საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა აუტიზმის სპექტრის დიაგნოზიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალიზებულ სერვისებში ჩართული ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. იდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდამ, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის შესატყვისი და ეფექტური საგანმანათლებლო გარემოს შეთავაზების თვალსაზრისით, ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. მოდელი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ, სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ „ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შეიქმნა.
აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასი ეს არის საჯარო სკოლის სივრცეში დამატებითი მომსახურება კლასში აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის. მოდელი დაფუძნებულია საუკეთესო გამოცდილებაზე და მოსწავლეზეა ორიენტირებული, რომელიც მომსახურებას მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე იღებს. ინტეგრირებული კლასის მთავარი პრინციპებია: წინასწარი დაგეგმვა, პროცესში ჩართული ყველა რგოლის ინფორმირებულობა, თანამონაწილეობა, თანმიმდევრულობა კლასის ფუნქციონირების პირველი დღიდან, სკოლის გარეთ და შიგნით არსებული რესურსების იდენტიფიკაციის საჭიროების შესაბამისი გამოყენება. სწავლების მეთოდოლოგია ქცევის გამოყენების ანალიზს ეფუძნება.
დღეისათვის, აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის, ინტეგრირებული კლასები საქართველოს 10 სკოლაში ფუნქციონირებს. ამ კლასებში არსებულმა რეალობამ ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია. 2017 წელს, ინტეგრირებულ კლასებში კვლევა ჩატარდა, გამოიკითხნენ სპეციალისტები, მშობლები და სკოლის წარმომადგენლები. საგაკვეთილო პროცესზე დასწრების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები — ფიზიკური გარემოს ადაპტაციისა და სპეციალისტების სათანადოდ მომზადება, ადამიანური რესურსების სიმწირე, სწავლების შეთანხმებული მეთოდოლოგიის არარსებობა, სამუშაო მასალის, ინვენტარის ნაკლებობა და სხვ. ინტეგრირებული კლასის ახალი მოდელი, კლასში ნაწილობრივი ან სრული ინტეგრაციის მიზნით, საჯარო სკოლის სივრცეში, ორი ტიპის საგანმანათლებლო სივრცეს აერთიანებს: ინტეგრირებულ კლასს და ასაკის შესაბამის კლასს. მოსწავლე სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ირიცხება და იღებს ინტეგრირებული კლასის მომსახურებას, რომელიც განიხილება, როგორც დამატებითი მომსახურება. ინტეგრირებული კლასი, დამატებითი სპეციალისტების — ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელი — ჩართულობითა და მოსწავლის მახასიათებლების გათვალისწინებით, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
ახალი მოდელის მიზანია, დაეხმაროს სკოლებს აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებების და შესაძლებლობების შესაბამისი, საუკეთესო საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. მოცემული მოდელის მიხედვით, ყველა მოსწავლეს ჰყავს ინდივიდუალური სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ყველგან მიჰყვება, სადაც კი მოსწავლე მიდის; კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8, დასაშვები ასაკობრივი სხვაობა — 2 წელი. კლასის შემადგენლობაში არიან: ერთი დაწყებითი კლასის მასწავლებელი, სამი ტუტორი/სპეციალური მასწავლებელი, ერთი ფსიქოლოგი-სუპერვიზორი და სამი მოხალისე; ინტეგრირებული კლასისთვის საჭიროა ოთხი ზონა: ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობისთვის, სენსორული დასვენებისა და მასწავლებლის სამუშაო ზონა. თითოეული მოსწავლის შეფასების საფუძველზე, დგება ინდივიდუალური, ჯგუფური და ტიპურ კლასში მეცადინეობის განრიგი. მნიშვნელოვანია თანაკლასელებისა და მათი მშობლების მომზადება, აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლის კლასში შესვლამდე, ტარდება ღია გაკვეთილი აუტიზმზე და ტოლერანტობაზე. პრეზენტაციას ამზადებს ინტეგრირებული კლასის სპეციალისტი, კლასის დამრიგებელთან ერთად.
ახალი მოდელის წარდგენას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ინტეგრირებული კლასების სპეციალისტები, პედაგოგები, მშობლები და სხვ.
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური სამმართველოს წარმომადგენელმა, თამარ ჟღენტმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების რაოდენობა. შესაბამისად, სკოლები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ჩვენმა სამინისტრომ, აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის, ინტეგრირებული კლასის ახალი მოდელი შექმნა, რომელიც სკოლის სივრცეში არსებული დამხმარე სერვისია და მისი ძირითადი მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში დახმარება და ინტეგრაციაა. მოდელი ერთგვარი სახელმძღვანელოა სკოლებისთვის, მასში აღწერილია როგორც აუტიზმის სპექტრის ძირითადი მახასიათებლები, სწავლების სტრატეგიები, ასევე ინტეგრირებული კლასის ფორმირების ეტაპები, დაწყებული გარემოს შერჩევიდან, დამთავრებული მშობლების ჩართულობით.“
მისივე თქმით, ინტეგრირებული კლასების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო და დღეისათვის საქართველოს 10 სკოლაში ფუნქციონირებს. დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს პროცესი სისტემაში უნდა მოექცეს და შეიქმნას მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც ყველა ეტაპს გაწერს. შემდგომი ეტაპი ახალი მოდელის დამტკიცება და დანერგვის ხელშეწყობა იქნება.
იმ სკოლებში, სადაც ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, ნელ-ნელა მოხდება ახალ მოდელზე გადაწყობა. ყოველი ახალი კლასი კი ამ მოდელის შესაბამისად გაიხსნება. ქალბატონმა თამარმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ღირებული შენაძენი განათლების სისტემისთვის და ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების რეალიზებას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კლინიკურმა ნეიროფსიქოლოგმა, თინათინ ჭინჭარაულმა აღნიშნა, რომ აუტიზმის სპექტრის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის ახალი მოდელი განათლების სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგია. მისი მთავარი მიზანია, საჯარო სკოლის სივრცეში, აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს განათლების მიწოდება. ინტეგრირებული კლასი, როგორც დამატებითი მომსახურება, მათ საშუალებას მისცემს, ეტაპობრივად, უფრო ეფექტურად ინტეგრირდნენ თავიანთ კლასებში. ამ მოდელით ბავშვებს საშუალება ეძლევათ, სკოლაში მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ და გავიდნენ შედეგზე. შედეგი კი აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის არის განათლების მიღება, მათი თანატოლების მინიმალური მხარდაჭერით.
„ამ მოდელთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა, რა ტიპის ცოდნა უნდა ჰქონდეთ სპეციალისტებს, რა მოდელს უნდა ეფუძნებოდეს სწავლის მეთოდოლოგია. ამ შემთხვევაში, გამოვდივართ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან და ვეფუძნებით ქცევის გამოყენებით ანალიზს, როგორც წარმმართველ პრინციპს, რამაც ძალიან გაამართლა. ამის საუკეთესო მაგალითია თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გაწეული მუშაობა. კვლევამაც აჩვენა, რომ მსგავსი მიდგომა და ამ მოდელზე დაფუძნებული სწავლება ამართლებს“ — ამბობს ქალბატონი თინათინი.
„მეორე წელია, რაც ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგი ვარ. როდესაც ახალ მოდელს გავეცანი, პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კლასში მოსწავლეთა რიცხობრივი სიმცირე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, — განაცხადა მარიამ შუკაკიძემ, 55-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგმა — ინტეგრირებულ კლასში 8 ბავშვი სრულიად ადეკვატურია. ჩვენ შევაფასეთ ისინი უნარების მიხედვით. მოდელი მაქსიმალურად მორგებულია საგაკვეთილო პროცესზე. მოლოდინები დასაწყისიდანვე დიდი გვქონდა. შედეგებით კმაყოფილი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა დასაძლევი — არის სპეციალისტების ნაკლებობა, მცირეა მოხალისეების რაოდენობა, რომელთა მოძიება ძალიან გვიჭირს. მოხალისეებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ ინტეგრირებულ კლასში, შესაბამისი ცნობა მიეცემათ. ვფიქრობ, ესეც გარკვეული მოტივაციაა.“
ქალბატონმა მარიამმა აღნიშნა, რომ ინტეგრირებული კლასის სპეციალისტები ორიენტირებულები არიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მაქსიმალურად ჩართულობაზე სადამრიგებლო კლასებში, სხვა ბავშვებთან ერთად. სისტემატურად მუშაობენ არა მხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან, არამედ მათი კლასელების მშობლებთანაც. „საქმის კურსში ვაყენებთ და ვაცნობთ მათ მომავალ კლასელებს, რათა ისინი მომზადებული შეხვდნენ თანატოლებს, რომელთაც, პირველ რიგში, თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ“.
თანადგომა და მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მართლაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. სამწუხაროდ, დღესდღეობით, უმეტესი მათგანი ელემენტარულ სერვისებსაც კი მოკლებულია. რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის მომლოდინეთა სია ძალიან გრძელია და პროგრამაში ახალი ბავშვის ჩართვა მხოლოდ მაშინ ხერხდება, თუ ვინმე, ვინც ამ მომსახურებას უკვე იღებს, გამოეთიშება.
მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ან ნებისმიერი ტიპის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად, აუტიზმის სპექტრის მთავარი ნიშნები ხომ სწორედ კომუნიკაციისა და სოციალიზაციის დეფიციტია. ინტეგრირებული კლასის ახალი მოდელი, როგორც საჯარო სკოლის სივრცეში აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეების ეტაპობრივი ინტეგრაციის დამატებითი მომსახურება, უდავოდ, დიდ დახმარებას გაუწევს მათ განათლების უფლების რეალიზებაში.
მაკა ყიფიანი