27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერვიუ თათია კაჭარავასთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

„კავშირი ფრეიას” კამპანიის „ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თათია კაჭარავა იურისტია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 8 წელზე მეტია მუშაობს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.  არის არასამთავრობო სექტორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წარმომადგენელი.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღების დროს ქონების განაწილებას, განსაზღვრავს თუ არა სქესს? რას ადგენს კანონი და რას ვხვდებით  პრაქტიკაში?

მარტივად რომ ვთქვათ, კანონმდებლობით მემკვიდრეობის, ანუ გარდაცვლილი პირის ქონების გადანაწილების, ორი სქემა არსებობს. პირველი, როდესაც თავად პირი გარდაცვალებამდე ადგენს ანდერძს, ანუ თავად განსაზღვრავს მისი გარდაცვალების შემდეგ, ვის სურს, რომ გადაეცეს ქონება. თუ ამგვარი ანდერძი არ არსებობს, მაშინ კანონით არსებული წესებით ვხელმძღვანელობთ. რომლის თანახმად, პირველ რიგში, მემკვიდრეებად მიიჩნევიან მეუღლე, შვილი, და მშობლები.

ანუ იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა წინასწარ დაწერა ანდერძი, მას შეუძლია ქონება გადასცეს, ვისაც სურს, როგორც ოჯახის წევრის, ისე სრულიად უცნობ ადამიანს. მაგრამ თუ ასეთი ნება არ არსებობს, მაშინ ქონება ნაწილდება კანონის მიხედვით. თუ გარდაცვლილს არ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, ქონება გადადის მეორე რიგის მემკვიდრეებზე – და-ძმები და ა.შ.

კანონი არც ერთ სქესს არ ანიჭებს პრეფერენციას. მამაკაცსა და ქალს ქონებაზე თანაბარი უფლებები აქვთ. მთავარია, მემკვიდრე გარდაცვლილთან ნათესაურ კავშირში იმყოფებოდეს (კანონით მემკვიდრეობისას) ან ანდერძით იყოს გათვალისწინებული (ანდერძით მემკვიდრეობისას).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით სქესობრივ პრეფერენციას მემკვიდრეობაზე, როცა საკუთრების პრიორიტეტული უფლებით კაცი სარგებლობს. რით არის ეს განპირობებული?

პირველ რიგში, მანკიერი ტრადიციული შეხედულებებიდან. ჯერ ისევ შემორჩენილია სტერეოტიპი, რომ თითქოს სახლი, მიწა, უძრავი ქონება უნდა დარჩეს აუცილებლად ვაჟს და არა გოგონას. კანონმდებლობის მიხედვით, შვილებს – აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ვაჟი თუ ქალიშვილი – როგორც მემკვიდრეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ეს დანარჩენ მემკვიდრეებზეც ვრცელდება – მეუღლეებზე, მშობლებზე, და ა.შ.

საკუთრების რეგისტრაციისას რა სახის წინააღმდეგობებს ხვდებიან ყველაზე ხშირად ქალები და რომელ სტრუქტურებს ევალებათ ამ პრობლემების მოგვარება?

მემკვიდრეობის მიღებისათვის პირველ რიგში მივმართავთ ნოტარიუსს, უძრავი ქონების შემთხვევაში შემდგომში აუცილებელია მივმართოთ საჯარო რეესტრსაც და დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება.

თუ ოჯახში არსებობს მანკიერი ტრადიციული შეხედულებები და გოგონას დაბადებიდანვე არწმუნებენ, რომ  სახლი, სადაც ცხოვრობენ ეკუთვნის „შენს ძმას“ და „არა შენ“, შესაძლებელია, მორალური ბარიერების გამო, გოგონას აღარც კი გაუჩნდეს მემკვიდრეობის უფლების მიღების სურვილი. იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ქონება მიიღო მემკვიდრეობით, პირველ რიგში, საჭიროა იცოდე რომ გაქვს უფლება, გეკუთვნის ქონება და რაც მთავარია გქონდეს მემკვიდრეობის მიღების სურვილი. მემკვიდრეობის მიღებასაც აქვს თავისი პროცედურა და ვადები.

თუ მეუღლეებზე ვისაუბრებთ ხშირად პრობლემაა რეგისტრირებული ქორწინების არ არსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი შეიძლება მრავალი წელი ფაქტობრივად ერთად ცხოვრობდეს, თუ ქორწინება არ დაარეგისტრირეს, მეუღლეებს შორის არ წარმოიშობა ქონებრივი უფლება-მოვალეობები. ქორწინების შემდგომ შეძენილი ქონება, ან ქონება, რომელიც ქორწინების შემდგომ აშკარად გაუმჯობესდა, თანასაკუთრებად ითვლება მეუღლეებს შორის. მაგრამ თუ მათ არ აქვთ რეგისტრირებული ქორწინება, ეს წესები არ მოქმედებს.

ფორმალური საკითხების მოწესრიგება მნიშვნელოვანია – ხელმოწერა, რეგისტრაცია, ვადების დაცვა  და ასე შემდეგ. ეს იურიდიული დეტალები მნიშვნელოვანია და პირდაპირ დაკავშირებულია მათ შორის ქონებრივი უფლებების წარმოშობასთან. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, რომელიც ერთობლივად ეწევიან საოჯახო მეურნეობას თანაბრად არიან პასუხისმგებელნიც  და უფლებამოსილნიც საოჯახო ქონებრივ საკითხებზე. ის რომ ქალი შესაძლოა დიასახლისია, შვილებს უვლის, ხოლო მამაკაცი ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფს, არ ნიშნავს იმას, რომ ქონება მხოლოდ მამაკაცს ეკუთვნის. კანონი  სამართლიანად აწესრიგებს ამ საკითხს და ამბობს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

რამდენად ხშირია მომართვიანობა ქალების მხრიდან ქონებრივი უფლებების საკითხში? როგორ ფიქრობთ, რა ქმედებებია საჭირო ქალთა ქონებრივი უფლებების დასაცავად?

სამწუხაროდ, სტერეოტიპების და მორალური წნეხის გამო, ქალები ხშირად თავს იკავებენ. ამ მხრივ, კანონმდებლობა პრობლემური არ არის და ამბობს, რომ სქესის ნიშნით არ ხდება მემკვიდრეობის განაწილება ან სხვა ქონებრივი უფლებების მინიჭება/ჩამორთმევა/შეზღუდვა.

თუმცა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მხრივ სამუშაო ბევრია. კარგი იქნება, ეს საკითხები სკოლაში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე აქტიურად ისწავლებოდეს. არსებობს იურიდიული წრეები და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ცნობიერების ამაღლების კუთხით კამპანიებს ატარებენ, გასცემენ უფასო კონსულტაციებს დაინტერესების შემთხვევაში.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში არის რეგიონები, სადაც ქალები არათუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით ჩამორჩებიან კაცებს, არამედ ეს მაჩვენებელი მინიმალურია. მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ რეგიონებში, ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო თვალსაზრისით უფრო მეტი კეთდებოდეს, რათა ამ  ადამიანების მონაწილეობა, მათი ჩართულობა და ცნობიერება ამ მიმართულებით გაიზარდოს.

პირველ რიგში, უნდა შეწყდეს მანკიერი პრაქტიკა ქალების უფლებრივი ჩაგვრის, მათზე მორალური წნეხის, სქესის ნიშნით  პრივილეგიების დაწესების და პირიქით. ამასთანავე, ქალებმა უნდა შეიტყონ საკუთარი უფლებების და იმ მექანიზმების შესახებ, რომელთა საშუალებითაც თავიანთი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ლეგალური გზით დაცვას შეძლებენ. მაგალითად, თუ ოჯახში დავაა მემკვიდრეობის საკითხზე, მაშინ უნდა წავიდნენ სასამართლოში, ან სცადონ ურთიერთ შეთანხმებით მოლაპარაკება და ა. შ. არსებობს ბევრი საშუალება, მსგავსი პრობლემების ლეგალურად მოგვარების.

#PINGeorgia
#EU4Georgia
#PINSupportsCSOs

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები