15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ინტერვიუ ანნა ლილუაშვილთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

კავშირი ფრეიასკამპანიისქალები საკუთრების უფლებისთვისფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციაფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაშიფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელიაკავშირი ფრეიადა შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ანნა ლილუაშვილი საერთო სამართლის, ასევე არასრულწოვათა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ადვოკატია, საერთო სამართლის მაგისტრი და არბიტრთა ასოციაციის წევრი არბიტრი. ამჟამად საერთაშორისო მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „სითი ლუქსის“ მთავარი იურისტი და ბიურო „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის“ ადვოკატია.

საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?

დიახ, საქართველოს კონსტიტუციით ქალთა და მამაკაცთა საკუთრების უფლება თანასწორია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასევე არ ცნობს ქალთა და მამაკაცთა შორის სამართლებრივ განსხვავებებს საკუთრების უფლების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ხშირად საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები ხელმძღვანელობენ დამკვიდრებული შეხედულებებით და არა კანონით. ამის გამო, საქართველოში მემკვიდრეობის განაწილებისას უძრავი ქონება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვაჟს რჩება. საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით მამაკაცები აშკარად ლიდერობენ ქონების საჯარო რეგისტრაციით.

 

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?

საკანონმდებლო ჩანაწერით, მემკვიდრეობა ორი სახისაა – კანონით და ანდერძით. მიუხედავად არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა, სოციალური პრაქტიკები ადასტურებენ, რომ ხშირ შემთხვევებში სამკვიდრო წილის არათანაბარ გადანაწილებას გენდერული ჩაგვრის განზომილება აქვს. ქართულ ოჯახში მემკვიდრეობის განაწილების პრაქტიკები გვიჩვენებს, რომ ქალები, ძირითადად, არც ითხოვენ თავის კანონიერ წილს. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ეს ძირითადად კულტურული ნორმის ბრალია, როდესაც საკუთარი წილის მოთხოვნა აღიქმება, როგორც ძმისთვის კუთვნილი ქონების წართმევა. ქალები უარს ამბობენ მემკვიდრეობაზე, რადგან არ უნდათ გაიფუჭონ ოჯახთან ურთიერთობა და იციან, რომ საზოგადოება უარყოფითად შეაფასებს ქალისთვის ქონების გაყოფას. თუმცა უნდა ითქვას, თაობათაშორისი დისკურსი სამკვიდრო წილთან მიმართებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდასთან ერთად იცვლება.

აქვე საინტერესოა მემკვიდრეობის წილის მოთხოვნა განქორწინების შემთხვევაში. სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გავრცელებულია მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ოჯახის მიერ შეძენილი ქონება რეგისტრირდება მხოლოდ ერთ, უმეტესწილად მამაკაც მეუღლეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი ქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით. ტერმინი მეუღლე გენდერულად ნეიტრალურია. კანონი აძლევს ქალს შესაძლებლობას, მოითხოვოს მეუღლისგან იმ ქონების გაყოფა, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მეუღლეთა შორის საქორწინო კონტრაქტია შედგენილი და ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი).

უნდა აღინიშნოს, რომ ქალები ყოფილ მეუღლესთან ქონებაზე დავას არ გაურბიან. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ქმრის ქონებაზე პრეტენზიის გამოხატვის დროს არის საერთო შვილების საჭიროებები, რაც დამეთანხმებით ძლიერი მოტივატორია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

აქტივების ფლობის უფლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ისეთ ადგილებში, სადაც იურიდიული განათლების ნაკლოვანება შეინიშნება, ქალები ხშირად ამჯობინებენ ქონების მესაკუთრე იყოს მამაკაცი, ვინაიდან ის წარმართავს ოჯახს, ბიზნესს თუ სხვა. აქტივების მფლობელი ქალების დიდი ნაწილი ქვრივია, გაშორებული ან განქორწინებული. ამდენად, აქტივების ფლობის საკითხი ქალებისთვის ძირითადად მაშინ დგება, როდესაც იგი მამაკაცი პარტნიორის გარეშე რჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობლებს 2-3 უძრავი ქონება აქვთ და ძმასთან საკუთრების გაყოფა “უმტკივნეულოდ” შეიძლება, ქალები ინიციატივას იშვიათად იჩენენ.

 რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?

ქალები, რომლებიც არ/ვერ ფლობენ საკუთრების უფლებას ნაკლებად რეალიზებულნი არიან, რაც იწვევს მათ ფინანსურ, ეკონომიკურ, მორალურ დამოკიდებულებას მამაკაცებზე.

სამოქალაქო კოდექსი მკაფიოა ქორწინებაში მეუღლეთა თანასწორობის საკითხზე. მაგრამ არსებობს კონფლიქტი სამოქალაქო კოდექსის დებულებებს მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სისწორის პრეზუმფციის შესახებ ნორმებს შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ უძრავი ქონება რეგისტრირებულია ერთ მეუღლეზე, მას შეუძლია განასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს ეს ქონება თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. მეტიც, დაურეგისტრირებელი თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა გარიგების დადებისას დაუშვებელია.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამ უფლების უგულებელყოფას?

ქალთა ქონებრივი უფლებების რეალური დაცვა საქართველოში დღემდე აქტუალური გამოწვევაა. ეკონომიკური პრივილეგიების კაცისთვის მინიჭება ხელს უწყობს მის ქალზე ბატონობას. ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობა მათი დამოუკიდებლობის საყრდენია.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზები? რამდენად ხედავთ საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას?

ჩვენი კანონი ნეიტრალურია და მამაკაცებს ზედმეტ უფლებებს არ ანიჭებს, მაგრამ, ამავდროულად, არაფერს აკეთებს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ, პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივი გზა, პირველ ეტაპზე, როგორც მინიმუმ თანამფლობელობის პრაქტიკის დამკვიდრებაა, რაც დღეს საქართველოში იშვიათია. უფრო მეტიც, არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსახლეობისათვის ეს პრაქტიკა უცნობია.

 

 

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები