27 ივლისი, შაბათი, 2024

იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსიერება

spot_img

იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსიერება, როგორც ტერმინი, ხშირად გამოიყენება განათლების სპეციალისტთა მიერ და აღნიშნავს ადამიანის გრძელვადიანი მეხსიერების ორ ტიპს. დღეს ვისაუბრებთ იმპლიციტურ მეხსიერებაზე. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა გადაბმა-გადახლართვაა.

იმპლიციტური მეხსიერება შეძენილია და ის გამოიყენება არაცნობიერად (განზრახვის გარეშე), ექსპლეციტურისგან განსხვავებით. ეს უკანასკნელი ნასწავლის განზრახ გახსენებას გულისხმობს.

იმპლიციტურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა ქცევა, მოსაზრება რთული გამონათქვამით ფორმულირდება ასე: „თუ …, მაშინ…“ (მაგალითად: „თუ წელში მოვიხრები, მაშინ უფრო ადვილდება ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა“; „თუ თხილამურზე წელში გადავიზნიქები, მაშინ უფრო სწრაფად გავსრიალდები“; „თუ კბილებს ხშირად გამოვიხეხავთ, მაშინ პირის ღრუ უფრო დაცული გვექნება“; „თუ ნიადაგს ორგანული სასუქით გავამდიდრებთ, მაშინ მოწეული პროდუქცია ჯანსაღი იქნება“…). ამგვარი მეხსიერება, ბუნებრივია, ზემოქმედებს ადამიანის აზრებსა და ქცევაზე.

იმპლიციტური მეხსიერების გავრცელებული ფორმაა პროცედურული მეხსიერება (ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ეს ადვილად დასადგენია). იმპლიციტური მეხსიერების მტკიცებულება მომდინარეობს პრაიმინგიდან. პრაიმინგი არის ადრე გაგონილის ან ნანახის უპირატესობა. უფრო ზუსტად კი: „პრაიმინგი ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც იმპლიციტური მეხსიერების შეფასებისას უპირატესობა ადრე გაგონილ სიტყვას ან ნანახ სიტუაციას ენიჭება. ეს არის ცვლილება, რომელიც წარსული გამოცდილების გავლენით ვლინდება და პიროვნებას მასზე კონტროლი არ აქვს. პრაიმინგი ინდივიდის ნებისგან დამოუკიდებლად და ცნობიერების ჩარევის გარეშე ხორციელდება“. ასევე, არსებობს კლასიკური განპირობებაც.

მაშასადამე, განზარახვის გარეშე, ანუ იმპლიციტური მეხსიერების სამი სახე არსებობს:

♦ კლასიკური განპირობება

♦ პროცედურული მეხსიერება

♦პრაიმინგის ეფექტები

კლასიკური განპირობება ისეთი სახეა, როცა ყალიბდება აფექტის მდგომარეობა (აფექტის ხარისხი და გამოხატვა სხვადასხვაგვარია): ტესტირების დაწყებამდე შფოთვა (მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ტესტირების გამოცდილება); მოულოდნელი საჩუქრის მიღებისას გულისცემის რიტმის მომატება; მინაზე ფრჩხილის გასმისას წარმოქმნილი უსიამოვნო ხმის გაგონებისას უსიამოვნო განწყობის მატება და ა.შ.

პროცედურულ მეხსიერებასთან დაკავშირებით სტატიის დასაწყისშიც მოვიხმეთ მაგალითები. მარტივად რომ ავხსნათ პროცედურული მეხსიერების ბუნება, ეს არის პირობა-მოქმედებების ერთმანეთზე გადაჯაჭვა-გადაბმა, ანუ თუ აკეთებ ერთს და მის ხარჯზე იღებ მეორეს, ეს უკვე პროცედურული მეხსიერების ხარჯზე ხდება. კარგად გავარჯიშებული პროცედურა განსაზღვრავს იმპლიციტური მახსოვრობის მაღალ ხარისხს. მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი: თუ თქვენ წელში დღეში რამდენჯერმე იხრებით ფეხსაცმელზე თასმის შესაკვრელად, ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ დახედვაც აღარ გჭირდებათ დაბლა, ისე შეკრავთ ზონარს.

იმპლიციტური მეხსიერების მესამე სახეა პრაიმინგი. პრაიმინგი შეიძლება ფუნდამენტური პროცესი იყოს გახსენებისთვის, რადგან ამ დროს აქტიურდება წარმოდგენა/ასოციაციები და მეხსიერებაში განიბნევა. ინდივიდის ნება პრაიმინგის დროს გამოირიცხება და ცნობიერება არ აქტიურდება. საგაკვეთილო შემთხვევასაც თუ განვიხილავთ, შესაძლოა, მასწავლებელმა მიმართოს თავისი კითხვის დასრულებისთანავე პასუხის დასაწყისით და მივიღოთ სწორი ან არასწორი პასუხი: ელე…ქტრონი/ელე…მენტი, ან კიდევ კილო…გრამი/კილო…მეტრი.

დავსვათ კითხვა, რაში გამოიყენებს მასწავლებელი იმპლიციტურ მეხსიერებასთან დაკავშირებულ ცოდნას? ბუნებრივია, ზემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ლერნდიზაინერებისთვის და არა მოსწავლეებისთვის. „შეცდომების პედაგოგიკაში“ საინტერესოა, რატომ უშვებს მოსწავლე შეცდომას. როცა ვიცით შეცდომის დაშვების მიზეზი, ეფექტიანი ინტერვენციული ინსტრუმენტების მოძიებაც იოლდება.

როცა მოსალოდნელია ბავშვის მხრიდან ტესტირების გამო შფოთვა, ამ დროს მასწავლებელი წინასწარ უპირისპირდება კლასიკურ განმპირობებელს (იმპლიციტური მეხსიერების ერთ-ერთი სახის საფუძველს) თუნდაც ერთი ფრაზით: „ბავშვებო, ჩვენ ახლა დაგვეხმარება ტესტირება, დავინახოთ, რა ვიცით  კარგად და რა გვაქვს უკეთ სასწავლი. ტესტირებაში მიღებული ქულა ერთი იმგვარი ნიშანია, რომელსაც თითქმის ყოველდღე გიწერთ.“

პროცედურულ მეხსიერებასთან დაკავშირებული გადაცდომების თავიდან ასაცილებლად კლასში არაერთი ინსტრუმენტის გამოყენება გამოგვადგება. მაგალითად, აუდიალისტ მოსწავლეს, რომელსაც ურჩევნია მასწავლებლის წაკითხულს მოუსმინოს და არა თვალი გაადევნოს წიგნში ნაბეჭდ ინფორმაციას, მასწავლებელი არ უნდა აძალებდეს წიგნის გადაშლას, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად მოსწავლე დაჩვეულია წიგნის შესაბამის გვერდზე გადაშლას. ამ დროს მასწავლებელი მშვიდად სთავაზობს მოსწავლეებს მოსმენას, ან მოსმენასა და ფურცელზე ინფორმაციის თვალის დევნებას, ერთდროულად.

პრაიმინგის გამო ხარვეზები რომ არ გვქონდეს, უნდა გავააქტიუროთ ცნობიერება და მექანიკურ, გააზრების გარეშე პასუხებზე თავი უნდა ავარიდებინოთ მოსწავლეს. ამიტომ, უმჯობესია, დეკლარატიული ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მოვითხოვოთ გააზრებაზე ორიენტირებული პასუხები ისეთი შეკითხვებით, რომელიც მოსწავლეს დააზღვევს მექანიკური გადაცდომებისგან. ვთქვათ, წონის ერთეულის დაზეპირებული დასახელების ჩამოთვლის ნაცვლად, ბავშვს დავეკითხოთ, თუ რა წონის შაქარს, მარილს ან წიწიბურას ყიდულობენ საოჯახოდ.

ლეილა გოგოხია

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები