27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი – თანამშრომლობით დაგეგმილი აქტივობები

spot_img
ეკა დარჩია
სსიპ ქ. ოზურგეთის №4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობაზე დღეს ბევრს ვსაუბრობთ. სწორედ ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად; საინტერესოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახვოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე.

ჩემს კოლეგებთან ერთად დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილი შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მე და საზოგადოება, მუსიკა და ინგლისური.

ქართულში შევარჩიეთ თემა: ტ. ჭანტურიას „სამშობლო“.

გამოვკვეთეთ მიზნები საგნების მიხედვით.

დავგეგმეთ თითოეული აქტივობა საგნების მიხედვით; განვსაზღვრეთ, რა მიზანზე გაგვიყვანდა სასწავლო მასალის  აერთიანება. ახალი ცოდნა კი არ უნდა მიგვეწოდებინა მოსწავლისათვის, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიგვეცა. ჩვენ მიერ ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს უნდა შეძლებოდა სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.

შევქმენით რესურსები.

განვსაზღვრეთ თითოეული აქტივობის დრო.

მოვიწვიეთ სკოლის მასწავლებლები და დირექცია.

მივიღეთ მათგან უკუკავშირი.

ქართული ლიტერატურა მიზანი:

♦ სამშობლოს სიყვარულის გაღვივება და პატივისცემა;

♦ ლექსის გაგება-გააზრება/კითხვებზე პასუხების გაცემა;

♦ ფაზლის აწყობა;

♦ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევათა გამომუშავება;

♦ ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენაში, მუსიკაში, მე და საზოგადოებასა და ინგლისურ ენაში. კერძოდ, სახელმწიფო სიმბოლიკებისა და საქართველოს კუთხეების დაკავშირება ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის მოქმედებასთან.

შედეგები: ქართ.დაწყ. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

მუსიკა – მიზანი:

  • მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მუსიკის მოსმენით სამშობლოს სიყვარულის გამოწვევა;
  • მოსმენის დროს მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის, რეგისტრის) როლის განსაზღვრა.

მე და საზოგადოება მიზანი:

♦ სახელმწიფო სიმბოლიკების გაცნობა.

შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ სახელმწიფო სიმბოლოების აღწერას და უცხოელი თანატოლების დაინტერესებას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებით.

ინგლისური ენა მიზანი:

♦ საქართველოს კუთხეების ინგლისური დასახელების ამოკითხვა

შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ საქართველოს კუთხეების ინგლისურად დასახელებას.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა – არეული ასოებით ააწყვეთ სიტყვა – 1წთ

სამშობლო (მიზნის გაცნობა) – 2წთ

აქტივობა – ,,ასოციაციური რუკა – 2წთ

აქტივობა-ლექსის ჩარჩო (დავალების შემოწმება) – 2წთ

აქტივობა პრეზენტაციის ჩვენება – 3წთ

აქტივობაგრაფიკული ორგანიზატორი მთავარი ფრაზა – 3წთ

აქტივობა – (დედამიწის მოდელი ბურთით) – 2წთ

საიდან იწყება შენთვის სამშობლო?

მუსიკა 6წთ

აქტივობამასწავლებლის მინი-ლექცია – 2წთ

საქართველოს ჰიმნის მუსიკა დაიწერა ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,დაისის“ მიხედვით, ხოლო ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ. სიმღერის ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი მწერლების: აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან, რომლის საბოლოო ვერსიის ავტორია დავით მაღრაძე.

აქტივობა – ჰიმნის მოსმენა – 1წთ

რეფლექსია – 4წთ

  • რა ემოცია დაგეუფლა, როცა ჰიმნს მოუსმინე?
  • როგორი ხასიათის მელოდია აქვს ჰიმნს?
  • როგორი რიტმითაა გადმოცემული?
  • როგორ ტემპში შესრულდა ჰიმნი?
  • რამდენი ადამიანი ასრულებდა სიმღერას?
  • რა ჰქვია ბევრი მომღერალი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს?
მე და საზოგადოება – 2წთ

აქტივობა – მასწავლებლის მინი-ლექცია

 საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკები

საქართველოს სახელმწიფო დროშა – თეთრი მართკუთხა ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში ოთხი მცირე ზომის ჯვარია.

საქართველოს სახელმწიფო გერბი – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო, დროშასთან და ჰიმნთან ერთად. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. ქვეყნის სახელმწიფო გერბი მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს.

ჰიმნი – საზეიმო სიმღერა, სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლო, რომელიც სრულდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოვლენების დროს.

რეფლექსია – 5წთ

აქტივობა – „კითხვები ტრიადებს“

  1. როგორ გააცნობდი შენს უცხოელ თანატოლს ჩვენი ქვეყნის გერბს? (ელენე თავბერიძე, ლადო ჩხაიძე)
  2. როგორ გააცნობდი შენი ქვეყნის დროშას?
  3. რას ეტყოდი შენს სამშობლოზე?
  4. რომელ ღირსშესანიშნავ ადგილს აჩვენებდი შენს მხარეში?
  5. რას ნიშნავს გამოთქმა გერბზე „ძალა ერთობაშია“?
ქართული

აქტივობა – „კითხვები ტრიადებს“ – 6წთ

  • როგორი ყოფილა საქართველო?
  • რომელი მდინარეებია ლექსში ნახსენები?
  • რატომ გაუკვირდა ბიჭს მამის ნაამბობი?
  • რა ინატრა ბიჭმა?
  • მოგეწონათ ბიჭის ნატვრა? რატომ?
  • შესაძლებელია ბიჭის ნატვრის ახდენა?
  • თქვენ თუ გაგჩენიათ ასეთი ნატვრა?
  • როგორ შეიძლება ამ ნატვრის ახდენა?
  • თქვენ თუ ყოფილხართ ექსკურსიაზე?
  • დაახასიათეთ ბიჭი.
  • რისი თქმა სურს პოეტს?
  • დაასახელეთ საქართველოს კუთხეები.
ინგლისური

აქტივობა – წინადადების აწყობა – 5წთ

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს საქართველოს რუკას, სადაც ინგლისურად არის ჩამოთვლილი საქართველოს კუთხეები. სთხოვს მოსწავლეებს, იპოვონ ისეთი ასოები, რომლებიც გვაქვს ქართულში და არ გვაქვს ინგლისურში. მოსწავლეების მიერ ნაპოვნ ასოებს მასწავლებელი წერს დაფაზე და უწერს ინგლისურ ასოთა შეთანხმებებს. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ თითოეული კუთხის უკან იმალება საიდუმლო ასო. სთხოვს მოსწავლეებს, იპოვონ სხვადასხვა კუთხე, რუკაზე მინიშნებების მიხედვით. ნაპოვნი ასოებით მოსწავლეები აწყობენ წინადადებას.

I Love Georgia

საშინაო დავალება – წერილობით გადმოეცით ლექსის შინაარსი – 1წთ

შეფასება – გასასვლელი ბილეთები – 2წთ

ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები იყვნენ. ცდილობდნენ, თავად გაეანალიზებინათ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს. შეიმუშავეს დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზები. გაუძლიერდათ დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები