„კავშირი ფრეიას“ კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კავშირი ფრეია“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ესმა გუმბერიძე, ქალთა ქონებრივი უფლებების მკვლევარი და შშმ პირთა უფლებადამცველია, ძირითადად შშმ ქალების კუთხით. 2019 წლიდან შშმ ქალთა ორგანიზაციის პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარეა.
როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღების დროს ქონების განაწილებას, განსაზღვრავს თუ არა სქესს? რას ადგენს კანონი და რას ვხვდებით პრაქტიკაში?
საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად აღიარებს. კონსტიტუციის 19-ე მუხლი მე-11 მუხლთან ერთობლიობაში ამკვიდრებს საკუთრების უფლებას ქალებისთვის მამაკაცების თანასწორად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასევე არ ცნობს ქალთა და მამაკაცთა შორის სამართლებრივ განსხვავებებს საკუთრების უფლების განხორციელების, მათ მიერ საკუთრების შეძენის, მართვისა თუ განკარგვა–გასხვისების შემთხვევებში. აღნიშნული კოდექსის სახელშეკრულებო (მათ შორის ქონების ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები), საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები გენდერულად ნეიტრალურია. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქალებისთვის საკუთრების უფლების მამაკაცებთან თანაბრად განხორციელების საშუალებას. კანონი მემკვიდრის სქესს არ განსაზღვრავს. კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია.
დაზუსტებულია რომ თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვლება, ქვრივი სრულად მიიღებს გარდაცვლილი მეუღლის ქონებას. ხოლო განქორწინების შემთხვევაში კი მხოლოდ ქორწინების პერიოდში ერთობლივად შეძენილი ქონება გაიყოფა. რომელიმე მეუღლემ თუ მემკვიდრეობით მიიღო ქონება მაშინ ის რჩება მის საკუთრებაში.
არის შემთხვევები, როცა დები უარს ამბობენ მემკვიდრეობაზე ძმების სასარგებლოდ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქალს ის ქონება ეკუთვნის რასაც ქორწინების შემდეგ მიიღებს. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, ხშირ შემთხვევაში არც ქმრის ქონებაა ქალზე რეგისტრირებული. მეტიც, როცა არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან ქალები მათ საკუთარი თანხით შეძენილ ქონებაზეც არ აქვთ უფლება, თუ ის მათ სახელზე არ იქნა რეგისტრირებული. იყო შემთხვევა, როცა უცხოეთში მომუშავე ქალმა შეგროვილი თანხით შეიძინა ბინა საქართველოში, რომელიც მეუღლეზე გაფორმდა. ვინაიდან მათი ქორწინება არ იყო რეგისტრირებული, კაცის გარდაცვალების შემდეგ, ქონება დარჩათ მის დებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით სქესობრივ პრეფერენციას მემკვიდრეობაზე, როცა საკუთრების პრიორიტეტული უფლებით კაცი სარგებლობს. რით არის ეს განპირობებული?
ოფიციალური მონაცემები კავშირი ფრეიასგან: საქართველოში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონებიდან, ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს. ბოლნისი – 29,0%, დმანისი – 34,0%, დედოფლისწყარო – 34,1%, მარნეული-35,6%, თიანეთი – 35,6%, დუშეთი-36,3%, გურჯაანი – 37,4%, ონი – 38,5%, ლაგოდეხი – 39,8%, საგარეჯო – 39,8%]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს, ხშირად ქვეყანაში კანონის ნაცვლად დამკვიდრებული შეხედულებებით ხელმძღვანელობენ. მსგავს შემთხვევებში ქონებაზე საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტი კაცს აქვს და ირღვევა თანასწორობის პრინციპი. მშობლები უძრავი ქონების დიდ ნაწილს უმრავლეს შემთხვევაში სწორედ მამრობითი სქესის მემკვიდრეებს უტოვებენ.
განსაკუთრებით რთულია ვითარება რეგიონებში. სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა არ ფლობს სტრატეგიულ ქონებას. ისინი მამისეულ ან მეუღლის სახლში ცხოვრობენ, მაგრამ მესაკუთრეებად არ განიხილებიან. არ განასხვავებენ ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „ოჯახის შემოსავალი“ და „ქალის შემოსავალი“, „ოჯახის ქონება“ და „ქალის ქონება“.
მონაცემთა დისბალანსი გამოწვეულია სოციალური მოლოდინებით და ნორმებითაც. როცა ქალი ქორწინდება და ე. წ. მზითვს ატანენ, რატომღაც თვლიან, რომ ეს არის მისი წილი. რაც რა თქმა უნდა, უძრავი ქონების არაპროპორციულია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გოგონები დღესაც იმ აღქმით იზრდებიან, რომ სახლი ძმისაა.
დისბალანსს განაპირობებს ასევე კანონის არცოდნა. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს სავალდებულო წილი, ანუ წერილობითი ანდერძი რომც კაცი მემკვიდრის სასარგებლოდ იყოს, არსებობს სავალდებულო წილი შვილებთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც, ქალი მემკვიდრე იღებს მინიმუმ იმის ნახევარს მაინც, რაც კანონით უნდა მიეღო. ანუ თუ მშობლებმა სიცოცხლეშივე დაწერეს ანდერძი და მთელი უძრავი ქონება ვაჟს დაუტოვეს, წესით გოგონას მეოთხედი მაინც ეკუთვნის.
ასევე არ იციან, რომ ქონების დარეგისტრირება თანასაკუთრებაშიც შეიძლება. ან ის, რომ ქორწინების დროს ქონება იყოფა თანაბრად თუ წყვილს ხელი აქვს მოწერილი, თუნდაც ქალის სახელზე არ იყოს ქონება რეგისტრირებული.
საკუთრების რეგისტრაციისას რა სახის წინააღმდეგობებს ხვდებიან ყველაზე ხშირად ქალები და რომელ სტრუქტურებს ევალებათ ამ პრობლემების მოგვარება?
ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ნოტარიუსებს დაევალოთ, ვალდებულებაში ჩაიწეროს, რომ პოტენციურ ქალ მემკვიდრეებს აუხსნან, განუმარტონ, რომ მათ აქვთ თანაბარი უფლება მიიღონ სახლიდან წილი, იმის მიუხედავად, მიღებული აქვს თუ არა ე.წ. „მზითევი“.
ასევე შეიძლება რეესტრის თანამშრომლები გადამზადდნენ, დაევალოთ მშობლები ანდერძის შედგენისას გააფრთხილონ, რომ მათ ქალიშვილსაც აქვს მათ ქონებაზე, და გარკვეული წილი აუცილებლად ეკუთვნის.
კარგი იქნება სკოლაში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებშიც მოხდეს ამ ცოდნის ინტეგრირება.
არსებობს თუ არა ბარიერები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ქონების საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით და კერძოდ, რა სახის?
რა თქმა უნდა, შშმ ქალები ასევე დგანან ზემოთჩამოთვლილი გამოწვევების წინაშე. თუმცა ტიპური განვითარების მქონე ქალებსა და ასევე შშმ კაცებთან შედარებით აქვთ დამატებითი ბარიერებიც. სამწუხაროდ, დეფიციტურია რაოდენობრივი მონაცემები შშმ ქალთა ქონებრივი მდგომარეობის გარშემო.
შშმ ქალები ქონების მიღების აწყდებიან, როგორც გენდერთან, ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ბარიერებს. მაგალითად, შშმ ქალებს საბანკო კრედიტზე და დაზღვევაზე შეზღუდული წვდომა აქვთ, რადგან აღიქმებიან „რისკ ჯგუფებად“ თავიანთი დიაგნოზის გამო.
ამავდროულად აქვთ ტიპური განვითარების მქონე ქალებთან შედარებით დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა, საფინანსო ინსტიტუტებისთვის ისინი არასტაბილური შემოსავლის გამოც ითვლებიან მომატებული რისკის მოვალეებად.
თუ შშმ ქალები ტიპური განვითარების მქონე მემკვიდრეებთან ერთად ცხოვრობენ, ხშირად თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონის, მხარდამჭერი სერვისების (მაგ. იურიდიული კონსულტირება) არარსებობისა თუ ოჯახის წევრთაგან ძალადობის შიშით ვერ ბედავენ საკუთარი წილის მოთხოვნას სამკვიდრო ქონებიდან.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები მემკვიდრეობით მთელ ქონებას უტოვებენ ტიპური განვითარების მქონე შვილს. მოიაზრება, რომ „მან უნდა მოუაროს შშმ დას/ძმას“, შესაბამისად, შშმ შვილის წილი ცალკე არ გამოიყოფა. დედმამიშვილისთვის შშმ პირი ხდება ტვირთი, რაც რა თქმა უნდა, ზრდის მის მოწყვლადობას, მათ შორის პოტენციური ძალადობისადმიც.
არის შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობით მიღებული ქონების ტიპური განვითარების მქონე მეწილე ასევე არის ფსიქო-სოციალური საჭიროების, ან ინტელექტუალური შეფერხების მქონე შშმ ქალი მემკვიდრის მხარდამჭერიც. ამ შემთხვევაში სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი – შშმ ქალი ყველანაირად დამოკიდებული მხარდამჭერზე და მეტია მისი ქონების მხარდამჭერის მიერ არასათანადოდ განკარგვის რისკები.
პრევენციის მიზნით რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალების?
შშმ პირების შემთხვევაში, აუცილებელია სოც.მუშაკების მეტი ჩართულობა და სოციალური მუშაობის გაძლიერება ოჯახებთან, რათა შშმ პირები არ გახადონ სრულად არა შშმ დედმამიშვილებზე დამოკიდებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების განვითარება. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, მაგალითად თუ არ უნდა, რომ მისი მხარდამჭერი იყოს არა ოჯახის წევრი, არამედ სხვა ვინმე, ვინც მისი ქონებითა და მემკვიდრეობით არ იქნება დაინტერესებული და დაეხმარება გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
რეკომენდაციები:
- შშმ ქალთა მიერ ქონებრივი უფლებების რეალიზების შესახებ რაოდენობრივ მონაცემთა არსებობის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ მოახდინოს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა შესახებ მონაცემთა სეგრეგირება შეზღუდული შესაძლებლობისა და სქესის ნიშნით. 2021 წელს გატარებული რეფორმის მიხედვით ყველა შშმ პირს აქვს უფლება, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე დაატანინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი სამედიცინო დიაგნოზის მითითების გარეშე. აღნიშნული გააადვილებს რეესტრში მესაკუთრეთა შესახებ დაცულ მონაცემთა გამოყოფას არამხოლოდ სქესის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნითაც.
- მხარდამჭერის სერვისის სახელმწიფო პროგრამის შემოღება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერის გაწევის სტანდარტების შემუშავება ნებაზე ზემოქმედების, ძალადობისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მიზნით.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში, ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული დისბალანსი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი? გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა, საკითხის მნიშვნელობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ქონებრივი უფლებების რეალური დაცვა პირველ რიგში ოჯახური ძალადობისგან დაიცავს ქალებს. თუ ქალს არ აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში და მას სურს მოძალადე ქმარს გაშორდეს, სად უნდა წავიდეს?
ისეთ ოჯახში, სადაც ქალი არ ითვლება მემკვიდრედ, მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ქალი რაც შეიძლება მალე „გაათხოვონ“ როდესაც ქალს/დას არ ეჩქარება დაქორწინება, ან უარს ამბობს იძულებით ქორწინებაზე, ის ხდება ტვირთი. შეიძლება ჩამოვარდეს შუღლი რძალთანაც, რადგან რძალსაც თავის მხრივ, მშობლების სახლში არ აქვს წილი არანაირ საკუთრებაზე. „წადი პატრონს ჩაბარდი და შენი სახლი გექნება“. ასეთი დამოკიდებულება ქალის მიმართ გენდერული უთანასწორობაა.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა ყველა სფეროზე ვრცელდება, მათ შორის, საკუთრებაზეც. საკუთრების თანაბარი უფლება დაცულია და აღიარებულია კანონით.