15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 14 პროფესორს საპატიო პრიზი გადაეცა

spot_img

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა და, ქვეყნის წინსვლისა და განვითარების კუთხით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „დღეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმაღლესი განათლების პირველი კერა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა.

ყველას გილოცავთ უნივერსიტეტის იუბილეს, განსაკუთრებით სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, ადმინისტრაციასა და სრულიად საზოგადოებას. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, თქვენთან ერთად, მივიღო მონაწილეობა ამ ღირსშესანიშნავი საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

უნივერსიტეტის დაარსების იდეა გახლდათ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ აკადემიური და ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის თვალსაზრისითაც. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებამ შეასრულა გარდამტეხი როლი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში.

სიმბოლურია, რომ ჩვენმა წინაპრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეული ქართველი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის ერთიანობის, წინსვლისა და განვითარების მყარ საფუძველს.

დაარსების დღიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებას სთავაზობს. აქ მრავალი თაობა აღიზარდა, რომლებმაც საქართველო არაერთხელ ასახელეს საერთაშორისო ასპარეზზე.

უნივერსიტეტი დღესაც აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ერთგულად ემსახურება ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – საქართველოს მომავალზე, ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის იყო და არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური მხარდამჭერი და პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტში აკადემიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას.

წელს, უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სამეცნიერო აქტივობა განხორციელდა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, საპატიო ჯილდოებს გადავცემთ უნივერსიტეტის გამორჩეულ პროფესორებს. მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება აუცილებელია, რადგან ქართველი მეცნიერების დაფასება და ახალგაზრდებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უნივერსიტეტის 105 წლის იუბილე და ყველა უნივერსიტეტელს გულითადი წარმატება ვუსურვო.“

სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით 14 პროფესორი დააჯილდოვეს.

ეს არის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი პირადად ჩემთვის, პირველ რიგში, როგორც უნივერსიტეტელისთვის და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის. დიდი მისია გვაკისრია თითოეულ უნივერსიტეტელს, რადგან დღევანდელ დღეს ჩვენ ვართ იმ სახელოვან და დიდებულ მეცნიერთა მემკვიდრეები და გზის გამგრძელებლები. უდავოდ რთული და საპასუხისმგებლოა ეს მისია!

მადლობას გიხდით პროფესორებსა და მეცნიერებს, რომლებიც დღეს ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემთ ჩვენი ქვეყნის მომავალსახალგაზრდობას; ასევე სტუდენტებს, რომლებიც აუდიტორიებში, ბიბლიოთეკებსა თუ კვლევით ცენტრებში ცოდნის დაუფლებით არა მხოლოდ საკუთარ ღირსეულ ცხოვრებას, არამედ ახალგანათლებულ და თავისუფალ საქართველოს ქმნით.

ყველა უნივერსიტეტელს, განსაკუთრებით ჩვენს პროფესორმასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს, უნივერსიტეტისა, რომელიც ცოდნისა და თავისუფლების თვალსაჩინო კერაა! – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშია.

საპატიო პრიზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტის 14 პროფესორს გადაეცა, მათ შორის იყვნენ – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები – ქეთევან ჭკუასელი და იამზე კუტალაძე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები – რევაზ გაჩეჩილაძე და ნათელა დონაძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები – დარეჯან თვალთვაძე და მანანა რუსეიშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები – ელიზბარ ნადარაია და რამაზ გახოკიძე; მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები – ნოდარ ხოდელი და ლალი შარვაძე; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები – სიმონ გელაშვილი და ნუგზარ თოდუა; იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები – მარინა გარიშვილი და გოჩა ფერაძე.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები – ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, უნივერსიტეტების რექტორები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა – სამეცნიერო კონფერენციები, პანელური დისკუსიები, წიგნების პრეზენტაცია და სხვა. ამასთან, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე გაიხსნა ფაკულტეტის დამაარსებელ პროფესორთა სახელობის ხუთი აუდიტორია, მოეწყო რამდენიმე გამოფენა და საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სპორტული სივრცეები.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები