ლანა ყურაშვილი
სსიპ თბილისის №98 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
აბსტრაქტი
წარმოდგენილი ნაშრომი სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის №98 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე ინგლისური ენის გრამატიკის სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კვლევის მიზანი იყო იმ ფაქტორების დადგენა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენდა მოსწავლეებში გრამატიკის სწავლებაზე და შემუშავებულიყო სწავლა-სწავლების გაუმჯობესების გზები. კვლევის ძირითად ამოცანებად განისაზღვრა: მასწავლებლების, მოსწავლებისა და მშობლების აღქმებისა და დამოკიდებულებების შესწავლა; გრამატიკის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების იდენტიფიცირება; სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა და შესაბამისი სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება. კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, კეძოდ: დიალოგი, დაკვირვება, სიღრმისეული ინტერვიუ და გამოკითხვა. კვლევის შედეგად დადგინა, რომ მოსწავლეების მხრიდან ინგლისური ენის შესწავლის აქტუალობა მაღალია, თუმცა გამოიკვეთა მნიშვნელოვნად დაბალი ინტერესი და მზაობა გრამატიკის შესწავლასთან დაკავშირებით. პრობლემები გამოიკვეთა როგორც მეთოდოლოგიის, ასევე სასწავლო რესურსების კუთხითაც. კლევის მიგნებები მოიცავდა ასაკობრივ თავისებურებების საკითხსაც. კვლევის განსაკუთრებულ მიგნებას წარმოადგენს სკოლის პეციფიკიდან გამომდინარე არსებული გამოწვევა – არაქართულენოვან სკოლაში მულტილინგვურ მოსწავლეებში გრამატიკული კონსტრუქციების გაგება-გათავისების სირთულე, რაც დარგის სპეციალისტებთან და კურიკულუმის ექსპერტებთან კონსულტაციის გზით, გარდაიქმნა პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ალტერნატიულად გზად. კვლევის ფარგლებში შემუშავდა დაწყებით საფეხურზე გრამატიკის სწავლების სტრატეგია. განხორციელებული ინტერვენციის შედეგად გაზრდილი მიღწევის მაჩვენებელმა განაპირობა ის მოცემულობა, რომ შემუშავებულმა სტრატეგიამ თავისი ადგილი დაიკავა სკოლის უცხოური ენების კათედრაზე მეთოდოლოგიური რესურსების ბანკში. კვლევის შედეგები სასარგებლოა როგორც სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის, ასევე სხვა არაქართულენოვანი სკოლების უცხოური ენების კათედრებისთვის.
საძიებო სიტყვები: ინგლისური ენა, გრამატიკა, სწავლა-სწავლების სტრატეგია, კონსტრუქტივზმი, მულტილინვური მოსწავლე, დაწყებითი საფეხური.
შესავალი
ინგლისური ენის სწავლა-სწავლების საკითხი თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფუნქციით, რაც ინგლისურ ენას აკისრია გლობალურ სამყაროში. იგი საერთაშორისო საკომუნიკაციო ენაა. შესაბამისად, მისი დაუფლება აუცილებელია ყველა განათლებული ადამიანისთვის. ჩვენი სახელმწიფო პრიორიტეტულ ადგილს ანიჭებს ინგლისური ენის სწავლებას და იგი სასკოლო განათლებაში პირველი უცხოური ენის სტატუსით არის წარმოდგენილი, რომლის სწავლება პირველი კლასიდან იწყება.
უცხოური ენის სწავლება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მსოფლიო საგანამანათლებლოს სისტემაში უცხოური ენის სწავლების პრაქტიკის პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს იმ გამოწვევების შესწავლა, რაც დაკავშირებულია უცხოური ენის შესწავლასთან. შესაბამისად, მსოფლიო სამეცნიერო სივრცე იცნობს უამრავ ნაშრომს მიმართულს ენის სწავლების პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების შესახებ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა-სწავლება მუდმივად განახლებადი პროცესია და თითოეულ ეპოქას, ქვეყანას, რეგიონს, სკოლას, საფეხურსა თუ კლასსაც კი საკუთარი ინდივიდუალური საჭიროებები აქვს, საკითხის სიღრმისეული შესწავლის, გაანალიზების, დასკვნების გამოტანისა და ახალი გზების ძიების საკითხი არ კარგავს აქტუალობას.
წარმოდგენილი ნაშრომიც მიმართულია სკოლის დაწყებით საფეხურზე ინგლისური ენის და კერძოდ, ინგლისური ენის გრამატიკის შესწავლასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისკენ. ნაშრომში შესავალ ნაწილთან ერთად წარმოდგენილია მოკლე ლიტერატურის მიმოხილვა, შემდეგ მოცემულია კვლევის მეთოდოლოგია, რასაც მოჰყვება კვლევის მიგნებები, მიგნებებზე დაფუძნებით შემუშავებული გრამატიკის სწავლების სტრატეგია და ბოლოს წარმოდგენილია დასკვნა.
ლიტერატურის მიმოხილვა
გლობალიზაციის პროცესში ინგლისურ ენას საერთაშორისო საკომუნიკაციო ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინგლისური ენის ფლობის საკითხს. საქართველოში ინგლისური ენის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა და შემუშავებული სტრატეგია სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია ინგლისური ენის სტანდარტი. სტანდარტში დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებად გამოყოფილია: მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება; ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება; ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება. დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვან ამოცანად განსაზღვრულია თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, აქცენტი კეთდება უცხოური ენის სწავლის პროცესის მნიშვნელობაზე და თვით უცხოური ენისა და კულტურის შესწავლისა და გათავისების აუცილებლობაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა მკაფიო მითითებებს პირველი უცხოური ენის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებით, განსაზღვრულია ინგლისური ენის სტანდარტი, მიმართულებები, საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები. ზოგადი განათლების რეფორმა კი ორიენტირებულია გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე საშუალოვადიან და მოკლევადიანი მიზნების რეალიზების, სამიზნე ცნებების, ქვეცნებების, ქვესაკითხების, საფეხურის საკვანძო შეკითხვებისა და მკვიდრი წარმოდგენების განსაზღვრის გზით, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, სასწავლო პროცესის კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე და ზრუნვასა და მხარდაჭერისკენ მიმართული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებისკენ.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია დაწყებითი საფეხურის ინგლისური ენის სამიზნე ცნებები, კერძოდ: ტექსტი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები და კულტურათა დიალოგი. თითოეული მიმართულების მნიშვნელობა ენის სწავლა-სწავლების პროცესში უდიდესია. ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ენობრივი საშუალებებიდან გრამატიკული კანონზომიერებების შესწავლის საკითხი.
ენის სწავლების პროცესში გრამატიკას საკანონმდებლო ფუნქცია აკისრია. იგი წარმოადგენს წესებისა და კანონების კრებულს, რომლითაც უნდა იმოქმედოს ენამ. ლონგმენის ლექსიკონში გრამატიკა განმარტებულია, როგორც ენის წესების ერთობლიობა, რომლითაც სიტყვები იძენენ მნიშვნელობას და ქმნიან წინადადებებს. შესაბამისად, გრამატიკის მნიშვნელობა თავისი მრავალმხრივი ბუნებიდან გამომდინარე, უდიდესია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გრამატიკის გარეშე არ არსებობს ენა, რომ სიტყვების ერთობლიობა ვერ შეიძენდა თავის აზრს, თუკი არ მოხდება აღნიშნული სიტყვების დალაგება რაიმე კანონზომიერებით.
მიუხედავად გრამატიკის მნიშვნელობისა და მისი აქტუალობისა ენის სიცოცხლისუნარიანობისთვის, ტერმინი „გრამატიკა“ ბუნდოვანებასთან, სირთულებასთან და რუტინასთან ასოცირდება მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, დაბალია გრამატიკის შესწავლისადმი მოსწავლეთა მოტივაცია. გრამატიკულ კანონზომირებებში გარკვევის საკითხი განსაკუთრებით რთულად არის წარმოდგენილი დაწყებით საფეხურებზე, როდესაც მოსწავლე პირველად იწყებს უცხოური ენის თავისებურებების შეცნობას.
მასწავლებლები ადასტურებენ, რომ გრამატიკის შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია მოსწავლეებში. მათ არათუ უძნელდებათ გრამატიკული წესების გაგება-გააზრება და მათი გამოყენება საკომუნიკაციო პროცესში, არამედ მათი მოტივაცია გრამატიკის შესწავლის მიმართულებით არის დაბალი და უფრო მეტიც, ისინი მაქსიმალურად ირიდებენ თავიდან გრამატიკულ კონსტრუქციებში გარკვევის შესაძლებლობას. გრამატიკის შესწავლასთან დაკავშირებული სირთულეები უარყოფითად აისახება მოსწავლეთა მიერ ზოგადად, ინგლისური ენის შესწავლის მოტივაციაზე.
კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანია ინგლისურ ენაში გრამატიკის სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევების შესწავლა დაწყებით საფეხურზე, რათა დადგინდეს ის ფაქტორები, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეებში გრამატიკის სწავლებაზე და განისაზღვროს გრამატიკის სწავლების გაუმჯობესების გზები.
კვლევის ამოცანებია:
- მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის აღქმების და დამოკიდებულებების შესწავლა
- გრამატიკის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების იდენტიფიცირება
- სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა და სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. თვისებრივიდან გამოყენებულ იქნა დიალოგი, დაკვირვება და სიღრმისეული ინტერვიუ, ხოლო რაოდენობრივიდან გამოკითხვა. დაკვირვება – განხორციელდა გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვება. დაკვირვების ძლიერ მხარეს ის წარმოადგენს, რომ მკვლევარს საშუალებას აქვს, უშუალოდ ადევნოს თვალი ადგილზე მიმდინარე მოვლენას და არ დაეყრდნოს მეორეულ მონაცემებს. ამავდროულად იგი იძლევა ინფორმაციას როგორც ფიზიკურ გარემოზე, ასევე, ქცევაზე, ვერბალურ თუ არავერბალურ სიგნალებზე, რაც იძლევა უფრო სრულყოფილ ინფორმაციას საკითხის შესასწავლად. სიღრმისეული ინტერვიუ – გამომდინარე იქიდან, რომ სიღრმისეული ინტერვიუ თვისებრივი კვლევის ერთ-ერთ „სავიზიტო ბარათად“ არის მიჩნეული, აღნიშნულ კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სიღრმისეულ ინტერვიუებზე მოდის. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა შერჩეული სკოლის წინასწარ განსაზღვრულ მასწავლებლებთან. სიღრმისეული ინტერვიუს დროს ნახევრად სტრუქტურიზებულ ფორმატი იქნა გამოყენებული ღია, თავისუფალი და მოქნილი პირობების შექმნით. დიალოგი – განხორციელდა ინგლისური ენის საგნობრივ ექსპერტებთან და კურიკულუმის განვითარების ექსპერტებთან კონსულტაციები. დიალოგი წარიმართა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და პრობლემის გადაჭრის გზების ალტერნატიული გზების მოძიების საკითხებზე. რაოდენობრივი კვლევა – განხორციელდა სტრუქტურიზებული კითხვებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვა, რომლითაც დადგინდა მათი შეხედულებები და დამოკიდებულებები გრამატიკის სწავლებასთან დაკავშირებით. სამიზნე ჯგუფი – განისაზღვრა სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, ასევე ინგლისური ენისა და კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული კლასებიდან განისაზღვრა კლასიდან ათი მოსწავლე, სულ ორასი მოსწავლე. მშობლების მხრივ შეირჩა დაწყებით კლასების მშობლები, კლასიდან ხუთი მშობელი, სულ ასი მშობელი. კვლევაში მონაწილე მასწავლებლების შერჩევა განხორციელდა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით და კვლევაში ჩართულნი იყვნენ კათედრის წარმომადგენლები, სულ ექვსი მასწავლებელი.
შემუშავებული კვლევის მეთოდოლოგიით შესაძლებელი იყო კვლევის სხვადასხვა ფაზის შედეგების ერთმანეთთან შედარება და საკვლევი პრობლემის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა.
კვლევის მიგნებები
ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიყო ძირითადი მიგნებები მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის, გაკვეთილებზე დაკვირვებების, მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუებისა და საგნობრივ ექსპერტებთან კონსულტაციის გზით.
I – მოსწავლეებთან და მშობლებთან ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ: ინგლისური ენის სწავლების აქტუალობასთან დაკავშირებით, მაღალია მოსწავლეთა და მშობელთა დადებითი დამოკიდებულა. მათი უმრავლესობა აფიქსირებს, რომ ინგლისური ენის სწავლა აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. თუმცა, ინგლისური ენის გრამატიკის სწავლის პროცესთან დაკავშირებით, გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა უარყოფით პოზიციას აფიქსირებს, რასაც ადასტურებს მშობლების გამოკითხვის შედეგები შვილების განწყობებთან დაკავშირებით.
II – გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეები ნაკლებად გამოხატავენ ენთუზიაზმს. მასწავლებელთა მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, მოსწავლეებს უჭირთ გრამატიკული საკითხების გაგება-გააზრება და მით უფრო მათი პრაქტიკაში გამოყენება. გრამატიკული წესების დედუქციური მეთოდით მოსწავლეებისთვის მიწოდება იწვევს მოსწავლეთა მხრიდან ინფორმაციის პასიურ მიღებას, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს საკითხის შესწავლის პროცესს. გაკვეთილებზე სასწავლო რესურსი და საშინაო დავალებები ძირითადად ეფუძნება არსებულ სახელმძღვანელოთი მოცემულ მასალას.
III – მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების დამოკიდებულება ინგლისური ენის შესწავლისადმი არის დადებითი, თუმცა ისინი ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ გრამატიკის შესწავლის კუთხით. მასწავლებლები აფიქსირებენ დამატებითი ილუსტრირებული და ელექტრონული რესურსის საჭიროებას და თვლიან, რომ სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გრამატიკის შესწავლის პროცესს დაწყებით საფეხურზე. სწავლის სტრატეგიების გადახედვის საკითხიც გამოიკვეთა ინტერვიუს შედეგად, ვინაიდან სკოლის სპეციფიკასაც აქვს გარკვეული ზეგავლენა გრამატიკის შესწავლის სირთულეებზე და სკოლაში 25 ეროვნების წარმომადგენელი სწავლობს, რომლისთვისაც ინგლისური ენა, არათუ პირველი, არამედ მეორე, მესამე და ზოგჯერ მეოთხე უცხოური ენაა. შესაბამისად, ინგლისური ენის პედაგოგების წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან იზრდება.
IV – ექსპერტებთან დიალოგის შედეგად აქცენტი გაკეთდა სწავლა-სწავლების წინაშე არსებული ნებისმიერი გამოწვევის კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებით გადაჭრის აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა გრძელვადიან მიზნებზე და მასწავლებლის მხრიდან მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბების მნიშნელობაზე. განხილულ იქნა დაწყებითი საფეხურის სპეციფიკა და ილუსტრირებული რესურსის ეფექტიანობის საკითხი. მულტილინგვური მოსწავლეებისთვის გრამატიკის სწავლების სირთულესთან დაკავშირებით, რეკომენდირებულ იქნა, რომ მოსწავლეებმა ინგლისურ ენასა და მათთვის მშობლიურ, ან მათთვის ახლობელ, რომელიმე საკომუნიკაციო ენასთან გაავლონ პარალელები. აღნიშნული დაეხმარებათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომ მათთვის სრულიად ახალ, უცხო და რთულად გასაგებ მოვლენას მოუძებნონ ახსნა ნაცნობ კონტექსტთან კავშირში მისი გააზრებით.
ინტერვენცია და ინტერვენციის შედეგები
ჩატარებული კვლევის მიგნებების, მიღებული ექსპერტული კონსულტაციებისა და პროფესიული ლიტერატურის დამუშავების შედეგად, შემუშავდა დაწყებით კლასებში ინგლისური ენის გრამატიკის სწავლების სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ სტრატეგიულ გზას. ქვემოთ მოცემული სტრატეგიაში მოცემულია გრამატიკული კონსტრუქცია ნიმუშის სახით.
გრამატიკის სწავლების სტრატეგია
- მასწავლებელი გრამატიკული წესების ახსნას იწყებს აღმოჩენით სწავლის ტექნიკის გამოყენებით. მასწავლებელი დაფის, კომპიუტერის, პროექტორის, ბარათების საშუალებით მოსწავლეებს წარუდგენს წინადადებებს, მაგალითად: I like an apple– He likes an apple და სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ აღნიშნულ წინადადებებს და აღმოაჩინონ მსგავსებები და განსხვავებები. განმასხვავებელ ნიშანს ფერადი ფანქრით, მარკერით გამოყოფს. მასწავლებელი გონებრივი იერიშის გზით სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან საკუთარი ვერსიები, რა შეიძლება იყოს ამ განსხვავებულობის მიზეზი.
აღნიშნული გზით მასწავლებელი იყენებს აღმოჩენითი სწავლების მეთოდს, რომლითაც მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ გარკვეულ კანონზომიერებას. შედეგად მოსწავლეები მეტად ჩართულნი და მოტივირებულნი არიან სასწავლო პროცესით. წარმოდგენილ შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება, მიმართოს როგორც გონებრივი იერიშის, ასევე წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის სტრატეგიებსაც, რომლის დროსაც მასწავლებელი მონიტორინგს ახორციელებს მოსწავლეების მუშაობაზე, აკეთებს ჩანიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში, პასუხობს მათ კითხვებს.
- შემდეგ მასწავლებელი პრეზენტაციის სახით წარუდგენს გრამატიკულ წესს, შესაბამის სქემას და იწყებს გრამატიკის წესის ახსნას. აღნიშნულ მაგალითზე, იგი წარუდგენს პირველ, მეორე და მესამე პირში მხოლობით რიცხვში ზმნის უღლებას და გვერდით წარმოუდგენს იმავე პირებში მრავლობით რიცხვში ზმნის უღლებას. იქვე მასწავლებელი ამახვილებინებს ყურადღებას მხოლობითი რიცხვის მესამე პირის გამორჩეულობაზე.
- შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მათ მშობლიურ ან საკომუნიკაციო ენასთან პარალელების გავლებას. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს განსაკუთრებით დაეხმარებათ მათთვის ნაცნობ კონტექსტთან კავშირის დამყარება, რაც გაუადვილებთ მათ უცხოურ ენასა და მშობლიურ ენას შორის მსგავსებებისა და განსხვავებების დანახვაში, რაც თავის მხრივ, გაადვილებს სიახლის გათავისების პროცესს. ამავდროულად, აღნიშნული გზით მასწავლებელი ხაზს უსვამს მულტიკულტურული გარემოს მნიშვნელობას და მულტილინგვური მოსწავლეების ძლიერ მხარეს ახალი ენის შესწავლის პროცესში. წარმოდგენილი გზით მოსწავლეებს ემატებათ ენთუზიაზმი და მეტი პოზიტიური განწყობით განაგრძობენ სიახლის შეთვისებას.
- მიღებული ინფორმაციის განმტკიცების მიზნით, მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას. მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე გაკვეთილის მანძილზე. უპირატესობა ენიჭება ვიზუალურად ეფექტურ, ილუსტრირებულ და გაციფრულებულ დავალებებს. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ კომპიუტერის საშუალებით შესასრულებელი დავალებები, ეს მათ ინტერესებზე მორგებული გზაა, რასაც მოტივაციის ამაღლებამდე მივყავართ.
- მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტესტებს, რაზეც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ კლასში. ხდება შუალედური დიაგნოსტირება. შუალედური მონიტორინგი მასწავლებელს აძლევს საშუალებას, რომ გადაამოწმოს, როგორ მიდის საკითხის ათვისების პროცესი, რა მიღწევები და რა გამოწვევებია. ამავდროულად, აღნიშნული გზით მასწავლებელს ეძლევა საშუალება, რომ განახორციელოს დროული უკუკავშირი და დაგეგმოს ინტერვენციები მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად.
- ტესტების შემოწმების შემდეგ მასწავლებელი ამოიწერს მოსწავლეთა მიერ დაშვებულ შეცდომებს. აღნიშნული შეცდომები გადააქვს ცალკეულ ბარათებზე და ქმნის ჯგუფური სამუშაოსთვის რესურსს. საკუთარ შეცდომების აღმოჩენა და მათზე მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აღმოჩენითი სწავლების პრაქტიკაში.
- მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად. მასწავლებელი იცავს ჯგუფური მუშაობის ტექნიკის მოთხოვნებს. ურიგებს ჯგუფური სამუშაოს ბარათებს და სთხოვს მოსწავლეებს, მოახდინონ შეცდომების გასწორება და კლასის წინაშე სწორი ვერსიის წარდგენა არგუმენტირებულად. მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს მიზნობრივ შეკითხვებს, რათა დადგინდეს მათი მზაობა და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის განსაზღვროს საჭიროებებზე მორგებული დამატებითი დავალებები.
- მასწავლებელი ახდენს ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატების აღიარებას და რამდენიმე მათგანს საშუალებას აძლევს, რომ მომდევნო გაკვეთილზე თავად მოირგონ მასწავლებლის როლი. აღნიშნული როლური თამაშის გამოყენების გზით, ხდება ერთის მხრივ, წარმატებული მოსწავლეების წახალისება და მათ წინაშე მაღალი მოლოდინების დასახვა და მეორეს მხრივ, თანატოლთა განათლების მიდგომის გამოყენება, რომლითაც მოსწავლეები უფრო ადვილად და ხალისით სწავლობენ.
- ბოლოს, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს საკითხს და ფერადი ფურცლების საშუალებით ქმნიან ილუსტრაციას, სქემას, რომელიც შეიძლება, გამოიფინოს საკლასო ოთახში, ან დარჩეს კათედრას როგორც რესურსი. მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროდუქტზე წარმოდგენილი ინფორმაცია არის ის მკვიდრი წარმოდგენა, რომელიც გრძელვადიან მეხსიერებაში უნდა დარჩეთ მოსწავლეებს.
ზემოთ მოცემული სტრატეგია პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება კონსტრუქტივისტულ პრინციპებს, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასაწვლო პროცესში. მასწავლებელი აღნიშნულ პროცესში გამოდის ფასილიტატორი და პროცესს წარმართავენ მოსწავლეები. წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს როგორც ინდუქციურ, ასევე დედუქციურ მიდგომას. თავდაპირველად მასწავლებელი მიმართავს ინდუქციურ მეთოდს, როცა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ახდენენ მოსწავლეები კონკრეტული კანონზომიერების აღმოჩენას და დასკვნის გამოტანას ვარაუდების გამოთქმის გზით. შემდეგ მასწავლებელი მიმართავს დედუქციურ მეთოდს, როცა სთავაზობს კონკრეტულ გრამატიკულ წესს და გაკვეთილზე ხდება კანონზომიერების/წესის გააზრება და გამოყენება კონკრეტულ მაგალითებში. სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემუშავებულ სტრატეგიაში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ენათაშორისი პარალელების გავლების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ შემუშავებული სტრატეგია სწორედ პროცესზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოზე აკეთებს აქცენტს. სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომა გულისხმობს, რომ გრამატიკის სწავლება საკომუნიკაციო მიზნებს უნდა მოემსახუროს, რომლისთვისაც აუცილებელია გრამატიკული კანონზომიერების გააზრებული ცოდნა. გრამატიკის სწავლება უნდა მოიცავდეს კონტექსტში სწავლების მიდგომას, რომლის დროსაც მოსწავლეები გრამატიკულ კონსტრუქციებს ენობრივი ნიმუშების დამახსოვრებასთან ერთად ითვისებენ. სწავლა-სწავლების პროცესში უპირატესობა ენიჭება გრამატიკულ თავისებურებებსა და კონსტრუქციებზე დაკვირვების, ამოცნობის, გააზრების სტრატეგიას. აღნიშნული მოიცავს სახალისო, ვიზუალურად ეფექტური სასწავლო რესურსების ადვილად გასაგებ ზეპირ და წერილობით საკომუნიკაციო სიტუაციებში მიწოდებას, ისევე როგორც მრავალფეროვანი აქტივობებისა და დავალებების მიწოდებას. გრამატიკული ინსტრუქციის სწავლების შერეულ სტრატეგიასთან ერთად მნიშვნელოვანია ექსპლიციტური ინსტრუქციის გამოყენებაც (10). ეფექტური ინსტრუქცია აუმჯობესებს მოსწავლეთა მიერ რთული გრამატიკული კონსტრუქციების გაგება-გააზრების პროცესს.კვლევებით დგინდება (10), რომ ეფექტური ინსტრუქცია გრამატიკაში უნდა იყოს სისტემატიზებული და კონტექსტიზებული კითხვისა და წერის დავალებებში. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ესმოდეთ, რომ გრამატიკული კონსტრუქციები არ არის ცალკე განყენებული მოვლენა, რომ იგი წერის, კითხვის და საუბრის განუყოფელი ნაწილია. კვლევებით დასტურდება, რომ გრამატიკის სწავლასა და მოსწავლთა ენის ფლობის მიმართულებით მიღწევებს შორის მაღალი კორელაცია არსებობს.
გრამატიკის სწავლების შემუშავებულ სტრატეგიაზე დაფუძნებით ჩატარდა გაკვეთილები დაწყებით კლასებში.ხორციელდებოდა მოსწავლეთა პროგრესირებაზე მონიტორინგი, სადაც კეთდებოდა მუდმივი უკუკავშირი მოსწავლეთა მიღწევების აღიარებისთვის, ხოლო სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად ხორციელდებოდა მოსწავლეებთან დამატებითი რესურსით მუშაობა. მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებით პოზიტიური აღიარება მოჰყვა საგაკვეთილო პროცესში თანატოლგანმანათლებელთა მიდგომის გამოყენებას. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ თანაკლასელებს, რომლებიც მასწავლებლის როლში წარდგნენ კლასის წინაშე და გაუზიარეს საკუთარი ცოდნა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვნად დიდი პროგრესი ზემოთ მოცემული სტრატეგიით გაკვეთილების ჩატარების შედეგად. ინტერვენციამ უჩვენა, რომ გრამატიკის შესწავლის პროცესის დახვეწა-გამრავალფეროვნებამ მოსწავლეებში მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც მოსწავლეთა დამოკიდებულება, ასევე მათი აკადემიური მოსწრება.
დასკვნა
ინგლისური ენის გრამატიკის შესწავლისადმი მოსწავლეეებში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების ცვლილება შესაძლებელია თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე აგებული სწავლა-სწავლების საშუალებით.
კვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, აღმოჩენებით სწავლის, ჯგუფებში მუშაობის, როლური თამაშების, თანმიმდევრული უკუკავშირის, მოსწავლეთა მღწევების აღიარებისა და წახალისების მექანიზმების გამოყენების საშუალებით იქმნება სკოლაში პოზიტიური სასწავლო გარემო. გრამატიკის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სირთულის თავიდან არიდება შესაძლებელია ინდუქციური და დედუქციური მიდგომების ურთიერთჩანაცვლებით, გრამატიკის სწავლების შერეული მეთოდის გამოყენების გზით, როცა აქცენტი კეთდება კონტექსტში სწავლაზე და დაგეგმილი აქტივობები მიმართულია გრძელვადიან მიზნებზე მოსწავლეებში მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებისკენ. დაწყებით საფეხურზე ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, დიდი ადგილი ეთმობა როგორც ილუსტრირებულ სასწავლო რესურსებს, ასევე ციფრულ, ელექტრონული სასწავლო რესურსების აქტიურ გამოყენებას.
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენების გზით, შესაძლებელია ერთის მხრივ გრამატიკის სწავლებისადმი მოსწავლეთა დადებითი დამოკიდებულების განვითარება და მეორეს მხირვ, აკადემიური მოსწრების გაზრდა. კვლევაში გამორჩეული ადგილი დაიკავა მულტილინგვური მოსწავლეების მიერ გრამატიკის სწავლა-სწავლებისადმი შემუშავებულმა მიდგომამ. სტრატეგია აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ენებს შორის კავშირის დანახვასა და პარალელების გავლების აუცილებლობაზე. წარმოდგენილი მიდგომით სასკოლო სივრცეში გრამატიკის სწავლების პროცესშიც შესაძლებელი ხდება, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მრავალფეროვნების დაფასების, აღიარების, ურთიერთპატივისცემისა და ღიაობის უნარ-ჩვევები, რაც გლობალურ სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
ბიბლიოგრაფია
- ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024. მუხლი 68. პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენის) სტანდარტი. მუხლი 85. პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენის) წლიური პროგრამა დაწყებით საფეხურზე.
- კოჰენი ლ. მანიონი ლ. მორისონი ქ. 2017. კვლევის მეთოდები განათლებაში. განათლების მართვის პროექტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- როგორ ვასწავლოთ გრამატიკა დაწყებით საფეხურზე. როგორ ვასწავლოთ გრამატიკა დაწყებით საფეხურზე | Blog EBE (englishbookgeorgia.com). (14.04. 2023).
- საგანი – პირველი უცხოური ენა (ინგლისური ენა).დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. 2022. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.
- Al-Mekhlafi A.M. & Nagaratnam R.P. 2011. Difficulties in Teaching and Learning Grammar in an EFL Context. International Journal of Instruction, 4(2) 69-92.
- Aman, N. (2020). Teaching grammar: issues and challenges. Journal of English Language Teaching Innovations and Materials (JELTIM), 2(1), 1-13. DOI: http://dx.doi.org/10.26418/jeltim.v2i1.40032.
- Blazques P. 2019. The Benefits of Learning English as a Second Language. Publicaciones Didacticas, 102, 553-630.
- Hasanah, N., Utami, P. T. (2019). Emerging challenges of teaching English in non-native English-speaking countries: Teachers’ view. English Language Teaching Education Journal, 2(3), 112-120.
- Reedy D. & Bearne E. 2013. Teaching Grammar Effectively in Primary Schools. United Kingdom Literacy. www.researchgate.net/publication/318529065.
- Teaching Grammar: A Guide to Successful Grammar Instruction. Teaching Grammar: A Guide to Successful Grammar Instruction | Sadlier. (3.04.2023).