„როცა მიდიან, როცა გვტოვებენ, როცა გარბიან,
რას გვიტოვებენ, ზამთრის სიშიშვლეს
თუ სისავსეს გაზაფხულისას?..
მზე თუ ჩადის, ხომ გვიბრუნდება?
გზას თუ გავყვებით, ხომ დაგვაბრუნებს ისევ უკანვე?
მაშ, სიყვარული სამუდამოდ როგორ გვტოვებს, როგორ
გაგვირბის.
როგორ გვიმეტებს – ფოთოლცვენისთვის,
დავიწყებისთვის?
როცა მიდიან, რას გვიტოვებენ, ზამთრის სიშიშვლეს
თუ სისავსეს გაზაფხულისას?..“
18 აპრილს, მზიურის ამფითეატრში, იაკი კაბეს ახალი წიგნის – „ამაღლების ქუჩა“ წარდგენა გაიმართა. მინიმალისტური კრებული სამშობლოში სტამბოლიდან რამდენიმე დღით დაბრუნებულმა ავტორმა მკითხველს თავად წარუდგინა.
იაკი კაბე 7 წელია რაც სტამბოლში ცხოვრობს. ოჯახის და საკუთარი თავის გადასარჩენად, სამშობლოდან გადახვეწილმა პოეტმა, უცხო ქალაქში, პატარა ქართული კაფე, სახელწოდებით – „გალაკტიონი“, გახსნა, რომელიც ქართულ კულტურულ ცენტრად აქცია, ქართველთა სათვისტომოც დააარსა და სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენას ასწავლის. მშობლიური თბილისისა და ახლობელი ადამიანების მონატრებას, შორიდან ეხმიანება და იაკი კაბეს სახელით, მინიმალისტურ პოეზიაში ოსტატურად ატევს.
„შვილებივით ასე როგორ უნდა მენატრებოდეთ,
თექვსმეტმილიონ მეგაპოლისში,
ტყისპირებზე აყვავებულო ომბალოვ და ველურო პიტნავ?“
იაკი კაბე კვლავ იაპონური ეროვნული სალექსო ფორმით, ტანკებითა და ჰაიკუებით, დაუბრუნდა მკითხველს. მისი მეორე პოეტური კრებული „ამაღლების ქუჩა“ „მონატრებულ ქალაქთან და ადამიანებთან ერთად, იმ გზასაც ეძღვნება, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აახლოებს. ამ გზის სიძნელე და სიმართლე პოეტის პოეზიის ქვაკუთხედია“.
„…იაკი კაბეს „ლექსები“ არა მხოლოდ ქართული მინიმალისტური პოეზიის საუკეთესო კრებულია, რაც კი ოდესმე გამოცემულა, არამედ ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფაქიზი წიგნიცაა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი წარმოადგენს ქართული პოეზიის სრულიად ახალ ნიღაბს, იდუმალ და უკიდურესად საინტერესო გზაჯვარედინს. იაკი კაბე ქართველი პოეტია“ – ასე ეხმაურება იაკი კაბეს მინიმალისტურ ლექსებს პოეტი ზაალ ჩხაიძე.
იაკი კაბე, იგივე ირაკლი კაკაბაძე, მკითხველმა, რამდენიმე წლის წინ, ტანკას ქართველი ავტორის სახელით გაიცნო, მინიმალისტურმა ლექსებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია და წიგნი, სულ მალე, ბესტსელერი გახდა. იაპონურ სალექსო ფორმაში პოეტმა მოახერხა ქართულად გადმოეცა სათქმელი, დღევანდელობა, ყოფითი რეალობა. „წიგნში უზუსტესი რაკურსებითაა „დაჭერილი“ არათუ წარმავალი, არამედ მარადიული სიცოცხლის თვალსაწიერი, ჩვენი ყოფის გაუსაძლისი და ამავე დროს, მშვენიერი ნიუანსები“. ავტორის უზომოდ დიდი ემოცია, სევდით და ტკივილით, სიყვარულით და იმედითაა გაჯერებული, მისი ფიქრები, განცდები, ადამიანებს უკავშირდება, თითოეულ ლექსში მოულოდნელობის მუხტი, სიხარულის, სევდის და გაოცების განცდა მუდმივად აღმავალია. იაკი კაბე მინიმალისტური პოეზიით, ქართულ რეალობაში, მკითხველისთვის მნიშვნელოვანი ავტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კაკაბაძე თანამედროვე პოეზიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია.
„როგორც მეზღვაურებს ხმელეთი,
მე ყოველთვის საზღვრის იქით დარჩენილი
დათოვლილი მანდარინის ბაღები მესიზმრება…“
ირაკლი კაკაბაძე: „მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი ახალი წიგნის წარდგენას დაესწრო… მადლობა გამომცემლობა „ინტელექტს“, „არტანუჯს“, მწერალთა სახლს, ვისი მხარდაჭერითაც ეს წიგნი გამოიცა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის ჩემი წიგნის გამოცემაში.
კრებული აერთიანებს ლექსებს, რომელიც კოვიდის კარჩაკეტილობის პერიოდში დაიწერა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ძალიან ბევრი მოგონება, ფიქრი, სიზმარი მახსენებდა თავს, რომლებიც წიგნში ტექსტებითაა გადმოსული. ამ პატარა კრებულში არიან ბავშვები, მშობლები, მოხუცები… წიგნი მოგონებებს აერთიანებს. უბრალო სიტყვებითაა გადმოცემული ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი განცდები, რაც კი შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. აქ ბევრი თბილისია, რადგან ამ ქალაქთან შეხვედრის მოლოდინის დიდი სურვილით დაიწერა. ბევრი ზღვა, მზე და აფხაზეთია, რადგან ჩემი ბავშვობის მოგონებები და ტკივილები, უმეტესწილად, აფხაზეთს უკავშირდება, აქ ბევრი სტამბოლიცაა, რადგან ეს ლექსები სწორედ იქ დაიწერა.
მინდა, მკითხველმა ისევე შეიყვაროს „ამაღლების ქუჩა“, როგორც იაკი კაბეს პირველი კრებული – ტანკები. მკითხველი აქაც აუცილებლად იპოვის და აღმოაჩენს თავის ლექსს“.
„მტვერივით, თეთრი, სქელი მტვერივით,
დუმილი ადევს საწოლებს, რაფებს
ფანჯრიდან უცქერ აპრილის ხეებს,
ფანჯრიდან ეტრფი აპრილის მწვანეს.
და შენ არ იცი, როდემდე შეძლებ,
და შენ არ იცი, როდემდე გაძლებ,
ასე დუმილში, ასე ეულად,
შენ კედლებში,
და აპრილი გარეთ…“
„ამაღლების ქუჩას“ ავტორი საკუთარ შვილს უძღვნის –
დანიელს
„ვისზე
ფიქრმაც
ცხოვრების
გაუსაძლისი
დღეები
გადამატანინა“ – ვკითხულობთ მინაწერში.
კრებულში მინიმალისტურ ლექსებთან ერთად შესულია „თბილისის შვიდი ქუჩის ჰაიკუ ჩემი სიზმრებიდან“, გამოხმაურებები და ჟურნალისტის ერთი შეკითხვა, თუ რა არის ბედნიერება, რომელსაც პოეტი ასე პასუხობს:
„ავტომანქანა ვიწრო ხეობაში
მთებისკენ მიიჩქარის, ძაღლს ფანჯრიდან თავი გაუყვია,
უკან სავარძელზე ბავშვები
მშობლიურ ენაზე
ძველ, დავიწყებულ სიმღერებს ღიღინებენ…“
როსტომ ჩხეიძე, მწერალი „ირაკლი კაკაბაძეს შეუძლია მოიხსნას ნიღაბი, მისი „ნიღაბი“ * იაკი კაბე სიწრფელის, გულწრფელობის, სიმართლის და ნამდვილი პოეზიის ნიღაბია. ამ მინიმალისტური შემოქმედებით ფასდება მისი მნიშვნელობა. მისი ლექსები საგულისხმოა იმით, რომ ფერწერულია, მათში ყოფითი სურათები იხატება და ამ ყოფითობაში შემოდის მისტიკა, რაც ძალიან რთულია. იაკი კაბეს პოეზიაში აღმოსავლეთმა და დასავლეთმა ერთმანეთი გადაკვეთა.
ამჯერად… ტანკაა ის უკეთესი მხატვრული ჩარჩოც და ქარგაც. ტანკა * მორგებულია ირაკლი კაკაბაძის სულიერ ძიებებზე, უმთავრეს ხელობად მაინც ციცინათელების სასაფლაოს მომვლელობა რომ აურჩევია.
იაპონური მსოფლგანცდისთვის კი ქართული ფიქრი და ტკივილი მიუდევნებია, მარჯვედ შეუზავებია ერთიმეორისათვის და ამ პოეტური ციკლის წარმატებაც იმთავითვე ამ შენივთებით განუსაზღვრავს…“ –
„შემოღობილ პარკებში,
დაკეტილ სკვერებში, გაყიდულ ტყეებში
ჩიტები სტვენას არ იშლიან…“
გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი და კრიტიკოსი: „არ არის ადვილი გამოიცვალო, სახელი დაირქვა და დაწერო ისე, როგორც იაპონელი დაწერდა, ე.ი. მიმართო სრულ თვითუარყოფას სიყვარულის ნიშნად. მით უმეტეს, რომ სად ქართული კულტურა და სად იაპონური, სად დასავლეთი და სად აღმოსავლეთი, ვერ გაუგებენ ერთმანეთსო, ვერ გაერთიანდებიანო, ამბობდა ოდესღაც ჭკვიანი ხალხი. ირაკლი კაკაბაძემ, იმავე იაკი კაბემ, დაამტკიცა, რომ ნაჩქარევი იყო ეს დასკვნა“.
„დღეთა რიგებს, დღეთა ტეხილებს ჩავუარე,
მზიანს, ქარიანს, და ერთი ფიქრი არ მასვენებს,
მტანჯველი ფიქრი –
სად, სად არის,
სად წავიდა ადამიანი?“
ნატო ინგოროყვა, პოეტი: „ირაკლი ჩემთვის ის ავტორია, რომელთანაც ადვილად შეგიძლია მიხვიდე. წლების წინ, როცა მე და ირაკლი ერთად ვმუშაობდით, ერთ ოთახში, ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, ერთმანეთს ვუკითხავდით ან მონიტორზე ვუცვლიდით საკუთარ ლექსებს… როცა ირაკლი საქართველოდან წავიდა, ვეღარ გავუძელი იმ მხარეს ცქერას, სადაც ირაკლი აღარ მეგულებოდა და მე გადავჯექი მის მაგიდაზე. ის, რაც მის წიგნებში წერია, ჩემი ამბებიც არის… მის წიგნს რომ დახურავ, მიხვდები, იმ პატარა ლექსებში, სიტყვის დერეფნებში იმდენ ამბავს ჰყვება, რომ დიდხანს გყოფნის საფიქრად. როცა მარტო დარჩებით, როცა იფიქრებთ, რომ ყველაფერი დამთავრდა და რაღა შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მეტი, სწორედ მაშინ წაიკითხეთ ირაკლი კაკაბაძის წიგნები და მიხვდებით, რომ ესეც ძალიან მალე გაივლის. ამ მინიმალისტურ ლექსებში ყველა ტკივილის წამალია… ამიტომ მიყვარს ირაკლი და მისი შემოქმედება.
ამას წინათ, ირაკლი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ახლად გამოცემულმა კრებულმა „ამაღლების ქუჩა“ ჩემამდე ჩამოაღწიაო, ვკითხე, რა გითხრა-მეთქი? – მაშინვე მიპასუხა – თბილისის სურნელი ჩამოჰყვაო… იმედი მაქვს, ირაკლის შემდეგ წიგნშიც იქნება, ამაღლების, მარჯანიშვილის და სხვა თბილისური ქუჩების მსგავსად, კიდევ ერთი ქუჩა, რომელზეც ირაკლი აუცილებლად დაწერს და რომ ამ ქუჩაზე მისი სახლია… ვიცი, რომ მას ღალატი არ შეუძლია და ის არ გვიღალატებს. ამიტომაც დიდი სიყვარულით დაველოდები მისგან ახალ ამბებს“.
„ძალიან ხშირად ამ აღმართზე ავყავარ შვილებს,
იხსენებენ თავის ბავშვობას ძველი სახლის წინ,
რომელიც მე გავუყიდე…“ – ამაღლების ქუჩა, ყოფილი დავითაშვილი.
მოამზადა მაკა ყიფიანმა