ნანა გასვიანი
თბილისის №155 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიმართ ინტერესი, საბედნიეროდ, არ ნელდება, რამდენჯერაც შეეხები მას, იმდენჯერ გაგაოცებს, არაერთხელ წაკითხულ, ნაცნობ ნაწარმოებშიც კი ახალს აღმოგაჩენინებს და დაკვირვების საგნად ქცეული მადლიან ნააზრევში ჩაგითრევს. მაგალითად, ჩვენთვის ნაცნობი, მრავალჯერ გადაკითხული წერილის „პასუხი“ ეპიგრაფმა – „ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღებას აღირსებს ამ სტატიასა“ – დიდი ინტერესი გამოიწვია. ცნობილია, რომ ეს ნაწარმოები „ორიოდე სიტყვის“ გამო კრიტიკული წერილების საპასუხოდ დაიწერა. მაშ, რატომ მიმართა ილიამ ალექსანდრე ვახტანგის ძეს ჯამბაკურ-ორბელიანს? რით უნდა მიექცია მას „პასუხის“ ავტორის განსაკუთრებული ყურადღება?
როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (1802-1869) ერეკლეს შთამომავალი იყო, თეკლა ბატონიშვილის ვაჟი, ვახტანგ ორბელიანის ძმა. ცოლად ჰყავდა ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი, რომელზეც თავის მშობლებს დაუწინდავთ მცირეწლოვანი (მარიამ შარვაშიძის მოგონება, „ალექსანდრე ორბელიანის ცხოვრებიდან“, „ლიტერატურული მატიანე“, 3-4, 1942, გვ.314-320) ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ცისკრის“ თანამშრომელი და „მამების თაობის“ იდეური ხელმძღვანელი, ქართულ დრამატურგიაში რომანტიკული ტენდენციების დამამკვიდრებლადაა აღიარებული. იგი სწავლობდა ჯერ კეთილშობილთა, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში, 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად. იყო 1832 წლის შეთქმულების ორგანიზატორი, რის გამოც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. მან მძაფრად განიცადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა. წერდა ლექსებს, კრიტიკულ და ისტორიულ წერილებს (მისი ნაწერების ბიბლიოგრაფია იხილეთ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბეში, XIV, 1947, გვ.265-280).
ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის შემოქმედების გაცნობა-დამუშავებისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 1860 წლის „ცისკრის“ №5-ში გამოქვეყნებულმა მისმა სტატიამ: „ქართული უბნობა ანუ წერა“, რომელმაც სათაურიდანვე მოგვცა გარკვეული მინიშნება ჩვენი ინტერესის სფეროს დასაკმაყოფილებლად. სტატიის დასაწყისში ავტორი გამოხატავს სურვილსა და მოთხოვნას, რომ ყურადღება მიექცეს ქართული წერის საკითხს. უნდა შეირჩეს სამწერლობო ენის ერთი სტილი, რათა არეულად არ იწერებოდეს ჟურნალსა თუ სხვა გამოცემებში. „ჩემის აზრით, ჯერ ამ საგანს არ უნდა მოვეშვნეთ, ჯერ ერთგვარი წერა უნდა დაიდოს ქართული სიტყვიერებისა, რა გვარად ვსწეროთ საზოგადოდ, რომ სხვა და სხვა ჭრელი წერა არა გამოვიდეს რა ხოლმე ცისკარში, მკითხველებისთვის უსიამოვნო არ იყოს“ (ალექსანდრე ორბელიანი, „ქართული უბნობა ანუ წერა“, გვ.90, „ცისკარი“, ტფილისი,1860, №5, (მაისი).
ნაწარმოებშივე გამოჩნდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უძვირფასესი საუნჯე – ენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ავტორის უპირველესი ზრუნვის საგანი ყოფილა. ამ თემაზე ალექსანდრე ორბელიანს არაერთხელ გამოუქვეყნებია წერილი: „თუ გემახსოვრებათ, პირველი არ არის ეს ჩემი თქმა, ადრევაც მითქვამს ამ აზრზე, თუმცა წამკითხავთ სხვა გვარად ეჩვენებათ ადრინდელი ჩემი გამოცემული, მაგრამ ჩემი გარკვეული კი ერთი აზრი იქნება ნათლად , ადრინდელი და ესეც, ამიტომ კარგი გონებით დაკვირვებით უნდა ესა და უეცრად არ შემრისხონ გამხილველთა“ (იქვე, გვ.91).
როგორც ირკვევა, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ გამოქვეყნებული სტატიები დიდი გულისხმიერებით არ წაუკითხავს საზოგადოებას, ავტორს აინტერესებს მათი აზრი, ამიტომ ისევ სთხოვს ამ პრობლემით დაინტერესებულ ადამიანებს, დაკვირვებით გაეცნონ წერილში გადმოცემულ ინფორმაციას, დაუფიქრებლად ნუ განსჯიან ავტორს.
მისი აზრითაც, ისე როგორც სხვა ძველი თაობის წარმომადგენელთა შეხედულებით, ქართული ენა, სტილის მიხედვით, სამად იყოფა (სამ სახედ ჰყოფს): „ქართული ენის თვისებას რომ ერთიც დავუმატოთ, სამათ გაიყოფა: პირველი საღმრთო წერილად ანუ ეკლესიურად, მეორე მდაბიურად ანუ დარბაისელთ უბნობად და მესამე გლეხკაცების ენად“ (იქვე, გვ.90). ორბელიანი სამივე სტილს ცალ-ცალკე ახასიათებს, მოსწონს ეკლესიურ, საღმრთო ენაზე საუბარი, განსაკუთრებით დახელოვნებულთა მიერ, მაგალითად, ანტონ ჭყონდიდელისა და ანტონ კათალიკოსის საუბარს ასე აფასებს: „იმათი ლაპარაკი, ასე კარგათ გამოითქმოდაო, უკეთესს საამოს ლაპარაკსა ქართულს ენაზედ ვერავისგან ვერ გაიგონებდითო“ (იქვე, გვ.91). მიუხედავად ამისა, ძირითად სამწერლობო ენად ეკლესიურის დამკვიდრება შეუძლებლად მიაჩნია, რადგან ამ ენის დახელოვნებას, მისი წარმოდგენით, სირთულის გამო, ხალხი ვერ შეძლებს. „საღმრთო წერილის თვისება არის მაღალი ხარისხის სიტყვიერება და მართლად რომ შესაბამი ეკლესიებისა“ (იქვე, გვ.91).
ავტორს მოჰყავს მაგალითები თითოეული ენის სტილისათვის დამახასიათებელი, ითხოვს, ერთ-ერთი აირჩეს და დამკვიდრდეს, თავადაც აშკარად გამოკვეთს საკუთარ არჩევანს – უპირატესობას „დარბაისელთა“ ენას ანიჭებს, ამისთვის არგუმენტიც შესაბამისი მოჰყავს: „ჩვენ, ქართველებს, თუმცა ამ სამში ერთი უნდა ამოგვერჩია ქართული სიტყვიერებიდგამ, იმისთვის მიგვებაძა, იმ ენაზედ დაგვეწყო ლაპარაკი და წერა, მაგრამ ეკლესსიურის წესისათვის ზევით ითქვა, ძნელი შემოსაღებია-მეთქი. ახლა თუ მეორეს ჩემზედ მოაგდებთ და ამომარჩევინებთ, მე საშუალს ენას ამოვარჩევ, დარბაისელთ ენას, ამისთვის რომ უფროსი ერთი უწინდელი საერო წიგნები, დარბაისელთ ენაზედ უწერიათ და იმათის ენითვე ულაპარაკნიათ, ვითარცა რუსუდანიანი, ვისრამიანი, დავრიშიანი, სიბრძნე სიცრუისა, ყარამანიანი, სხვანი და სხვანი და ბოლოს ვიტყვი ვეფხისტყაოსანი“ (იქვე, გვ.91). სტატიის ავტორის ვარაუდით, ამ წიგნების დამწერნი დარბაისლური წესით წერდნენ და ამავე წესითვე საუბრობდნენ. მართალია, ამ სტილის ნაწერთა შორისაც არის განსხვავება, ზოგი საუცხოო ენით საუბრობს და წერს, ზოგი იმაზე უკეთესად, მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ იმისთვის არის ასე კარგი, რომ ყოველი სიტყვა თავის კავშირებით, ისე შეწყობილია თავთავის ადგილს, ვითარცა საგანგებოს ხელოსნისგან შეწყობილი მარგალიტი ძვირფასი“ (იქვე, გვ.97.
ალ. ორბელიანი გლეხების ენის სტილზეც საუბრობს, აღნიშნავს მის თვისებას – სიმარტივეს, მაგრამ ამ სტილის დამკვიდრებას არ ისურვებს, რადგან ყოველგვარ წესსა და მოქნილობას მოკლებულია, ის „მოშვებულ ენად“ მიაჩნია: „მართალია გლეხკაცების ლაპარაკი მარტივი ენა არის და ადვილი გასაგონი, მაგრამ მაღალი საგანი რამ ვერ გამოვა რიგიანად, არა ყურის საამოდ, რადგან მოშვებული ენა არის გლეხების ლაპარაკი, ჩემის აზრით, მაშ ისევ სჯობია, იმ გვარი ქართული ენა დაიდოს, რომ ყოველს საგანში საუცხოვო რამ იყოს და ყოველს ფერში მოსახმარებელი ურიგო არ იქნება“ (იქვე, გვ.98). ავტორს მოჰყავს მაგალითი, თუ როგორი ინტერესით ისმენდნენ სხვადასხვა სოფლიდან ერთ სოფელში ჩასახლებული გლეხები, მათი მოწყენის გასაქარვებლად, წაკითხულ ნაწარმოებებს: „ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლება, რასაკვირველია, ძნელი იყო იმათთვის… ქართული საერო წიგნები დავიბარე ქალაქითგან, რომელთაცა ყოველს საღამოზე შემოვისხამდი გარს უფროს უფროს კაცებს და სხვა და სხვა წიგნებს უკითხამდი, ორს თუ სამს საათამდისინ: ხან დავრიშიანს, ხან ვისრამიანს, ხან სიბრძნე სიცრუეს და ხან ყარამანიანს“ (იქვე, გვ.99). როდესაც წამკითხავს ქალაქისკენ გადაუწყვეტია წამოსვლა, გლეხები შეწუხებულან და უთხოვიათ: „ღმერთი გადღეგრძელებს, ჩქარა მობრძანდით, ერთი კიდევ წაგვიკითხოთ წიგნები, თორემ ძალიან შევწუხდებითო“. ეს მაგალითი ამტკიცებს, რომ საშუალო ანუ, როგორც ავტორი უწოდებს, დარბაისლების ენა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ახლობელია, რომ იმდროისთვის ბევრმა გლეხმა კარგად იცის ქართული მართებული საუბარიც და წერაც, ამდენად, მწერლის აზრით, დარბაისლების სტილის დამკვიდრება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. „ჩვენი ლაპარაკი და წერა, კვლავ ვიტყვი, ერთგვარი უნდა იყოს: რა გვარად ილაპარაკოს, ისე დაიწეროს და რაგვარად დაიწეროს, ისე ილაპარაკონ, ამისთვის ჩვენი საშუალო ანუ დარბაისელთა ენა , ისეთი უნაკლო ენა არის, რომ ღიად ადვილად შეიძლება რომ ესე, რაც უნდა მაღალი საგანი იყოს, იმაზედაც და კარგადაც გამოვა ყოველი ქართული სიტყვიერება. მართლად, ჩვენს საშუალს ქართულს ენას, როგორც გნებავთ ისე მიმოხრით, ისე მიმოაქცევთ და გამოთქმას ხომ, ისე ლბილად გაიგონებს ყური, მეტი საამო იყოს სმენისთვის“ (იქვე, გვ.97). გარდა იმისა, რომ საშუალო, ანუ დარბაისლების ენა მოქნილია, ამ ენით ადრეც იწერებოდა წიგნები და, ავტორის აზრით, ამ სტილის დამკვიდრებით მამა-პაპათა წესიც დაცული იქნება. „ჰგავს, რომ უწინდელ დროშიც, საეკლესიო წიგნები ეკლესიურის სიტყვიერებით უწერიათ და საერო საქვეყნიერო ენით. მაშასადამე, მგონია არც ჩვენ უნდა გადვიდეთ ჩვენთ მამაპაპის წესსა მივდიოთ ამ საგანზედ“ (იქვე, გვ.97).
აღსანიშნავია ავტორის წერის სტილი, გამოყენებული ლამაზი ფორმა, რითაც ის კვლავ კარგად დაფიქრებისა და გონივრული, საუკეთესო არჩევანისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას: „ქართულის ენის თვისება, კარგის დაფიქრებით უნდა გაირჩეს, ვითარცა მორეული ხორბალი, ანუ წმინდა გარჩეული წისქვილზედ დასაყრელი…“ (იქვე, გვ.97).
ალექსანდრე ორბელიანმა იცის, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მართალია, თავად ავტორი ირჩევს საშუალო-დარბაისელთა ენას, მაგრამ არ არის უკომპრომისო, საკმაოდ განათლებული, თავმდაბალი და საერო საქმის მიმართ ერთგული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს: „ნურავის ნუ ეგონება, მე იქამდისინ უბრალო ამპარტავნება მქონდეს, ანუ ურიგო თავის მოყვარება, ამ ჩემს გამოცემულს წერილზედ დავემყარო: რაცა ვსთქვი უთუოდ ასეა მეთქი. არა, რასაც ვამბობ იქნება ასე არ იყოს და უფრო სხვა გვარად იყოს. კაცი თავის ნაკლულევანებას აგრე რიგათ ვერ დაინახავს, ამისთვის უმდაბლესათა ვთხოვ ბაქარ ქართლელს, იმან გამოიკვლიოს ქართულის წიგნებიდგან ყველა, რადგან ზედმიწევნით იცის ქართული ენა და იმან განიხილოს წვრილად…“ (იქვე, გვ.97). ავტორის აზრით, ბაქარ ქართლელი (დიმიტრი ყიფიანის ფსევდონიმი), თავისი განათლების წყალობით, სანდო ადამიანია, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეთ ქართული ენის მოყვარულთ. ამიტომაც სთხოვს ქართული ენის კარგ მცოდნეს, თუ მოიცლის, შემოკლებული სწორი ქართული გრამატიკა შეადგინოს. ავტორი წერს, კარგი იქნება, თუ ქართული სიტყვიერების განსჯისა და წარმატებისთვის შეიკრიბებიან, რაც სასარგებლო იქნება ჟურნალ „ცისკრისთვისაც“, რადგან წარსულში ასეთმა შეკრებამ სარგებელი მოიტანა – თავადმა ჯამბაკურ-ორბელიანმა ფულადი საჩუქარი უბოძა ჟურნალს, ავტორს იმედი აქვს ბევრ ასეთ წყალობას მიიღებს ქართული ჟურნალი.
ამ სურვილითა და თხოვნით კიდევ უფრო ნათლად იკვეთება ჯამბაკურ-ორბელიანის სიყვარული სამშობლოს მიმართ, ზრუნვა ერის კულტურული მემკვიდრეობის განვითარება-განმტკიცებისათვის, მისი საღი აზრი და გულიანი დამოკიდებულება საერო საქმისადმი.
მოგეხსენებათ, ქართული ენის საკითხი განსაკუთრებით საინტერესო იყო ილიასთვის ერის კულტურული მემკვიდრეობის სხვა (დარგთა, სახეთა) სფეროთა შორის. წერილი „პასუხი“ ხომ დიადი აზრის არგუმენტირებული მსჯელობა და დასაბუთებაა. ბუნებრივია, ალექსანდრე ორბელიანის მიერ („ქართული უბნობა ანუ წერა“) ქართული ენის ირგვლივ საღი მსჯელობა გამოიწვევდა ილიას სიმპათიას, ინტერესს, დამოკიდებულებას, რაც, ჩემი აზრით, განაპირობებდა მიზეზს „პასუხის“ ეპიგრაფისა.
ალ. ორბელიანის მოწოდებას საზოგადოების მიმართ, რომ ქართული ენის საკითხთან დაკავშირებით ემსჯელათ და მისი ბედი გადაეწყვიტათ, ილია უყურადღებოდ არ დატოვებდა, წერილი „პასუხი“ ამის დასტურია. მართალია, ილია ქართული ენის „სამი სტილის თეორიიდან“ ხალხის, ანუ გლეხების ენას ანიჭებდა უპირატესობას, მისი დახვეწისა და დამკვიდრებისათვის იბრძოდა და ამ თვალსაზრისით ორბელიანის შეხედულებას ვერ გაიზიარებდა, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ალექსანდრე ორბელიანში იგი კარგად ხედავდა დიდ მამულიშვილურ გრძნობას, ქვეყნის გულშემატკივარს და მის ზრუნვას საქვეყნო საქმისადმი. არ შეიძლება, ილიას გამოჰპარვოდა ორბელიანის გულწრფელი დამოკიდებულება, მისი ლოგიკური მსჯელობა, თავმდაბლობითა და მოყვასის სიყვარულით გაჯერებული გონიერება. მიგვაჩნია, რომ ილიასა და ალ. ჯამბაკურ-ორბელიანს შორის არსებული ურთიერთპატივისცემა იყო მიზეზი პოლემიკაში არჩართვისა, ილიამ წერილი მიუძღვნა მას და ამ საკითხით დაინტერესებულთ (მიძღვნა ხომ, გარკვეულწილად, კეთილგანწყობის გამომხატველია). ილია ჭავჭავაძის უდიდესი ღირსება და ძლიერება იმითაც გამოიხატება, რომ ის ერის გულშემატკივართა ჯეროვანი შემფასებელი და დამფასებელი იყო.