საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გახსნეს.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა შესაბამისი რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნის მიზანი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა, რაც მოგვიანებით მათ პროფესიულ არჩევანში ტრანსფორმირდება.
თბილისის 126-ე საჯარო სკოლასთან ერთად, STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაშიც მოეწყო. სამუშაო სივრცეებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ: სკოლებმა უნდა უზრუნველყონ I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვა და სხვა საპილოტე სკოლებს გაუზიარონ აქტივობები.
სამუშაო სივრცეები აღჭურვილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც უზრუნველყოფს სხვა სკოლებთან ონლაინ რეჟიმში ჩართვას და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებისა და აქტივობის განხორციელებას.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა უკვე დანერგილია 80 საპილოტე სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წლის დასრულებამდე კი, სრულად დაინერგება 200 სკოლაში.