23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა

spot_img

მარიამ ფიჩხულაშვილი
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის ცხრა ძმა ხერხეულიძის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

 

ინკლუზიური განათლების მიზანია, განათლების სისტემა რაც შეიძლება ღია და მოქნილი გახდეს განსხვავებულობის, მრავალფეროვნების მისაღებად და მხარდასაჭერად; საგანმანათლებლო დაწესებულება კულტურით, სასწავლო გარემოთი, წესებით, სასწავლო გეგმით, მეთოდებით, მასწავლებელებით მოერგოს ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლეს.

კლასში, სადაც კონკრეტული სირთულეების მქონე ერთი სსსმ მოსწავლე მყავს, ვიყენებ სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგ.:

♦ დავალებების მცირე ნაწილებად და ეტაპებად დაყოფას;

♦ კონკრეტული გამოცდილებით, კეთებით სწავლებას;

♦ ვიზუალურ საყრდენს.

კონკრეტულ მოსწავლეს ახასიათებს შეუსაბამო, იმპულსური ქცევები, ყურადღების ადვილად გადართვადობა გარე გამღიზიანებლებისკენ, ყურადღების კონცენტრირების სირთულე, ჰიპერაქტიურობა. ამ დროს, ვცდილობ, დაბალანსებული აქტივობები შევთავაზო, ინფორმაცია მივაწოდო მულტისენსორული გზებით, გამოვყო საკვანძო საკითხები, მკაფიო და თვალსაჩინო ხერხები გამოვიყენო, ხშირად გავიმეორო მითითებები და მიმართულებები, რომელსაც ვაძლევ გაკვეთილის მსვლელობის პროცესში, გამოვიყენო გრაფიკული სისტემები.

გარდა არასასურველი ქცევისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ახასიათებს სოციალურ-ემოციურ სფეროსთან დაკავშირებული სირთულეები. ეს უნარები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსწავლის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. მას ხშირად უწოდებენ ემოციურ ინტელექტს, რომელიც მოიცავს საკუთარი და სხვების ემოციების გაგებისა და მართვის უნარების კომბინაციას. სოციალური უნარები, ასევე, მოიცავს სოციალური კონვენციების (შეთანხმებების) გაგებასა და გამოყენებას; იმ ფარული პროცესებისა და გზების დაფიქსირებას,რომელთა საშუალებითაც თანატოლები აწარმოებენ კომუნიკაციასა და ანტაგონისტურ ინტერქციას; ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარებს.

სოციალური უნარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მივმართავ სტრატეგიებს, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს საკლასო სივრცეში:

♦ ვაჩვენებ ემოციის გამომხატველ ფოტოებს და არჩევს ,,უკეთესს“;

♦ ვუხსნი გარკვეული ჟესტებისა და სხეულის ენის მნიშვნელობას;

♦ ვასწავლი ხმის ტონის, სიმაღლის, ტემპის მახასიათებლებს;

♦ ვიყენებ ცოცხალ ,,მოდელირებას“, როლურ თამაშებს, იმიტაციებს , ვიდეოებსა და ანიმაციებს;

♦ აქცენტს ვაკეთებ სასურველ ქცევაზე და მას წავახალისებ.

მოსწავლისთვის რელევანტური და მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს შექმნა ეფექტიანი სწავლა-სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები