9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ინტერვიუ თეა ყაულაშვილთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

კავშირი ფრეიასკამპანიისქალები საკუთრების უფლებისთვისფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციაფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაშიფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელიაკავშირი ფრეიადა შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თეა ყაულაშვილი, ადვოკატი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიურო.

საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?

დიახ, ჩვენი კანონმდებლობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციული ნამდვილად არ არის  თუმცა, პრაქტიკაში ქალსა და მამაკაცთან მიდგომა განსხვავებულია. დღესდღეობით, მდგომარეობა უკეთესია ვიდრე ახლო წარსულში, მაგრამ პრობლემა მაინც ბევრია. ძირითადად, საკითხი ისევ სამკვიდრო და ცოლ-ქმარს შორის ქონების განაწილებას ეხება. ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში დღემდეა დამკვიდრებული შეხედულება, რომ უძრავი ქონება მემკვიდრეობით ვაჟს უნდა გადაეცეს. მეუღლეთა თანასაკუთრებას საერთოდ არ განიხილავენ და ითვლება, რომ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ ქმარი უნდა დაფიქსირდეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ცოლი სრულუფლებიანი თანამესაკუთრეა და ა.შ.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?

როგორც მემკვიდრეობის, ისე მეუღლეთა თანასაკუთრების ფუნდამენტურ საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აბსოლუტურად არ განასხვავებს სქესის ნიშნით.

სამკვიდროს მიღება შესაძლებელია კანონით ან ანდერძით. კანონით გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების მიღება ხდება რიგითობით. გვაქვს ხუთი რიგი და თითოეულ რიგში შემავალი მემკვიდრეები გარდაცვლილის ქონების თანაბარი წილის მიმღებნი არიან. პრაქტიკაში სწორედ აქ გვაქვს პრობლემა. ხშირად ჰგონიათ, რომ გარდაცვლილის ქონება ავტომატურად გადადის მხოლოდ ვაჟიშვილზე, ან მხოლოდ მეუღლეზე. არადა კანონი თანაბრობას ითვალისწინებს სამკვიდროს ყველა რიგში, არ აქვს მნიშვნელობა ქალია მემკვიდრე თუ კაცი.

ანდერძის შემთხვევაში თავად მოანდერძე წყვეტს თუ ვის დაუტოვოს ქონება. არის შემთხვევები, როდესაც მოანდერძე არათუ მამაკაც ნათესავს, არამედ საერთოდ უცხო პირს უტოვებს თავის ქონებას, აშკარად სქესის ნიშნით (ეს აბზაცია ამოიღეთ არასწორად არის ჩამოყალიბებული)

რაც შეეხება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფას, გასათვალისწინებელია, რომ თანასაკუთრებად ითვლება ნებისმიერი ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეთა (კანონის დაცვით რეგისტრირებული) ქორწინების განმავლობაში. ქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება, ასევე ქორწინების განმავლობაში ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ განიხილება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

პრობლემა იმაშია, რომ ხშირად მეუღლეთა ქორწინების დროს შეძენილი ქონება ქმრის სახელზე ფორმდება, არცთუ იშვიათად სწორედ ცოლის ინიციატივით. მართალია, თუ ეს ქონება შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების დროს ის მაინც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება, მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, ქონება გასხვისდეს მეუღლის თანხმობის გარეშე, ვინაიდან რეესტრში ერთი მესაკუთრე ჩანს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

რეგიონებს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ პრობლემური არეალები ან მაღალმთიანი რეგიონებია, ან  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით მდიდარი რეგიონები, ან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. საქმე ძირითადად გვაქვს ტრადიციით დამკვიდრებულ მანკიერ შეხედულებასთან, რომ ქონება რეგისტრირებული უნდა იყოს კაცზე და მემკვიდრეობაც კაცზე უნდა გადავიდეს..

რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?

ქალს, რომელიც არ ფლობს უძრავ ქონებას, ბევრ დათმობაზე უწევს წასვლა, რათა ქუჩაში არ დარჩეს. ხშირია შემთხვევები, როცა განქორწინებისას ქალი არასრულწლოვან შვილთან ერთად თავშესაფრის გარეშე რჩება იმის გამო, რომ თავის დროზე მშობლებმა მხოლოდ ვაჟს გადასცეს ოჯახის ქონება.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამ უფლების უგულებელყოფას? რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალებს?

ქალებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ თანაბრად უფლებამოსილნი არიან ფლობდნენ უძრავ ქონებას. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შვილი შვილია კაცი იქნება თუ ქალი. მეუღლეები მნიშვნელოვანია დაფიქსირდნენ ერთად, როგორც თანამესაკუთრეები, და იცოდნენ, რომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზები? რამდენად ხედავთ საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას?

პასუხისმგებლობის დიდი წილი სახელმწიფოზე მოდის.მართალია, კანონს ვერ ვუწოდებთ დისკრიმინაციულს, მაგრამ ხალხმა არ იცის საკუთარი უფლებები. აუცილებელია სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება მცირე ასაკიდან უნდა დავიწყოთ. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ასეთი საკითხები. მოქალაქეებს უნდა მიეცეს მეტი ცოდნა თავიანთ უფლებებზე. მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებობს უფასო სამართლებრივი სერვისი და შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაცია გაიარონ სანამ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები