2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე გახდა. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცა. საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები კი ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა.
როლანდ შავაძე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2022-ის გამარჯვებული
☑️ როლანდ, რა შეგრძნებაა საუკეთესო ფინალისტებს შორის გახდე რჩეული მასწავლებელი?
🔹 ზოგადად, აღიარებით გამოწვეული სიხარული და პირველობის სურვილი ადამიანური ფაქტორია. ბუნებრივია, მეც გამიხარდა, თუმცა, ამ გამარჯვებას პასუხისმგებლობის ნაწილიც ახლავს შენს უკან მდგომი ადამიანებისადმი, საზოგადოებისადმი. რაც უფრო მეტი ადამიანი გიცნობს, მით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ამას ისიც ემატება, რომ მუდმივად უნდა გახსოვდეს – მასწავლებლები ვემსახურებით ახალი თაობების აღზრდას, რაც, თავისთავად, კიდევ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. როცა საზოგადოება მოგიაზრებს საუკეთესო მასწავლებლების რიცხვში, აქ უკვე უნებლიე შეცდომის დაშვების უფლებაც კი აღარ გაქვს – შეიძლება განზრახ არ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ამ სტატუსით, ვფიქრობ, შეცდომის უნებლიედ დაშვების უფლებაც ჩამოგერთვა.
☑️ საინტერესოა, რა არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია თქვენს პროფესიაში?
🔹 ზოგადად, მასწავლებლის ყველაზე მთავარი ვალდებულებაა, ზედმიწევნით იცნობდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს – ამ პატარა დოკუმენტში ძალიან კარგი ჩანაწერებია ჩვენი პროფესიის ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, ამიტომაც, ყველა მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მისი ცოდნა. საერთოდ, ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, როგორი მოქალაქის აღზრდა გვინდა. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ იყოს მოქალაქე, რომელსაც ექნება სწორი ფასეულობები: იქნება შემწყნარებელი, ტოლერანტი, ამავდროულად, დასაქმების ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი ადამიანი. სწორედ ამისთვის ვიბრძვით – ზოგადმა განათლებამ მოსწავლეს ეს ძირითადი საფუძვლები უნდა მისცეს, რითაც ის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებს, სწავლას უმაღლესში ან პროფესიულში გააგრძელებს და თავისი საქმის პროფესიონალი გახდება. თუ მასწავლებელი მაქსიმალურად იხარჯება ასეთი თაობების აღზრდისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ის მაქსიმუმს აკეთებს თავის პროფესიაში. თუმცა, ამის გარდა, მას შეუძლია სკოლის მიღმაც აქტიური პიროვნება იყოს და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, აქტუალურ საკითხებზე გამოთქვამდეს თავის პოზიციას, ცხადია, არამხოლოდ განათლების მიმართულებით. მასწავლებლები საზოგადოებაში ძალიან ანგარიშგასაწევი ხალხია, ასე ვთქვათ, დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამიტომ, შეიძლება, ისინი როლურ მოდელებადაც იქცნენ საზოგადოებისთვის, მათი ინტერესებიც იქნეს გათვალისწინებული და ყურადსაღები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მასწავლებელი, გარკვეულწილად, სამოქალაქო აქტივისტიც უნდა იყოს და მაქსიმალურად ჩაერთოს მნიშვნელოვან პროცესებში. ეს არის მასწავლებლის ძირითადი ვალდებულებები როგორც განათლების სისტემაში, ისე, ზოგადად, სოციუმში, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობა.
☑️ როგორ ფიქრობთ, თქვენი პედაგოგიური საქმიანობიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჟიურიმ 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლად გაღიარათ?
🔹 ზუსტად ის ორი ელემენტი, რომელიც ვახსენე და რასაც უნდა აკეთებდეს მასწავლებელი – ორივეში ვცდილობ, ვიყო აქტიური. ერთი – განათლების მიმართულებით ვაკეთო ჩემი საქმე, ანუ პროფესიული მიმართულება და მეორე – ვიყო სამოქალაქო აქტივისტი, ჩართული თემსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მოგეხსენებათ, მე ისლამურ კონტექსტს წარმოვადგენ და ამიტომ აქტიურად ვმუშაობ მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრირებაზე, რათა მათ არ შეექმნათ სირთულეები სრულყოფილი და ჯანსაღი ურთიერთობის თვალსაზრისით საზოგადოების დანარჩენ წევრებთან.
☑️ როლანდ, რას გააკეთებთ ისეთს, რის გამოც თქვენს მოსწავლეებს მეტი პროგრესი ექნებათ? როგორ გეგმავთ თქვენი, როგორც მასწავლებლის უფრო ეფექტიან მუშაობას?
🔹 ჩემი მოლოდინია, რომ ეს სტატუსი და, ზოგადად, ეს პროექტი მომცემს ახალ შესაძლებლობებს როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო კონტექსტშიც, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი კონტაქტები და ადამიანური რესურსი კოლეგების სასარგებლოდ, მაგალითად, პროფესიონალებთან შეხვედრები, საუბრები, აქტუალური საკითხების განხილვები არა მარტო ჩემს სკოლაში, არამედ, ზოგადად, თემში არსებულ სკოლებში და არა მხოლოდ. ასევე, მინდა, მატერიალური თვალსაზრისითაც, მეტად სასარგებლო გავხდე მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსწავლეებს სკოლის შემდეგ სჭირდებათ დახმარება და ამის არაერთი პრეცედენტი მქონია, არაერთი პროექტი განვახორციელე, სადაც ახალგაზრდებს დავეხმარე. იმედია, მასშტაბები ახლა უფრო გაიზრდება და თუ ვეხმარებოდი მოსწავლეთა მცირე რაოდენობას, იმედი მაქვს, ახლა უფრო მეტი ნახავს სარგებელს ჩემი აქტიურობით.
☑️ რამდენად შესაძლებელია დღეს სკოლაში რაიმე სიახლის შეტანა და თქვენ რა სიახლეს შეიტანდით?
🔹 რაიმე სიახლე რომ შევიტანოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა გვჭირდება, რა პრობლემა გვაქვს და რას უნდა დავუპირისპირდეთ; მეორე – იმაშიც აუცილებლად უნდა ვიყოთ დაწმუნებული, რამდენად გამოგვადგება სიახლე, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ. ამას უფრო ზუსტად იმ შემთხვევაში დავინახავთ, თუკი სხვა ქვეყნების განათლების სისტემებსაც კარგად გავეცნობით, გვეცოდინება როგორ მუშაობს მოწინავე ქვეყნების განათლების სფეროში ესა თუ ის პროგრამა და როგორია კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები. ამიტომ, საგანმანათლებლო სივრცეში სიახლეების დასანერგად, ძალიან წაგვადგება სხვა ქვეყენების გამოცდილების გაზიარება. თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩემი სკოლის, რადგან ნებისმიერი ინიციატივის დანერგვისას (რაც განათლებასთან თანხვედრაშია), პრობლემა არასოდეს შემქმნია. პირიქით, დიდი ხელშეწყობა მაქვს ამ კუთხით. მართალია, ხშირად მსმენია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ მასწავლებლებს, მაგრამ პირადად მე, მიჭირს იმის დაჯერება, რომ სკოლას შეიძლება ჰყავდეს ისეთი ადმინისტრაცია, რომელსაც პოზიტიური სიახლეების დანერგვის მიმართ მიუღებლობა ექნება.
☑️ და მაინც, რა არის ქართული სკოლის ყველაზე დიდი ბარიერი/ბარიერები?
🔹 ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო კვლევებით. მართალია, დღეს უფრო წინ ვართ, ვიდრე გასულ წლებში ვიყავით, მაგრამ ცივილური სამყარო ყველა ეტაპზე გვასწრებს. ეს ძალიან ყურადსაღებია – წინ მივდივართ, მაგრამ სხვები უფრო სწრაფად მიდიან, ამიტომ, აუცილებელია, მათ ავუწყოთ ფეხი, რომ წამოვეწიოთ, ანუ უფრო ჩქარა უნდა ვიაროთ წინ, მაგრამ ბევრი რამ გვაბრკოლებს. პირველ რიგში, ყველა სკოლაში თანაბრად უნდა მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა და მეტი დაფინანსება რეალური საჭიროებების მიმართულებით უნდა წავიდეს. მხოლოდ ტრაფარეტულ ფრაზებად არ უნდა დარჩეს, რომ პრობლემები მოვაგვარეთ ან ვაგვარებთ. რეალურად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და დავინახოთ პრობლემა, შევისწავლოთ რა სჭირდებათ. როცა კონკრეტული სკოლის საჭიროებებს გამოვკვეთთ, შემდეგ იქ, სადაც სკოლები საკუთარი რესურსით ვერ შეძლებენ არსებული პრობლემების მოგვარებას, აუცილებლად შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უნდა ჩაერიონ ან, თუ სკოლა თავად გასწვდება ამ საჭიროებების მოგვარებას, მაშინ რეკომენდაციები და მითითებები უნდა გასცეს შესაბამისმა ზემდგომმა უწყებამ, როგორ სჯობს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება. ამასთან ერთად, აუცილებელია სტაბილურობა – ბევრი ცვლილება განვიცადეთ სისტემაში და ეს ცვლილებები, უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ დაუტესტავად განხორციელდა. სწორედ მსგავსი მიდგომა, მუდმივი ცვლილება და იდეების მოდიფიცირება იწვევს მასწავლებლების ნეგატიურ დამოკიდებულებას სიახლეების მიმართ. ამიტომაც ვახსენე სტაბილურობის საჭიროება, სწორად გათვლილი პროგრამებით უნდა წავიდეთ წინ, თუ გვინდა, შედეგი დამაკმაყოფილებელი იყოს, უფრო სწორად – კარგ შედეგზე გასვლა.
☑️ როლანდ, თუ გიფიქრიათ იმაზე, როგორ შეიძლება საქართველოში მასწავლებლის პროფესია უფრო პრესტიჟული გახდეს?
🔹 მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, მასწავლებლის პროფესია დაფასებული იყოს (ბევრი სხვადასხვა ინიციატივა და პროგრამა ხორციელდება, თუნდაც ეროვნული ჯილდო), ახალგაზრდების პროფესიაში შემოდინების ხვედრითი წილი მაინც ძალიან დაბალია. „თალისის“ ბოლო კვლევის მიხედვით, 30 წლამდე მასწავლებლის ნაკლებობაა სისტემაში, ანუ პროცენტულად შემცირდა ახალგაზრდების სისტემაში შემოსვლა. ამ მიმართულებით უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ერთია, რომ მასწავლებლების ხელფასები იზრდება, მაგრამ მეორე საკითხია, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად პასუხობს ეს ხელფასი რეალურ საჭიროებებს, თუნდაც ზრდის შემთხვევაში, შენს ჯიბეს რომ დაეტყოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მასწავლებლის პროფესია მეტად რომ დაფასდეს, რა თქმა უნდა, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელს უფრო მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ძალიან მარტივია – ახალგაზრდა რომ დაინტერესდეს ჩვენი პროფესიით, მას კარგი ანაზღაურება უნდა შევთავაზოთ. ამასთანავე, მაღალი ანაზღაურების შემთხვევაში, შემდეგ განსაკუთრებულ ხარისხზეც გვექნება პრეტენზია. ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს, ანუ ხარისხის შესაბამისი ანაზღაურება ბუნებრივად გამოიწვევს მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას მასწავლებლის პროფესიით. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, პროფესიაში შესვლის წინაპირობაც აუცილებლად ხარისხზე უნდა გადიოდეს. გამკაცრებული რეგულაციები კი, თანხვედრაში უნდა იყოს მაღალ ანაზღაურებასთან, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარისხიანი კადრების შედინებას სკოლებში.
☑️ რას ფიქრობთ, მასწავლებლის სტატუსის ამაღლების არსებულ მოდელზე, იმაზე, რომ პედაგოგს გამუდმებით უწევს სახელმწიფოსთვის იმის მტკიცება, რომ კომპეტენტურია და კარგად ფლობს იმ საგნის კომპეტენციებს, რომელსაც ასწავლის…
🔹 ჯილდომდეც, როცა პროფესიაში შევედი (2015 წლიდან), ვამბობდი, რომ სტატუსის ცვლილება ამ მოდელით არ უნდა ხდებოდეს. ეს საკითხი სკოლის დონეზე უნდა იყოს გადასაწყვეტი. ეს დეცენტრალიზაციის საკითხია და ცალკე პრობლემაა, რამდენად არიან სკოლები დეცენტრალიზებული. მასწავლებლების სტატუსის ცვლილება არ უნდა იყოს მუდმივი „შეჯიბრი“ – ვინ ჩააბარა გამოცდა, ვინ „ჩაიჭრა“, და ვინც ჩააბარა, ის განსხვავდება კოლეგისგან, რომელმაც ზღვარი ვერ გადალახა, უფრო პროფესიონალია და ა.შ. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ამის დადგენა სკოლებისთვის მიგვენდო და პრაქტიკაში მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, სკოლას გადაეწყვიტა, რა სტატუსი უნდა ატაროს მისმა მასწავლებელმა და, ამ სტატუსის შესაბამისად, მასწავლებლებს დიფერენცირებული, განსხვავებული ანაზღაურება დაუნიშნოს. სკოლა უნდა ქმნიდეს საკუთარი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მინი-მოდელს. ამერიკაშიც ასეა, იმ შტატში, სადაც მე ვიყავი, მასწავლებელს ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებიან და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილებას სკოლაში იღებენ და არა ცენტრალიზებულად, ანუ, რეალურად, სკოლის ადმინისტრაცია წყვეტს, კონკრეტული მასწავლებელი იმსახურებს თუ არა ახალ სტატუსს და ამ ახალი სტატუსის შესაბამის ანაზღაურებას.
☑️ რა გამოცდილება მოგცათ ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ? როგორ ფიქრობთ, წარმატების შემდეგ, მეტ მეგობარსა და თანამოაზრეს შეიძენთ?
🔹 ეს იმ ტიპის კონკურსი იყო, სადაც მონაწილეებს ჩემს კონკურენტებად არ მოვიაზრებდი იმიტომ, რომ კონკურსის მთავარი მისია იყო მასწავლებლის პროფესიის მაქსიმალურად დაფასება და არა პირველობა. გულწრფელად, დასაწყისშივე, ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ – ათეულიდან რომელი გაიმარჯვებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველობისკენ სწრაფვა ადამიანური ფაქტორია. ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო, რაც ეროვნული ჯილდოს კონკურსმა მომცა. მხოლოდ მე არა, ყველა ასეთი განწყობით ვიყავით, საოცარი განცდაა, როცა ერთი იდეის გარშემო ვართ კონსოლიდირებული. ასევე, საინტერესო იყო საზოგადოების დამოკიდებულებაც, მათგანაც იმავეს ვგრძნობდით, ერთიან მხარდაჭერას. ზოგადად, ეს პროცესი ძალიან ესთეტურად გამოიყურებოდა. ჯილდომ გააერთიანა არა მხოლოდ განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანები, არამედ მთელი საზოგადოება. თანაგანცდას და განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდით მოქალაქეების მხრიდან, შეიძლება ითქვას, ეს მხარდაჭერა არა პიროვნებების, არამედ მასწავლებლის პროფესიის მიმართ იყო გამოხატული. რაც შეეხება სტატუსს, ადამიანები განსხვავებულად გიყურებენ და აუცილებლად გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, ვითანამშრომლებ სხვადასხვა სკოლებთან, ვეცდები, კოლეგებს ადგილობრივი თუ ის საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარო, რაც ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა.
☑️ როგორია თქვენი გეგმები, მეკეიძეების სკოლაში აგრძელებთ მუშაობას?
🔹 თავისთავად, სკოლაში ვაგრძელებ მუშაობას, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად რამდენიმე ათეული წელი უნდა იმუშაო ერთი და იმავე სკოლაში მასწავლებლად. ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესია მასწავლებლების გადასვლა ერთი სკოლიდან მეორეში, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩემს მშობლიურ სკოლაში ვარ და ვფიქრობ, კიდევ დიდხანს დავრჩები.
☑️ სწავლებისას რას ანიჭებს უპირატესობას 2022 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი?
🔹 მოსწავლე არ უნდა განიხილებოდეს ობიექტად, რომელსაც ვასწავლით, ის სუბიექტია, რომელიც სწავლობს და ჩვენ, მასწავლებლები, ამ პროცესში ფასილიტატორები ვართ, რომლებსაც ცოტა მეტი გამოცდილება გვაქვს და მას ვუზიარებთ. შემეცნების პროცესში მეც მათთან ერთად ვარ ჩართული, სწორ დირექტივებს ვაძლევ. აი, ეს თუ გაითავისა მასწავლებელმა, მით უფრო ახალბედამ, ძალიან კარგი იქნება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შემორჩენილია მცირე ნაწილში საბჭოთა გადმონაშთი – მასწავლებელი მენტორის როლში ესაუბრება მოსწავლეს – გაიგე თუ ვერ გაიგე?! რაც, თავისთავად, მცდარია, მიუღებელია. სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ შემეცნებითი უნდა იყოს, კონსტრუქტივიზმიც სწორედ ეს არის – მოსწავლეები თვითონ მიდიან, ეტაპობრივად, რაღაც დასკვნებამდე და შენ, მასწავლებელი, მათ ამ ეტაპების გადალახვაში ეხმარები.
☑️ დაბოლოს, თავიდან რომ იწყებდეთ, ისევ მასწავლებლის პროფესიას აირჩევდით?
🔹 იმდენად დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ პროფესიამ, ყველა შემთხვევაში, ისევ მასწავლებლობაზე შევაჩერებდი არჩევანს, მით უფრო, თუ ეს გზა მეცოდინებოდა, დაუფიქრებლად წავიდოდი ისევ ამ გზაზე.
როცა სტუდენტი ვიყავი, ვიღაცებს ეღიმებოდათ, როცა ვეუბნებოდი, რომ მომავალი მასწავლებელი ვარ. მაშინ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო არაპრესტიჟული იყო და სტუდენტებში, რომლებიც უფრო „პრესტიჟულ“ ფაკულტეტებზე სწავლობდნენ, ჩემი არჩევანი, ანუ ჩემი პროფესია ღიმილს იწვევდა. დღეს მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ პროფესიით ეროვნული ჯილდო მივიღე და რომ მასწავლებლობა ნამდვილად არის პროფესია, რომლითაც შეიძლება იამაყო. აქვე ვეტყვი ახალგაზრდებს, რომ მასწავლებლობა ძალიან ღირსეული პროფესიაა, შემოვიდნენ ამ პროფესიაში და, ახალ თაობებთან ერთად, შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი. უპირობოდ, „მომავალი განათლებაშია“!
ესაუბრა ლალი ჯელაძე
📌 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
📌 კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრულ-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.