14 აპრილი, კვირა, 2024

იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი წარმომადგენელია საქართველოში

spot_img

14 ივლისს, გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, რითაც ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

„ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას, – განაცხადა იესპერ მოლერმა, – მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიან ძალისხმევას, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე და რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“, – იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

იესპერ მოლერი, 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში და გაეროს სხვა სააგენტოებში როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე.

ბატონი მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. გაეროს ბავშვთა ფონდამდე მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოფლად მცხოვრები დაუცველი ქალების ეკონომიკური განვითარების კვლევის მიმართულებით.

იესპერ მოლერი არის დანიის მოქალაქე და აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ფოკუსით განვითარების ეკონომიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე.

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, მუშაობს 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს აკეთებს ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები