3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

იმედისა და შესაძლებლობების ენა

spot_img
ნინო ინაიშვილი
ბათუმის №3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და შენარჩუნება წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, რომლის ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სასკოლო განათლება. მიჩნეულია, რომ ვერც ერთი კონსტიტუცია და ნორმატიული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს მომავალი მოქალაქის ჩამოყალიბებას, თუ განათლების შინაარსი და ფორმა მის დამხარე ინსტრუმენტად არ იქცა. „მოქალაქის აღზრდის პროცესში სკოლის როლი აღემატება სხვა ნებისმიერი საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის შესაძლებლობებს. მეტიც, მაღალია სკოლის წარმატებული პრაქტიკის გავლენის ხარისხი საზოგადოებაზე, რადგან სასკოლო თუ საკლასო მაგალითების გაზიარება ხდება მილიონობით ახალგაზრდის მიერ“ (Flanagan, Syvertsen and Stout , 2007) [მალაზონია, ლობჟანიძე, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, ნაცვლიშვილი 2021:24].

ევროპის საბჭო გვთავაზობს დემოკრატიულ კულტურაში მოქალაქეების ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის კონცეპტუალურ მოდელს. მისი დაუფლება „საჭიროა დემოკრატიის კულტურაში ეფექტური მონაწილეობისთვის და კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებებში მშვიდობიანი და თანასწორუფლებიანი თანაარსებობისათვის“ [მალაზონია, ლობჟანიძე, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, ნაცვლიშვილი 2021:21]. მოდელი მოიცავს 20 კომპეტენციას, რომელიც, თავის მხრივ, დაყოფილია ღირებულების, დამოკიდებულების, უნარების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების ჯგუფებად.

ღირებულებები:
  1. ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;
  2. კულტურული მრავალფეროვნების დაფასება;
  3. დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;
დამოკიდებულებები:
  1. კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენებისადმი, მსოფლმხედველობების, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისთვის მზაობა;
  2. პატივისცემა;
  3. მოქალაქეობრივი აზროვნება;
  4. პასუხისმგებლობა;
  5. თავდაჯერებულობა;
  6. გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება;
უნარები:
  1. დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
  2. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
  3. მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები;
  4. ემპათია;
  5. მოქნილობა და შეგუების უნარი;
  6. ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები;
  7. თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
  8. კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევები;
ცოდნა და კრიტიკული გააზრება:
  1. საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება;
  2. ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება;
  3. მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეობრივი განათლების გზით დასახელებული კომპეტენციები უნდა დაეხმაროს საზოგადოების ტრანსფორმაციას. გთავაზობთ მკვლევრების – შუგურენსკისა და მაიერსის დასახელებულ საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის ასპექტებს (Schugurensky D., Mayers J.P. 2003):

ა) პასიურიდან აქტიურ მოქალაქეობაზე გადასვლა;

ბ) ეროვნული მოქალაქეობიდან პლანეტის/ეკოლოგიურ მოქალაქეობაზე გადასვლა;

გ) კულტურული მრავალფეროვნების აღიარებიდან ინტერკულტურული საზოგადოებების ხელშეწყობამდე;

დ) საჯარო სფეროს მომზადებიდან ინკლუზიურობამდე;

ე) ფუნდამენტალიზმიდან მშვიდობის მშენებლობამდე;

ვ) სკოლის სივრცეში მოქალაქეობიდან მსწავლელთა საზოგადოებამდე;

ზ) ფორმალურიდან არსებით (ქმედით) დემოკრატიულ მოქალაქეობამდე.

თავის მხრივ, მულტიკულტურული განათლების მიმართულებით, უმთავრეს დოკუმენტად მიიჩნევა მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს განთლების მინისტრთა მუდმივმოქმედი კომისიის საბოლოო დეკლარაცია (ათენი, 2003), ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურთა მესამე სამიტზე მიღებული სამოქმედო გეგმა (ვარშავა, 2005), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია რელიგიისა და განათლების შესახებ (2005) და იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის მიერ მიღებული კონვენცია „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა“ (2007).

თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესები – გლობალიზაცია და მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი – დღის წესრიგში ინტერკულტურული განათლების გაძლიერების საჭიროებას აყენებს. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ ეთნიკურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირება, მეორე მხრივ კი, მრავალფეროვნების შესაძლებლობების ზრდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „მულტიკულტურულ საზოგადოებაში ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციისა და განვითარებისთვის ადამიანის მომზადებამ“ [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:1].

მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი „მულტიკულტურული“ ასახავს საზოგადოების კულტურულად მრავალფეროვან ბუნებას, ხოლო ინტერკულტურალიზმი – კულტურულ ჯგუფებს შორის ურთიერთობას (UNESCO convention on the protection and promotion of the diversity of cultural expressions (2005), article 8)“ [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:6].

მიიჩნევა, რომ კულტურას ქმნის სამი ასპექტის – მატერიალური რესურსების (საკვები, ტანისამოსი, იარაღი…), სოციალური რესურსების (ენა, რელიგია, საზოგადოებრივი ქცევის წესები…) და სუბიექტური რესურსების (გარკვეულ კულტურულ ჯგუფში შემავალი სუბიექტების ღირებულებები, დამოკიდებულებები თუ სხვა) ერთობა. „კულტურა წარმოადგენს საფუძველს, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებაში ჩვენს აზროვნებას, გრძნობებსa და ქცევებს“ (Gollnick, Chinn, 2016) [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:67], თუმცა ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუძლებელია ცნება „კულტურის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტების მოძიება მისი კომპლექსური და დინამიური ხასიათის გამო.

გარკვეულ შემთხვევაში, მულტიკულტურული გარემოს ხელშეწყობა აღიქმება ეროვნული ინდეტობისთვის სახიფათო გარემოებად. ამგვარი დამოკიდებლება, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებულია. თუმცა იმის აღნიშვნაც საჭიროა, რომ არასწორად გაგებულმა და განხორციელებულმა მულტიკულტურულმა განათლებამ შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

♦ მულტიკულტურული განათლების უმთავრესი პრინციპია – „ყველა მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის, განურჩევლად მათი გენდერული, ეთნიკური, რასობრივი, კულტურული, ლინგვისტური და ა.შ. კუთვნილებისა, გარანტირებული უნდა იყოს განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და თანასწორობა სკოლაში“ [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:63];

♦ „მასწავლებელს საკლასო ოთახში „შემოაქვს“ მთელი მსოფლიო და მოსწავლეებს გლობალურ ხედვას ასწავლის. მან უნდა ჩამოაყალიბოს დემოკრატიული საკლასო ოთახი, სადაც მოსწავლე აქტიური მონაწილე იქნება საკუთარი და კლასელების სწავლის პროცესის (GOLLNICK, Chinn, 2016) [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:90].

უნდა აღინიშნოს, რომ ინტერკულტურულ განათლების თეორიებს იდეალისტურ თეორიებად მიიჩნევენ, „იმედისა და შესაძლებლობების ენასაც“ კი უწოდებენ, რადგან მისი მიზანი – ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების კომპეტენციების განვითარება მსოფლიოს მოქალაქეებში – გამორჩეულად კეთილშობილური ხასიათის მიუხედავად, კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპისთვის მიუღწეველი იყო.

მიუხედავად ინსტიტუციური რეფორმებისა თუ საგანამანთლებლო სისტემების ძალისხმევისა, უამრავ განვითარებულ სახელმწიფოში ჯერ კიდევ მწვავედ დგას განსხვავებულ კულტურულ ჯგუფებს შორის გაუცხოვების პრობლემა. განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის სხვადასხვა კულტურული ჯგუფების თანაარსებობა და თანამშრომლობა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისა თუ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. როგორც წესი, „ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ართულებს ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ტრადიციებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულებები“ [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:2].

რიგ მკვლევრებს (kikanza და სხვები, 2012) მისი გადაჭრის ერთადერთ საშუალებად კულტურულად განსწავლული სწავლება ესახებათ, რაც კულტურულად მრავალფეროვან გარემოში თანაარსებობისთვის საჭირო დამოკიდებულებათა და ქცევათა კომბინაციას მოიაზრებს.

მიიჩნევენ, რომ პოლიკულტურულ საზოგადოებაში მონოკულტურული სკოლების გარდასაქმნელად (სკოლაში გარკვეული ნიშნით დომინანტური ჯგუფების შესამცირებლად) საჭიროა კურიკულუმის იმგვარი ტრანსფორმირება, რომ მოსწავლეებმა შეძლონ შეისწავლონ „კონცეფციები, პრობლემები, მოვლენები და თემები სხვადასხვა ეთნიკური და კუტურული პერსპექტივიდან“ (Romo, Bradfield-Kreider, Serrano, 2003) [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:75]. თავის მხრივ, მულტიკულტურული განათლების მიდგომა მხარს უჭერს მთლიანად სკოლის – ხილული და უხილავი კურიკულუმების (სკოლის სასწავლო გარემო, კულტურა, მასწავლებელთა დამოკიდებულებები და ქცევები და სხვ.) ტრანსფორმირებას. „ისტორიულად სკოლა მოსწავლეებს „სწორი პასუხის“ მოძებნას ასწავლის. მიდგომისთვის არსებითი კულტურული პლურალიზმი ეხმარება მოსწავლეებს, აღიარონ მრავალმხრივი პერსპექტივისა და ინტერპეტაციის არსებობა და მისი მნიშვნელობა“ [მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017:88].

მასწავლებლის პროფესია მაძიებლობას გულისხმობს. ნამდვილი პედაგოგი გამუდმებით ცდილობს სამყაროს „მოპაროს“ ყველაფერი, რამაც შეიძლება მოსწავლეებისთვის მოსაწყენი შემეცნებითი პროცესები საინტერესო თავგადასავლად აქციოს (მით უმეტეს, დღეს, როცა წიგნს უამრავი კონკურენტი ჰყავს და ბრჭყვიალა ინტერნეტსივრცეში ჩაკარგული მოსწავლის გულს რუტინული სასაწავლო პროცესი ვეღარ იპყრობს). რადგან ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალი მოდელის განხორციელება შესაძლებელი ხდება: ცალკეულ სასკოლო დისციპლინათა შინაარსა და მასწავლებელთა მიერ გამოყენებულ მიდგომებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების საკლასო დისკუსიის ფორმატში განხილვით, სოციალური ხასიათის საკლასო და სასკოლო პროექტებით, არაფორმალური განათლების აქტოვობებით, სკოლის და კლასის თვითმმართველობებით, სიმულაციური აქტივობებით, ზემოთ დასახელებული საერთაშორისო დოკუმენტების გააზრების შემდეგ, გადავწყვიტე უმთავრესი იდეების მიზნობრივი ტრანსფერი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

რადგან საბაზო საფეხურზე ვასწავლი, გადავწყვიტე ისეთი არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა, რომლითაც დემოკრატიულ კულტურაში მოქალაქეების ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის კონცეპტუალურ მოდელის ისეთი მიმართულებების განვითარებაში დავეხმარებოდი მოსწავლეებს, როგორებიცაა:

  • კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენებისადმი, მსოფლმხედველობების, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისთვის მზაობა;
  • პატივისცემა;
  • მოქალაქეობრივი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • თავდაჯერებულობა;
  • გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება;
  • დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
  • ემპათია;
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
  • საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება;
  • ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება.

მეტი სიცხადისთვის გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკას.

ამჟამად ორ მეშვიდე კლასს ვასწავლი. ორივე კლასში 29 მოსწავლეა. ერთ მშვენიერ დღესაც განვუცხადე, რომ მათ უცნობი მეწყვილისთვის უნდა წაიკითხონ წიგნი. იქვე დავამატე, რომ გზადაგზა კომენტარები უნდა დაურთონ, წერილები დაწერონ და ასე გააცნონ მეწყვილეს, ახალ ტექსტებთან ერთად, საკუთარი თავი, ბოლოს კი წაკითხული წიგნი გადასცენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ჯერ კიდევ უცნობი მეწყვილეები ერთმანეთს მხატვრული ლიტერატურის საშუალებით დაუკავშირდებიან და ამ ჯადოქრობაში, კითხვის უნარების განვითარებასთან ერთად, საკუთარი თავის გამოხატვის ორიგინალური ფორმების მოძიებისა და ახალი მეგობრების შეძენის საშუალებაც მიეცემათ.

მოსწავლეთა მოსალოდნელი იმედგაცრუებების თავიდან ასარიდებლად, თავად დავაწყვილე ისინი, მათი ფსიქოტიპების გათვალისწინებით (თუმცა, ვფიქრობ, შემთხვევითობის პრინციპით შექმნილი წყვილებიც საინტერესო ლიტერატურულ თავგადასავალში გადაეშვებოდნენ). გასათვალისწინებელია, რომ ორივე კლასში სწავლობენ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები – ქურთი და სომეხი. მათთან დაწყვილებამ ეთნიკურად ქართველ მოსწავლეებს განსხვავებული კულტურული წინაპირობების მქონე ოჯახში აღზრდილი ბავშვების უკეთ გაცნობის საშუალება მისცა.

ერთმანეთისთვის წასაკითხი წიგნის შერჩევისას საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მოსწავლეები, ცოტა არ იყოს, დათრგუნა სერია „აირჩიე სიკეთის“ იმ ტექსტებმა, რომელთა მთავარი გმირები განსხვავებული საჭიროებების მოზარდები/ბავშვები არიან. ალბათ, სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათ ფანტასტიკური და იუმორისტული ტექსტები – ნილს სიმეონის (გიორგი მასხარაშვილის) „14 კრისტალის თეორია“ და დევიდ უოლიამსის „ბანდიტი ბებია“ (ვფიქრობ, სხვა დროს ამ ტიპის აქტივობისთვის მოსწავლეებს ლიტერატურასაც, სწორედაც რომ, სამოქალაქო და მულტიკუტურული ცნობიერების ასამაღლებელს შევთავაზებ).

ახლა უშუალოდ კითხვის პროცესიც აღვწეროთ.

გასათვალისწინებელია, რომ წიგნების მეწყვილისთვის წაკითხვისთვის არ დამიწესებია არანაირი ჩარჩო. მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს კითხვის სტრატეგიები (სიტყვიერი კომენტარი, შეკითხვის დასმა, ვარაუდის გამოთქმა, წაკითხულის ვიზუალიზაცია, სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტება, ასოციაციების, პირობით ნიშანთა სისტემის, გრაფიკული ორგანიზატორების შექმნა და სხვა), რომელთა გამოყენებაც მათ საკუთარი თავის შეცნობასა და თვითგამოხატვაში დაეხმარათ.

გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს.

მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება ყველაზე მეტად კითხვის პროცესში დაუფლებული ემოციების, დაკვირვებების, მოსაზრებების მეწყვილესთვის ინდივიდუალურად შემუშავებული კითხვის სტრატეგიების საშუალებით გაზიარებამ გამოიწვია. ჩემი დაკვირვებით, სწორედ თავისუფალი არჩევნით მიიღწევა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნები:

ა) ინტერპრეტაცია, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (5.ტექსტის ინტერპრეტაცია, პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით; 7. ტექსტის შეფასება, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა-დასაბუთება);

ბ) სტრატეგიები (11. წერისა და კითხვის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატური გამოყენება).

საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეთათვის ერთმანეთის წიგნებზე, პოზიტიურ მაგალითებზე დაკვირვება მოტივაციის გაზრდისა და წიგნის მეტად ორიგინალურად დამუშავების გზად იქცა. სწორედ ამიტომ, გზადაგზა, ჯგუფურ მუშაობასაც მივმართავდი, რომლის მიზანიც კითხვის განსხვავებული სტრატეგიების, აღმოჩნების, გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება იყო.

ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა მეწყვილეებთან შეხვედრისა და წიგნის გაცვლის დღე. სწორედ ამ დღის მოლოდინით საზრდოობდნენ მოსწავლეები კითხვის მთელი პროცესის განმავლობაში. ნებისმიერი სიტყვის, ფრაზის, გვერდისა თუ ილუსტრაციის უკან სწორედ ამ დღის სიხარული იმალებოდა.

რადგან მოსწავლეებს მობეზრებული აქვთ ფორმალური სასწავლო გარემო, შემაჯამებელი აქტივობა, მათთან ერთად, არაფორმალურ გარემოში დავგეგმე, რათა მეწყვილეებს ერთმანეთთან არა გაუცხოება, არამედ მთლიანობა ეგრძნოთ. ასეთი შეიძლება ყოფილიყო სკოლის ბიბლიოთეკა ან კლუბური მუშაობის ოთახი, თუმცა საკმარისი სივრცის არარსებობის გამო, საბოლოოდ, სააქტო დარბაზში გადავინაცვლეთ.

შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეთა დაძაბულობის შესამცირებლად, უშუალო და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად, გამოვიყენე კითხვების ყუთი, რომელშიც მოვათავსე კითხვები.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  1. რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
  2. როგორ გგონიათ, განსაკუთრებით რა უნარები გაგივითარათ ამ პროექტმა?
  3. თავიდან რომ იწყებდე, რას შეცვლიდი ამ პროექტში?
  4. დაასახელე სამი სიტყვა, რომლითაც აღწერ იმ ემოციებს, რომლებიც ამ პროექტს უკავშირდება.
  5. დაასახელე მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ან ვერ თქვი უარი ამ პროექტში მონაწილეობაზე.
  6. მოიფიქრე წინადადება, რომელიც იმ გარემოს აღწერს, რომელსაც ახლა შენი თვალები ხედავს.
  7. მოიფიქრე სიტყვა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად შეეფერება ნინა მასწავლებელს.
  8. კითხვის/წერის პროცესში რა იგრძენი ახალი. აღწერე ემოციები.
  9. გაახმოვანე ის ერთი წინადადება, რომლითაც წამოიწყებ საუბარს მეწყვილესთან (ამ კითხვა-პასუხის შემდეგ).
  10. როცა წიგნს მეწყვილისთვის ვკითხულობდი… (დაასრულე წინადადება)
  11. როცა წიგნზე კომენტარებს ვტოვებდი… (დაასრულე წინადადება)
  12. ეს პროექტი შემაყვარებს… (დაასახელე სამი რამ)
  13. რომ შემეძლოს… ( დაასრულე წინადადება)
  14. უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხე:

მიხარია, რომ ეს დღე შედგა!

მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით!

მიხარია, რომ გხედავთ!

ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება!

  1. კითხვების ყუთიდან შეკითხვა იმ ბავშვს ამოაღებინე, ვისთვისაც, შენი აზრით, ღირდა ეს პროექტი (ვინც ყველაზე დიდი ემოციითა და ინტერესით მოეკიდა ამ პროექტს).
  2. უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხე:

ჩემი ხმა გაგაგონე, შენიც გავიგონე. ადამიანები ერთმანეთს ვჭირდებით.

საბოლოოდ, მოსწავლეებმა გაცვალეს წიგნები და ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში გადაეშვნენ. ახალი წიგნის კითხვის პროცესში მათ გვერდით შეძენილი მეგობრის ემოციების ამსახველი წარწერები, კომენტარები, შეკითხვები, ნახატები, პირობითი ნიშნები, წერილები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთებიც და ფოტოებიც იქნება.

სტატიის დასასრულს, გთავაზობთ პროექტის რეფლექსიისთვის შექმნილი გასასვლელი ბარათის შაბლონს. ამ კითხვებზე პასუხების გაცნობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს მოსწავლეებს არაფორმალური/შემოქმედებითი აქტივობები სწყურიათ. გარდა ამისა, მათ უკეთესი სამყაროს შექმნის უდიდესი პოტენციალი აქვთ. ფაქტია – თუ ბავშვებს ერთმანეთის შეცნობაში დავეხმარებით, შემდეგ ისინი დაგვეხმარებიან მეტად ემპათიური, მულტიკულტურული და შემწყნარებელი საზოგადოების მშენებლობაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მალაზონია, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, გახელაძე 2017: მალაზონია დ., მაღლაკელიძე შ., ჭიაბრიშვილი ნ., გახელაძე გ., „ინტერკულუტურული განათლება. პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.:2017. 472 გვ.
  2. მალაზონია, ლობჟანიძე, მაღლაკელიძე, ჭიაბრიშვილი, ნაცვლიშვილი 2021: მალაზონია დ., ლობჟანიძე ს., მაღლაკელიძე შ., ჭიაბრიშვილი ნ., გახელაძე გ., „მოქალაქეობრივი განათლება“, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.:2021. 201 გვ.

საკანონმდებლო აქტები:

  • ევროპის საბჭო 2016: „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, პარიზი:2016. ქართულად თარგმნა მაია გვიტიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გამომცემლობა სეზანი, თბ:2017. 112 გვ.
  • UNESCO 2017: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, „განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“, პარიზი:2017. 85 გვ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები