ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„ბაგა–ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი მსჯელობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხვალიდან საჯარო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუფრთხილდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ბაღებში სოციალური პროექტი ისევ გაგრძელდება და მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონს სახლში წაღებენ. მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა.