♦ გელა ოდიშელიძე – თბილისის №177 საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ.
რას მოითხოვს საზოგადოება სკოლის დირექტორისგან
დღეს, საჯარო სკოლის დირექტორი დატვირთულია უზარმაზარი სამართლებრივი, საგანმანათლებლო, მორალური და სოციალური პასუხისმგებლობით. სამწუხაროდ, მისი ვალდებულებები და უფლებები დაბალანსებული არ არის, რაც სასურველი შედეგების მიღწევას ხშირად ხელს უშლის. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საჯარო სკოლის დირექტორი სკოლის ერთ-ერთი მმართველი რგოლის ხელმძღვანელია და არა ერთადერთის, რეალურად, სახელმწიფოც და საზოგადოებაც პერსონალურად მისგან მოელის და მოითხოვს გარანტიებს.
რეალურად, სკოლის დირექტორს უწევს ორი მიმართულებით გაწიოს ჭაპანი — როგორც საგანმანათლებლო ლიდერმა და როგორც მენეჯერმა. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა, მენეჯერის ვალდებულებები, რაც ოპერატიულ საქმიანობას და ბიუროკრატიას უკავშირდება — მოითხოვს სამუშაო დროის დიდ ნაწილს, რისგანაც თავის დაღწევა გამოწვევად რჩება. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობაც, უშუალოდ სკოლის დირექტორისგან ითხოვს პასუხს და რეაგირებას.
ეს მოცემულობა აიხსნება საზოგადოების უმწიფრობით, სამოქალაქო ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის ლაბილურობით. განვითარებად სახელმწიფოში საზოგადოების სიმყიფე ნორმალურია, თუმცა, ჩვენს რეალობაში, დადებითი დინამიკაც სახეზეა! თუ სკოლის დირექტორს კომუნიკაციის კარი ღია აქვს და სასკოლო საზოგადოებას მის უფლებებს და ვალდებულებებს შესაძლებლობად სთავაზობს, მეტი იდეა, ინტერესი, კრიტიკული აზრი და მხარდაჭერა ჩნდება; შესაბამისად, იზრდება კონსოლიდაციისა და თანამშრომლობის ხარისხი; რაც, თავის მხრივ, სკოლის წარმატების საფუძველია. ამ დასკვნამდე, ჩვენი სასკოლო საზოგადოების მრავალწლიანმა წევრობამ მიმიყვანა.
საგანმანათლებლო ლიდერის აუცილებელი უნარები
დიახ, სკოლის დირექტორი უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების მიერ აღიარებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საგანმანათლებლო ლიდერი, ერთგვარი ლოკომოტივი, რომელიც არავისზე ნაკლებს იშრომებს და იქნება კარგი მაგალითი. ეს სათქმელად არის ადვილი, თორემ „წვრილმანებით“ სავსე რეალობაში, პირადი ცხოვრების წესის, ღირებულებებისა და პრინციპების ფორმირებას, შემდეგ კი მუდმივ გენერირებას მოითხოვს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დირექტორი სასკოლო საზოგადოების საგანმანათლებლო ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც დრო და ჯანსაღი ურთიერთობები სჭირდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის საწარმო, სადაც კონვეიერული შრომით იქმნება შედეგი, სკოლა ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული საზოგადოებაა, სადაც ნდობას და აღიარებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სასკოლო საზოგადოების მიერ დირექტორის მიმღებლობას და აღიარებას, დიახ, მას თუ არა აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რთულია ადეკვატურად განსაზღვროს, გაიაზროს და იმოქმედოს. გარდა იმისა, რომ დირექტორს უნდა შეეძლოს მასწავლებლის ღვაწლის, შრომის, პრობლემების ხასიათის რეალური აღქმა, მოსწავლეების ინტერესების, მოლოდინების ამოცნობა და მოსწავლეთა მშობლების პარტნიორებად მოაზრება, იმავდროულად, უნდა გამოირჩეოდეს კომუნიკაციის მოქნილი უნარებით, სამართლიანობით, ღირსების პატივისცემით და განსხვავებულის მიმღებლობით.
შესაბამისად, სკოლის დირექტორმა, მისი კომპეტენციით და უნარებით, ეფექტური და ეფექტიანი მენეჯერის ფუნქციების შესრულებაც უნდა შეძლოს და ჩამოყალიბდეს საგანმანათლებლო ლიდერად.
სკოლის ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორები
წარმატებული სკოლის მთავარ ინდიკატორად აღვიქვამ მოცემულობას, როდესაც სასკოლო კულტურა და გარემო ბავშვებს იხმობს, როდესაც მოზარდებს იქ მიეჩქარებათ. ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა და თუ სკოლა ამას უკმაყოფილებს, მიზანიც მიღწეულია! არ არის აუცილებელი, „ცოდნის ძირი მწარე“ იყოს! ცოდნის დაგროვება, უნარების განვითარება, სამოქალაქო და პიროვნული ღირებულებების ფორმირება სასიამოვნო, სახალისო გარემოში მიიღწევა!
მხოლოდ იმ გარემოშია შესაძლებელი მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევა, სადაც მოსწავლის და მასწავლებლის თანამშრომლობა სასიამოვნო პროცესია, სადაც თავისუფლება და წესრიგი ჰარმონიაშია.
სწავლა-სწავლების ხარისხი, გარემოს გარდა, ძირითადად, მასწავლებლის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზეა დაფუძნებული. თუ სკოლის მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა არ იქნება მოტივირებული და ორიენტირებული თვითგანვითარებისკენ, კომპეტენციის ამაღლებისკენ, მონიტორინგისა თუ შედეგების გაზომვის ვერც ერთი მექანიზმი ვერ იქნება სასურველი შედეგის მომცემი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორმა, როგორც საგანმანათლებლო ლიდერმა, შეძლოს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს ექნებათ თვითრეალიზაციის მოტივაცია და შესაძლებლობა.
სკოლის გავლენა მოზარდის განვითარებაზე
მოზარდის განვითარებაში მოვიაზრებ ცოდნის დაგროვების, უნარების განვითარების, სამოქალაქო და პიროვნული ღირებულებების გათავისების უწყვეტ პროცესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნორმალურ შემთხვევაში, მოზარდი თავისი აქტიური დროის ნახევარს სასკოლო საზოგადოებაში ატარებს, ბუნებრივია, იმ საზოგადოებისთვის დამახასიათებელ კულტურულ ღირებულებებს ითავისებს.
როგორ უნდა შეიცვალოს თანამედროვე ქართული სკოლა
სკოლა, სასკოლო საზოგადოება, სულ ცოტა, ერთი ნაბიჯით უნდა უსწრებდეს წინ სკოლის მიღმიერ საზოგადოებას. სკოლამ ახალგაზრდები უნდა მოამზადოს მომავლისთვის, ამიტომ თვითონაც მზად უნდა იყოს.
ვფიქრობ, დღევანდელი სკოლის მთავარი გამოწვევა სასკოლო საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირების პროცესია. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაშია შესაძლებელი, მოზარდებმა გაითავისონ სამოქალაქო და პიროვნული ღირებულებები, შეძლონ განსხვავებულის მიღება და აღიარება, პატივი სცენ ადამიანის ღირსებას, შეძლონ საზოგადოებრივის გათავისება და მასზე ზრუნვა.
მხოლოდ სამოქალაქო ღირებულებებით გაჯერებული მომავალი თაობა შეიძლება გახდეს ჩვენი სახელმწიფოს მრავალმხრივ განვითარების გარანტი, ამის საფუძველი კი სკოლამ უნდა შეუქმნას მოზარდებს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ სკოლების რეალურ გაძლიერებაში ვხედავ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების აუცილებელ წინაპირობას.
გუნდური მუშაობა — პიროვნული და პროფესიული განვითარების გასაღები
თანამედროვე სკოლაში თანამშრომლობა და საქმის გუნდურად კეთება წარმატების მიღწევის ერთადერთი ეფექტიანი გზაა როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე. თანამშრომლობასა და საქმის გუნდურად კეთებაში არა მხოლოდ მასწავლებლებს შორის მიმართებას მოვიაზრებ, არამედ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელ ყველა მხარეს შორის. სწორედ ამ პროცესშია პიროვნული და პროფესიული განვითარების გასაღები, ასე აღმოვაჩენთ ჩვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს, ერთმანეთს, ამ პროცესით გავიძლიერებთ თავს და გავაძლიერებთ სხვას.
გუნდური თანამშრომლობის დამკვიდრება შესაძლებელია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები ფასობს, სადაც ნდობა, აღიარება და ურთიერთპატივისცემა საზოგადოების ძირითადი მახასიათებელია.
ამ პრინციპის რეალიზებისთვის, ყოველთვის ვცდილობთ ისეთი ფორმალური და არაფორმალური სივრცის თუ გარემოს შექმნის ინიცირებას, რაც მრავალმხრივ კომუნიკაციას და თანამშრომლობას წაახალისებს.
რა ხელშეწყობა სჭირდება სკოლის დირექტორს
მოიაზრება, რომ სკოლის დირექტორი, საგანმანათლებლო ლიდერი, უნდა იყოს სხვისი მოტივატორი, იდეების გენერატორი, ძლიერი ადამიანი. თუმცა, ძლიერებსაც უჭირთ და სჭირდებათ მხარდაჭერა. ვფიქრობ, სკოლის დირექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნებოდა, თუ სამუშაო პროცესში საზოგადოებისგან წამოსული მეტი ინიციატივა და იდეა შეეხიდება, მათ შორის, მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გაზიარების თვალსაზრისით. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსგან მაღალი ხარისხის ნდობის და თავისუფლების მანიშნებელი იმპულსები მუდმივად ჰქონდეს.
როგორ უნდა შეარჩიოს სკოლამ დირექტორი?
ფუფუნებაა, როდესაც სასკოლო საზოგადოებას აქვს საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის შესაძლებლობა! საქართველოში სკოლის დირექტორის არჩევის მოდელს იდეალურად ჩავთვლიდი, სკოლის სამეურვეო საბჭოები რომ სიცოცხლისუნარიანი მმართველობითი რგოლი იყოს; უფრო ზუსტად, დაკომპლექტებული იყოს კომპეტენტური პერსონებისგან და შემადგენლობა უფრო ფართო წარმომადგენლობას მოიცავდეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს რეალობაში სკოლისთვისაც ფუფუნებაა, თუ მას ხელმძღვანელობს დროში გამოცდილი და აღიარებული საგანმანათლებლო ლიდერი. ასეთ შემთხვევაში, სასკოლო საზოგადოების საქმიანობა დინამიკური და განვითარებადია. შესაბამისად, სკოლის დირექტორის ცვლილება უკეთესი შედეგის მიღების მაქსიმალური დაზღვევით უნდა განხორციელდეს. არ არსებობს გარანტია, რომ ერთ სასკოლო საზოგადოებაში აღიარებული საგანმანათლებლო ლიდერი ნებისმიერ სხვა სასკოლო საზოგადოებაშიც იმავე სტატუსს დაიმკვიდრებს.