27 ივლისი, შაბათი, 2024

ინდივიდუალური, ალტერნატიული, გაფართოებული სასწავლო გეგმები და ინდივიდუალური მუშაობა

spot_img

გულნარა ჟღენტი
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსწავლე, აგრეთვე მოსწავლე, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ვერ ასრულებს შესაბამისი კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტირებას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, რომლის შესაბამისად ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით, შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

ალტერნატიული სასწავლო გეგმა კი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმაა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია.

მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის საფუძველზე, ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით.

მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის დროს მოსწავლეს დარღვეული აქვს ფუნქციონირება შემდეგ სფეროებში: კომუნიკაცია, თავის მოვლა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარები და სხვა. უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აკადემიური უნარების დაძლევა, ამისათვის მთელი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს სასიცოცხლო, ჯანმრთელობის, გადარჩენის, ურთიერთობის და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში. მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას, საჭიროა სენსორული დეფიციტის შევსება, მრავალფეროვანი მელოდიების მოსმენა, მკვეთრი ფერების შეთავაზება, საკლასო თამაშებში ჩართულობა, რათა სოციალური უნარების განვითარებისათვის მათ რაღაც საერთო ჰქონდეთ თანატოლებთან.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სმენისა და მხედველობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა ჩართულობა და მხარდაჭერა. სმენისა და მხედველობის უნარის სირთულის მქონე მოსწავლეთა უმეტესობას გარკვეული ტექნოლოგიური მოწყობილობებიე საჭიროება. ძირითადი სირთულეები, რომელიც მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებთან სწავლის დროს გვხვდება, არის კითხვის სირთულე, სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალასთან მუშაობის სირთულე, რის გამოც გაკვეთილის ძირითად ნაწილში ისინი სრულფასოვან ჩართვას ვერ ახერხებენ.

თუ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლე ტუჩების მოძრაობით ცნობს სიტყვებს, უნდა დავსვათ, რაც შეიძლება, ახლოს და თხრობის დროს ვუყუროთ პირისპირ.

ჩემი აზრით, სასურველია, მასწავლებელსაც შეეძლოს ტუჩების მოძრაობით სიტყვების ამოცნობა. ეს უნარი ძალიან გამომადგა ჩემს მოსწავლესთან მიმართებაში, რომლის დიაგნოზი იყო „სრული სტენოზი“, ბავშვი, გარკვეული დროის მანძილზე, უხმოდ მეტყველებდა. მთელი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, პარალელურად, თვალს ვადევნებდი მას, რათა არ გამომრჩენოდა უპასუხოდ მისი არც ერთი შეკითხვა ან საუბარი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ბავშვი დაითრგუნოს და საერთოდ არ ჩაერთოს აქტივობებში.

სმენის და მხედველობის პრობლემების მქონე მოსწავლეებს ესაჭიროება მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობა, საკლასო ოთახის მოწყობა სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით და სხვა.

ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით, თითოეული საგანი მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით ისწავლება და მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ ცოდნას აძლევს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ალტერნატიული სასწავლო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი, სპეციალურ მასწავლებელთან ერთად.

სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გაფართოებულ სასწავლო გეგმასაც, რომელიც ორიენტირებულია სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია.

ამისათვის სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელთან ერთად, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ადგენს და მუშაობს სსსმ მოსწავლეებთან.

მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც არ არიან სპეციალური საჭიროების, მაგრამ უჭირთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევა და აუცილებელია მათთან ინდივიდუალური მუშაობა.

ცხადია, საგაკვეთილო პროცესში ვერ მოხერხდება მოსწავლეებისათვის გაკვეთილების დასწავლა, თუ ისინი სახლში არ იმუშავებენ.

სამწუხაროდ, მშობელთა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ახერხებს, საკმარისი დრო დაუთმოს შვილების განათლებას. სწორედ ასეთ ბავშვებს აქვთ ნაკლებად განვითარებული კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარი, რაც შემდეგ საბაზო და საშუალო საფეხურზე საკმაოდ მწვავდება. ასეთ შემთხვევაში, მთელი ძალისხმევა მასწავლებელზე გადადის.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ როგორ მიმეღწია მიზნისთვის და მოსწავლეებისათვის დაწყებით საფეხურზე ჩამომეყალიბებინა სწრაფი კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარი, გადავწყვიტე, ყოველი ახალი მასალის შესწავლა ტესტირებით დამეწყო. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ახალი მასალა ახსნამდე და შეესრულებინათ ტესტური დავალება. დავალების შესრულების შემდეგ გამოვლენილი წარმატებული მოსწავლეების მიღწევები გამოქვეყნდებოდა საკლასო გაზეთში, რაც მოსწავლეებში ამაღლებდა მოტივაციას და თავდაჯერებულობას. ტესტირების დაწყების წინ მოსწავლეებს ვთხოვდი, ჩუმად წაეკითხათ ტექსტი, ისე, რომ სხვებისთვის ხელი არ შეეშალათ და სანამ პასუხს შემოხაზავდნენ, კიდევ ერთხელ მოეძებნათ და გადაეკითხათ ტექსტში ის ადგილი, სადაც კითხვაზე პასუხი იყო მოცემული. არ ვაჩქარებდი, ამისათვის თუ დრო არ ეყოფოდათ, შეგვეძლო, გაკვეთილების შემდეგ, დამატებით, გაგვეგრძელებინა ტესტებზე მუშაობა.

ყველა მოსწავლე ცდილობდა, სწორი პასუხები მოეწოდებინა და წარჩინებულ მოსწავლეთა სიაში მოხვედრილიყო.

შედეგმაც არ დააყოვნა, სამი თვის მუშაობის შემდეგ, მოსწავლეები თავისუფლად კითხულობდნენ და წაკითხულსაც იაზრებდნენ. ვფიქრობ, სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი გაკვეთილების (საათები) გარდა, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იმუშაოს მოსწავლესთან/მოსწავლეთა ჯგუფთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები