გიორგი გახელაძე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბოლო დეკადაში, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდად, რაც განათლების სფეროზე აისახება, ეს არის საჯარო სასწავლებლებში და განსაკუთრებით სკოლებში (თუმცა არამარტო სკოლებში) ხელმძღვანელების პარტიული ნიშნით დანიშვნის და შერჩევის განმტკიცებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, ფორმალური არ არის, ვერსად ნახავთ ვერც ბრძანებას და ვერც წერილობით დოკუმენტს, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს, რეალურად გადაწყვეტილებების მიღება სწორედ ამ ნიშნით ხდება. საჯარო ბაღებში, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ხელმძღვანელების პარტიული ნიშნით დანიშვნის პრაქტიკა განმტკიცდა. 2013 წელსაც, ახალი ხელისუფლების პირობებში, როდესაც პირველად მოუწიათ სკოლის დირექტორების სელექცია, მაშინაც და ახლაც, 2023 წელსაც, ვხედავთ, რომ თითოეული ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამ ნიშნით უფრო მიიღება და, შესაბამისად, პარტიული არალოიალობის ნიშნით, კომპეტენტური ადამიანების განთესვა ხდება სისტემიდან.
რა უარყოფით გავლენას ახდენს ეს განათლების სისტემაზე – ჩვენთან საჯარო, ანუ სახელმწიფო სასწავლებლების (როგორც ბაღების, ისე სკოლებისა და უმაღლესების) საერთო მმართველობის სისტემაში იმდენად ჰიპერცენტრალიზებულია და ვერტიკალური იერარქია გვაქვს, რომ ადგილზე, მოცემულ სასწავლებელშიც, ამ ხელმძღვანელის როლი, მნიშვნელობა, გავლენა მთლიანად ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე საკმარისად დიდია. შემდეგ ეს ადამიანები, განსაკუთრებით სკოლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სწავლის ხარისხზეც ახდენენ გავლენას, შინაარსზეც, ადამიანური რესურსების შერჩევაზეც და ა.შ. როდესაც მხოლოდ პარტიული ლოიალობა-არალოიალობის ნიშნით ხდება ხელმძღვანელების სელექცია, ეს ადამიანები სწავლა-განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე კი არ არიან ორიენტირებულები, არამედ, სკოლის მეშვეობით და სასკოლო საზოგადოებაზე ზეგავლენით, საარჩევნო მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. რამდენად ცუდად აისახა სწავლა-განათლებაზე? ცუდად აისახა და აისახება კიდეც პირდაპირ მოსწავლეების შედეგებზე და სწავლა-განათლებისადმი მოტივაციაზე როგორც მოსწავლეების მხრიდან, ისე მშობლების, საზოგადოების და მასწავლებლების მხრიდან.
ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი გავლენა – თან საჯარო სექტორი ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველია, ფაქტობრივად, ყველა ოჯახს ეხება. ხელმძღვანელის პარტიული ლოიალობის ნიშნით დანიშვნა ადამიანური რესურსების შერჩევაზეც აისახება, ანუ მასწავლებლების შერჩევაზე, მასწავლებლების შერჩევა კი – მოსწავლეების სწავლის ხარისხზე. ვფიქრობ, ბოლო დეკადაში ეს იყო ერთი-ერთი, ბევრი ცუდი გადაწყვეტილებიდან, საკვანძო.
განსაკუთრებით პარადოქსულია, თუ გავიხსენებთ, რომ ახალმოსულმა ხელისუფლებამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2012 წელს, კონკრეტულად, სპეციალური კომისიაც კი შექმნა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანების საქმეების შესასწავლად. და საერთოდაც, ამ დროშით იყვნენ მოსულები, რომ განათლებაში პარტიული გავლენები უნდა შეემცირებინათ და სამართლიანობა აღედგინათ. ცალკე განხილვის საგანია როგორ იმუშავა ამ კომისიამ და რა გადაწყვეტილებები მიიღო, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილებები რელევანტური, 2013 წლიდან მოყოლებული. ამ ხელისუფლების პირობებში სკოლის დირექტორების პირველი შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი კომისიის წევრი მეც ვიყავი და აღარ გავაგრძელე მუშაობა იმიტომ, რომ ერთი რაუნდი სწორედ ამ ტექნოლოგიით წარიმართა. რეალურად, არა კომისიის გადაწყვეტილება იყო კანდიდატის პროფესიული შესაბამისობისა თუ არაშესაბამისობის დადგენისას გადამწყვეტი, არამედ ე.წ. გადამოწმებები პარტიის რაიონულ ოფისებში და ა.შ. იგივე განმეორდა 2023 წელსაც.
როგორ აისახება ეს ყველაფერი სწავლის ხარისხზე? მაგალითად, პიზას შედეგების გაუმჯობესება ან გაუარესება არ არის დაკავშირებული მხოლოდ სასწავლო გეგმასთან, ან მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიონალიზმთან, ან მასწავლებელთა სიმრავლეში რაღაც თვისობრივ ცვლილებებთან, ან მხოლოდ სასწავლო რესურსებთან თუ ინფრასტრუქტურასთან, მხოლოდ ერთ რამესთან არ არის ხოლმე დაკავშირებული. სკოლების ხელმძღვანელების არა პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება მთელი დეკადაა, რაც გრძელდება. კავშირი აქვს თუ არა ამას შედეგების გაუარესებასთან? აქვს, ამის მტკიცებულებად შეგიძლიათ ნახოთ OECD-ს სპეციალური თვისობრივი ანგარიში – 2011 წლის სკოლის მმართველობისა და მოსწავლეთა შედეგების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევა, სადაც პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ საუკეთესო შედეგებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, სხვადასხვა ქვეყანაში, აჩვენებენ ისეთი სკოლები, რომელთა ავტონომიურობა და ანგარიშვალდებულება სასკოლო საზოგადოების წინაშე არის მაღალი. გამოიკვეთა, რომ მაღალ შედეგებს აჩვენებენ იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც მმართველობის ეს მოდელია – ერთდროულად, ავტონომიურობა და ანგარიშვალდებულება სასკოლო საზოგადოების წინაშე და არა მთავრობის. ცალკე აღებული რომელიმე მოდელი მაღალ შედეგებთან კორელაციას არ გვაძლევს. ჩვენი სკოლები კი სასკოლო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მექანიზმის გარეშე არიან დატოვებული, რაც მთელ საგანმანათლებლო პროცესს არასაგანმანათლებლო პროცესად აქცევს, ასეთი ტენდენციაა, მოკლედ რომ ვთქვათ. ამიტომ, მაგალითად, პიზას კვლევის შემდეგი რაუნდი რომ იქნება, 2025 წელს, შედეგების გაუმჯობესებას არც მაშინ უნდა ველოდოთ. ხვალაც რომ შევცვალოთ მმართველობის სისტემა, 3 წელიწადში, 15 წლის ასაკის ბავშვების სასწავლო შედეგებში გაუმჯობესებას, წესით, არ უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ მმართველობის მოდელის შეცვლას, ვიდრე საკლასო ოთახამდე მივა, საკმაო დრო სჭირდება. შეიძლება მოესწროს გაუმჯობესება ჩვენს საკუთარ შედეგთან შედარებით, მაგრამ საერთაშორისო შედეგებს, რა თქმა უნდა, ვერ დავეწევით. სამწუხაროდ, თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც არის, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს ჩვენი შედეგები გაუარესდება.
დადებითი გავლენა – ასეთი რაც მახსენდება და რასაც თვალსაჩინოდ კარგი შედეგი მოჰყვა, ცოტა პარადოქსული სიტუაციაა – მართალია, კარგი გადაწყვეტილება გარემო პირობებითა და ექსტრემალური სიტუაციით იყო განპირობებული, მაგრამ პანდემიისა და ე.წ. ლოქდაუნის დროს, ერთდროულად, მიღებულ გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სივრცეში დისტანციური განათლების მექანიზმის დანერგვის, აღიარებისა და მხარდაჭერის შესახებ, საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგი ჰქონდა წმინდა საგანმანათლებლო კუთხით. რა თქმა უნდა, ბევრი თანმხლები უარყოფითი (ცუდი) შედეგებიც ჰქონდა, მაგრამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით, არსებითად, უფრო დადებითი გავლენა იქონია. ამ იძულებითმა პირობებმა ხელი შეუწყო საგანმანათლებლო სივრცის და მასში ჩართული ადამიანების ინტერნეტიზაციას, რაც, თავისთავად, საკომუნიკაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო დანიშნულებითაც სასარგებლო საქმეა. ეს ერთი და მეორე, დააჩქარა პედაგოგ-პროფესორების განვითარება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება-ათვისების თვალსაზრისით და გვაჩვენა (რაც ჩვენი განათლების სისტემისთვის დადებითი იყო), რომ საგანმანათლებლო პროცესის არცთუ უმნიშვნელო ნაწილის განხორციელება შედეგიანადაა შესაძლებელი დისტანციურ ფორმატში.
ამ პროცესს, საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ცუდი ის ახლდა, რომ, როგორც კი ეს იძულებითი გარემოება შეჩერდა, გადაწყვეტილებების მიმღებებმა, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლებმა ეს სარგებელი და სიკეთე პანდემიის სივრცეში დატოვეს, ანუ მისი ინსტიტუციონალიზაცია არ გააგრძელეს, ისევ სავალდებულო გახადეს პირისპირ სწავლება. ის, რაც დაგვრჩა, აღარ განვითარდა და არ განმტკიცდა. ასეთი იძულებითი გარემოებები მხოლოდ ჩვენს სისტემას არ შეხებია, არამედ მთელ მსოფლიოს, სადაც, ჩვენგან განსხვავებით, შეინარჩუნეს სარგებელი და კარგი პრაქტიკა. მარტივად რომ ვთქვათ, განმანათლებლების პროფესიული განვითარებისთვის დისტანციურ განათლებაზე გადასვლა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სასარგებლო გამოდგა ჩვენთვისაც, მოსწავლეებისთვის და ბევრი სტუდენტისთვის. მაგალითად, სარგებელი იყო ისიც, რომ უმაღლეს განათლებაში, ამ დროს, გაიზარდა ხელმისაწვდომობა განათლებაზე, დანახარჯები კი ოდნავ შემცირდა, თუმცა, შედეგიანობა დიდად არ შემცირებულა და ეს იყო კარგი. ბევრი სტუდენტისთვის, რომელსაც არ აქვს ხოლმე ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, პირისპირ სწავლების დროს, იცხოვროს, დისტანციური სწავლება ძალიან კარგი საშუალება გამოდგა, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება მახსენდება. მართალია, ამ გადაწყვეტილების შედეგს ჯერ ვერ ვხედავთ, რადგან რეალიზების პროცესშია, თუმცა მისი დადებითი შედეგები ნამდვილად თვალსაჩინო იქნება. ეს არის უმაღლეს განათლებაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საკრედიტო მოცულობის ხისტი ინტერვალიდან გაფართოებულ ინტერვალზე გადასვლა. აქამდე თუ საბაკალავროზე, აკრედიტაციის პირობების მიხედვით, აუცილებლად, მინიმუმ, 240 კრედიტი სწავლის მოცულობა იყო დასაშვები და სამაგისტროზე – 120, ახლა დასაშვები გახდა უფრო მოკლე როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აუცილებლად დასაბუთებული უნდა იყოს და მორგებული იმ კონკრეტული დარგის კვალიფიკაციის მინიჭების პროცესს. ეს მოკლე პროგრამები აკრედიტაციის პროცესში ჯერ სულ რამდენიმეა და არც მიღებები განუხორციელებიათ, მაგრამ იმდენად დიდხანს იდგა ეს საჭიროება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, უნივერსიტეტებშიც და კოლეჯებშიც, რომ გადაწყვეტილება, რომელიც, ფაქტობრივად, პასუხი იყო ამ მოთხოვნილებაზე, მოდი ასე ვთქვათ, დადებითია.
რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას? აუცილებლად იმ დათქმით, თუ შემოკლებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ნამდვილად იქნება გათვლილი, იმდაგვარი კურიკულუმები იქნება შეთავაზებული იმგვარი კვალიფიკაციებისათვის, სადაც შესაძლებელია უფრო მოკლე ხანში დასრულდეს სწავლა, ეს სინამდვილეში გაზრდის, ერთი მხრივ, პროგრამებს შორის კონკურენციას, რაც ჯანსაღი პროცესია და კარგია; მეორე მხრივ, ამგვარი პროგრამები განათლების ხარჯის სარგებლიანობას ზრდის, განათლებაში ფუჭი სვლების შემცირების ხარჯზე, თუმცა, ეს არ არის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილება ან რაღაც აღმოჩენა.