ინტერვიუ ხატია ცირამუასთან,
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის
უფროსთან
— განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების სისტემის დანერგვა. უფრო დეტალურად გვიამბეთ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ?
— განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების სისტემას ნერგავს. ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოების მსგავსად, განათლების ხარისხის გარე მექანიზმების ცვლილებები დაეფუძნება შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებულ კვლევებს. აღნიშნულ ამოცანას პასუხობს ცენტრის ამჟამინდელი ინსტიტუციური მოწყობა. 2020 წელს შეიქმნა დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებასთან დაკავშირებული კვლევების (თემატური ანალიზი) საჭიროებების დადგენა და თემატური ანალიზების მომზადების კოორდინაცია. თემატური ანალიზების საშუალებით, ცენტრი მოახდენს რეფლექსიას ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკასა და პროცესებზე მათი გაუმჯობესების მიზნით როგორც ინსტიტუციურ, ასევე სისტემურ დონეზე.
— როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რამდენად იყენებენ ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები თავიანთ საქმიანობაში თემატურ ანალიზებს?
— უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG) საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ადგენს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს, ხოლო ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისთვის — სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ხარისხის გარე უზრუნველყოფისთვის. ESG-ის 3.4 სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ეხება თემატურ ანალიზს, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო რეგულარულად უნდა აანალიზებდეს ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმებს და დაინტერესებული მხარეებისთვის აქვეყნებდეს ანალიზის შედეგებს. თემატურმა ანალიზმა უნდა წარმოაჩინოს ხარისხის გარე უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ტენდენციები და არსებული პრობლემები. ასევე, შეიძლება წარმოაჩინოს საუკეთესო პრაქტიკა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის აპრილში, გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი. ENQA-ს შეფასების ანგარიშში ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხო ცენტრის მიერ თემატური ანალიზების სისტემური მიდგომის დანერგვას, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის Twinning-ის ფარგლებში შემუშავებული თემატური ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენებით.
— რამდენად შეძლო ცენტრმა თემატური ანალიზის დანერგვა?
— თემატური ანალიზის მეთოდოლოგია 2020 წელს შემუშავდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის — „ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, პროექტის საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მეთოდოლოგია ადგენს თემატური ანალიზის მთავარ პრინციპებს და აღწერს ცენტრში თემატური ანალიზის განხორციელების პროცედურას. ცენტრის სამსახურების მიერ, ყოველწლიურად ინიცირებულია თემატური ანალიზები შესაბამისი დასაბუთებით, წინასწარ ხდება ანალიზის განსახორციელებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა. ანალიზის თემატიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის მენეჯმენტი, ხოლო კვლევის პროცესს კოორდინაციას უწევს ცენტრის დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ცენტრი, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, პერიოდულად აანალიზებდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, 2020 წელი თემატური ანალიზის სისტემური მიდგომის დამკვიდრების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი წელი იყო. ოთხ თემატურ ანალიზზე დაიწყო მუშაობა, რომლის შედეგებიც გათვალისწინებული იქნება კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს იმპლემენტაციის და განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების და პროცედურების გადახედვის პროცესში.
— გვიამბეთ იმ თემატური კვლევების შესახებ, რომლებსაც ცენტრი ამჟამად ახორციელებს
— ევროკავშირის დაძმობილების პროექტის Twinning-ის მხარდაჭერით, ცენტრში ამჟამად ოთხ თემატურ ანალიზზე მიმდინარეობს მუშაობა. უმაღლესი განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს უმაღლესი სამედიცინო განათლების (მათ შორის კლინიკური სწავლების) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების თემატური ანალიზი. მეორე ანალიზი ეხება სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის არსებული მექანიზმების ანალიზს. სამედიცინო განათლების და სადოქტორო საფეხურის პროგრამების ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების გადახედვის დროს იგეგმება ორივე თემატური ანალიზის შედეგების გამოყენება.
ევროკავშირის პროექტის Twinning-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში, ასევე, ხორციელდება საზღვარგარეთ აღიარებული საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარების არსებული პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი. ასევე, საქართველოში პროფესიული განათლების სწავლის სფეროების ცვლილებების ანალიზი შინაარსობრივ და ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით. ოთხივე თემატური ანალიზის განხორციელების პროცესში ჩართულები არიან გერმანელი და ესტონელი საერთაშორისო ექსპერტები.
მიმდინარე წელს დაიწყო მუშაობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემატურ ანალიზზე, რომელიც ექსპერტთა პროფესიული განვითარების სისტემური მიდგომის დანერგვას ემსახურება. კვლევა ტარდება განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. თემატური ანალიზის შედეგები გამოყენებული იქნება ექსპერტთა პროფესიული საჭიროებების გამოვლენის და საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვისათვის.
— იგეგმება კვლევის შედეგების დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარება?
— როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები თემატური ანალიზის შედეგებს იყენებენ განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცედურების შემდგომი სრულყოფისათვის. კვლევის შედეგები პირველ რიგში გაზიარებულია სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების და ადმინისტრირების პროცესებში. მნიშვნელოვანია ანალიზის შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარება, ასევე საპასუხო შენიშვნებისა და კომენტარების მიღება საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ექსპერტების მხრიდან. ასეთი უკუკავშირი ხელს უწყობს პროცედურებში, ექსპერტებისა და ცენტრის საქმიანობაში, შეფასების კრიტერიუმებში არსებული ხარვეზების გამოვლენას. ასევე, მომავალი თემატური ანალიზის ჩასატარებლად საკითხებისა და მიზნების განსაზღვრას.
ცენტრი, თემატური ანალიზების შედეგებს პერიოდულად აქვეყნებს თავის ვებგვერდზე. კვლევის შედეგებს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განვიხილავთ ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება განათლების ხარისხის სისტემის განვითარების საკითხებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნო საერთაშორისო ექსპერტების ანალიზი, რომელიც ეხებოდა საგანგებო რეჟიმში და პოსტკოვიდურ ვითარებაში უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას. შემუშავდა დისტანციური სწავლა/სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ეროვნული კონტექსტი და საერთაშორისო გამოცდილება. დოკუმენტები შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით. ცენტრი, თემატური ანალიზის შედეგებს უზიარებს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე, ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ანალიზები იბეჭდება საერთაშორისო ორგანიზაციების საინფორმაციო ბიულეტენებში.
მიმდინარე წლის მაისში, დაინტერესებულ მხარეებთან დაგეგმილია ოთხი თემატური ანალიზის შედეგების გაზიარება.