27 ივლისი, შაბათი, 2024

ინიციატივა ციფრული რესურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირების ხელშესაწყობად

spot_img

გასულ თვეში, განათლების კოალიციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა საჯარო სკოლებისთვის კონკურსი გამოაცხადა – საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის სკოლების ქსელი. ინიციატივა მიზნად ისახავს პლატფორმაზე განთავსებული რესურსების პოპულარიზაციასა და სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობას. კონკურსში ჩართვის მსურველი სკოლები განაცხადების გაკეთებას 15 ივლისამდე შეძლებენ. კონკურსის პირობების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს, ქსელში ჩართულმა საჯარო სკოლებმა უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის CK-12 ქართულ გვერდზე არსებული რესურსების დანერგვა სასწავლო პროცესში, STEM საგნის მასწავლებლის პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართვა და მხარდაჭერა. შერჩეულ სკოლებს კონსულტაციას გაუწევენ CK-12-ის კონსულტან-მასწავლებლები, რომლებიც STEM საგნის მასწავლებლებს CK-12-ის სასწავლო პროცესში დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს გაუზიარებენ, გამართავენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სამუშაო შეხვედრებს და წარმატებული სკოლების გამოცდილებას გააცნობენ. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 სკოლა სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

განათლების კოალიციის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ წელზე მეტია, რაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა CK-12-ის ქართული რესურსების განვითარების პროექტზე. ახლახან, გაეროს ბავშთა ფონდთან ერთად, წამოწყებული ინიციატივა კი პროექტის ახალი ფაზაა, რომლის მიზანიცაა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შექმნილი რესურსის – ელექტრონული სახელმძღვანელოების (რაც ითარგმნა და ადაპტირდა ქართული საჭიროებების შესაბამისად) კიდევ უფრო მეტად პოპულარიზება და, რაც მთავარია, მასწავლებლებისთვის ამ რესურსის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.

ირინა ხანთაძე: „ასეთი მიდგომა გვაქვს – გვინდა, პირველ ეტაპზე, კონკურსის წესით შერჩეული 60 სკოლის STEM მიმართულების მასწავლებლებთან, მთელი წლის განმავლობაში, ჩვენმა კონსულტანტ-მასწავლებლებმა იმუშაონ. ისინი დაეხმარებიან და ურჩევენ, რა ფორმით და როგორ შეძლონ პლატფორმაზე არსებული ელექტრონული სახელმძღვანელოების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, რომ ამ რესურსით სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და ეფექტიანობის ამაღლება შეძლონ. ვფიქრობთ, CK-12-ის რესურსი მასწავლებლებს მრავალმხრივ იმაშიც დაეხმარება, რომ ბავშვებს უფრო საინტერესო და შესაბამისი სტილის დავალებები მისცენ. ელექტრონულ სახელმძღვანელოებში, STEM საგნების მიმართულებით, მასალა იმდენად პრაქტიკული კუთხითაა მიწოდებული, რომ გვჯერა, მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზეც იქონიებს გავლენას. თავისთავად, პროექტის მიზანიც ეს არის – ამ ელექტორნული რესურსების გამოყენებით, ხელი შევუწყოთ STEM მიმართულების საგნების სწავლის ეფექტიანობის ზრდას.

მართალია, შერჩეულ 60 სკოლაზე ვიქნებით ფოკუსირებული, მათთან ვიმუშავებთ და მოვიცავთ ათიათასობით მოსწავლეს, მაგრამ, პარალელურად, პროექტის ფარგლებში, ძალიან ბევრი საჯარო ღონისძიება, ვებინარი თუ სემინარი გვექნება სხვა დაინტერესებული მასწავლებლებისთვის. გვინდა, მეტი შეიტყონ ჩვენმა მასწავლებლებმა CK-12-ის რესურსების შესახებ და არ ვიყოთ ჩაკეტილი მხოლოდ ჩვენს სამიზნე 60 სკოლის მასწავლებლებთან. ამიტომ, პროცესში ბევრი სხვა საჯარო ღონისძიება იქნება გათვალისწინებული. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან. რეალურად, ეს ასოციაცია იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი შუა რგოლი მასწავლებლების ფართო სპექტრის დასაფარად.“

ირინა ხანთაძე კიდევ ერთ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას – ვებპორტალის პოპულარიზებას მხოლოდ მასწავლებლებში არ გეგმავენ, CK-12 მოსწავლეებშიც პოპულარული უნდა გახადონ, რადგან საკმაოდ პრაქტიკული და ადვილად ხელმისაწვდომი რესურსია, რომელიც შესაძლებელია, მოსწავლეებმაც დამოუკიდებლად საკმაოდ კარგად გამოიყენონ – დამოუკიდებელი სწავლებისას ცოდნის გასაღრმავებლად, განვლილი მასალის გახსენებისა თუ ცოდნის განახლების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, პროექტის კამპანიის ფარგლებში, ეცდებიან, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლებლებს პირადაპირ მისწვდნენ და მოტივირებული მოსწავლეები დააინტერესონ, დამოუკიდებლადაც გამოიყენონ ეს რესურსი.

სამიზნე პარტნიორი სკოლებიდან, რომლებიც კონკურსის ფარგლებში შეირჩევა, წახალისებისა და კარგი შემთხვევების/პრაქტიკის უკეთ წარმოჩენის მიზნით, პირველ ეტაპზე, დეკემბრის ბოლოს, 5 გამორჩეული სკოლა დასახელდება, ხოლო გაზაფხულის ბოლოს (შემდეგი სასწავლო წლის სემესტრის ბოლოს), დამატებით, კიდევ 5 წარმატებული სკოლა გამოვლინდება. „ეს ღონისძიება დაგვეხმარება, თავად სკოლები წავახალისოთ და, იმავდროულად, წარმოვაჩინოთ გამორჩეული, საინტერესო, ეფექტური პრაქტიკები, მათი მეტად პოპულარიზება მოვახდინოთ. შესაბამისად, ამ კონკურსის მიზანია: პარტნიორი სკოლების წახალისება და საუკეთესო პრაქტიკის/მაგალითების გავრცელება, რომ დანარჩენი სკოლებისა და მასწავლებლების ყურადღება მივიქციოთ. აქედან გამომდინარე, კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მთელი პროექტის განმავლობაში.“ – ამბობს ირინა ხანთაძე.

მართალია, პლატფორმის დანერგვის საჭიროება, განსაკუთრებულად, პანდემიის დროს გამოიკვეთა, როცა საგანმანათლებლო სისტემა ძირითადად ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაეწყო, მაგრამ ისიც მკაფიოა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ საწავლებისას გამოსაყენებელი რესურსი არ არის. ამაზე თუნდაც ის მრავალწლიანი გამოცდილება მეტყველებს, რომელიც 2007 წელს დაარსებულმა საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-მა დღემდე დააგროვა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც საშუალებას მისცემთ, ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“. დღემდე, CK-12-ის რესურსებით, მსოფლიოს მასშტაბით, 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის ქართულ გვერდს – www.ck12.edu.ge – 2020 წელს, განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა, ქართველი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის პლატფორმაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდასაჭერად.

პროექტის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები. ირინა ხანთაძე ამბობს, რომ პროექტს ბიძგი მისცა საგანმანათლებლო სფეროში კოვიდ პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამ, როცა ბავშვებს, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში მოუწიათ სწავლის გაგრძელება. განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ მაშინ გამოიკვეთა ციფრული რესურსების საჭიროება. „ამ გარემოებამ მოგვცა ბიძგი კოლიციასაც და გაეროს ბავშვთა ფონდსაც, დაგვეწყო პროექტზე მუშაობა. აქვე მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით ვთქვა, რომ ვებპორტალი, მიუხედავად იმისა ონლაინ რეჟიმში ვსწავლობთ თუ პირისპირ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი და ეფექტური დამატებითი რესურსია, რითაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მასწავლებელს შეუძლია, სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლისთვის ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისოც კი გახადოს. მის მრავალმხრივ სარგებელიანობას კიდევ ერთს დავამატებ – დღეს, როცა ბევრს ვსაუბრობთ რემედიაციაზე, იმაზე, რომ გარკვეული სასწავლო დანაკარგები გვაქვს (განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების განხრით) და გვინდა ამ დანაკარგების ანაზღაურება, ვფიქრობთ, CK-12-ის პლატფორმაზე განთავსებული რესურსის გამოყენება ძალიან ეფექტური იქნება მასწავლებლებისთვის. ვისაც სურვილი აქვს, გადახედოს, თვალი გადაავლოს იმ საკითხებს, რომელიც საკმარისად ვერ გაიაზრეს ბავშვებმა ან სათანადოდ ვერ დაეუფლნენ სასწავლო წლის განმავლობაში, შეუძლია ის ხელმისაწვდომი რესურსი გამოიყენოს, რასაც ვებპორტალი სთავზობს. ამ კუთხითაც გვინდა წავახალისოთ მასწავლებლები – არა მხოლოდ ონლაინ სწავლებისას, არამედ ჩვეულებრივ სასწავლო პროცესშიც დაიწყონ მისი მიზნობრივი გამოყენება.“

ციფრული რესურსის გამოყენების სურვილი, ცხადია, გარკვეულ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რაც აუცილებელი წინაპირობაა მომხმარებლისთვის – ინტერნეტსა და მოწყობილობებზე წვდომა. ქალბატონი ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ეს შეზღუდვა ბუნებრივია არსებობს, რადგან ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს: „რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა და სკოლასაც უნდა ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. თუმცა, ამის ნახვა და გამოყენება მოსწავლეს სმარტფონითაც შეუძლია. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მას ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი, ან სხვა კომპიუტერზე წვდომა, ან სკოლაში არსებობდეს ასეთი შესაძლებლობა (ლოგიკურია, ამასთან ერთად ინტერნეტიც). კარგად გვესმის მსგავსი შეზღუდვებით გამოწვეული სირთულეები და მთელ რიგ კონკრეტულ შემთხვევებში იყო კიდეც მსგავსი პრობლემები და ბარიერები. ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვინდა ხაზი გავუსვათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ციფრულ რესურსებზე წვდომა და რომ ეს საკითხი ინტერნეტიზაციის პრობლემასაც მოიცავს და მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობასაც. საკითხს ასე დავაყენებდით – არა იმ კუთხით, რომ ციფრული რესურსების გამოყენება გარკვეულ ბარიერებთანაა დაკავშირებული და, მოდი, არ გვინდა, არამედ პირიქით – დღევანდელ თანამედროვე რეალობაში ციფრული რესურსების გარეშე რთულად წარმოგვიდგენია განვითარება და მომავალი. ამიტომაც, ამ პროცესებს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაც აუცილებლად უნდა დაეწიოს – ინტერნეტიზაცია და სკოლებში მოსწავლეეებისთვის კომპიუტერულ აღჭრვილობაზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს.“

პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ, პროექტის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები. მათ შორის, რამდენიმე გამორჩეულ სახელმძღვანელოსაც ასახელებენ. ერთ-ერთია ფიზიკოს მეცნიერებზე, რომლის ქართველმა ავტორმა CK-12-ის ხელმისაწვდომი რესურსები გამოიყენა, თუმცა, მას განიხილავენ, როგორც საავტორო ნამუშევარს. საინტერესოდ მოწოდებულმა შემეცნებითმა მასალამ კრებული პორტალზე საკმაოდ პოპულარული გახადა. კიდევ ერთ გამორჩეულ სახელმძღვანელოდ მიიჩნევა თინათინ ზარდიაშვილის მიერ მომზადებული რესურსი, რომლის იდეაც, მნიშვნელოვნად, CK-12-ის ორიგინალი ვებპორტალიდანაა აღებული, თუმცა, ავტორმა საკმაოდ საინტერესოდ შეძლო მისი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ადაპტირება და საუკეთესო რესურსად ქცევა იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, ინტეგრირებულად მიაწოდოს მოსწავლეს STEM მიმართულების საგნები ან გარკვეული კომპონენტები ჩანერგოს თავის სასწავლო გეგმაში.

მეტიც, ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენთვის ხელმისაწვდომი სხვა სახელმძღვანელოებისგან განსხვავებულია, რადგან მაქსიმალურად პრაქტიკული ფორმითაა მოწოდებული ყველა საკითხი: „ ყველა ახალი თემა ცხოვრებისეული, გამოყენებითი ხასიათითაა შემოთავაზებული. ძალიან საინტერესო მიდგომაა და ვფიქრობთ, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საკითხის უკეთ გააზრებას შუწყობს ხელს. აქაც მნიშვნელოვნად წავახალისებთ მასწავლებლებს, რომ ამ ასპექტსაც ყურადღება მიაქციონ, გარდა იმისა, რომ საკმაოდ რთული ცნებები მაქსიმალურად მარტივად, მკაფიოდ და გასაგებადაა გადმოცემული, სახელმძღვანელოში ჩაშენებულია ბევრი ინტერაქტიული ამოცანა, მაგალითი და ა.შ., რაც საშუალებას აძლევს მკითხველს – მასწავლებელს და მოსწავლეს, რომ ადგილზე, იქვე, ინტერაქტიულ რეჟიმში გამოიყვანოს ამოცანები თუ მაგალითები.

მალე ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით დავამატებთ სიმულაციებს, რაც თეორიული სწავლების პროცესში მასწავლებელმა საუკეთესო თვალსაჩინოების სახით შეუძლია გამოიყენოს და აჩვენოს ეს სიმულაციები ბავშვებს. მოსწავლეებს თავადაც ექნებათ შესაძლებლობა, შევიდნენ პორტალზე და ამ სიმულაციებით უფრო მკაფიოდ აღიქვან და დაინახოთ ესა თუ ის თეორია, რომელსაც სკოლაში ისწავლიან. სახელმძღვანელო ძალიან ბევრ პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს, რითაც, ვფიქრობთ, გამორჩეული და ინოვაციურია. დანარჩენი სახელმძღვანელოები, მეტწილად, CK-12-ის ორიგინალ რესურსებზეა დაფუძნებული და მაქიმალურად მისდევს ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმას.“

 CK-12 ის ინსტრუქტორ-მასწავლებელი თინათინ ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ მომავლის მოსწავლეს ცხოვრებისთვის ვერ მოვამზადებთ, თუ ციფრული რესურსის გამოყენებას არ ვასწავლით: „მასწავლებელი მუდმივად უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს რა არის მოსწავლისთვის საინტერესო, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რაც დრო გადის, მოსწავლეებისთვის მეტი ელექტრონული რესურსი ხდება ხელმისაწვდომი, განსხვავებით ბეჭდურისგან. ყველა ქვეყანაში სასკოლო სახელმძღვანელოები ლიმიტირებულად გამოიცემა, რის გამოც ყველა მოსწავლეს არ შეუძლია სახელმძღვანელოდან სწავლა. საქართველოში საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ურიგდებათ ისინი, თუმცა, წლის ბოლოს, მოსწავლე წიგნს ბიბლიოთეკაში აბრუნებს. წიგნები, ძირითადად, საშუალო დონის მოსწავლეებზეა გათვლილი, პრობლემა კი ისაა, რომ არ არის მორგებული ყველა მოსწავლის საჭიროებას. სწორეს ეს გახდა მოქნილი წიგნების ე.წ. „ფლექსბუქების“ შექმნის მიზეზი. წიგნები თანამედროვეა, მოდიფიცირებადი და, რა თქმა უნდა, უფასო. მასში გაერთიანებულია მულტიმედიური რესურსები, რაც სახელმძღვანელოს უფრო რელევანტურს ხდის და ხელს უწყობს მოსწავლეთა პროაქტიულ ჩართულობას. ამიტომ წიგნები დინამიურია (და არა სტატიკური), თანამედროვე და სრულყოფილი, მარტივად განახლებადი, მაღალი ხარისხის. მასწავლებლებს შეუძლიათ, ყველა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სახელმძღვანელო იპოვონ.“

ინსტრუქტორ-მასწავლებელი, CK-12 ის უპირატესობებზე საუბრისას, იმ შეზღუდვასაც ასახელებს, რაც რესურსის გამოყენებას თან ახლავს – ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოწყობილობის ხელმისაწვდომობა. თინათინ ზარდიაშვილი: „რესურსის შინაარსი დაფუძნებულია სამიზნე ცნებებსა და ქვეცნებებზე, რაც შეესაბამება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და CK-12 ის დამფუძნებლებს სწამთ, რომ „მრავალჯერადი გამეორება ნებისმიერი გრძელვადიანი წარმატების საფუძველია“.

რესურსი სასარგებლოა მოსწავლისთვის, რადგან: მორგებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე; ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში; სწავლება მიმდინარეობს სიმულაციებით; მდიდარია თვალსაჩინოებებით (ვიდეო, სურათი, ინტერაქტივი); ინტერაქტიული რესურსია; ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი მოსწავლის ჩამოყალიბებას; თითქმის არ სჭირდება მასწავლებელი;

რესურსი სასარგებლოა მასწავლებლისთვის, რადგან: მორგებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე; ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში; სწავლება ხდება სიმულაციებით; მდიდარია თვალსაჩინოებებითა და ინტერაქტიული რესურსებით; ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი მოსწავლის ჩამოყალიბებას;

CK-12 ის ტაქტიკა ასეთია: ყველა მოსწავლე უნიკალურია და აქვს სწავლის განსაზღვრული სტილი; აქვს მიზანი და ინტერესი; სასწავლო პროცესი ძალიან ინდივიდუალურია; არ მოქმედებს ადმინისტრაციული წესები;

გარდა ამისა, რესურსი CK-12 კოლეჯებისთვის მომზადების საშუალებასაც იძლევა. მის დიდ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას;

მეორე უპირატესობაა ცვლადი კონტენტი – ღია შინაარსი, საკუთარი ბიბლიოთეკა. იძლევა მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას. მაგალითად, მოსწავლეს ეგზავნება კომენტარი განმავითარებელი შეფასების ფორმით.

მულტიმედიური რესურსის სახით, გაკვეთილებში წარმოდგენილია: ტექსტი; ვიდეოლექცია; დამატებითი ვიდეო; სიმულაციები; ინტერაქტივები; ქვიზები, შეკითხვების ბანკი; რეალურ ყოფასთან დაკავშირებული საკითხები; კონცეპტუალური რუკები; შინაარსობრივი რესურსები; სურათების გალერეა; თანატოლთა სწავლება; ლაბორატორიული სამუშაოები; ფლეშქარდები; გაკვეთილების გეგმები; ხარაჩოების ასაგები საშუალებები; ლექსიკონი.“

♦ ♦ ♦

ქართულ ვებგვერდზე წარმოდგენილია მათემატიკის სახელმძღვანელოები (VII-XII კლასები), ალგებრა და გეომეტრია; ფიზიკა (VII-IX), ქიმია (VIII-IX), ბიოლოგია (VIII-IX), მეცნიერების სახელმძღვანელოში გაერთიანებულია ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. წიგნი განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. პორტალზე წარმოდგენილია ასევე გამოჩენილი ფიზიკოსების ბიოგრაფიის შემცველი მასალა. 

ლალი ჯელაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები