გულვარდი ბოლქვაძე
ხულოს მუნიციპალიტეტის სსიპ კორტოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„საქართველოს ილია მოევლინა, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო ტვირთი ერის წინამძღვრისა. მისი გენია, მისი საოცარი ნებისყოფა მირონცხებული და შინაგანად მომზადებული აღმოჩნდა ამ ისტორიული მისიისათვის“ (სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II).
ილიას მისია განგებამ იმთავითვე განსაზღვრა, როცა რუსეთმა უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული ყველა პირობა, ერის არსებობა გარდაუვალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანას, რომელსაც აღარც სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა გააჩნდა და აღარც საკუთარი მეფე ჰყავდა, ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფითა (1811წ) და, კათალიკოს-პატრიარქის ნაცვლად, ეგზარქოსის დანიშვნით სულიერი განადგურების რეალური საშიშროება დაემუქრა.
ილია ჭავჭავაძე ცენტრალური ფიგურაა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის არის შემოქმედი ბრწყინვალე შედევრებისა: „განდეგილი“, „კაცია-ადამიანი?!“, „კაკო ყაჩაღი“, „გლახის ნაამბობი“, „ბაზალეთის ტბა“, „აჩრდილი“, „ოთარაანთ ქვრივი“ და „მგზავრის წერილები“.
ილია არის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და ღრმა მოაზროვნე, ქართველი საზოგადოების განმანათლებელი, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
დაქსაქსულ ეროვნულ ძალთა შემოკრების ყველაზე უტყუარ საშუალებად ილიას ლიტერატურა მიაჩნდა. მისი აზრით, მწერლობა იყო ერთადერთი იარაღი, რომელსაც ენის გადარჩენა ხელეწიფებოდა. ქართული სიტყვა, ქართული აზროვნება, ქართული სულისკვეთება ქართველის გულში სწორედ ლიტერატურას უნდა ჩაენერგა. ისტორიის გმირული ფურცლების გაცოცხლებით, დღევანდელობის სასიცოცხლო პრობლემების გამოაშკარავებით, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განდიდებით, მწერლობას საღი აზრით უნდა განემსჭვალა საზოგადოება, დაკარგული თვითარსებობისათვის საბრძოლველად განეწყო იგი. დრომ მოიტანა და წინაპართ სისხლით გაპოხილი, აწ დაჟანგული სატევარი მშვიდობიანი კალმის პატარა წვერს უნდა შეეცვალა, დიდი ერისკაცის ხელში მას „მრისხანე და ძლიერი“ ხმლის როლი უნდა შეესრულებინა.
60-იანი წლები ჩვენი ახალი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში მეტად საგულისხმო გარდატეხის, ძალების მობილიზების, ძველის რღვევის, წინააღმდეგობის, ახლის ძიებისა და აღორძინების ხანაა. ძველი წყობილების რღვევამ, ახალი ცხოვრების პირობებმა, ახალმა სოციალურმა გადაჯგუფებამ (ჩვენს ცხოვრებაში თავი რომ იჩინა), ცხოვრებაზე ახალი შეხედულებანი გამოიწვია. ჩვენი სინამდვილის ამ ახალმა პირობებმა წარმოშვა ახალი სურვილები და მოთხოვნილებები, რომელსაც გარკვეული ტკივილებიც ახლდა. მისი სიმწვავე ჯერ კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილმა იგრძნო. მისი კაეშანი, ბორგვა, ძირითადად, სწორედ ამ გარემოებებით იყო გამოწვეული („მერანი“, „სულო ბოროტო“).
ეს სურვილები ილია ჭავჭავაძემ მოდუნებულ და დაძაბუნებულ, მაგრამ, ამავე დროს, საკმარისად ამღვრეულ ქართულ ცხოვრებაში ამოიკითხა. ლექსში „ქართვლის დედას“ მან აღიარა ძველის დაკარგვით გამოწვეული წუწუნისა და დარდის დატოვების, ახალი ვარსკვლავის, ახალი გზის მიყოლისა და ახალი მომავლის გამოჭედვის აუცილებლობა.
ძველი ცხოვრების ფორმებით დაუკმაყოფილებლობა, ახლის ძიება – აი, მთავარი, რაც ახასიათებს თერგდალეულების (60-იანელთა) თაობას.
მომავლის სახისა და შინაარსის გამონახვა, შესაფერი მოქმედების გეგმის შემუშვება, იმ პირობებში, ადვილი საქმე არ იყო. ამისათვის როგორც გონებრივად, ისე ზნეობრივად შესაფერი ცოდნითა და მომზადებით აღჭურვა იყო საჭირო. ჩვენი ქვეყნის სინამდვილე კი, სამწუხაროდ, ამისათვის სასურველ ნიადაგს არ იძლეოდა.
ახალ ცხოვრებას მოწყურებული ჩვენი ახალგაზრდობა, გზის გამოსანახავად, რუსეთს მიაშურებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზსა და მიზანს ილია ჭავჭავაძე, რუსეთში წასვლის წინ, 1857 წელს დაწერილ ლექსში „ყვარლის მთებს“ ასე გამოთქვამს:
„რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?..“
ხოლო რუსეთიდან დაბრუნებისას, „მგზავრის წერილებში“, ილია ასე აფასებს რუსეთში გატარებულ პერიოდს: „ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი… იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია? პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია; მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცო. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.“
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან ზემოთ მოტანილი ციტატები ერთგვარი გასაღებია 60-იანი წლების ახალგაზრდობის (თერგდალეულების) ძიებისა, მისწრაფებისა, ტკივილებისა, აღტაცებისა, გატაცებისა და შემოქმედებისა. „ვალი ამწუთისოფლისა“ აშორებს ჭაბუკ პოეტს სამშობლოს და ეს უდიდესი მსხვერპლია, თუმცა სამშობლოსავე საკეთილდღეოდ, პოეტისაგან გაღებული.
ოთხწლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოსთან მოახლოებულ პოეტს ნაცნობი ფიქრები აეშალა: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ დარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი,გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური! მაგრამ მე შევძლებ-კი რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილს ადგომის იმედი მოვფინო, უნუგეშოს ნუგეში ვცე, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო… ის თვითეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება, რომ ყოველ კაცში არ ჟოლავდეს, ერთად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობად? შევიძლებ-კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, იმისი სისხლი და ხორცი ვარ… ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზე ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქ? – ვკითხე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი“.
ეს XIX საუკუნის 60-იანი წლების ახალგაზრდების საერთო განცდა.