ცხრაკლასდამთავრებულ მოსწავლეებს, აპრილიდან, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ დამამთავრებელი კლასების პროგრამა პროფესიულ კოლეჯებში გაიარონ და პროფესიის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, სკოლის ატესტატიც აიღონ. ეს საინტერესო სიახლე პროფესიულ კოლეჯებში სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს, მომავალში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შანსს მისცემს.
სიახლე იქნება სწავლების მეთოდიკაშიც, რისთვისაც მასწავლებლებს კონკურსის წესით შეარჩევენ. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამბობს, ფაქტობრივად, პროფესიულ განათლებაში მასწავლებლის ახალი ტიპი გაჩნდა — ინტეგრირებული მოდულების მასწავლებელი. რამდენიმე თვეში, ეს ახალი ტიპის მასწავლებლები კოლეჯებში გამოჩნდებიან და პროფესიული კოლეჯები ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეების სწავლებას ახალი მეთოდით დაიწყებენ. „მასწავლებელმა უნდა შეძლოს, კონკრეტული პროფესიისთვის რელევანტური თემატიკის შეთავაზებით სტუდენტის სწავლის შედეგებზე გაყვანა. ეს ძალიან საინტერესო სამუშაოა მასწავლებლისთვის, ვინაიდან ყველა დარგში და ყველა მიმართულებით, კონკრეტულ პროფესიასთან მოუწევთ თემატიკის მისადაგება.“
მართალია, კოლეჯებს სრული ზოგადი განათლების კომპონენტი ემატებათ, თუმცა, საგნების სწავლების ფორმა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლებისგან განსხვავებული იქნება. პირველი სხვაობა — ის თოთხმეტი საგანი, რომელიც X-XII კლასებში ისწავლება, შეიკუმშა და ექვს მოდულში გაერთიანდა. მაგალითად, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფიის ნაწილი მეცნიერების მოდულში ინტეგრირდა და ერთ საგნად ისწავლება, ისტორია და სამოქალაქო განათლება მეორე საგნად. ამასთანავე, მოსწავლე, მაგალითად, ქიმიაში, თეორიული სწავლების შემდეგ, გამოცდებს პრაქტიკული ექსპერიმენტებით ჩააბარებს.
სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე ამ პროცესს ასე ხსნის: „ყოველი ახალი საკითხის შესწავლის შემდეგ, ახალგაზრდა ქმნის გარკვეულ პროექტს, შემოქმედებით პროდუქტს, რითაც ადასტურებს, რომ გაიგო ის, რის შესახებაც მასწავლებელი აწვდიდა ინფორმაციას. მაგალითად, ქიმიის შემთხვევაში, ქიმიური ელემენტების შესწავლის პროცესში, მას შეიძლება პროექტულ დავალებად ჰქონდეს, შეისწავლოს ნიადაგის შემცველობა და რეკომენდაცია მიაწოდოს ნაკვეთის მფლობელს, როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ არ გადაიწვას ნიადაგი და უფრო მოსავლიანი იყოს შემდგომ წლებში.“
სწორედ ასეთი, სასკოლო და პროფესიული სწავლების, ინტეგრირებული მეთოდია სიახლე. საქართველოსთვის ეს იმდენად ახალია, რომ შეიძლება ექსპერიმენტული სწავლებაც კი ეწოდოს. შესაბამისი მასწავლებლების გამოსავლენად, კონკურსი გამოცხადდა.
პროფესიულ კოლეჯებში სასკოლო საგნების დამატება ცხრაკლასდამთავრებულთათვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აქამდე მათთვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალება ფაქტობრივად არ არსებობდა. პროფესიული განათლების სისტემა ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას 2020 წელს, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, დაიწყებს და სტუდენტებს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებას პირველად შესთავაზებს. ინტეგრირებული სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა და დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების საკითხებს შეეხება. ტრენინგს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის ატარებდა. ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილიც შეხვდა და ინიციატივის დანერგვის პროცესში სამინისტროს მხარდაჭერაზე ესაუბრა.
კახა ერაძე უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ზოგადი განათლების ინტეგრირებას პროფესიულ სწავლებაში, რამაც უნდა აღმოფხვრას წლების განმავლობაში არსებული საგანმანათლებლო ჩიხი. „ამ საკითხის ირგვლივ შეხვედრები, ტრენინგები და ინტერვენციები სისტემაში, წლის ბოლომდე, ინტენსიურად გაგრძელდება. ხარისხის განვითარების ცენტრის მისიაა, ხელი შეუწყოს ხარისხის განვითარებას. ამგვარად, ჩვენ კოლეჯებს არ ვტოვებთ იმ გამოწვევების წინაშე, რაც მათ ახალმა დებულებამ დაუყენა.“
ზურაბ ოშხნელი, თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი: „ინტეგრირებული სწავლება სიახლე არ არის, უფრო კარგად დავიწყებული ძველია, მხოლოდ სხვა სახელი ერქვა და სხვა ფორმით ხორციელდებოდა. სიკეთე ის არის, რომ ეს სისტემა ბრუნდება უფრო მეტად გააზრებული, გაფილტრული, უკეთ მოფიქრებული, უფრო თანამედროვეობაზე მორგებული და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს როგორც განათლების სამინისტროს, ისე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელთა დიდი ძალისხმევით დაიწყო, თავის დროზე, ამის პილოტირება.“
ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა, ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგების განხილვა, რომელშიც თამარ ქიტიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. განხილვას განათლების ექსპერტები, სფეროს საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის კვლევის შედეგების განხილვის დროს მხარეებმა, საკვანძო კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოსთან მიმართებაში, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ ისაუბრეს.
თამარ ქიტიაშვილი ამბობს, რომ კვლევამ ცხადად აჩვენა, სტანდარტებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დონეზე, საკვანძო კომპეტენციები სათანადოდ არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს გარკვეული გამოწვევები განხორციელების პროცესში. ევროპის განათლების ფონდის მხრიდან გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა იქნება ევროკავშირსა და სამინისტროს შორის მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერის მასშტაბური ღონისძიებების დიდი ნაწილი.
ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით ევროკავშირთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
ლალი თვალაბეიშვილი