქმე, როდესაც ქორწინებაში აღრიცხული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო მამაკაცზე და ქალბატონმა უბრალოდ არ იცოდა, რომ, როგორც მეუღლეს, უფლება ჰქონდა უძრავი ქონების წილი მოეთხოვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამ უფლების უგულებელყოფას? რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალებს?

უძრავი ქონების არქონის გამო ხშირად ქალს უხდება მოძალადე ოჯახში დარჩენა. ადამიანს ღირსეული ცხოვრებისთვის ესაჭიროება გარანტია, რომ ყოველთვის ექნება თავშესაფარი. ხშირ შემთხვევაში თავად ქალებიც თვლიან, რომ გოგონას არ სჭირდება ქონება – დაოჯახდება. კაცმა კი ცოლი უნდა მოიყვანოს და საცხოვრებლით უზრუნველყოს.

ბევრი ქალ ბენეფიციარი ქონებრივი უფლების დასაცავად ბრძოლას მაშინ იწყებს, როდესაც გასულია მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ხანდაზმულობის ვადა, ან დაგვიანებულია მემკვიდრეობის მიღება. სამართლებრივი დახმარებისთვის სპეციალისტებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ როცა თავშესაფრის გარეშე რჩებიან. პირველ რიგში, საჭიროა ინფორმაცია დროულად მიიღონ, რათა რისკების გათვლა შეძლონ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე? როგორ წარმოგიდგენიათ საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემის გადაჭრის გზები?

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა ცნობიერების ამაღლების მხრივ. ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც შესაბამის სერვისებზე წვდომა ნაკლებია, მაგ. მაღალმთიან  რეგიონებში და ეთნიკური უმცირესობებისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ უნდა დაიცვან საკუთრების უფლება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები