მონიკა ჯანაშია
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი
ტერმინი „ინკლუზია“ გადმოღებულია ინგლისურიდან, ნიშნავს ჩართვას/ჩართულობას და გულისხმობს განსხვავებული ნიშნის მქონე ბავშვების რაიმე ფორმით ჩართვას სასწავლო პროცესში, თანატოლებთან ერთად.
ინკლუზიური განათლება ეს არის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა (ესგ-ის მიხედვით) და ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი საგანმანათლებლო პრინციპის რეალიზება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, რაც თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას ყველა მოსწავლისთვის. ინკლუზიური განათლების პროცესი, გარკვეულწილად, გულისხმობს ინტელექტუალურ სირთულეებს, რაც სავსებით ბუნებრივი და მოსალოდნელია. ინტელექტუალური სირთულეების დროს, გარდა კოგნიტური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შეზღუდვისა, ასევე, აღინიშნება ადაპტური ქცევის დარღვევა. ადაპტურ ქცევებში იგულისხმება სოციალურ, კონცეპტუალურ და პრაქტიკულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემები. სასწავლო კონტექსტში მათთვის გართულებულია გარკვეული ცოდნის, ცნებებისა და კონცეფციების დაუფლების პროცესი და გარემოში სოციალიზაცია. ისინი ხშირად ავლენენ სირთულეებს ისეთი უნარების თვალსაზრისით, როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მიზნების დასახვა და პრობლემის გადაჭრა.
არსებობს შემდეგნაირი ინტელექტუალური სირთულეები:
⇔ სოციალური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარების სირთულე;
⇔ გაზრდილი დროის საჭიროება ცოდნისა თუ ახალი სასწავლო მასალის კოგნიტური გადამუშავებისთვის;
⇔ ახალი და განსხვავებული ინფორმაციის გაგების სირთულე;
⇔ აბსტრაქტული ცნებების გაგებისა და დაუფლების სირთულე;
⇔ ინფორმაციის თანმიმდევრულად გადამუშავების სირთულე.
რელევანტური, მასტიმულირებელი და პროდუქციული სასწავლო გარემოს შეთავაზებისას, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა სახის აკომოდაციებსა თუ მოდიფიკაციებს საჭიროებს მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში.
ინტელექტუალური სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის არსებობს გარკვეული მეთოდიკა და სტრატეგიები. ესენია:
⇔ დავალებების მცირე ნაწილებად და ეტაპებად დაყოფა;
⇔ კონკრეტული გამოცდილებით, კეთებით სწავლა;
⇔ ვიზუალური საყრდენის გამოყენება;
⇔ მყისიერი და პოზიტიური უკუკავშირი;
⇔ მუსიკის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში;
⇔ ყურადღება გაამახვილეთ სკოლის სოციალურ ასპექტებზე;
⇔ იყავით მომთმენნი.
სწავლის სირთულეები ზოგადი ტერმინია, რომელიც მიემართება ჰეტეროგენულ ჯგუფს. ის შესაძლებელია გამოვლინდეს მოსმენის, საუბრის, კითხვის, წერის, მსჯელობის ან/და მათემატიკური უნარების დაუფლებისა და გამოყენების მნიშვნელოვანი შეზღუდვით ნორმალური ინტელექტისა და ადეკვატური ინსტრუქციების პირობებში. სწავლის სირთულეები, უმეტესწილად, სკოლაში შესვლისას ვლინდება, რადგან მოსწავლე ახალი მოთხოვნების წინაშე დგება.
კითხვის სირთულეებს მიეკუთვნება:
⇔ ფონოლოგიურ და ფონემატურ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული სირთულეები: ბგერებისა და მათი გრაფიკული გამოსახულების ერთმანეთთან დაკავშირება, სიტყვების მარცვლებად და ბგერებად დაშლა და გაერთიანება, სიტყვებში ბგერებით მანიპულაცია (სეგმენტაცია-იზოლაცია), მსგავსადმჟღერი სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევა და სხვა;
⇔ კითხვის შენელებული ტემპი;
⇔ დეკოდირების, გაგებისა და დამახსოვრების სირთულეები;
⇔ კითხვისას ბგერების ან სიტყვების გამოტოვება/ჩანაცვლება;
⇔ წაკითხულის გაგების სირთულე;
⇔ წაკითხულიდან ძირითადი აზრის, მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფის სირთულე;
⇔ დიდი ხნის მანძილზე კითხვის სირთულე.
სხვა სირთულეებთან ერთად, მოსალოდნელი და ბუნებრივია წერის სირთულეებიც, რაც გამოიხატება შემდეგით:
⇔ სიტყვების გამოტოვება;
⇔ მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომები;
⇔ წინადადების სტრუქტურის ჩამოყალიბება;
⇔ სიტყვებში ასოების გამოტოვება/დამატება;
⇔ დაფიდან ან წიგნიდან გადაწერის სირთულე;
⇔ გაუგებარი ხელწერა;
⇔ ასოთა სივრცეში განლაგების პრინციპის დაცვის სირთულე (ზედა და ქვედა რეგისტრი);
⇔ გარკვეული თემის დაგეგმვისა და ორგანიზების, საკუთარი ფიქრების წერილობითი ფორმით გადმოცემის სირთულე;
⇔ წინადადებების სწორი და ლოგიკური თანმიმდევრობით ჩაწერა;
⇔ წერის ნელი ტემპი;
⇔ სირთულეები ექსპრესიული ენის თვალსაზრისით.
ორგანიზების უნარის ჩამოყალიბება ინკლუზიურ განათლებაში არაერთ სირთულეს გულისხმობს. ორგანიზების უნარების ძირითადი სირთულეებია:
⇔ ორგანიზებისა და დროის მენეჯმენტის სირთულეები;
⇔ მიმართულებაზე მიყოლის სირთულეები;
⇔ წერისას ინფორმაციის ორგანიზების სირთულე;
⇔ ახალი დავალების დაწყების სირთულე;
⇔ დავალების შესრულებისას მეტი დროის საჭიროება;
⇔ სწავლისას სტრატეგიების შემუშავების სირთულე.
სოციალური უნარების სირთულეებია:
⇔ სახის გამომეტყველებისა და სხეულის ენის გაგებისა და ინტერპრეტირების სირთულე;
⇔ სარკაზმის გაგების სირთულე;
⇔ ვიზუალურ-სივრცითი უნარების თვალსაზრისით სირთულე — შესაძლებელია ხშირად იკარგებოდეს, უჭირდეს ნავიგაცია და მითითებების დახმარებით მიმართულებაზე გაყოლა;
⇔ დროში დისორიენტაცია, საათის ცნობის სირთულე.
გარდა აღნიშნულისა, ინკლუზიური განათლების პროცესი მოიცავს დამატებით შესაძლო სირთულეებს:
⇔ შეუსაბამო, იმპულსური ქცევები;
⇔ ადვილად გადაღლა და გამოფიტვა;
⇔ ყურადღების ადვილად გადართვადობა გარეშე გამღიზიანებლების მიმართ;
⇔ ყურადღების კონცენტრირებისა და სელექციის სირთულე;
ხშირადჰიპერ ან ჰიპო (ნორმაზე დაბალი) აქტიურობა.
სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მოსწავლეზე მორგებული მიდგომებით.