27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერვიუ თეონა გოგლიჩაძესთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

„კავშირი ფრეიას“ კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კავშირი ფრეია“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თეონა გოგლიჩაძე პროფესიით იურისტია. ამჟამად პროფესიით მუშაობს კავშირის – „საფარი“ ქუთაისის ოფისში.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავების არსებობის შემთხვევაში ქონების გადანაწილების საკითხს?

კანონმდებლობა ითვალისწინებს  მემკვიდრეობის სახით ქონების მიღების უფლებას   როგორც კანონით, ასევე ანდერძის გზით მემკვიდრეობის უფლებას. კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის კანონმდებელი განსაზღვრავს რიგითობას, სადაც  პირველი რიგის მემკვიდრეებად მიიჩნევიან გარდაცვლილის –  შვილი, მეუღლე, მშობელი. ოჯახური დავების არსებობის შემთხვევაში  ბუნებრივია, სასამართლო აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით სარგებლობს.

დღესდღეობით საქართველოში არსებული რეალობა საკმაოდ არასახარბიელოა ქალების მიერ საკუთრების რეგისტრაციის მხრივ. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს არსებულ გენდერულ დისბალანსს?

არსებული გენდერული დისბალანსი პირველ რიგში გამოწვეულია დამკვიდრებული ტრადიციით. როდესაც  ქონების მემკვიდრედ მხოლოდ ბიჭი მიიჩნევა და რეგისტრაციაც  მამაკაცზე ხორციელდება. ეს მანკიერი ჩვევა მეუღლეების მიერ შეძენილ ქონებაზეც ვრცელდება – ხშირად ის, რაც თანასაკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს, რეგისტრირდება მხოლოდ მამაკაც მეუღლეებზე. არადა ეს საკითხი, ისევე როგორც მემკვიდრეობა, კანონმდებლობით რეგულირდება, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებად ითვლება და განქორწინების შემთხვევაში უნდა განაწილდეს მეუღლეებს შორის. რეალურად, სამწუხაროდ, ამ შედეგის მიღწევა ძალიან დიდ ძალისხმევას და ფინანსებს უკავშირდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ არსებულ ვითარებას?

არსებულ რეალობას მივყავართ იქამდე, რომ ქალებს ძირითადად არ აქვთ ეფექტური ბერკეტი მათზე განხორციელებულ სხვადასხვა სახის ზეწოლის წინააღმდეგ და იძულებულნი ხდებიან შეეგუონ არსებულ რეალობას.  ყველაფერ ამას მივყავართ იქამდე, რომ გვყავს ძალადობის მსხვერპლი ძალიან ბევრი ქალი, რომელთა დარღვეულ ქონებრივ უფლებებს ხშირად გაცილებით უფრო ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკური მოწყვლადობა – მათ შორის ბევრი დაკარგული სიცოცხლე.

ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე? როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები? როგორია თქვენი რეკომენდაციები?

ამ პრობლემების მოგვარება პირველ რიგში სახელმწიფოს და შემდეგ სრულად საზოგადოების პასუხისმგებლობაა. ყველაზე მნიშვნელოვანია შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, აუცილებელია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. უნდა შევამციროთ აგრესიული განწყობა იმ გოგო შვილების მიმართ ვინც კანონიერი უფლების დაცვას მოითხოვს, უნდა დასრულდეს გოგონების კეთილდღეობის მათ „კარგად გათხოვებასთან” ასოცირება.

დასახვეწია არსებული კანონმდებლობაც. ქალებს შესაბამისი განათლება და ქონებრივი უფლებები სჭირდებათ, რომ შეძლონ უკეთ რეალიზება. მხოლოდ მსგავსი ცვლილებების შედეგად გვეყოლება აურაცხელი მსხვერპლი ქალის ნაცვლად აურაცხელი წარმატებული ქალი.

მემკვიდრეობის საკითხი ერთ-ერთია დაზარალებულ ქალთა და ბავშვთა უფლებებს შორის რომელზეც კავშირი „საფარი“ მუშაობს. გვაქვს კამპანია სახელწოდებით „მეც შვილი ვარ“, სადაც ვრცლადაა აღწერილი ეს საკითხები და საჭიროებები.

#PINGeorgia
#EU4Georgia
#PINSupportsCSOs

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები