27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერვიუ ანნა თვარაძესთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

„კავშირი ფრეიას“ კამპანიის „ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კავშირი ფრეია“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 ანნა თვარაძე 2006 წლიდან მუშაობს „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) იურისტად. ნამუშევარი აქვს არაერთ რეზონანსულ საქმეზე. იყო სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი. ამჟამად ძირითად საქმიანობასთან ერთად ჩართულია სხვადასხვა პროექტში როგორც მიწვეულ ტრენერად, ასევე იურისტ-ტრენერად.

ქალი და საკუთრება

ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით. ყოველი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა შექმნას პირობები, სადაც უზრუნველყოფილია ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის უფლებას თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანასწორად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.

საქართველოს კონსტიტუციით ქალი და მამაკაცი თანასწორია და მათ ერთნაირი უფლებები გააჩნიათ. მათი თანასწორუფლებიანობა საკუთრებასა და მემკვიდრეობაზეც ვრცელდება. საკუთრების თანაბარი უფლება დაცულია და აღიარებულია კანონით, რომელიც განასხვავებს მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას.

ინდივიდუალურია თითოეული მეუღლის ის საკუთრება, რომელიც მას ქორწინებამდე ეკუთვნოდა, ან ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით თუ ჩუქებით. მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ყველაფერი ის, რაც მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს. საყურადღებოა, რომ ხშირად ერთ-ერთი მეუღლე მუშაობს და არჩენს ოჯახს, მეორე კი ეწევა საოჯახო საქმიანობას, უვლის შვილებს და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. ასეთ შემთხვევაშიც, ქორწინებაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებად ითვლება, თუნდაც მხოლოდ ერთი მეუღლის შემოსავლით იყოს შეძენილი.

საქართველოს კონსტიტუციით ქალი და მამაკაცი თანასწორია და მათ ერთნაირი უფლებები გააჩნიათ, როდესაც მემკვიდრეობის საკითხი დგება. თუმცა, ქვეყანაში გავრცელებულია პრაქტიკა, ქონების უმეტესი ნაწილი ვაჟს დარჩეს. ამას ძირითადად ტრადიციას და ადათ-წესს უკავშირებენ.

მაგრამ ქონების გადაცემის და რეგისტრაციის შესახებ კანონის მიხედვით ქალს და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვთ.

ოფიციალური მონაცემებით 2014-2020 წლებში საქართველოში რეგისტრირებული ქონებიდან 56% მამაკაცს ეკუთვნის, ხოლო 44% ქალს. საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში – დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში – ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაცია საშუალოზე დაბალია.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს,  რომ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, გენდერული თანასწორობის პრინციპი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით დარღვეულია. აღნიშნული დიდწილად გამოწვეულია საზოგადოებაში  გავრცელებული სტერეოტიპებით და საჭირო ინფორმაციის ნაკლებობით.

რას ამბობს საკუთრების უფლებაზე საქართველოს კონსტიტუცია?

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად:

  1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
  2. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
  3. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად:

  1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
  2. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია საჯარო ინტერესებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
  3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
  4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი ქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით. კოდექსში გამოყენებულ ტერმინები (მეუღლე, მემკვიდრე, მამკვიდრებელი, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული ცნებები) გენდერულად ნეიტრალურია, არცერთი კონკრეტულ გენდერს არ მოიაზრებს და არც არაპირდაპირ მიანიშნებს რომელიმეზე. ამრიგად ვასკვნით, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქალებისთვის საკუთრების უფლების მამაკაცებთან თანაბრად განხორციელების საშუალებას.

ქალები ფინანსური სიძნელეების წინაშე

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ქალები ძირითადად წარმოადგენენ მიკრო და მცირე ბიზნესს და როგორც წესი ხშირად დგანან ფინანსური სიძნელეების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ მას უფრო ხშირად აქვს დაფინანსების მიღების საჭიროება, ქალი მეწარმისთვის ეს დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული. მიზეზი ხშირად ისაა, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია ოჯახის უფროსის სახელზე და მათ ძირითად ნაწილს, განსაკუთრებით სოფლად (69,4%-ს), მამაკაცები წარმოადგენენ.

ქალისთვის რთულია სესხის ქონებით უზრუნველყოფა, როგორც მინიმუმ მამაკაცის ნებართვის გარეშე. ასევე ოჯახებს, სადაც ქალები არიან შინამეურნეობის უფროსები და გადაწყვეტილების მიმღებები, როგორც კვლევამ აჩვენა, ნაკლებად აქვთ დამოუკიდებელი და სტაბილური შემოსავლის წყაროები, რაც კიდევ უფრო ართულებს მათთვის მაღალი საპროცენტო სარგებლის სესხის აღების ან/და დაფარვის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის ქალის როლი დისკრიმინირებული პრაქტიკა საკმაოდ განსხვავებულია.

მაგალითად, არ არსებობს პოზიციები, რომელიც კანონით მხოლოდ მამაკაცს შეუძლია დაიკავოს, და ოფიციალური შიდა რეგულაციებით ერთი და იგივე პოზიციაზე ქალი და მამაკაცი არ უნდა იღებდნენ განსხვავებულ ანაზღაურებას. რეალურად კი ქალების ანაზღაურება მამაკაცებზე 40%-ით ნაკლებია.

ამასთან, მმართველ და შესაბამისად, უფრო მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე უმეტესად კაცები არიან. ასევე, სხვადასხვა თვისობრივმა კვლევებმა აჩვენა, და ექსპერტთა მოსაზრებებიც ძირითადად ამ აზრს ეთანხმება, თანაბარ პირობებშიც კი დაწინაურების შანსი მამაკაცს მეტი აქვს ვიდრე ქალს.

ქალებს სამსახურის შერჩევისას ასევე ზღუდავს ბავშვის აღზრდის ვალდებულება. ამ მიმართულებით აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით რეგიონებში. ათასწლეულის განვითარების მიზნების 2014 წლის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, სკოლამდელი განათლება ბავშვების 46 პროცენტისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ პრობლემის აღმოფხვრა მნიშვნელოვნად გამოათავისუფლებს ქალთა დროს და მისცემს მათ შრომის ბაზარზე გააქტიურების შესაძლებლობას.

#PINGeorgia
#EU4Georgia
#PINSupportsCSOs

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები