– დიანა, პირველ რიგში, მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მოდი, ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ რეალობით, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სისიტემაში პანდემიამ შექმნა. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა განათლების სისტემა, ამ სისტემაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე და მისი მშობელი… როგორია თქვენი შვილის დისტანციური გაკვეთილები?
– განათლების სისტემასა და გამოწვევებზე, ალბათ, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ბევრი მოსწავლე ვერ ესწრება გაკვეთილებს ინტერნეტის თუ გაჯეტების უქონლობის გამო, გაკვეთილები ხარვეზით ტარდება, მოსწავლეებს დაბალი მოტივაცია აქვთ. რასაკვირველია, არსებობს წარმატებული შემთხვევებიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბევრი ხარვეზია. მასწავლებელი ვერ ახერხებს, საკუთარი და მოსწავლის შესაძლებლობები მაქსიმალურად აჩვენოს, გამოიყენოს. დისტანციური სწავლების პროცესს დიდხნიანი, გეგმაზომიერი დაგეგმვა სჭირდება, სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის ვერ მოვიცალეთ.
რაც შეეხება ჩემს შვილს, მიუხედავად აუტიზმის სპექტრისა, მას არ აქვს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, კურიკულუმის აკადემიური ნაწილი აბსოლუტურად იდენტურია მის კლასელებთან და პროგრამას წარმატებით სძლევს, მაგრამ დისტანციური სწავლებისას, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა აღმოჩნდა, ეკრანთან ჯდომისას ყურადღების გაფანტვა, მობილიზების ნაკლებობა, გაკვეთილში ჩართვის სირთულე. ამიტომ, სკოლის გაკვეთილების მერე, მე ვუტარებ ყველა საგანში გაკვეთილს ხელახლა, ინოვაციური მეთოდებით, თამაშით, გართობით და ეს პროცესი ძალიან მოსწონს.
– „როცა შევიყვარე ჩემი შვილის პრობლემა, მაშინ დაიწყო გიორგის თერაპიაში საუკეთესო პერიოდი…“ – ეს თქვენი სიტყვებია ერთ-ერთი ინტერვიუდან. თუ სურვილი გექნებათ, ცოტა რამ გვიამბეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე მშობელს დაგიგროვდათ. რა არის ყველაზე მთავარი მშობლისთვის?
– მთავარი ბავშვის ინტერესები და პრიორიტეტებია – უი, ამ კლასიდან გადავალ იმიტომ, რომ ის მშობელი წუხდება; უი, ბაღის მასწავლებელს შენიშვნას არ მივცემ იმიტომ, რომ დაბალი ხელფასი აქვს; უი, ჩავალ ავტობუსიდან, ვიღაც არ შეწუხდეს – ეს წარმოუდგენელია – მთავარია ბავშვი! სხვა ყველა თავის თავს მიხედავს. მნიშვნელოვანია პრობლემის სახელდება, მერე გააზრება, გაშინაარსება, პროცესის დაგეგმვა და ბოლოს, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი მიდგომა, რომელიც დედის ინტუიციასთან ერთად სასწაულებს ახდენს.
– თქვენ თვითონ რატომ წახვედით სკოლაში, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?
– თავიდან ჩვეულებრივ, პროფესიული პრაქტიკის გასავლელად, მერე კი, სკოლის პერიოდის საკუთარ თავთან შერიგების საშუალება გახდა, დაამშვიდო ბავშვი – დიანა, რომელსაც საკმაოდ რთული სასკოლო გამოცდილება ჰქონდა და სცადო, სხვა ბავშვებმა ის ყველაფერი რომ არ გამოიარონ, რაც შენ გქონდა. ჰო, რამდენიმე მასწავლებლის ნათელი ხსოვნის პატივსაცემადაც, ალბათ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მასწავლებელს ბავშვებისთვის მისაღებს ხდის?
– ერთი თვისება არაა, ალბათ რამდენიმეს ჩამოვთვლი:
♦ ბავშვების სიყვარული;
♦ პროფესიული კეთილსინდისიერება;
♦ ყოველდღე რაღაცის სწავლის სურვილი, თუ მასწავლებელმა თქვა, რომ იდეალური მასწავლებელია და არაფერი სჭირდება, იქ დასრულდება მისი მასწავლებლობა;
♦ შემოქმედებითი მიდგომა – ამის გარეშე სკოლაში ყოფნა რთულია, მძიმე და რუტინული საქმიანობაა, თუნდაც საუკეთესო ტექსტებს ასწავლიდე საუკეთესო მეთოდებით. გაკვეთილი — სპონტანური შემოქმედებითი ემოციით მიღებული სიამოვნების გარეშე მოსაწყენია. ასე მასწავლებელიც მალე იღლება და სკოლიდან წამოსვლაზე ოცნებობს;
♦ კიდევ ერთხელ ბავშვების სიყვარული.
– „ეს ჯადოსნური კარია. სანამ მის მიღმა აღმოჩნდები, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, მაგალითად, ვინმე დიანა, გიყვარს პორტუგალიური სიმღერები, ფერადი შარფები, შინგამომცხვარი ღვეზელები, დავით გურამიშვილი ან ნიკო სამადაშვილი, გაცვია კუბოკრული მოკლე პალტო, მოდიხარ, გაქვს სიარულის დამახასიათებელი მანერა, დაბალი ხმა…“ – ეს ამონარიდია ესედან, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავს მიუძღვენით. როგორია სამყარო კარს მიღმა? ან რა შეიცვალა ამ კუთხით წლების შემდეგ? როგორ ვიცავთ ბავშვის უფლებებს?
— ვერ ვიცავთ, ისევ უამრავი პრობლემაა ამ კუთხით. ყოველდღიურად ვიგებთ ტრაგიკულ ამბებს გაუცხოებული მოზარდებისა, ურთულეს ისტორიებს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ბავშვები უფროსებს არ გვენდობიან, ჩვენ ვერ დავიმსახურეთ მათი ნდობა. ქობულეთელი 14 წლის გოგოს უსასტიკესი ისტორია იმის თვალსაჩინოებაა, რატომ არ გვენდობიან… იმიტომ, რომ სტერეოტიპებით გაძეძგილი, ძალადობრივი გამოცდილებით სავსე მეხსიერება გვაქვს. არც კი ვიცი, ამ ჩატეხილ ხიდს რა ეშველება.
— როგორ სკოლაში ისურვებდით, რომ ისწავლოს თქვენმა შვილმა? ან როგორია ის საზოგადოება, რომელშიც გინდათ, რომ მან იცხოვროს?
– ერთი და მოკლე პასუხი მექნება, სკოლაც და საზოგადოებაც მინდა ისეთი, მის შესაძლებლობებს რომ გამოავლენს და დააფასებს. უპირობოდ, ბარიერების გარეშე.
– „დიანა ანფიმიადი 2000-იან წლებში გამოჩნდა პირველად და მაშინვე მიიქცია მკითხველის ყურადღება, მაგრამ არა მხოლოდ ბერძნული გვარის, არამედ, პირველ რიგში, თავისი ლექსების გამო, რომლებიც ერთდროულად იყო ტრადიციულიცა და მნიშვნელოვანი სიახლეების მაუწყებელიც“ – წერს თქვენს შესახებ პოეტი გიორგი ლობჟანიძე და ძალიან ბევრ რამეს სწორედ ბერძნულ წარმომავლობას მიაწერს, მათ შორის ლექსების სინტაქსურ სტრუქტურასაც. ამას თქვენც ეთანხმებით, როცა წერთ: „გენეტიკა და, გნებავთ, ამას დავარქვათ „წარმომავლობითი მეხსიერება“, ძალიან დიდ როლს თამაშობს“. ცოტა უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი წარმომავლობის, ოჯახის და იმ „წარმომავლობითი მეხსიერების“ შესახებ, რომელსაც ახსენებთ…
– ამ კითხვაზე პასუხად, ალბათ, ჩემი ახალი წიგნის, „ფერეიდნული ეტიუდების“ შესავალი ჯობია წაგაკითხოთ: „გადასახლება – ისეთი სიტყვაა, მთელი თაობების ბედისწერას რომ განსაზღვრავს. ის, რაც სისხლში რჩება, ის, რაც მუსიკალური სმენის თუ სახის დამახასიათებელი ნაკვთების მსგავსად წინაპრებისგან მემკვიდრეობად გრჩება.
მე პონტოელი ბერძენი ვარ, სამშობლოდან – შავიზღვისპირა ქალაქიდან საუკუნეების წინ გამოდევნილი. ვიცი თუ არა რამე? – ბევრი, თუმცა, მხოლოდ წაკითხული. ამბად გაგონილი ცოტა – ტრაპიზონის წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მისი შთამომავლის – ჩემი დიდი პაპის შესახებ. სიკვდილს რომ გამოექცა ბიზანტიის თურქული ნანგრევებიდან… სახლი მთიან დმანისში მოძებნა, იქ პატარა ეკლესიაც ააშენა.
წაკითხული კი უფრო მეტი მაქვს – პონტოელი ქალების ქამრებზე, სადაც მთელი საგანძური ჰქონდათ ჩაკერებული, რადგან, მთელი ცხოვრება გაქცევისათვის მზადება იყო. ფერად-ფერად კაბებში ჩამალულ ბავშვებზე, რომელთაც დაუფიქრებლად კლავდა მდევარი, შავ ზღვაში ჩამხრჩვალ უამრავ ქალსა და ბავშვზე, მეზობლის მიერ განგმირულ მეზობლებზე, გზაზე, სადაც ქალებს ბავშვები ეხოცებოდათ, ხოლო ყველაზე უმცროსებს თავად კლავდნენ, რომ უფროსებისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.
ეს ყველაფერი ჩემი პირადი ამბავია, ამბავი იმაზე, როგორ რჩება მეხსიერებაში თუნდაც დიდი ხნის წინ მომხდარი ამბები, როგორ ვერ ისვენებ, ვერ მშვიდდები, როგორ ემზადები მარადიული ოდისეისთვის.“
– განსაკუთრებული წელი და მოვლენა, რომელიც ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი, როგორც მწერლის ბიოგრაფიაში, რომელია?
– ჩემი აზრით, 2020 იყო ასეთი, ბევრ რამეზე შემეცვალა წარმოდგენა, ბევრ კი არა, თითქმის ყველაფერზე, მგონია, რომ ეს საინტერესო შემოქმედებით შედეგებს მოიტანს.
გლობალიზაციის შედეგებია: როცა ბავარიის მთებში შენს ახალ გერმანულ წიგნს კითხულობს შენი ბავშვობის მეგობარი და დიდ დიღომში უსაყვარლესი თაიგული მოგდის საღამოს, როცა ისე უხასიათოდ ხარ, რომ აღარაფერი გიხარია…
– როგორ შეცვალა დაუგეგმავმა რთულმა პროცესებმა დაგეგმილი — ლიტერატურული პროცესები? რისი გაკეთება ვერ შეძელით ამ პერიოდში, რაც დაგეგმილი გქონდათ, რაში შეგიშალათ ხელი პანდემიამ და ახლა რაზე მუშაობთ?
– ლიტერატურული პროცესების ის ნაწილი, სადაც ფესტივალებზე სტუმრობა, წიგნის პრეზენტაციები და მკითხველთან შეხვედრები იყო დაგეგმილი, რასაკვირველია, შეიცვალა, 2020 წელს ჩემი წიგნი გამოვიდა გერმანულად, წარდგენას ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე ვგეგმავდით, თუმცა ბაზრობაც გადაიდო და ფრენებიც შეჩერდა. ახალი წიგნი გამოვიდა საქართველოშიც, თუმცა წარდგენა არ გამიკეთებია. სამაგიეროდ, ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე, დავასრულე ახალი, საყმაწვილო რომანი და თანამედროვე სომხური პოეზიის ანთოლოგია, ძალიან საინტერესო პოეტების თარგმანები.
– დაბოლოს, რა არის ის ყველაზე მთავარი სათქმელი, რომელსაც ეტყოდით ჩვენს მკითხველს – დიანა ანფიმიადი, როგორც დედა, ლიტერატურის მასწავლებელი და მწერალი?
– რთულია იმის მტკიცება, რომ სწორედ ესაა მთავარი სათქმელი და არა სხვა, თუმცა ალბათ, ისევ ის იქნება, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი მაინც ლიტერატურაა, როგორც იმის დადასტურება, რომ კაცობრიობას უარესები გადაუტანია და ზოგი რამ, იქნებ სულაც იმიტომ ხდება, რომ მასზე დავწეროთ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე