1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ინტეგრირება – სწავლების უპირობო ბერკეტი

spot_img

ნანი პოპიაშვილი
სსიპ დედოფლისწყაროს 1 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი

 

 

დღევანდელ დინამიურ გლობალურ ეკონომიკაში და თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, ტრანსფერს. თუ ადრე ადამიანს შეეძლო დაუფლებოდა გარკვეულ პროფესიასა თუ უნარ-ჩვევებს და ასე გაეტარებინა მთელი ცხოვრება, დღესდღეობით, მუდმივად ცვალებად სამყაროში, წარმატებას აღწევენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ რამდენიმე დისციპლინას, აქვთ უნარი რთული და მრავალფეროვანი პრობლემების გადაჭრის. კრეატიულობა, ადაპტაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება და თანამშრომლობა უაღრესად ღირებული უნარებია.

ამიტომაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაა, რომ ბავშვს შევუქმნათ ერთიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებასა და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. მოსწავლე სამყაროს სხვადასხვა კუთხით შეიმეცნებს, თუმცა იგი ერთიანია და არა დანაწილებული საგნებად და სფეროებად, შესაბამისად, სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოსწავლეს უნდა აძლევდეს სამყაროს მთლიანობაში აღქმის შესაძლებლობას. სასწავლო დისციპლინები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული. საგანთაშორისი კავშირების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ გარე სამყაროს მოვლენებსა და პროცესებს შორის მრავალნაირი მიმართება და ჩავწვდეთ მათ შორის ურთიერთქმედების არსს.

საგანთაშორის კავშირებს უდიდესი როლი ენიჭება, რადგანაც სწავლების და განათლების სტრუქტურას უკავშირდება და აისახება სწავლების მეთოდებში, ფორმებსა და საშუალებებში. მართალია, მეცნიერებათა საფუძვლები სასკოლო სისტემაში ცალ-ცალკე ისწავლება, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და მუშაობა არ არის დანაწევრებული მათემატიკის, ქართულის, ბუნების და ინგლისურის ნაწილებად.

პედაგოგიური სწავლება, ისევე როგორც ცხოვრება და საქმიანობა, ერთიანი პროცესია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, გაღრმავებული სწავლება ერთ-ერთი ძირითადი მეთოდური ორიენტირია, რომელიც, სასწავლო მასალის ეტაპობრივი და მრავალმხრივად მიწოდების გარდა, გულისხმობს საგანთაშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების დამუშავებას. ინტეგრირებული გაკვეთილები კი, ამგვარი მიდგომის ერთ-ერთი ფორმაა. სწავლება მოიცავს ისეთი საგნების ერთმანეთთან დაკავშირებასაც, რომლებიც, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამ კავშირების აღმოჩენა მოსწავლეებს ეხმარება, სიღრმისეულად, ახლებურად და ორიგინალურად მიუდგნენ სწავლის პროცესს, მიიღონ რეალური, ღრმა ცოდნა და გამოცდილება.

ინტეგრაცია გულისხმობს ცალკეული ნაწილების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ამ საგნებს შორის კავშირი უნდა იყოს ორგანული და მათი შერწყმა უნდა გვაძლევდეს საშუალებას, დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები. ინტეგრირებული სწავლების დადებითი ეფექტები მხოლოდ შედეგში არ ჩანს. კონკრეტული მიზნის მიღწევის გზაც სასიამოვნო და საინტერესო უნდა იყოს.

ინტეგრირებული გაკვეთილების ორიგინალურობა დადებითად აისახება მთელ პროცესზე – არის მოსწავლეთა უფრო მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, უვითარებს მათ შემეცნებით უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და გამომდინარეობს მისგან, მაგალითად, თანამშრომლობა, პრობლემის მოგვარება, კავშირების დანახვა.

ინტეგრირებული სწავლება აერთიანებს მრავალფეროვან დისციპლინებს ისე, რომ მოსწავლეებს კომპლექსური ასოციაციების გააზრების საშუალება ეძლევათ თემის ფარგლებში. მისი საშუალებით უფრო ნათელად იკვეთება კავშირები და მოსწავლეები არ იღებენ ფრაგმენტულ, დაუკავშირებელ თემებს. ამგვარი მიდგომის საშუალებით სკოლაც უფრო კარგი და საინტერესო ხდება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

ინტეგრაცია უზრუნველყოფს საკითხის სიღრმისეულ და ფართო გაგებას, რაც სცილდება ინდივიდუალური საგნის ცოდნას. ინტეგრირებული გაკვეთილის პედეგოგიური ეფექტი საყურადღებოა მრავალი მიზეზის გამო. მოსწავლეებს შეუძლიათ კონკრეტული თემის მრავალმხრივი განხილვა, აქვთ სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის გააქტიურებისა და განხვავებულ კონტექსტში გამოყენების შესაძლებლობა.

საერთო სასწავლო მიზნების მიღწევა სხვადასხვა კლასში, სხვადასხვა მასწავლებლის მიერ, სწავლების უფრო ეფექტური გზაა და ორიენტირებულია მოსწავლეთა წარმატების ზრდაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები სწავლობენ მასწავლებელთა თანამშრომლობის ამ მოდელის გაგრძელებას, სწავლის, დისციპლინისა და სხვების ინტერესების გათვალისწინებით, თანამშრომლობენ თანატოლებთან, ამყარებენ კავშირებს თავიანთ ცოდნასა და ახალ იდეებს შორის, მუშაობენ განსხვავებული პერსპექტივებიდან; სწავლობენ პრობლემის გადაჭრას, შემოქმედებითობას, მოქნილობას. მოგეხსენებათ, ხშირად არ გვაქვს იმის შანსი, ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ განათლებას რეალური ღირებულება აქვს და მათ ეძლევათ შესაძლებლობა იმისა, რომ გააერთიანონ მიღებული ცოდნა, უნარები და გამოიყენონ პრაქტიკაში.

ინტერდისციპლინარული მიდგომით შესაძლებელი ხდება:

√ მოსწავლეთა მიერ საგნებს შორის კავშირის დანახვა;

√ ახალი და სწრაფად ცვალებადი ინფორმაციის მოკლე დროში უფრო ეფექტური შესწავლა;

√ გადაწყვეტილებების მიღების უნარი, კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნება, დისციპლინების მიღმა ცოდნის სინთეზირება;

√ პრობლემების გადაჭრისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის იდენტიფიცირება, შეფასება და გადაცემის უნარი;

√ კოოპერატივის სწავლების ხელშეწყობა, საკუთარი თავის გააზრება, როგორც მოსწავლისა და, ასევე, საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრისა;

√ ახალი პერსპექტივიდან საკუთარი დისციპლინის კიდევ ერთხელ გაცნობა;

√ არაიზოლირებული საგანმანათლებლო გამოცდილება;

√ მოსწავლეებისათვის ახალი გზების ჩვენება, თუ როგორ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და ცოდნა;

√ გაზრდილი მოტივაცია.

ინტეგრირებული სწავლება ეხმარება მოსწავლეებს მრავალმხრივი ექსპერტიზის განვითარებასა და რეალურ სამყაროში ადაპტაციისთვის.

 

https://study.com/academy/lesson/integrated-lessons-definition-examples.html

https://study.com/academy/topic/teaching-materials-resources.html

https://study.com/teacher/index.html

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები